მერაბ სეფაშვილი: ,,ჩემი ცოლი უკეთესადაა, რწმენამ და ლოცვებმა ძალიან მიშველა”

მერაბ სეფაშვილი: ,,ჩემი ცოლი უკეთესადაა, რწმენამ და ლოცვებმა ძალიან მიშველა",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

მომღერალ მერაბ სეფაშვილის ცხოვრებაში ახლა ფიქრის პერიოდია. 3 თვეა სცენაზე არ დამდგარა და წარმოდგენაც არ აქვს, როდის დაუბრუნდება საყვარელ საქმეს. თვითიზოლაციის პერიოდში ახალ სიმღერებზეც მუშაობს და მსემენელს ბევრი სიახლით წარუდგება.

პანდემიის პერიოდს მერაბი ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს. მას ორკვირიანი კარანტინის გავლაც მოუწია, რადგან ბოლო კონცერტები საბერძნეთში ჰქონდა, სადაც კორონავირუსის შემთხვევები უკვე დაფიქსირებული იყო.

მომღერლის ოჯახურ ცხოვრებაშიც რთული ეტაპია. მისმა ცოლმა, ნინო ჯურხაძემ, ინსულტი გადაიტანა და ახლა რეაბილიტაციას გადის. როგორც მერაბი ამბობს, მკურნალობაში უკეთესი შედეგებია, თუმცა ეს თემა მისთვის ისეთი მძიმეა, რომ საუბარი უჭირს (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში).

– მერაბ, როგორ გადაიტანეთ თვითიზოლაციის 2 თვე?

– რა თქმა უნდა, ჩაკეტილ სივრცეში ცხოვრება ძალიან რთული იყო. შვილიშვილებთან რომ ვერ ახერხებ ჩახუტებას და ურთიერთობას, ამაზე საშინელი რა უნდა იყოს? ზოგადად შეზღუდვა ძალიან ცუდია. სახლში ვიყავით გამოკეტილი, ჩვენთან უმცროსი შვილი, სანდრო იყო.

უფროსი ბიჭი ცალკე ცხოვრობს და ამიტომ მასთან მისვლას ვერ ვახერხებდით. რაღაცებს ვიგონებდი, რომ ეს რთული პერიოდი გამეყვანა. ბევრს ვფიქრობდი, ახალ სიმღერებზეც ვმუშაობდი. ადამიანს სახლში ყოფნა ბევრ რამეზე გაფიქრებს.

– თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში ალბათ არ ყოფილა პერიოდი, 3 თვის განმავლობაში კონცერტი არ გქონოდათ.

– ძალიან ცუდი ყოფილა კონცერტების გარეშე ცხოვრება. ფინანსურ მხარეს რომ თავი დაანებო, განწყობისთვისაც ძალიან დამთრგუნველია. ხელოვანი ადამიანისთვის კონცერტისა და ზოგადად ადამიანებთან კონტაქტის გარეშე ძალიან რთულია ცხოვრება.

არ ვიცი, როდის რა დალაგდება. ჩვენს სფეროში სიტუაცია ისე აირდაირია, ფაქტია, რომ ასე დიდხანს ვერ გავაგრძელებთ. თანაც ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ვერც ვხედავთ, კონკრეტულად ვის ვეჩხუბოთ, ვის დავაბრალოთ.

– იმდენად დაკავებული იყავით, რომ ოჯახის წევრებს მუდმივად ექნებოდათ თქვენთან ურთიერთობის დეფიციტი.

– კი და ამ პერიოდმა ყველაფერი შეავსო. მაინც მგონია, რომ ამ ვირუსის შესახებ გადამეტებული აჟიოტაჟი შეიქმნა.

– მაინც რას უთმობთ დროს, როდესაც აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება აღარ გაქვთ?

– სახლის პირობებში რამდენიმე სიმღერის არანჟირება გავაკეთე და, როცა ყველაფერი დალაგდება, ბევრი ახალი სიმღერა მექნება დამუშავებული.

– პანდემიამ დიდი სტრესი გამოიწვია ადამიანებში. ხომ არ გქონდათ დეპრესიის რაიმე ნიშნები?

– დეპრესიაში ასე ადვილად არ ვვარდები. საერთოდ მებრძოლი ტიპი ვარ. გაცნობიერებული მქონდა, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა და უფრო ჯანსაღად შევხედე ყველაფერს. მაგალითად, დღეს წავიკითხე ინფორმაცია, რომ ამერიკელებმა მიაგნეს წამალს, რომელიც ამ დაავადებას ორ-სამ დღეში არჩენს. სულ ვეძებ იმედის მომცემ ინფორმაციებს.

– სანამ ქვეყნები ჩაიკეტებოდა, ბევრს მოგზაურობდით. გადაურჩით კარანტინს?

– უკვე კორონავირუსის ამბავი იყო ატეხილი, როდესაც ისრაელში ვიყავი, ბოლო კონცერტები კი  საბერძნეთში ჩავატარე. თბილისში რომ დავბრუნდი, 2 კვირა სრულიად მარტომ თვითიზოლაციაში გავატარე. ამ პერიოდმა რომ გაიარა, ოჯახს შევუერთდი.

მაშინ კარანტინი ჯერ კიდევ არ იყო სავალდებულო, მაგრამ სიფრთხილე მაინც გამოვიჩინე. ამ დროს ძალიან მიშველა რწმენამ და ლოცვებმა.

– ალბათ ძალიან ბევრი დაგეგმილი კონცერტი ჩაგეშალათ.

– ახლა ჩვენი საქმისთვის ყველაზე აქტიური პერიოდია. უამრავი დაგეგმილი კონცერტი მქონდა საქართველოშიც და მის ფარგლებგარეთაც. ზაფხულში ბათუმში ყოველთვის დიდი აქტიურობა იყო და წელს რა იქნება, ძნელი წარმოსადგენია. არ ვიცი, როდის დავდგები კვლავ სცენაზე.

ჩემი ალბომის პრეზენტაციაც ჩაიშალა და გაურკვეველი ვადით გადაიდო. მაინც იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დალაგდება.

–  უკონცერტობამ ფინანსური კრიზისი არ მოგიტანათ?

– რა თქმა უნდა და ეს პერიოდი თუ დიდხანს გაგრძელდა, ისეთ კრიზისში აღმოვჩნდები, ამის  წარმოდგენაც არ მინდა. ვცდილობ, არ ვიფიქრო  მოვლენების ასეთ განვითარებაზე და სულ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დალაგდება.

– თქვენს ცოლს, ქალბატონ ნინოს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა. როგორია ახლა მისი მდგომარეობა?

– ღვთის წყალობით, უკეთესი მდგომარეობაა. გვერდში ვუდგავარ და ერთად ვცდილობთ, ყველაფერს მოვერიოთ. საერთოდ ეს ისეთი რთული თემაა ჩემთვის, რომ საუბარი არც მინდა.