მარიამ მახათაძე: ,,სამწუხაროდ, მამა არ გამოჩენილა”

მარიამ მახათაძე: ,,სამწუხაროდ, მამა არ გამოჩენილა",,სარკე”, ირმა ჭკუასელი

მარიამ მახათაძეს პროექტმა ,,მხოლოდ ქართულმა” გამარჯვება – ვერა, მაგრამ პოპულარობა ნამდვილად მოუტანა და ბევრი კარგი მეგობარიც შესძინა.

სიმღერა მისი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ მას მეორე საყვარელი საქმეც აქვს – იურისტია, მაგისტრატურის პირველ კურსზე სწავლობს და საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც დაუგროვდა.

პოზიტიური და მხიარული – ასე დაამახსოვრა მარიამმა თავი მაყურებელს და ცდილობს, კარგი განწყობა თვითიზოლაციაშიც შეინარჩუნოს. ვარჯიშობს, ნაირ-ნაირ კერძებს ამზადებს, საღამოს კი გიტარაზე უკრავს და ახალ ქავერებს მღერის.

– მარიამ, როგორ გაგრძელდა პროექტის შემდეგ თქვენი ცხოვრება, რა შედეგები მოგიტანათ კონკურსანტობამ?

– ,,მხოლოდ ქართულის” დასრულების შემდეგ დავიმსახურე მაყურებლის სიმპათია, სიყვარული და პოპულარობა. ჩემი ფეისბუქმეგობრების რიცხვიც საგრძნობლად გაიზარდა. უცნობი ადამიანებისგან ყოველდღე ვიღებ თბილ და გამამხნევებელ შეტყობინებებს, რაც ძალიან მახარებს.

მუსიკალური კუთხითაც მადლობელი ვარ ამ პროექტის, რადგან შეხება მომიწია ისეთ მუსიკოსებთან, რომლებისგანაც ძალიან ბევრი სასარგებლო რამ შევიძინე და უფრო დავიხვეწე.

ჩემთვის სიამოვნება იყო ქალბატონ მარინა ბერიძესთან ერთად მუშაობა, რომელიც ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელი გახლდათ და თითოეულ მონაწილეში ძალიან დიდი შრომა ჩადო. მას დიდ მადლობას ვუხდი.

აქვე მინდა, აღვნიშნო მუსიკის პედაგოგები – ქალბატონი თამარ არჩვაძე, ნატო თოთიბაძე და ქეთი ორჯონიკიძე, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობდნენ ჩვენთვის. ეს ნამდვილად დიდი გამოცდილება იყო.

– დღემდე ინარჩუნებთ პროექტის მონაწილეებთან ურთიერთობას, დაუმეგობრდით ვინმეს?

– მესამე სეზონის ათეული ყველანაირად განსაკუთრებული იყო, შეკრული გუნდი ვიყავით. დღემდე ვმეგობრობთ და მათგან რომელიმეს გამოყოფა გამიჭირდება.

– პროექტში როცა იყავით, “სარკესთან” ძალიან გულახდილად ისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ წავიდა მამა თქვენგან, როცა 8 თვის იყავით და, მიუხედავად იმისა, რომ მამობილი მამობას გიწევთ, ეს დიდი ტკივილია თქვენთვის. ამ ინტერვიუს შემდეგ მამა ხომ არ გამოგეხმაურათ, ხომ არ აღადგინეთ ურთიერთობა?

– სამწუხაროდ, მამა არ გამოჩენილა. ჩემთვის ეს თემა მტკივნეულია და საუბარი არ მსურს. ალბათ დრო გვიჩვენებს ყველაფერს.

– ისიც ცნობილია, რომ შეყვარებული გყავთ. პირადში რაიმე ცვლილებას ხომ არ გეგმავთ?

– ჩემს პირად ცხოვრებაში ყველაფერი სტაბილურადაა, ახლო მომავალში ცვლილებები დაგეგმილი არ მაქვს.

– მართალია, ასაკით დიდი არ ხართ, მაგრამ ქვეყანაში ბოლო წლებში იმდენი რამ ხდება, გვინდა თუ არა, ცხოვრების მწარე გაკვეთილებით ბევრ გამოცდილებას ვიძენთ. თქვენ რა ისწავლეთ, რა დასკვნების გაკეთების საშუალება მოგცათ თუნდაც დღეს მიმდინარე პროცესებმა?

– ხშირ შემთხვევაში ცხოვრება ცრუ და უსამართლოა, ამიტომ ვისწავლე, რომ ძლიერი უნდა ვიყო და დასახული მიზნის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლო. თქვენს ოცნებებზე არასდროს თქვათ უარი.

– თქვენ რაზე ოცნებობთ?

– სიამოვნებით ვითამაშებდი რომელიმე ფილმში ან ტერესერიალში. გენეტიკაშიც მაქვს სამსახიობო მონაცემები, რადგან ჩემი დიდი ბაბუა, კონსტანტინე ყურაშვილი, სოხუმის დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, შემდეგ – დირექტორი. ის სანდრო ახმეტელის მოსწავლე გახლდათ.

– ვინ არიან თქვენი საყვარელი მსახიობები და რომელ ფილმებს გამოარჩევდით?

– ოდრი ჰეპბერნი და მერილინ მონრო და ფილმები მათი მონაწილეობით – ,,ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” და ,,რომაული არდადეგები”.

– ქართული შოუბიზნესიდან ვის გამოყოფდით, ვისი შემოქმედება გიყვართ განსაკუთრებით?

– ქართველი შემსრულებლებიდან გამოვყოფდი ინოლა გურგულიას, ნინო ქათამაძეს, ირაკლი ჩარკვიანს და ჯგუფ ,,ცისფერ ტრიოს”.