ლალი მოროშკინა შვილივით საყვარელ სასტუმროს ყიდის – ,,150 ათასი ევრო მაქვს ბანკის ვალი”

ლალი მოროშკინა შვილივით საყვარელ სასტუმროს ყიდის - ,,150 ათასი ევრო მაქვს ბანკის ვალი",,სარკე”, ნელი ვარდიაშვილი

ბიზნესმენი, ყოფილი ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ამბობს, რომ ბოლო თვეებში ისეთი მასალები  დაუგროვდა, რომელთა გამომზეურებითაც ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს და ადამიანებს სიმართლეს გააგებინებს. მანამდე კი ცდილობს, ამოვიდეს ბანკის ვალიდან, რომელიც კახეთში სასტუმროს გაკეთებისთვის აიღო.

ბიზნესი აწყობილი ჰქონდა, სერიოზული ხელშეკრულებებიც დადო, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაეყარა. ახლა იძულებულია, სიღნაღის სასტუმრო  გაყიდოს, რომ კრედიტი დაფაროს (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში).

ლალი მოროშკინა:

– ბევრჯერ ვიყავი საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, მაგრამ მე ვარ ის ჩინოსანი, რომელმაც ისე დატოვა ეს თანამდებობები, რომ ჯიბეში თეთრი არ დარჩენია. ამიტომაც მოვიფიქრე პროექტი, რომელიც შეკვეთილში 4 კოტეჯის აშენებას ითვალისწინებდა და განვახორციელე კიდეც. მაშინ შეიძლება ვიღაც ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი ვინმემ მაჩუქა, მაგრამ მიწა ძალიან ადრე მქონდა ნაყიდი, კოტეჯები კი ბანკის ვალით ავაშენე.

ამის მერე ოთხივე კოტეჯი გავყიდე და ეს თანხა გადმოვისროლე კახეთში, რადგან გენები მაინც კახური მაქვს. ჩემი ბებია თავადის ქალი იყო – სოფიკო ვაჩნაძე. კოტეჯების ფულს დავამატე ბანკის სესხი და ვიყიდე ორი პატარა საკარმიდამო, რომელთა გაკეთებაც ნულიდან დავიწყე. გავაკეთე ერთი სასტუმრო და ერთიც რესტორანი.

გასულ წელს სასტუმრო ისე კარგად ვამუშავე უცხოელებზე, ,,ბუქინგმა” 9,1 მუდმივი ქულა მოგვანიჭა, რაც დიდი წარმატების მანიშნებელია. რესტორანი კი წელს, 2 აპრილს, ფრანგ მსახიობ პიერ რიშარს უნდა გაე-ხსნა. მარტის ბოლოს ჩამოვფრინდი საფრანგეთიდან, სადაც პიერ რიშართან ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. მასთან კონტაქტი დათო ბეჟიტაშვილის დახმარებით შედგა.

რიშარი სიღნაღში “ვინარეის” გასახსნელად ჩამოდიოდა და ჩამოჰქონდა თავისი ფრანგული ღვინო, ჩვენ დავახვედრებდით კახურ ღვინოებს და ლამაზად, ზეიმით გავხსნიდით სეზონს.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩავარდა და არა იმიტომ, რომ მსოფლიო პრობლემაა კორონავირუსთან დაკავშირებით. საქართველოს ამ ბიოლოგიურ ომში წვლილი არ მიუძღვის. აქ იყო მხოლოდ მეორადი, შესუსტებული შტამი და ამ ომშიც არ უნდა შევსულიყავით ფართო მასშტაბით.

ახლა რეალობა არის ის, რომ 150 ათასი ევრო მაქვს ბანკის ვალი. ახალი რეგულაციებით და სამი ნომრის ამუშავებით კი წარმოუდგენელია, ვალი გადავფარო.

ტელეკომპანიებით გვიჩვენებენ მთავრობის წევრების სტუმრობას ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში, რომელთაც სახელმწიფო დაეხმარა ჩვენი ბიუჯეტიდან და კარანტინში მათთან მყოფი ადამიანების გამო თანხები მიიღეს. ამით ამ სასტუმროებმა თანამშრომლები შეინარჩუნეს, მე კი თანამშრომლებიც დავკარგე და იმ ხარჯის გაწევაც წარმოუდგენელია, რაც ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისთვის არის საჭირო.

მივიღე ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება, რაც იმავე განცდას მგვრის, შვილი რომ გავყიდო. სხვა გამოსავალი კი არ მაქვს. ბანკებმა გადაგვივადეს მხოლოდ რამდენიმე თვე და, როცა გადასახადს მოგვთხოვენ, ვერამუშავებული ობიექტებიდან ფული როგორ უნდა გადავუხადოთ?!

– გამოდის, რომ ბანკის ვალის გამო ყიდით შვილივით მოვლილ სასტუმროს?

– ვერ გადავიხდი თვეში 1500 ევროს. როცა ვალს ვიღებდი, ბიზნესგეგმა შევადგინე და კარგად გავთვალე, როგორ უნდა გადამეფარა, მაგრამ, როცა ყოველდღე გამოდის ეპიდემიოლოგი და ამბობს, დავიქცევით, მეორე ტალღა იქნება, ტურიზმი საშიშია და ასეთი უბედურება ხდებაო, როგორ შეიძლება რომელიმე ჭკუათმყოფელი ჩამოვიდეს საქართველოში?!

ევროპა ნიღბების გარეშე იღებს ტურისტებს, უამრავი კურორტი გაიხსნა – თურქეთი, საბერძნეთი და რა უნდათ საქართველოში? ტურისტები უსმენენ ჩვენი ეპიდემიოლოგების რიტორიკას, რომ შეიძლება მეორე ტალღა დაგვეწიოს ივლისში ან სექტემბერში, ის ნამდვილად გაგვანადგურებს და ა.შ. შეურაცხმყოფელია ისიც, რომ ტურისტს, რომელიც 40 გრადუს სიცხეში პირბადით ჩამოვა კახეთში, სადეზინფექციო ხსნარი აპკურო.

ეს არის ცუდად დაგეგმილი სპეკტაკლი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ზუსტად ვიცი, რა განწყობაა კახეთში – ადამიანებს სული კბილით უჭირავთ. საკუთარ სახლებში გახსნეს “გესტჰაუსები” და ახლა ფაქტობრივად დაიქცნენ. პროგნოზს ვაკეთებ, რომ მშიერი ხალხის ბუნტი იქნება, რადგან არავინ არანაირი შეღავათი არ მიიღო, არც ერთმა ადამიანმა!

– აბა, ხელისუფლება რომ აცხადებს, მეწარმეებს ვეხმარებითო?

– აღმოჩნდა, რომ უნდა იყო მცირე მეწარმე და ამ შემთხვევაში რამდენიმე თვე გადაგიხდიან პროცენტის პროცენტს, რაც არის დაცინვა. ქვეყანა გადაიყვანეს გასული საუკუნის 90-იან წლებში. მაშინაც ჩემნაირებმა გაყიდეს ქონება, შვილები რომ ერჩინათ და ვინც იყიდეს, დღეს ისინი არიან თბილისში რუსთაველის, ,,პლეხანოვის” მფლო-ბელები.

ოპტიმისტი ვარ და შემიძლია, კვლავ ნულიდან დავიწყო ცხოვრება, მაგრამ გული მწყდება, რომ ასეთი რამ ხშირად მიწევს. ვისაც ფული აქვს, ამ დროს ყველაზე კარგია, რამე შეიძინო. ვინც ჩემს სასტუმროს იყიდის, სიკეთეში მოიხმაროს.

– უნდა ვიფიქროთ, რომ ინვესტორებიც თქვენსავით  მოიქცევიან?

– არა, პირიქით, უცხოელი ინვესტორები შეისყიდიან ყველაფერს, რასაც ახლა ჩემნაირი მეწარმეები გაყიდიან. მე მყავს ირანელი და ჩინელი კლიენტები, რომელთაც ჩემი სასტუმროს ყიდვა უნდათ. ამ ზაფხულს საქართველო გაიყიდება!

ამ ტემპით თუ გაგრძელდება, 10 წელიწადში საქართველოში ქართულ საუბარს ვეღარ გავიგებთ. გასულ კვირას ჩამოვედი ბათუმიდან და იქაურობა  მთლიანად აქვთ ნაყიდი რუსებს, ყაზახებს, ირანელებს და თურქებს. როგორც იქ არ ისმის ქართული, ასე იქნება ცოტა ხანში კახეთშიც.

ცხადია,  გადასარჩენი გზაც არსებობს. შექმნილია ჯგუფი, თუ როგორ დავაღწიოთ ამ ხიფათს თავი მეწარმეებმა. შალვა ალავერდაშვილმა ეკონომიკის სამინიტროსთან აწარმოა მოლაპარაკებები.

ბანკები ამბობენ, სახელმწიფომ გადაგვიხადოს მილიონ 200 ათასი და სესხებს ერთი წელი გადავავადებთო. ასე რომ მოხდეს, ყველა გადავრჩებით და ჩვენი ქონებაც დარჩება საქართველოს, ქართველებს და არა – უცხოელებს.

– სახელმწიფო ამბობს, რომ ივლისიდან საქართველო პირველ ტურისტს მიიღებს ისრაელიდან. სავარაუდოდ, ამ ტურისტებს უმასპინძლებენ  სასტუმროები, რომლებიც სახელმწიფომ პანდემიის დროს გამოიყენა იზოლაციისთვის, ანუ  ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები. მცირე სასტუმროები კი კვლავ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩებიან. რა არის ასეთი განსხვავების მიზეზი?

მონოპოლიზაცია მოხდა და დიდი სასტუმროები პატარებს ჩაყლაპავენ. კარანტინის თანხები რომ გადაენაწილებინათ, ყველა ფეხზე დადგებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა – მდიდრებს გაუწიეს დახმარება და არა – მათ, ვინც საკუთარი ხელით, ოჯახის წევრებთან ერთად ქმნიდნენ ბიზნესს.

ისრაელიდან წამოსული ადამიანები იმხელა წნეხის ქვეშ უნდა მოექცნენ საქართველოში, რატომ ჩამოვლენ, როცა გვერდით აქვთ არაჩვეულებრივი კურორტები, სადაც ეს შეზღუდვები არ ექნებათ?! თუ მაინც ჩამოვლენ, წავლენ ხუთვარსკვლავიან სეგმენტში და ვინ უნდა იხეიროს?

ვფიქრობ, რომ რაღაც ჯგუფის მიერ საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგ დიდი საბოტაჟი მიმდინარეობს და მას არასწორ ინფორმაციას აწვდიან. როცა ვნახე, რომ პრემიერი მიხეილ რამიშვილთან, იგივე ზარალასთან ერთად იყო კახეთში, მაშინვე გამიჩნდა კითხვა, რატომ არავინ ურჩია, რეალობის გასაცნობად პატარა სასტუმროებში მისულიყო?

პრემიერი როგორც კი გამოვიდა და თქვა, ტურისტულ სეზონს გავხსნით და კახეთი პირველი იქნებაო, 15 წუთში ტელევიზიით გამოვიდა სამი  ეპიდემიოლოგი და თქვეს, კატასტროფა მოხდება, შეიძლება ჩვენს ქვეყანაშიც იგივე მოხდეს, რაც იტალიაში მოხდაო.

ეს ტურიზმის გამანადგურებელი ინფორმაციები იყო და პრემიერის განცხადებას აბათილებდა. ეს ყველაფერი კი მოხდა ერთსა და იმავე დღეს, რაც საყურადღებოა.

– თავად როგორ ხსნით ამ მდგომარეობას – კორონავირუსი არ არსებობს და ეს არის პოლიტიკური თამაში?

– პრემიერი პიროვნულად ბევრს აღიზიანებს, ცდილობენ, რომ საქმე გაუფუჭონ. გლობალურად კი ეს გახლავთ ბიოლოგიური ომი, რომელშიც საქართველო კი არა, ამერიკა, რუსეთი და ირანი მონაწილეობენ. მესამე მსოფლიო ომი მიდის, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ეს არ შეხებია.

შეგვეძლო, ეკონომიკა არ ჩამოგვენგრია, უაზრო აკრძალვები არ დაგვეწესებინა, მაგრამ ვის უნდა ეთქვა ეს? იმ ექიმებს, რომლებიც საარჩევნო სიებში ჩასაწერად “ჩალიჩობენ?!”. ისინი, რომელთა უკანაც არის პირბადეების, წამლების, სადაზღვევო კომპანიებისა და კლინიკების ბიზნესები?! მათ მიმართ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება.

კარგი იქნება, პრემიერს ინფორმაციას დამოუკიდებელი, არაანგაჟირებული ექიმები თუ მიაწვდიან, რომელთა უკანაც რაიმე ბიზნესი არ დგას.

– როგორც მახსოვს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასაც ადანაშაულებდით. მასთან რა პრეტენზიები გაქვთ?

– მე კი არ ვადანაშაულებ, ამერიკის პრეზიდენტი, ტრამპი, ადანაშაულებს და ამ ადამიანის მჯერა. მომწონს მისი დამოკიდებულება გარკვეული საკითხების მიმართ. ტრამპიც ადანაშაულებს ჯანმოს, რომელიც ყველაზე გახრწნილი და კორუმპირებული ორგანიზაციაა. მაშინ ჩვენ რატომ ვუქიცინებთ კუდს ჯანმოს? რა გამოდის, ჩინეთის კლანის მხარეს ვართ და იმ ადამიანების  წინააღმდეგ, ბიოლოგიურ ომში რომ იღუპებიან?

– ამბობდით, რომ დაინფიცირებულთან მიხვიდოდით, გადაკოცნიდით და ყველას გააგებინებდით, რომ ეს იყო დიდი აფერა. ეს რატომ ვერ მოახერხეთ?

– 2 თვის განმავლობაში ყველფერი გავაკეთე, რომ კოვიდ-19 დამმართნოდა. ინფექციურში არაერთხელ მივედი, უბრალოდ ავადმყოფებთან არ მიმიშვეს.  ორპირში ვიწექი, სიცივეში თხლად მეცვა, ვინმე ცუდად თუ იყო, ყველას ჩავეხუტე. მინდოდა, ყველასთვის მეჩვენებინა, რა არის ეს ვირუსი, მაგრამ სურდოც კი არ დამემართა. 200 სურდოიანის გამო დაკეტეს და გააჩერეს ქვეყანა!

– დაწერეთ, მერე ვიტყვი, ბოლნისში რაც ხდებოდა, ამისთვის ჯერ მზად არ ხართო. ასევე – სექტემბერში დიდი ამბები დაგვიანონსეთ. იქნებ ამ ფრაზების ქვეტექსტები გაგვიმხილოთ.

– ბოლნისის ამბებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. დრო მოვა და ყველაფერს ვიტყვი. სექტემბერში ძალიან დიდი ძვრები იქნება, რადგან ხალხი შოკიდან გამოვა. მეტსაც გეტყვით, ორ-სამ კვირაში ბევრ რამეს მოეფინება ნათელი, ბევრი ინფორმაცია ამოტივტივდება.

დიდ ქვეყნებში არაფერი იმალება. იტალიაში, ესპანეთში გასკდა ამბები, როგორ დახოცეს მოხუცები, საპენსიო ფონდიდან პენსიების გადახდა რომ არ უნდოდათ და აქ დაიმალება რამე?

შეუქცევადი პროცესებია დაწყე-ბული და ტრამპი უკან არ იხევს. რა წუთშიც ტრამპი მეორედ გაიმარჯვებს არჩევნებში, მაშინვე ამ აფერაში მონაწილე ყველა ადამიანის დასჯას დაიწყებს და ეს ტალღა საქართველოშიც აუცილებლად გადმოინაცვლებს.

– ამტკიცებთ, რომ კოვიდ-19 საერთოდ არ არსებობდა?

– ეს შტამი დაიწყო ჩინეთიდან, მაგრამ ჭკვიანი ადამიანი დასვამს კითხვას: თუ იყო უხანში, რატომ გავრცელდა იტალიაში და არ გავრცელდა ჩინეთის სხვა ქალაქებში? სადაც აწყობდათ, შტამი იქ დაყარეს. როგორც კი ტრამპმა თქვა, ეს დაავადება არ არსებობს და ამერიკა ჩვეულებრივად გადაიტანსო, იმ დღიდან დაყარეს დიდი რაოდენობით ნიუ იორკში.

ეს აწყობდა იმ კლანს, რომელიც ჩინეთში ამუშავებს ქარხნებს – ბილ გეითსის კლანს. ჩვენთან არაფერი დაუყრიათ, მაგრამ აქ ხუთმა ადამიანმა ამით მილიონები გააკეთა. იმედია, მათ მალე გამოავლენენ.

ნიჭიერ და ახალგაზრდა ექიმებს ამიტომაც არ აუნთეს მწვანე შუქი. დაპირისპირება იყო შიგნით. მათ არც ეთერი დაუთმეს და არც უფლება ჰქონდათ, ის ეთქვათ, რაც რეალურად ხდებოდა. ასე რომ, ძალიან ბევრი მამხილებელი მასალა მაქვს და მიფრთხილდნენ!