გიორგი ქორქია: ,,შვილთან ურთიერთობა დამაკლდა, რადგან დედამისთან არის” – ტელეწამყვანმა ტყავის ჩანთების და აქსესუარების კერვა დაიწყო

გიორგი ქორქია: ,,შვილთან ურთიერთობა დამაკლდა, რადგან დედამისთან არის" - ტელეწამყვანმა ტყავის ჩანთების და აქსესუარების კერვა დაიწყო,,სარკე”, ავთო ჩიტიძე

ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის დილის გადაცემის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი სახე, გიორგი ქორქია სამსახურიდან თავისუფალ დროს ძირითადად სახლში ატარებს. პანდემიის პერიოდში უფრო დიდი გასაქანი მისცა თავის ახალ გატაცებას – ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების კეთებას, რომლებიც განკუთვნილია როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის (ინტერვიუ ჩაწერილია აპრილში).

– გიორგი, მსოფლიო პანდემიის გამო პანიკის ნიშნები არ გქონიათ, ყველაფერი ჯანსაღად მიიღეთ?

– პანიკა საერთოდ არ მქონია. მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლები გამოვიარეთ, ჩემი თაობიდან ბევრი ამბობს, ეს პერიოდი იმ დროსთან რა მოსატანიაო. 90-იან წლებში ზუსტად იცოდი, რა ხდებოდა, სად იყო ომი. საფრთხეს რეალურად ხედავდი, ახლა კი თითქოს აბსოლუტურად არაფერი ხდება და თან რაღაცები ხდება.

რადიაციის ეფექტი აქვს. გარეთ თითქოს ყველაფერი კარგადაა, გაიხედავ, სიმშვიდეა, მაგრამ რაღაც უხილავი გჭამს. ბუნებრივია, სიფრთხილეს, პირველ რიგში, ჩემი  მშობლების და ბავშვის მიმართ ვიჩენ. იმის გამო, რომ  სამსახურში მაინც აქტიური ვარ და ადამიანებთან მუდმივი შეხება მაქვს, სულ ვფიქრობ, ოჯახის წევრებს ამით საფრთხე არ შევუქმნა.

შვილთან ურთიერთობა დამაკლდა, რადგან დედამისთან არის და იმისთვის, რომ საფრთხე მოვარიდო, მხოლოდ დისტანციურად ვეკონტაქტები. ახალ წესებს და აკრძალვებს ვემორჩილები, თუმცა  ვფიქრობ, ზოგიერთი აკრძალვა ზედმეტია, მაგალითად,  კომენდანტის საათი.

– ამ კარჩაკეტილმა ცხოვრებამ ადამიანებს ბევრი აღმოჩენისთვის დრო მისცა. თქვენს შემთხვევაში რა მოხდა?

– აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი ლუდის დალევა შემძლებია, თანაც მარტოს. დრო გამომიჩნდა ბევრი საინტერესო რამის წასაკითხად, ფილმებს ჩავუჯექი.

ბოლო დროს ჰობად მექცა ტყავისგან ჩანთების, საფულეების და ზოგადად აქსესუარების კერვა. თვითიზოლაციის დროს ჩავუჯექი და ბევრი საინტერესო აქსესუარი გავაკეთე, მაგრამ ახლა გავჩერდი, რადგან მასალები არ მქონდა მომარაგებული.

ეს პერიოდი კარგად გამოვიყენე იმ ყველაფრისთვის, რაც მაკლდა, მაგალითად, ძილისთვის. ალბათ ცხოვრებაში პირველად გამოვიძინე კარგად.

– სახლში ჯდომამ ბევრს წონის პრობლემაც შეუქმნა. თქვენ როგორ ცდილობთ ამასთან გამკლავებას?

– წონას ვაკონტროლებ, რადგან ერთი წლის წინ  სერიოზულად გამექცა. დიდი მონდომებით უცებ 27 კილო დავაგდე. მეშინოდა, წონა კიდევ არ ამეკრიფა, მაგრამ, როგორც ჩანს, კარგად ვაკონტროლებ, რადგან არ მომიმატია.

– რა მეთოდით დაიკელით 27 კილო?

– არ ვიცი, თავისთავად მოვახერხე. დაახლოებით 7-8 თვის წინ სტრესული სიტუაციები მქონდა, რის გამოც წონაში კლება დავიწყე. სტრესის გავლის შემდეგ მკაცრი დიეტა – არა, მაგრამ ცოტა შეზღუდვები შევიტანე რაციონში. ასე დავდექი იმ წონაზე, რაც მინდოდა. გარკვეული პერიოდი ალკოჰოლზე უარი ვთქვი, რაციონიდან ცომეული ამოვაგდე. ახლა გადასარევად ვგრძნობ თავს.

– რას ატყობთ, რა ასწავლა ადამიანებს ამ პერიოდმა?

– ბევრმა ხელის დაბანვა ისწავლა. ამ პერიოდმა დაგვანახა, რა არის ნორმალური და რა – არანორმალური. იმედია, ხალხმა ამის გარჩევა მაინც ისწავლა. სულ მაინტერესებს, იმ ადამიანებმა, რომლებმაც ტონობით ტუალეტის ქაღალდი და მაკარონი იყიდეს, სად წაიღეს.

– შეზღუდვები რომ მოიხსნება, საით გაიქცევით?

– ზუსტად ვიცი, რომ, პირველ რიგში, წავალ მაღალმთიან აჭარაში, სადაც მაგარი ამბავი მაქვს გადასაღები, შემდეგ კი გურიაში მელოდება სასწაული სიუჟეტი. ერთი სული მაქვს, ქალაქიდან როდის გავიჭრები. თან ისე მინდა, მთიან აჭარაში სამი დღით მაინც წავიდე, რომ საკუთარი თავისთვის ერთი თავისუფალი, არასამუშაო დღე მაინც მქონდეს.

– როგორი იქნება ის ერთი დღე?

– ჩემთვის ყველაზე დიდი რელაქსაცია ტყეში მარტო სიარულია. ასეთი დასვენება მომენატრა – ნაკლები ხალხი, ბევრი ჰაერი და სიმწვანე.

– არ იგრძენით, რომ თბილისში ჰაერი გასუფთავდა, რაც ტრანსპორტი არ მოძრაობს და ღამის  საათებშიც მანქანებით გადაადგილება შეზღუდულია?

– კი, ჩემი თბილისური სახლიდან მყინვარიც გამოჩნდა. მოტოციკლეტების და სკუტერების ხმები კი ნერვებს ძალიან მიშლის. როგორც ჩანს, დიდი მოძრაობის დროს მათი ხმა არ ისმოდა, ახლა კი ძალიან შორი მანძილიდან ისმის და გამაღიზიანებლია.