გია ხუროშვილი: ,,კორონავირუსის სიმპტომები დანაყილმა ნიორმა შემიმსუბუქა” – როგორ გადაიტანა ქართველმა პოლიტიკოსმა კოვიდ-19 ამერიკაში

გია ხუროშვილი: ,,კორონავირუსის სიმპტომები დანაყილმა ნიორმა შემიმსუბუქა" - როგორ გადაიტანა ქართველმა პოლიტიკოსმა კოვიდ-19 ამერიკაში,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

იურისტმა გია ხუროშვილმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს საპარლამენტო მდივანი გახლდათ, კორონავირუსი გადაიტანა. ის ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. სამი მცირეწლოვანის მამამ საშიში ვირუსი ყოველგვარი გართულებების გარეშე გადაიტანა, თან ისე, რომ ცოლ-შვილს არ გადასდებიათ. როგორც ,,სარკეს” უთხრა, ახალი ვირუსით სუპერმარკეტში დაინფიცირდა, რადგან სახლში გამოკეტილ ოჯახს გარე  სამყაროსთან სხვა კავშირი არ ჰქონია (ინტერვიუ ჩაწერილია აპრილში).

გია ხუროშვილი: ეს არის ჩვეულებრივი სეზონური გრიპის მსგავსი. ამ დროს კი ყველა მედიასაშუალებიდან გესმის, რომ ეს ვირუსი კლავს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესია და ადამიანებს არანაკლებ ზიანს აყენებს, ფაქტობრივად იმუნიტეტს ანგრევს.

ამ ვირუსის თითქმის ყველა სიმპტომი მქონდა – საერთო სისუსტე, სიცხე, გემოს დაკარგვა და ა.შ. როცა ადამიანი ცივდება, ყველა ეს სიმპტომი თანმხლებია.

– ფილტვების ანთებაც გქონდათ?

– არა და არც ძლიერი ხველა მქონია. ამის მიზეზი კი ალბათ ის პრევენციული ზომები იყო, რომლებიც მე მივიღე. ჩემთვის ყველაზე სანდო ექიმებს ვუსმენდი და მათ ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებდი. არც ერთი მედიკამენტი არ მიმიღია.

ჩვენში როგორც ეძახიან, ხალხური მკურნალობის მეთოდებით ვხელმძღვანელობდი – ვიღებდი ბევრ სითხეს, ჟოლოიან, თაფლიან ჩაის. დანაყილი ნიორი მუდმივად მედგა ოთახში და ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა სასუნთქი სისტემის მუშაობისთვის.

მასწავლეს, რომ ნიორი დამენაყა, ოთახში დამედგა და 24 საათში ერთხელ მეცვალა. ხველის დროს დიდი სპაზმი მქონდა და როგორც კი ასე დანაყილი ნიორი დავდგი ოთახში, 5 წუთში ყველანაირი სპაზმი მომეხსნა და სუნთქვა გაუმჯობესდა.

იზოლაციის წესების მკაცრი დაცვით შევძელით, რომ ოჯახის წევრებს არ გადასდებოდათ. ოთახი მუდმივად უნდა ნიავდებოდეს, ჰიგიენა უნდა დაიცვა, სადეზინფექციო ხსნარებს ვიყენებდთ და ა.შ.

ვირუსი საშიში არ არის, თუ ადამიანს თანმხლები დაავადებები არ აქვს. არ შეიძლება დამოუკიდებლად ექსპერიმენტების ჩატარება და წამლების მიღება. ექიმების რეკომენდაციებს მკაცრად უნდა მიჰყვე. ქართველ ექიმებსაც ვუსმენდი  და უცხოელებსაც.

ჩვენი ექიმები ბევრს დაობენ პლაქვენილთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, რომ ჩემმა ექიმმა მისი მიღება პირველივე დღეს კატეგორიულად ამიკრძალა. მითხრა, რომ მიმეღო ცე ვიტამინი, ასევე საჭირო იყო ბევრი სითხის სმა, იზოლირება და ჰიგიენის წესების დაცვა.

– რატომ აგიკრძალათ პლაქვენილის მიღება?

– მითხრა, ამ პრეპარატს ბევრი გვერდითი მოვლენა ახლავს. შეიძლება დადებითი შედეგი მისი გამოყენების გარეშეც დადგეს და ამ პრეპარატს დაბრალდეს, მაგრამ მერე შესაძლოა მთელი წელი დაგჭირდეს გვერდითი მოვლენების ეფექტების ასალაგებლადო.

ეს ექიმი, რომელიც საკმაოდ ცნობილი გახლავთ, ამბობს, რომ პლაქვენილი მხოლოდ და მხოლოდ ერთ პაციენტს დაუნიშნა სახლში მკურნალობისას და ესეც მისი მეუღლის დაჟინებული მოთხოვნით, რომელიც რეანიმატოლოგია. მითხრა, ამ წამალმა შესაძლოა გულზე უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს და ასეთ დროს მხოლოდ ექიმს შეუძლია პაციენტის შოკიდან გამოყვანაო.

ასე რომ, აქ ოჯახის ექიმებს მკაცრი რეკომენდაცია ჰქონდათ, რომ ეს წამალი არ დაენიშნათ განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც სახლში მკურნალობენ.

– საქართველოში სახლში არავინ მკურნალობს – არც მსუბუქი სიმპტომების მქონე და არც უსიმპტომო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის,  შვილი, რომელსაც მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა, ამბობს, რომ პლაქვენილით უმკურნალეს.

– ჩემი სიტუაცია ალბათ საქართველოში დაავადებულთა 90%-ის მსგავსი იყო. მეც რომ საქართველოში ვყოფილიყავი, ალბათ ექიმების რეკომენდაციებს დავემორჩილებოდი, მით უმეტეს, ისეთ  გამოცდილებს, როგორებიც არიან თენგიზ ცერცვაძე, მარინა ეზუგბაია და სხვები, მაგრამ რა შეიცვლებოდა? მხოლოდ ის, რომ იმ წამალს ტყუილად მივიღებდი.

კარგია, რომ ქართველი პაციენტები ჯანმრთელად არიან, მაგრამ სანამ საბოლოო შედეგები არ დაიდება…

– როგორ და სად დაავადდით?

– ერთადერთი  მაღაზიაში მივდიოდი, სადაც ვყიდულობდი სურსათს და საჭირო ნივთებს. მხოლოდ ეს იყო ჩემი კავშირი საზოგადოებასთან. ვეთანხმები სპეციალისტებს, რომ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ.

– რისი დეფიციტი შეიქმნა მაღაზიებში?

– საკვები პროდუქტების დეფიციტი არ შექმნილა, რადგან ამას სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებდა. მოქმედებდა ცხელი ხაზი, სადაც ადამიანებს შეეძლოთ დაერეკათ და დაერეპორტებინათ ფასების არაადეკვატური ზრდა. მიმდინარეობდა ფასების ინსპექტირება და აჯარიმებდნენ მაღაზიებს, რომლებიც შექმნილ ვითარებას ბოროტად იყენებდნენ. ეს განსაკუთრებით ეხებოდა ქაღალდის პირსახოცებს, ტუალეტის ქაღალდს…

ქალაქში სადეზინფექციო საშუალებები გაქრა. ერთ-ერთ საიტზე პატარა მოცულობის სადეზინფექციო ხსნარი დაახლოებით 400 დოლარი ღირდა.

პირბადეებიც დეფიციტი იყო და სახელმწიფოს მხრიდან დღემდე კონტროლდება, რომ ვერავინ გაბედოს, არაადეკვატური ფასი დაადოს. ჩვენს ქალაქს აქვს დახურული ჯგუფი, სადაც გაწევრება ხდება მართვის მოწმობის წარდგენით და იქ ბევრი საინტერესო მასალა ქვეყნდება, მოსახლეობა აზრებს უცვლის ერთმანეთს.

ჩემი ტესტი კორონაზე როცა დადებითი აღმოჩნდა, სახლში ნიღბები არ გვქონდა. არადა აუცილებელი იყო მეუღლისთვის, რომ შემოსულიყო და საჭმელი შემოეტანა ოთახში, სადაც იზოლირებულად ვცხოვრობდი.  ჩემი ამბავი ამ ჯგუფში დავწერე და ერთი გამომეხმაურა, რომ მომაწვდიდა. მითხრა, რომ ფული ელექტრონულად გადამერიცხა. ჩინელი აღმოჩნდა. პორბადეები მოიტანა და ჩემს აივანზე დატოვა. როცა გავხსენი, ორჯერ მეტი იყო – სამედიცინო ნიღბებიც მომიტანა და არასამედიცინოც. მითხრა, სამედიცინო ნიღბები თქვენმა მეუღლემ იხმაროსო. ასე რომ, ყველა ერშია ცუდი და კარგი და ეროვნების მიხედვით დისკრიმინაცია არ შეიძლება.

ბევრი დადებითი ტენდენციაც გამოიკვეთა. ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმები ყველაფერს აკეთებენ ქართველი ემიგრანტების დასახმარებლად. სთავაზობდნენ უფასო კონსულტაციებს, რაც ამერიკაში ღირებული და დასაფასებელია. ამ ექიმების ჩართულობამ ფსიქოლოგიური სტრესი ძალიან ბევრს გადაატანინა.

მე დამიკავშირდა ნანა გეგეჭკორი, რომელიც ნიუ იორკის ერთ-ერთ წამყვან ჰოსპიტალში მუშაობს და მან მომცა საიმედო რჩევები, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი გახლდათ. ამერიკელ ექიმთან დაკავშირება პრობლემა იყო, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურიდან  ძვირადღირებული დაზღვევა მაქვს. ჩემი დაზღვევა გადის ვიაპ კატეგორიაში, მაგრამ მასაც დიდი შეზღუდვები ჰქონდა.

ელექტრონული ფოსტით უნდა მიგეწერა ექიმისთვის, რომელსაც უნდა ჩაეწერა ვიდეოკონფერენცია და ა.შ. ამ დროს როცა მაღალი დონის პროფესიონალი გეკონტაქტება და ყოველგვარი პროცედურის გავლის გარეშე გაძლევს რჩევას, ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავს. ვისაც ეს არ გამოუცდია, ალბათ მას უფრო ადვილად შეუძლია, ასეთი ადამიანების შრომას ერთი ხელის მოსმით წყალი გადაასხას.

ნანა გეგეჭკორი პაციენტების მკურნალობის დროს თვითონაც დაინფიცირდა. ერთ კვირაში სამსახურში დაბრუნდა და ისევ ადამიანთა გადასარჩენად იბრძოდა.

– როგორ მოახერხეთ, რომ ოჯახის წევრები არ დააინფიცირეთ?

– როგორც კი პირველივე სიმპტომები გაჩნდა, სანამ ტესტს გავიკეთებდი, მანამდე გადავედი იზოლაციაში.

– რა იყო ეს პირველი სიმპტომები?

– საერთო სისუსტე. ბაბუაჩემმა იცოდა თქმა, ჯანი არ მომყვებაო და ზუსტად ეს დამემართა. ჩავედი სარდაფში და კიბეებზე ამოსვლა გამიჭირდა, არადა მანამდე წამში ამოვირბენდი ხოლმე. ეს იყო პირველი სიგნალი, რომლის ამოცნობა იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც დროს და ენერგიას არ იშურებდნენ, რომ ჩვენ ეს გვცოდნოდა.

– როგორ გეხმარებათ სახელმწიფო უმუშევრად დარჩენილებს?

-სახელმწიფო მაქსიმალურად ზრუნავს მოქალაქეების ფინანსურ მდგომარეობაზე, მაგრამ ხარვეზები აქაც არის. მაგალითად, დღემდე არ მიმიღია უმუშევრობის დახმარება. ჩვენი ოფისიც დაიკეტა და ამ დროს სახელმწიფო ვალდებულია, გადაგიხადოს უმუშევრობის დახმარება –  ხელფასის 60%. თვეზე მეტი გავიდა და არ მიმიღია. ჩემი მეუღლე კი იღებს.

5 წელია აქ ვარ და ამდენივე დროა, გადასახადების გადამხდელად ვითვლები. ბევრი გადასახადი რომ მეჭრებოდა,  ვიცოდი, მაგრამ დეტალებს არ ჩავღრმავებივარ. აღმოჩნდა, რომ გადასახადებს შორის არსებობს უმუშევრობის დაზღვევა, რომელსაც 5 წელია ვიხდი. ეს დაზღვევა მერე ამოქმედდება, როდესაც უმუშევრად რჩები და ისინი გიხდიან ხელფასის 60%-ს. ამას ემატება შტატის დახმარება პანდემიასთან დაკავშვირებით, რომელიც 600 დოლარია კვირაში…

უცნაური იყო საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წევრის განცხადება, რომ მათი ბენეფიტები ამერიკის ბენეფიტების მსგავსია. ახლოსაც ვერ მოვლენ, რადგან ეს ბენეფიტები აქ ადამიანებს ღირსეული ცხოვრების მინიმალურ პირობებს უქმნის.

იცით, როგორი სახელმწიფოა? მოქალაქეებსაც მაღალი დონის პასუხისმგებლობა აქვთ. ჩვენი ბინის მეპატრონემ დამირეკა. ვიფიქრე, რომ ქირისთვის მირეკავდა, რადგან ორი დღე მქონდა გადაცილებული. ჩვენი სახლის გვერდით ავტოშეკეთების სალონი აქვს. მკითხა, როგორ ხარო და რომ ვუთხარი, კორონავირუსი მქონდა, მითხრა, ოფისს ვკეტავ, სადაც ცალკე მოსასვენებელი ოთახი მაქვს და შემიძლია დაგითმო, რომ იზოლირებული იყო, მე და ჩემი მეუღლე დავალაგებთ და გადმოდი, არც ქირასთან დაკავშირებით ინერვიულო, ეს საკითხი მერე გადავწყვიტოთო. ეს არის სოლიდარობა, რომელიც ადამიანებს დემოკრატიულ სახელმწიფოში უყალიბდებათ.

– გამოიყენეთ შემოთავაზებული ოთახი?

– არა, რადგან უკვე ერთი კვირა იყო გასული, რაც ვირუსი მქონდა, თუმცა ეს ძალიან კეთილშობილური ნაბიჯი იყო იმ ფონზე, როდესაც საქართველოში საქმეების ქურდული გარჩევა მიდის, ვინ ვის რა არ გადაუხადა და ა.შ. აქ შტატის გუბერნატორი გამოვიდა და თქვა, ამ პერიოდში სასამართლოებს ეკრძალებათ გამოსახლების შესახებ საჩივრების მიღებაო.

ხელს აბრახუნებდა გუბერნატორი, ბანკებს თუ ვეუბნებით, გადაუვადონ სესხი, პროცენტი არ დააკისრონ ვადაგადაცილებულ გადასახადებზე და ისე გადანაწილდეს, რომ გადასახადი უმტკივნეულო იყოს ბინის მესაკუთრისთვის და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ ბინის მესაკუთრეც ვალდებულია, ანალოგიური შეღავათები გაუკეთოს ბინის დამქირავებელსო. ეს არის  კონტროლირებადი სისტემა, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები მოქმედებენ სწორად.

– ამერიკის მოქალაქე ხართ უკვე?

– ჯერ – არა, მხოლოდ მწვანე ბარათის მფლობელი ვარ. აქ საემიგრაციო ადვოკატის ოფისში ვმუშაობ და ძირითადად საემიგრაციო საქმეებით ვარ დაკავებული.

– სხვა ქართველებზე რა იცით, როგორ არიან?

– როცა ავად ვიყავი, კონტაქტი არ შეიძლებოდა. ქართველებს გემრიელი საჭმელები მოჰქონდათ და ჩემს აივანზე ჩუმად ტოვებდნენ. ეს ძალიან სენსიტიური და სასიამოვნო ამბავია.

– წამოსვლა ხომ არ მოგინდათ სამშობლოში ასეთ მძიმე პერიოდში?

– არა, რადგან საკმაოდ პრაგმატული ვარ. აქედან მკაცრად ვაკონტროლებდი ჩემი ოჯახის წევრების მდგომარეობას საქართველოში – რას ჭამდნენ, იყვნენ თუ არა იზოლაციაში… განსაკუთრებით რისკჯგუფშია დედაჩემი, რომელიც ჰიპერტონიკია და აგარაკზე მყავს გამოკეტილი.

ყველამ ვიცით, როგორ ჩამორჩება ქართული ჯანდაცვა ამერიკის და ევროპის ჯანდაცვის სისტემებს და, როცა ვისმენდი, რომ პიკის რაოდენობა იგივენაირი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში, ძალიან ვწუხდი. არც კი მინდოდა იმის გაფიქრება, რა შეიძლებოდა მომხდარიყო.