,,დოდომ მითხრა, კარგი, გადაიღე, მაგრამ სისულელეაო” – ლეგენდარული ფილმის დაუჯერებელი თავგადასავალი

,,დოდომ მითხრა, კარგი, გადაიღე, მაგრამ სისულელეაო" - ლეგენდარული ფილმის დაუჯერებელი თავგადასავალი,,სარკე”

რეჟისორმა ნანა მჭედლიძემ კინოკომედია ,,პირველ მერცხალში” ნამდვილი ვარსკვლავები შეკრიბა. ფილმში გენიალურ მსახიობებთან ერთად ლეგენდარული ქართველ ფეხბურთელი, ბორის პაიჭაძეზეც მონაწილეობს.

ფილმს, რომელსაც ყველა თაობის მაყურებელი დღემდე სიამოვნებით უყურებს, თავიდან ბევრი სკეპტიკურად შეხვდა. ნანა მჭედლიძემ შეუძლებელი შეძლო, შედეგად კი ფილმს დიდი აღიარება ხვდა წილად: 1975 წელს მას ორი პრიზი ერგო თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ერთი – საუკეთესო რეჟისურისათვის და მეორე – დოდო აბაშიძეს მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისათვის. 1977 წელს კი ობერჰაუზენის სპორტული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან პრისა და “ფიპრესის” პრიზის მფლობელიც გახდა.

– სცენარის ავტორი ლევან ჭელიძე დარწმუნებული იყო, რომ ფილმს კარგად გავაკეთებდი, რადგან ფეხბურთი ძალიან მიყვარდა. ამაში ეჭვი არც რეჟისორ რეზო ჩხეიძეს ეპარებოდა, სხვები კი, როცა ქუჩაში მხვდებოდნენ, სიცილით მეუბნებოდნენ, რა იყო, ნანა, კაცი არ მოინახა, ფეხბურთზე ქალი რომ იღებ ფილმსო, – იხსენებდა ნანა მჭედლიძე ჟურნალ “სარკესთან” გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე.

სამწუხაროდ, ამ ფილმის შემქმნელებიდან დღეს უმეტესობა ცოცხალი აღარ არის. ამიტომ უფრო მეტად ფასობს ის ამბები, რომლებიც ნანა მჭედლიძეს და მსახიობ დიმა ჯაიანს ,,სარკესთან” აქვთ მოყოლილი.

კომედია თუ დრამა

ნანა მჭედლიძე:

-კარგი სცენარი იყო, მაგრამ ერთი ნაკლი ჰქონდა – ფინალი არ იყო სცენარში. რეზოს წინ ედო ქაღალდი, რომ ხელი მოეწერა ფილმის ჩაშვებაზე. ამ დროს კი მითხრა, ნანა, სცენარს ფინალი არ აქვს და ასეთი ფილმის ჩაშვებას ხელი როგორ მოვაწერო, მომიყევი მაინც, რა იქნებაო.  როგორღაც მოვუყევი. რეზომ მითხრა, კი, შეიძლებაო და მოაწერა ხელი.

მთავარ როლზე დოდო აბაშიძე მოვიაზრე, მაგრამ იმ პერიოდში სხვა ფილმში იღებდნენ. მერე ისე მოხდა, რომ დოდომ მოიცალა. რაც შეეხება სხვებს, რატომღაც იდეა მომივიდა, რომ ფილმში საქართველოს ყველა კუთხის მსახიობს ეთამაშა და მართლაც არტისტები მთელ საქართველოში შევკრიბე.

ინგლისელებს რომ თამაშობენ, სინამდვილეში ამერიკელი ბიჭები არიან, 20-21 წლის სტუდენტები. ღმერთმა გადმოგვხედა იმით, რომ ფოთში ერთი დღე უნდა ყოფილიყვნენ და ერთი თვე დარჩნენ, თაგვი გაჩენილა გემში და გაწმენდა დასჭირდა. ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ.

თავიდან მსახიობებმა თქვეს, ფილმი კომედიააო და დაიწყეს კომედიის თამაში – პამპულობა, თვალების პრაწვა. გადავირიე! შევკრიბე და ვუთხარი, გადავიფიქრე, კომედიას არ ვდგამ ან რა გვაქვს საკომედიო, დამოუკიდებლობა ჩვენ არ გვაქვს და ფული, ჩვენს მარგანეცს სხვა ეზიდება, დრამას ვიღებ-მეთქი.

მართლაც ისე სერიოზულად დაიწყეს თამაში, რომ ერთმანეთს ცხვირ-პირი დაალეწეს.

მერე, როცა ერთად ვნახეთ ფილმი, ერთ-ერთმა მსახიობმა მითხრა, ქალბატონო ნანა, ჩვენ რომ ფილმს ვიღებდით, ვტიროდით და მაყურებელი რომ იცინის, თუ არის სწორიო.

დოდო აბაშიძის და რეჟისორის დაპირისპირება

– დოდო აბაშიძე ბუნებით ატამანი იყო და მთელ გუნდს იყოლიებდა. მართალია, რასაც ვეტყოდი, უსიტყვოდ ასრულებდნენ, მაგრამ საწინააღმდეგოს ფიქრობდნენ.

ფინალის გადაღებას ტექნიკურად დიდი მომზადება უნდოდა.

ფოთში უკაცრიელ ადგილას ვიღებდით. როგორც იქნა, აპარატურა მივიტანეთ. ჩემი ერთი მხატვარი ბუზღუნებდა, დოდოს რაღაცებს ეუბნებოდა. არადა დოდოს კიდევ გადარევა უნდოდა?!

მითხრა, რა არის, ნანა, რომ გამოგვიყვანე ამდენი ხალხი ამ უკაცრიელ ადგილას და გიჟებივით გვამღერებო. ვუთხარი, დოდო, რომ არ გადავიღო, დამიჭერენ, კარგად იცი, რა ხარჯებია, თუ კარგი არ გამოვა, არ ჩავსვამ და ის იქნება-მეთქი. კარგი, გადაიღე, მაგრამ სისულელეაო, მითხრა.

გურამ ლორთქიფანიძეს ვუთხარი, იმღერე-მეთქი. დაიწყო სიმღერა. დოდო იჯდა. ადგა, მივიდა, გაწია გურამი და თქვა, მე ვიმღერებო. ასე გადავიღე ფინალი. ფილმი რომ ვნახეთ, დოდოს ვკითხე, დოდო, შენთვის რომ დამეჯერებინა, რა მოხდებოდა-მეთქი. დავიღუპებოდითო, მიპასუხა.

ლეგენდარული გუნდი

მსახიობი დიმიტრი ჯაიანი:

– ამ ფილმში მონაწილე მსახიობების უმრავლესობა  ცოცხალი აღარ არის: დოდო აბაშიძე, იპოლიტე ხვიჩია, გურამ ლორთქიფანიძე, ვასილ ჩხაიძე, ვასიკო ნადარაია, ჯუმბერ ჟვანია, თემურ თავაძე, ტარას ხორავა, გიგლა ფირცხალავა… ფილმის კონსულტანტი იყო ქართული ფეხბურთის ლეგენდა დავით პაიჭაძე.

ისეთი ჯგუფი იყო, ლეგენდები დადიოდა! ერთ დღეს კინოსტუდიაში მომიწია მისვლა. ბატონმა რეზომ ჩხეიძემ  მიცნო და მკითხა, რა ხდება ფოთშიო. რა ხდება-მეთქი, კითხვა შევუბრუნე. რა ვიცი, ლეგენდები დადისო. სადაც დოდო, გიგლა ფირცხალავა და გურამ ლორთქიფანიძე იყვნენ, სხვანაირად არც იქნებოდა.

გიგლა სენაკიდან, ნოსირიდან იყო და ისეთ ამბებს ყვებოდა, გადაღებები გვეშლებოდა. ნანა ყვიროდა, დროზე, თქვე უსინდისოებო, ჩავიდა მზე, დროზე, დროზეო.

დიდი დოდო

– დოდო აბაშიძემ ეს ჯგუფი ისე შეკრა, რომ თვითონაც უხაროდა. წაგვიყვანდა ბიჭებს ზღვაზე და გვეხვეწებოდა, ზურგზე შემადექითო. შევადგებოდით ფეხებით და მასაჟს ვუკეთებდით.

გადაღება გვქონდა იპოდრომზე. ასეთი სცენა იყო – დოდო უნდა წამომდგარიყო და ეთქვა, ეჰ, დავიწყოთ ვარჯიშიო. ნანამ დაიძახა: “მოტორ!”. დოდო არ ადგა. რა იყო, დოდო, რა ხდებაო, ვკითხეთ. მაპატიეთ, ბიჭებო, დედა მომენატრაო, ბოდიში მოგვიხადა. როგორც იყო, ისე ჩაჯდა თავის ცნობილ “მერსედესში” და თბილისში წავიდა დედის სანახავად. დედამისს აკოცა და მეორე დილით დაბრუნდა გადაღებაზე.

საოცრად გულჩვილი იყო. უნდა გენახათ, როგორ ეპყრობოდა ლაურა ვართანიანს – დოდოს გმირს რომ უყვარდება ფილმში. დოდოს გვერდით ახალგაზრდებმა ქალისადმი დამოკიდებულება, რაინდობა, კაცობა ვისწავლეთ.

ბიძია იპოლიტე

– იპოლიტე ხვიჩია ლუქსში ცხოვრობდა თავისი ოჯახით. ერთ დღეს, სანამ გადაღებაზე გავიდოდით, ეზოში მყოფ ახალგაზრდა მსახიობებს ხელით გვანიშნა, ამოდითო. ავედით. საჭმელი და ხილი დაგვხვდა მაგიდაზე. გვითხრა, საჭმელი ბევრი არ ჭამოთ, გადაღების წინ არ არის სასურველი, ხილს კი მიეძალეთო.

ვკითხე, ბატონო იპოლიტე, მარტო ჩვენ რატომ-მეთქი. ბატონს ნუ მეძახი, ბიძია დამიძახე, თქვენ ხართ გაჭირვებულები, თქვე უბედურებო, აბა, დოდოს რად უნდა აქ დაძახება, თავისი ფული აქვსო. მას მერე თითქმის ყოველდღე იგივე ხდებოდა.

იპოლიტეს ნარდში ვინმე თუ მოუგებდა, ნარდს ამტვრევდა. მართლა კარგად თამაშობდა, მაგრამ დოდო რისი დოდო იყო, რამე რომ არ მოეფიქრებინა –  მეგობრებს მაგნიტიანი კამათელი შეუკვეთა. თამაშის დროს ცვლიდა კამათლებს და როცა დუშაში უნდოდა, ზედიზედ დუშაშს აჯენდა.

40 ნარდი დაიმტვრა ფოთში! როცა დოდო და იპოლიტე სათამაშოდ დასხდებოდნენ, ყველამ ვიცოდით, რომ კონცერტი იწყებოდა, არ იცოდა მხოლოდ იპოლიტემ. მოუგებდა დოდო ერთ ხელს, დაამტვრევდა იპოლიტე ნარდს. მოვიტანდით სხვას, ისევ დაამტვრევდა.

გავიგეთ, სად იყიდებოდა და ვყიდულობდით. ბოლოს გაუმხილეს. ჰაიტ, თქვე მაიმუნებო, კაი, ესენი “ჟულიკები” არიან, მაგრამ თქვენ, ახალგაზრდებმა, რატომ არ მითხარითო.

ყველას ჰგონია, რომ იპოლიტე ისეთივე იყო ცხოვრებაშიც, როგორიც კინოშია, ამ დროს კი უსერიოზულესი ადამიანი გახლდათ. და, იცით, რატომ არის ყველა როლში კარგი? სწორედ იმიტომ, რომ ყველაფერს სერიოზულად, გულით აკეთებდა.

ნათქვამი აქვს, რეჟისორებმა ჩემთან მიმართებაში დიდი შეცდომა დაუშვეს, მე ოტელოც ვარ და ოიდიპოს მეფეცო. ეს გიგა ლორთქიფანიძეს რომ მოვუყევი, სიცილით მოკვდა, ჩემმა მტერმა ნახა იპოლიტე ოიდიპოსშიო, მაგრამ თავად სჯეროდა, რომ დრამატული მსახიობი იყო. ამიტომაც თამაშობდა დრამატულად, რაც უკურეაქციას იწვევდა და გამოდიოდა გენიალური.

განუმეორებელი ლორთქია

– ფილმში იყო ასეთი ეპიზოდი: ლორთქიას უნდა მიეღო ბურთი. მე უნდა გამოვქცეულიყავი, პასი, პასი-მეთქი, დამეძახა და ჩემთვის უნდა გადმოეცა. ბატონი ბორია პაიჭაძე იქვე იდგა და მან შეუგდო ბურთი.

ველოდებოდი, მაგრამ ლორთქიამ ბურთი არ მომცა.

ნანამ დაიძახა: “სტოპ!”. ლორთქიას უთხრა, რას შვრები, რატომ არ აძლევ ბურთსო. რას ამბობ, პაიჭაძემ პასი მომცა და იმას ჯაიანს როგორ მივცემო. ან რეებს უკეთებდა ვასილ ჩხაიძეს. ვიღაც გოგონებს ეხვეწა, რომ მასთან შესულიყვნენ. შევიდნენ და უთხრეს, ბატონო ვასილ, როგორ გვიყვარხართო. მერე ჩვენ გვეუბნებოდა, არა, ფოთიდან უნდა წავიდე, ვიღაც გოგოები გიჟდებიან ჩემზეო.

ლორთქია იყო კაცი, რომელსაც სიცოცხლე შეჰქონდა ყველგან. დოდო და ლორთქია ერთმანეთს ავსებდნენ, როგორც ფილმში “არაჩვეულებრივი გამოფენა”.

გულჩინა დადიანი – უფროსი და

– გულჩინა დადიანი ჩვენი უფროსი და იყო. გვეუბნებოდა, დას ნუ მეძახით, ჩემი შვილები ხართო, მაგრამ დოდო ეძახდა დას და ჩვენც ასე მივმართავდით.

იცით, როგორ გვივლიდა და გვეპყრობოდა? ისე, როგორც დოდოს – მისი და მისი მეუღლის უახლოეს ძმაკაცს. არადა მე მაშინ ვინ ვიყავი, არავინ. მხოლოდ ორი როლი მქონდა ნათამაშევი, არაფერს წარმოვადგენდი.

საჭმელს გვიკეთებდა, გვირეცხავდა, საცვლებსაც კი. გაქათქათებულები გავდიოდით ქალაქში, თვითონ წინ მიგვიძღოდა. საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. მე და გულჩინა რომ დავიწყებდით მეგრულად ლაპარაკს, დოდო გიჟდებოდა, გვეუბნებოდა, გასაგებ ენაზე ილაპარაკეთო.

პაიჭაძის ნანინა

– არავინ დაიჯეროს, რომ ფილმში დუბლიორები გვყავს. საკუთარი ფეხების გარეშე თქვენი გმირები დამაჯერებელი არ იქნებიანო და მოგვკლა ბორის პაიჭაძემ ვარჯიშით, 20-20 კილო დავიკელით. სამი თვე ჩვენთან ერთად იყო. ჩავიკეტებოდით ერთად ოთახში და ფეხბურთის მატჩებს ვარჩევდით. ამის გამო რამდენჯერმე კადრიც გაგვიფუჭდა. ფოთელები რომ იგებდნენ, ბორისი იქ იყო, პირდაპირ კადრში შემოდიოდნენ. მერე ნანა ყვიროდა, კადრში ვიღაც უცხო ჩანსო.

სტადიონი თბილისში ჩვენი ფილმის ჩვენებით გაიხსნა. ბიჭები გაგიჟებულები იყვნენ – ბორიას ყველას სახელი და გვარი ახსოვდა. ცოტა უხიაგო სიმთვრალე ჰქონდა. დოდო იტყოდა, ამას არ დავალევინოთ, მაგრამ თუ დავალევინებთ, ამან იცის სიმღერის დაწყება – ნანინა, შენი დედა… და აი, იქ უნდა შეწყდეს სმაო. მაგრამ ჩვენ საქმე აქამდე არ მიგვიყვანია.

მილიონერი ამერიკელები

– ინგლისელებს რომ თამაშობენ, ისინი ფილმში შემთხვევით მოხვდნენ. ფოთის პორტს მოადგა ამერიკელების გემი, ვიღაც მილიონრების შვილები იყვნენ და ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ სასტუმროში. მთელი “კაგებე” მათ დასდევდა. ჰაშიშს ეწეოდნენ ჩიბუხით და მთელ ფოთში ჰაშიშის სუნი იდგა.

მაღაზიაში შევიდოდნენ, ლუდს, ვისკის იყიდდნენ და ჩვენთან ერთად სვამდნენ. ნანას მოეწონა და ფილმში გადაღება შესთავაზა. დათანხმდნენ.

მართალია, მორაგბეები იყვნენ და ცოტა შორს იდგნენ ფეხბურთისგან, მაგრამ ნანას ტიპაჟები სჭირდებოდა და კარგად გამოიყენა.

დაკარგული ჯინსები

– გადაღებები იპოდრომზე გვქონდა, რომელიც შემოღობილი იყო. თურმე ამერიკელებმა კოსტიუმები რომ ჩაიცვეს, ტანსაცმელი ღობეზე გადაკიდეს. გადაღებას რომ მორჩნენ, ჯინსები აღარ დახვდათ.

ფოთის მთელი “კაგებე”  იმ დახეულ ჯინსებს ეძებდა. ვერ იპოვეს და დოდოსთან მივიდნენ. ერთ-ერთმა, ტომმა, იკითხა, რა უნდათო. რომ გაიგო, დახეულ ჯინსებს ეძებდნენ, გადაირია, ვინ მოიპარავდა, ალბათ ვინმეს არ ჰქონდა და წაიღოო.

მერე ამერიკელები გვაშაყირებდნენ, ვიცით, რა ქვეყანაში ცხოვრობთ, მაგრამ თქვენ კარგი ბიჭები ხართო.

დამშვიდობება სვანური ქუდით

– დადგა დღე, როცა ამერიკელებს უნდა დავმშვიდობებოდით. რა ვქნათო, თქვა დოდომ. ლორთქიამ უთხრა, მოდი, სვანური ქუდები ვუყიდოთ, ოღონდ კარგი ხარისხისო. ვუყიდეთ. დოდომ აიღო ქუდი, ჩაასხა ღვინო, აჩვენა, რომ არ გასდიოდა და გზა დაულოცა.

თერთმეტივე ბიჭმა დაიხურა ქუდი და გემზე ავიდნენ. რომ დაიძრა, გემბანიდან ხელის ქნევა დაიწყეს. ჩვენ კი ვიდექით სანაპიროზე კაციან-ქალიანად და ღაპაღუპით გვდიოდა ცრემლი. უცებ იყვირა ნანამ, ვიცი, ფინალი როგორიც უნდა იყოსო. ასე დაიბადა ფინალი.