62 წლის შერონ სტოუნი: ,,მე მეტი ვარ, ვიდრე სექსსიმბოლო”

62 წლის შერონ სტოუნი: ,,მე მეტი ვარ, ვიდრე სექსსიმბოლო"5,,სარკე”, თათია ბოჭორიძე

62 წლის ასაკში შერონ სტოუნმა პირველად მოსინჯა ძალები მხატვრობაში. ამის მიზეზი კარანტინი გახდა, რის გამოც, მილიონობით ადამიანის მსგავსად, ისიც სახლში აღმოჩნდა გამოკეტილი. შერონმა ,,ინსტაგრამის” ხელმომწერებს ვიდეო შესთავაზა, სადაც საკუთარ ნახატს – ვარდისფერ პიონებს აჩვენებს. ,,დავასრულე ჩემი პირველი ნახატი. როგორ მიხარია! ეს რაღაცას ჰგავს. ეს ჩემი პირველი ნაბიჯია რაღაც ახლის შესწავლისკენ”, – დაწერა მსახიობმა.

კარანტინამდე ცოტა ხნით ადრე შერონ სტოუნმა თავისი 62-ე დაბადების დღის წვეულება უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით გამართა. ყველა სტუმარმა, მათ შორის იუბილარმაც, კორონავირუსზე ტესტი გაიარა. ამ მიზნით მსახიობმა სახლში ექიმი მიიწვია.

– მე სახლში მყავდნენ მოწვეული ექიმი და ექთანი. მათ ყველა ჩემი სტუმარი და მომსახურე პერსონალი კორონავირუსზე შეამოწმეს. საბედნეროდ, არც ერთ ჩვენგანს ვირუსი არ აღმოგვაჩნდა, – დაწერა სოციალურ ქსელში კინოვარსკვლავმა.

შერონ სტოუნი 15 წლის განმავლობაში იკავებდა პირველ ადგილს მსოფლიოს ყველაზე სასურველი ქალების სიაში. მან დაამტკიცა, რომ ძალიან ლამაზი ქალი შეიძლება ძალიან ჭკვიანიც იყოს (მისი IQ 154-ს უტოლდება).

მინი დოსიე

სრული სახელი და გვარი: შერონ ფონ სტოუნი.

დაბადების ადგილი და თარიღი: მიდვილი, პენსილვანია, აშშ, 1958 წლის 10 მარტი.

სამუშაო გამოცდილება: პოპულარობამდე შერონი ნიუ იორკის “მაკდონალდსში” მოლარედ მუშაობდა.

ბავშვობა: ეკრანზე სოფი ლორენის დანახვისთანავე პატარა შერონმა მოსვენება დაკარგა და მუდმივად მსახიობობაზე ოცნებობდა. სახლის ავტოფარეხში პატარა სცენა მოაწყო და მსახიობობდა.

– პატარა გოგო ვიყავი, როცა უკვე ზუსტად ვიცოდი, რა მსურდა ცხოვრებისგან. როდესაც მსახიობობას ვიწყებდი, მკითხეს, რაზე ვოცნებობდი და ყველაზე მეტად რისი მიღწევა მსურდა. ვუპაუხე, მინდა, რობერტ დე ნიროს პირისპირ თავდაჯერებული ვიჯდე-მეთქი. მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ ეს სურვილი ამიხდებოდა, – თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა.

საინტერესო ინფორმაცია: გონიერების გამო შერონი პირდაპირ მეორე კლასში მიიღეს, სადაც ყველაზე წარჩინებულ მოსწავლედ ითვლებოდა. 13 წლის ასაკში პონიდან ჩამოვარდა და ტრავმა მიიღო, რის გამოც მხედველობის პრობლემა გაუჩნდა და სქელმინიანი სათვალის ტარება დასჭირდა. მიუხედავად ამისა, ჯერ საბალეტო სტუდიაში შევიდა და ლამაზად მოძრაობა ისწავლა, შემდეგ საძულველი სათვალე მსუბუქი კონტაქტური ლინზებით შეცვალა.

მსახიობს დიაბეტი აქვს და უკვე მრავალი წელია, სპეციალურ დიეტას იცავს. მის რაციონში ძირითადად ბოსტნეული, ხაჭო და სოია შედის.

2001 წელს შერონ სტოუნს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა –  ჰალუცინაციები დაეწყო და ინსულტი გადაიტანა. ბევრმა ეს ავადმყოფობა მისი კარიერის დასასრულად ჩათვალა, მაგრამ მსახიობმა ყველაფერი დაძლია, როგორც თავად ამბობს, ბებიის წყალობით, რომელიც ეცხადებოდა და რჩევებს აძლევდა. შერონს დღემდე სჯერა, რომ მაშინ სწორედ ბებიამ და ლოცვებმა იხსნეს.

62 წლის ვარსკვლავმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა თავის სილამაზეზე და ბევრ სხვა საინტერესო თემაზე. თაყვანისმცემლებს გაუმხილა, როგორ შეინარჩუნონ მოხდენილი სხეული. ამბობს, რომ ყოველდღე 20 ჭიქა ბალახის ჩაის მიირთმევს, უყვარს სპორტი, ცეკვა, იოგა, ცურვა და პილატესი. სახლში ტრენაჟორით ვარჯიშობს.

– მჯდომარე ცხოვრების წესი არ მომწონს. მიყვარს აქტიურობა. გრამ ცხიმსაც ვერ ავიტან საკუთარ სხეულზე. ადრე მხოლოდ პლასტიკური მოძრაობები საკმარისი იყო, მაგრამ რაც 50-ს გადავაბიჯე, იმისათვის, რომ კუნთების სიმკვრივე შემენარჩუნებინა, მხოლოდ ცეკვა ვერ მიშველიდა, ამიტომ ძალოვანი ვარჯიშები დავიწყე და ეს ძალიან მსიამოვნებს, – აღიარა მსახიობმა.

თაყვანისმცემლები შერონს სექსსიმბოლოდ მიიჩნევენ, თავად მსახიობი კი თვლის, რომ არის უფლებების დამცველი, ფილანტროპი, დედა და დანარჩენ დროს – მსახიობი.

-ჩემი აზრით, მე მეტი ვარ, ვიდრე სექსსიმბოლო. როდესაც ავად გავხდი,  ვეღარ შევძელი ბიზნესში დაბრუნება. რიგის ბოლოში გადამისროლეს, რომ ისევ ეპიზოდური როლებით გამეკვალა უკან დასაბრუნებელი გზა. როდესაც 40-ს გადავაბიჯე ცოტა დავიძაბე, რადგან ამ ასაკის ქალებს ჰოლივუდში როლებს ნაკლებად აძლევენ. სამშვილიანი დედა ვიყავი, ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციას გავდიოდი და სასამართლო პროცესში ვმონაწილეობდი უფროსი შვილის მეურვეობისთვის, მაგრამ ამ გამოცდებშიც იყო რაღაც მშვენიერი.

მერე რა, რომ არავის უნდოდა ჩემთან ურთიერთობა, ეს იყო ცვლილებებისა და საკუთარი თავის მიღების პერიოდი. მინდოდა, მაშინ ვინმეს ვყვარებოდი, რადგან, პარტნიორი რომ მყოლოდა, ალბათ ცხოვრება ასე სასტიკად აღარ მომეჩვენებოდა, -აღიარა სტოუნმა.

პირადი ცხოვრება: მიუხედავად საოცარი წარმატებისა, შერონი პირადი ცხოვრებით ვერ დაიკვეხნის. რამდენჯერმე გათხოვდა, მაგრამ ყველა ქორწინება განქორწინებით დასრულდა. ახალბედა მსახიობი პროდიუსერ მაიკლ გრინბერგზე გათხოვდა, მაგრამ ოჯახური ცხოვრება მალე მობეზრდა. შემდეგ, 1993 წელს, რეჟისორ  ბობ ვაგნერზე დაინიშნა, მაგრამ მასაც გაშორდა. 1998 წელს ცოლად გაჰყვა მსხვილ გამომცემელ ფილ ბრონშტეინს. წყვილმა 2000 წელს ბიჭუნა, ჯოზეფი, იშვილა. შერონი ფილს 2004 წელს გაეყარა და დიდხანს იბრძოდა შვილზე მეურვეობის მოსაპოვებლად, თუმცა ამაოდ. ბიჭი მამასთან ცხოვრობს და დედას პერიოდულად ხვდება.

2005 წელს სტოუნმა მეორე ბიჭი იშვილა, 2006 წელს კი – მესამე. მსახიობს არ უყვარს შვილების დემონსტრირება, მათთან ერთად ღონისძიებებზე არ ჩნდება და არც სოციალურ ქსელში აქვეყნებს მათ ფოტოებს.

61 წლის ასაკში  მსახიობი უძრავი ქონების აგენტზე, 41 წლის ანჯელო ბოფაზე, დაინიშნა. გასული წლის შემოდგომაზე კი სტოუნმა ყველასთვის მოულოდნელად ანჯელო ბოფასთან ნიშნობა გააუქმა. გაირკვა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი მარტო დიდხანს არ დარჩენილა, რადგან 10 წლით უმცროს იტალიელ ჟურნალისტ ენცო კურსიოსთან რომანზე ალაპარაკდა.

ცოტა ხნის წინ კი შერონ სტოუნმა აღიარა, რომ შვილების აღზრდით არის დაკავებული, მარტოხელა დედის როლშია და ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებას აღარ აპირებს.