ვერონიკა კალანდარიშვილი: ,,სერიალში დიდ ვარსკვლავებთან ერთად ვთამაშობ” – როგორ გადაურჩა მაია ასათიანის და წყალში დახრჩობას

ვერონიკა კალანდარიშვილი: ,,სერიალში დიდ ვარსკვლავებთან ერთად ვთამაშობ" - როგორ გადაურჩა მაია ასათიანის და წყალში დახრჩობას,,სარკე”, ირმა ჭკუასელი

,,ბევრი მეკითხებით, ვინაა ეს გოგო. ვერო ჩემი უმცროსი დაა”, – დაწერა ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა “ინსტაგრამზე” და ვერონიკა კალანდარიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა. ფართო საზოგადოებისთვის ასე გახდა ცნობილი, რომ ახმეტელის თეატრის ახალგაზრდა მსახიობი გადაცემა ,,პროფილის” ავტორის დაა.

ვერონიკა კალანდარიშვილი ბავშვობიდან თავგადასავლების ძიებაშია და პროფესიაც იმის მიხედვით შეარჩია, რომ რაც შეიძლება მრავალფეროვანი ცხოვრება ჰქონოდა. გზა წარმატებამდე არც თუ ისე ადვილი გასავლელი აღმოჩნდა, ხელის ჩაქნევაზეც უფიქრია, მაგრამ საბოლოოს თავის დიდ ოცნებასთან მაინც მივიდა და სცენაზე დადგა.

– ვერონიკა, გაეცანით ჩვენს მკითხველს, როგორი ბავშვი იყავით, როგორ გარემოში მოხდა თქვენი პიროვნებად ჩამოყალიბება.

– რთულია საკუთარ თავზე საუბარი. ალბათ დიდად განსხვავებული არ ვარ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამ ინტერვიუს კითხულობენ. უბრალოდ რაღაც საკითხებში მეტად, ხოლო გარკვეულ საკითხებში ნაკლებად გამიმართლა და ასე ჩამოვყალიბდი იმ ადამიანად, რომელიც დღეს ვარ.

რაც შეეხება ბავშვობას, ცელქი, მოუსვენარი და რისკიანი ვიყავი. სულ მინდოდა, რაღაც მეკეთებინა და დრო ძილისთვისაც კი მენანებოდა. მახსოვს, რომ მეკითხებოდნენ, ვინ გინდა, გამოხვიდეო, ვპასუხობდი, რომ თავგადასავლების მაძიებელი.

ოჯახში ძალიან გამიმართლა. მათ ქება-დიდებას არ დავიწყებ, თორემ ეს ძალიან დიდ დროს წაიღებს, ჟურნალში კი საკმაოდ დიდ ადგილს დაიკავებს.

– როგორი მოზარდი იყავით – მეამბოხე თუ დამჯერი?

– არც ისე მსუბუქი ხასიათის მქონე მოზარდი ვიყავი. ყველას და ყველაფრის მიმართ პროტესტის გრძნობა მიჩნდებოდა და ამას გამოვხატავდი კიდეც. საბედნიეროდ, ჩემებმა მოახერხეს, ჩაენერგათ ის ძირეული ფასეულობები, რომლებითაც მთელი ცხოვრება ვხელმძღვანელობ.

– სკოლაში კარგად სწავლობდით?

– კარგი ნიშნები მქონდა, მაგრამ მოგატყუებთ, რომ გითხრათ, მეცადინეობით თავს ვიკლავდი. ერთ ხრიკს მივაგენი და სულ მიკვირდა, სხვები ასე რატომ არ აკეთებდნენ – გაკვეთილის ახსნისას მასწავლებელს ვუსმენდი და გაკვეთილს სკოლაშივე ვიმახსოვრებდი. შესაბამისად, სახლში აღარ ვმეცადინეობდი. საერთო ჯამში, ალბათ კარგი მოსწავლე ვიყავი.

– თქვენი უფროსი და ცნობილი ტელეწამყვანია – მაია ასათიანი. როგორი ურთიერთობა გაქვთ დებს ერთმანეთთან?

– რაც თავი მახსოვს, სულ ახლო ურთიერთობა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ხასიათებით საკმაოდ განვსხვავდებით, კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა მასთან დარჩენა. გვიანობამდე არ მაძინებდა, ვისხედით, ვსაუბრობდით და თავი დიდი გოგო მეგონა. მეორე დღეს ჩემს მეგობრებს ვახარბებდი, რომ 12  საათამდე არ დამაძინეს.

– რას უკავშირდება თქვენი ბავშვობის ყველაზე მძაფრი მოგონება?

– ერთხელ ძალიან პატარამ გადავწყვიტე, ცურვა მესწავლა და წყალში ჩავხტი. ჩემმა ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და კინაღამ ჩავიძირე. საბედნიეროდ, ბაბუაჩემმა გადამარჩინა. ალბათ 3-4 წამიც და დავიხრჩობოდი. სიკვდილთან ასე ახლოს ყოფნა ჩემი ყველაზე მძაფრი მოგონებაა.

– როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება, მსახიობი გამხდარიყავით?

– როგორც გითხარით, მუდმივად თავგადასავლების ძიებაში ვიყავი. ძალიან გამიჭირდა, როდესაც პროფესიის არჩევის დრო დამიდგა. ჩემი თავი ვერ წარმომედგინა ოფისში.

გადავწყვიტე, ჩემს თავგადასავლებს არ შევლეოდი და მსახიობი გავხდი. ჩვენი პროფესიის ხიბლიც ხომ ისაა, რომ უამრავი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობ და გეძლევა საშუალება, უამრავი თავგადასავალი გქონდეს.

თითოეული როლი, პროფესიული ზრდის გარდა,  პიროვნულადაც გვზრდის. რაც უფრო მეტ როლს ასრულებ, ალბათ სულ უფრო და უფრო სხვანაირად უყურებ სამყაროს და ადამიანებს. ბედნიერი ვარ, რომ მეძლევა საშუალება, ჩემი პროფესიით ვიმუშაო.

– რთული იყო გზა წარმატებამდე?

– აქამდე მოსასვლელად ბევრი ცრემლი და ოფლი დავღვარე. საბედნიეროდ, ამ სირთულეებმა თავისი შედეგი გამოიღო – თეატრში განებივრებული ვარ ჩემთვის ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი როლებით. ბოლო პერიოდში კი ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ აქტიურად შემოიჭრა კინოსამყაროც. ძალიან გამიმართლა, რომ მომეცა საშუალება, ამ ორივე ჯადოსნური სამყაროს ნაწილი გავმხდარიყავი.

მოგეხსენებათ, ახლა მთელი მსოფლიო შეჩერებულია (ინტერვიუ ჩაწერილია აპრილში). საბედნიეროდ, ჩვენ მოვასწარით ბოლო პროექტის დამთავრება. ესაა არაბული სერიალი – ,,სიხარულის ცრემლები”, სადაც აღმოსავლური სამყაროს დიდ ვარსკვლავებთან ერთად ვთამაშობ.

გარდა იმისა, რომ მათთან მუშაობა მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო პროფესიულად, სერიალი ძალიან წარმატებული გამოდგა. ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებიდან მწერდნენ, მადლობას მიხდიდნენ. ეს ძალიან დიდი სტიმული და ენით გადმოუცემი შეგრძნებაა.

შედეგად კიდევ ორ საერთაშორისო პროექტზე მივიღე შემოთავაზება, მაგრამ ჯერ პანდემიის დასრულებას ველოდებით. ალბათ 5 წლის წინ ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, აი, ეს ყველაფერი წინ გელოდებაო, დავცინებდი და არაფრით დავიჯერებდი.

ამას იმიტომ ვყვები, რომ მინდა, ჩემი ამბავი სხვისთვისაც მაგალითი იყოს. შრომას და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. როგორი რთულიც უნდა ჩანდეს გზა, არავინ ვიცით, წინ რა დაგვხვდება. გული მწყდება, რომ სერიალი მხოლოდ იქაურ ფასიან პლატფორმაზე დევს და ჯერ ქართველი მაყურებელი ვერ ნახავს.

– შემოქმედებით გზაზე არასოდეს ყოფილა იმედგაცრუებები?

– ხელის ჩაქნევის პირას ვყოფილვარ, მაგრამ,  საბედნიეროდ, გზა გამიგრძელებია.

– თეატრისა და გადაღებების გარდა კიდევ რითი ხართ დაკავებული, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

– თუ თავისუფალი დრო მაქვს, ჩემს საყვარელ ადამიანებთან ყოფნა ყველაფერს მირჩევნია. მათ თუ არ სცალიათ, მაშინ ვსეირნობ, ვკითხულობ, ფილმებს და სერიალებს ვუყურებ. ცოტა ხნის წინ ხატვაც დავიწყე. მოგზაურობაც ძალიან მიყვარს.

– როგორი იყო თქვენი დღის რეჟიმი და როგორ შეიცვალა ახლა?

– ზოგადად დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს და ამას მიჩვეული ვიყავი. ამიტომ, უცებ ამდენი თავისუფალი დრო რომ გამომიჩნდა, მეგონა, რაღაცას ვაშავებდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სადღაც ვიყავი წასასვლელი, მაგრამ არ მახსოვდა და ამით საქმეს ვაფუჭებდი.

ახლა გადავწყვიტე, ეს დრო შევირგო და ისეთი საქმეებისთვის გამოვიყენო, რომლებისთვისაც ვერ ვიცლიდი. სამწუხაროდ, ამ რეალობას ვერ გავექცევით. დიდი იმედი მაქვს, მალე ცხოვრების ჩვეულ წესს დავუბრუნდებით.

ალბათ ყველა ვაცნობიერებთ, რომ სირთულეები კიდევ გველოდება, თუმცა მჯერა, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით აუცილებლად მოვერევით ყველაფერს.

– ახალგაზრდა, მომხიბვლელი გოგონა ხართ. რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში, შეყვარებული ხომ არ ხართ?

– დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. დიახ, უკვე წლებია შეყვარებული ვარ და მასთან ერთად ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს. 6 წელია, რაც შეყვარებულები ვართ. ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში გავიცანით.

– რა მოგწონთ ყველაზე მეტად საკუთარ თავში, რა თვისებებს გამოყოფდით?

– სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ამ კითხვას ჩემმა  ახლობლებმა უნდა უპასუხონ.

– როგორ ზრუნავთ საკუთარ გარეგნობაზე?

– ვცდილობ, სწორად ვიკვებო და ბევრი წყალი დავლიო.

– ვარჯიშისთვის თუ გყოფნით დრო და ნებისყოფა?

– სულ ვცდილობ, ვარჯიში ჩემი ყოველდღიური რუტინა გახდეს, თუმცა ჯერჯერობით ჩემს  სიზარმაცესთან ბრძოლაში ვმარცხდები.

– ჩაცმის როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

– ჩემთვის ჩაცმისას სულ ორი პრინციპი არსებობს –  სამოსი უნდა იყოს მოხერხებული და უნდა მიხდებოდეს. მოდის ტენდენციებს დიდად არ მივყვები. მთვარია, მე თვითონ მომწონდეს.

– დაბოლოს, რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

– ის, რომ მე თვითონ შემეძლოს ოცნებების ასრულება, როგორც საკუთარის, ისე სხვების.