ცხელი სეზონი და ვენური სიმპტომები – როგორ ვმართოთ ქრონიკული ვენური დაავადება?

ცხელი სეზონი და ვენური სიმპტომები -  როგორ ვმართოთ ქრონიკული ვენური დაავადება?რჩევები სპეციალისტისგან

სიმძიმე, ტკივილი, შეშუპება, წვისა და სიმხურვალის შეგრძნება ქვედა კიდურებში, რომელიც დღის მეორე ნახევარში, ხანგრძლივი დგომის ან ჯდომის შემდეგ მწვავდება და განსაკუთრებით შემაწუხებელი ცხელ პერიოდში ხდება, ქრონიკული ვენური დაავადების უხშირესი გამოვლინებებია. ეს მდგომარეობა მოსახლეობის დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი ქალბატონებს აწუხებს და  მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ ყოველდღიურ საქმიანობასა და ცხოვრების ხარისხს. მიუხედავად ამისა, მათი დიდი ნაწილი ჩივილების იგნორირებას ცდილობს. ეს კი პრობლემის გაღრმავებას და გარეგნული გამოვლინებებისა თუ სერიოზული გართულებების განვითარებას უწყობს ხელს (როგორიცაა ვენური წყლული ან თრომბოზი!). საბოლოო ჯამში, ქრონიკული ვენური დაავადებით გამოწვეული ინვალიდიზაციის სიხშირე მაღალია! ამიტომაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მეტი ქრონიკული ვენური დაავადების, მისი გამოვლინებების, პროფილაქტიკისა და დროული მკურნალობის გზების შესახებ. სწორედ ამ თემაზე სისხლძარღვთა სპეციალისტი, ნ.ბოხუას კარდიოვასკულური ცენტრის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი კოტე ყიფიანი გვესაუბრება.

– ბატონო კოტე, პირველ რიგში თუ შეიძლება აუხსნათ მკითხველს თუ რას წარმოადგენს ქრონიკული ვენური დაავადება და ყველაზე ხშირად ვის უვითარდება იგი?

– ქრონიკული ვენური დაავადება ქვედა კიდურებიდან გულისკენ ვენური სისხლის უკუადინების დარღვევის შედეგად ვითარდება, რაც კუნთოვანი ტუმბოს, ვენის კედლის ტონუსის ან ვენური სარქვლების ნორმალური ფუნქციონირების მოშლის შედეგია. ქრონიკული ვენური დაავადება მართლაც საყურადღებო მდგომარეობაა, ვინაიდან მას მყარი შრომისუუნარობისა და სერიოზული გართულებების გამოწვევა შეუძლია. დაავადების პროგრესირებას აქტიური ვენური წყლულების ჩამოყალიბებამდე მივყავართ, ხოლო ვენური თრომბოზის შედეგად განვითარებული ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია ძალიან ხშირად ფატალურად სრულდება.

ქრონიკული ვენური დაავადება ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს, მაგრამ არსებობს გარკვეული ბიოლოგიური და ცხოვრების რეჟიმთან ასოცირებული ფაქტორები, რომლებიც დაავადების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. ეს რისკ-ფაქტორებია: ასაკი, მდედრობითი სქესი, მემკვიდრული წინასწარგანწყობა, ჭარბი წონა, ორსულობა, ჰორმონალური თერაპია, ადინამიური ცხოვრების წესი და ის სამუშაო პირობები, რომელიც ხანგრძლივ ჯდომით მდგომარეობაში ან ცხელ გარემოში საქმიანობას მოითხოვს, არაბალანსირებული კვება, ყაბზობა და ა.შ. აღნიშნული რისკ-ფაქტორების არსებობა დაავადების როგორც განვითარებას ისე მის პროგრესირებას უწყობს ხელს და მათი ცოდნა და მათზე შეძლებისდაგვარად ზემოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პროფილაქტიკისთვის, ისე მკურნალობისთვის.

– უფრო დეტალურად რომ ავუხსნათ მკითხველს სიმპტომები, რამაც შეიძლება ქრონიკული ვენური დაავადების არსებობაზე გვაფიქრებინოს?

– ქრონიკული ვენური დაავადების კლინიკური გამოვლინებების სპექტრი საკმაოდ დიდია. არსებობს მცდარი შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ ქრონიკული ვენური დაავადება აუცილებლად გაგანიერებული ან ვარიკოზული ვენებით უნდა იყოს გამოხატული. ეს ასე ნამდვილად არ არის. ვარიკოზი და კანის სტრუქტურული ცვლილებები დაავადების უფრო შორეული სტადიებია. შედარებით ადრეულ ეტაპზე კი ქრონიკული ვენური დაავადება გარეგნულად ხილული ნიშნების გარეშე ისეთი სიმპტომებით იჩენს თავს, როგორებიც არის ტკივილი, სიმძიმე, შეშუპების შეგრძნება, ღამის კრუნჩხვები, წვის ან სიმხურვალის შეგრძნება, რომელიც ხანგრძლივი დგომის / ჯდომის შემდეგ, დღის ბოლოს ან ცხელ გარემოში მძიმდება, ხოლო დასვენების ან ფეხების მაღალზე წამოწევისას მსუბუქდება. ამრიგად სიმპტომების არსებობა ვარიკოზული ვენების გარეშეც კი უკვე ქრონიკული ვენური დაავადების არსებობაზე გვაფიქრებინებს. დაავადების ამ ეტაპს ნულოვანი სტადია ეწოდება და ამ სტადიის სიხშირე 50-დან 70%-მდე მერყეობს. რაც შეეხება ქრონიკული ვენური დაავადების ვიზუალურ გამოვლინებებს, პირველ ეტაპზე კაპილარული ობობისებრი ქსელი ვითარდება; მეორე სტადია უკვე ვარიკოზულად გაგანიერებული ვენებია; მესამე სტადიაზე ყველა აღნიშნულ გამოვლინებას კოჭ-წვივის არეში განვითარებული შეშუპება ერთვის; მეოთხე სტადიის დროს კანზე ჰიპერპიგმენტაციის უბანი ვითარდება; მეხუთე სტადია – შეხორცებული ტროფიკული წყლული, ხოლო მეექვსე სტადია კი ღია, აქტიურად მიმდინარე ტროფიკული წყლულია.

ამრიგად, ქრონიკული ვენური დაავადება პროგრესირებადი პროცესია და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ადრეულ ეტაპზე დაწყებული ადექვატური მკურნალობის მნიშვნელობას. სწორი მკურნალობა აუცილებელია ერთის მხრივ, შემაწუხებელი სიმპტომებს მოსახსნელად და მეორეს მხრივ, დაავადების პროგრესირებისა და გართულებების თავიდან ასაცილებლად.

ცხელი სეზონი და ვენური სიმპტომები -  როგორ ვმართოთ ქრონიკული ვენური დაავადება?– როგორ ხდება ქრონიკული ვენური დაავადების მკურნალობა და რა არის აუცილებლად გასათვალისწინებელი რეკომენდაციები პაციენტებისთვის?

– როგორც წესი ქრონიკული ვენური დაავადების მკურნალობა არის კომპლექსური და ითვალისწინებს რამდენიმე მეთოდის ერთობლივ გამოყენებას.

მკურნალობის მეთოდები, თავის მხრივ, იყოფა კონსერვატიულ და ქირურგიულ მეთოდებად.

კონსერვატიული მკურნალობა ითვალისწინებს: 1. მედიკამენტურ თერაპიას; 2. კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარებას და 3. ადგილობრივი საშუალებების გამოყენებას (მალამო, გელი, კრემი).

ქირურგიული მკურნალობა კი გულისხმობს: 1. სკლეროთერაპიას – სპეციალური ნივთიერების შეყვანას ვენის სანათურში; 2. ენდოვენურ აბლაციას (რადიოსიხშირით,  ლაზერულით, ორთქლით, წებოთი ) 3. ფლებექტომიას – ვარიკოზულად შეცვლილი ვენისა და მისი შენაკადების ამოღება ქირურგიული ჩარევით.

მკურნალობის თითოეულ მეთოდს თავისი ჩვენებები და უკუჩვენებები გააჩნია. მისი დადგენა და სათანადო მეთოდისა თუ მეთოდების კომბინაციის შერჩევა პაციენტის ექიმთან ვიზიტის საფუძველზე ინდივიდუალურად ხდება დაავადების სტადიის და პაციენტის თავისებურებების გათვალისწინებით.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთადერთი მკურნალობა, რომელიც პრაქტიკულად ყველა სიმძიმისა და პროფილის ვენურ პაციენტს ესაჭიროება (ცალკე თუ კომბინაციაში) ვენოტონური პრეპარატებით მედიკამენტური თერაპიაა.

ვენოტონურ პრეპარატებს შორის ჩვენ პრაქტიკაში ყველაზე აქტიურად მიკრონიზებულ დაწმენდილ ფლავონოიდურ ფრაქციას ვიყენებთ ფრანგული ორიგინალი ბრენდის – დეტრალექსი 1000 მგ-ის სახით, რომელსაც ყველაზე მაღალი ხარისხის მტკიცებულებები და რეკომენდაცია გააჩნია საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან. დეტრალექსი ქრონიკული ვენური დაავადების ძირითად პათოლოგიურ მექანიზმებზე მოქმედებს, აქვს გამორჩეული დამზადების ფორმა და შემადგენლობა. შედეგად, ის ეფექტურად მოქმედებს ქრონიკული ვენური დაავადების ყველა ძირითადი სიმპტომისა და ნიშნის (სიმძიმე, ტკივილი, ღამის კრუნჩხვები, შეშუპება, კანის სიწითლე და სტრუქტურული ცლილებები) მოხსნის კუთხით და ამასთან, რეგულარული მოხმარების შემთხვევაში, დაავადების პროგრესირების შეფერხების პოტენციალიც გააჩნია.

და ბოლოს, პროფილაქტიკური ღონისძიებები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ქრონიკული ვენური დაავადების მქონე თითეულმა პაციენტმა – ეს ღონისძიებები ცხოვრების არასწორი რეჟიმით გამოწვეული ეფექტების მინიმიზაციას ემსახურება:

– ნუ იჯდებით ან იდგებით დიდხანს უძრავად (პერიოდულად ადექით, გაიარეთ ან ადგილზე შეასრულეთ ტერფის ვარჯიშები);

– დაკავდით რეგულარული ფიზიკური აქტივობით (ფეხით სიარული, ველოსიპედით სეირნობა, ცურვა);

– ეცადეთ თავი აარიდოთ სითბურ დატვირთვას და გადახურებას (საუნა, მზის აბაზანები, ცხელი წყლის აბაზანები);

– მოსვენებისას მაღალზე წამოწიეთ ფეხები;

– მიიღეთ კონტრასტული შხაპი ტერფებსა და წვივებზე (გრილი და თბილი წყლის მონაცვლეობით);

– აკონტროლეთ წონა;

– შეზღუდეთ თამბაქოს მოხმარება;

– ეცადეთ ყოველდღიურად არ ატაროთ მჭიდრო ტანსაცმელი, მაღალქუსლიანი ან ბრტყელძირიანი ფეხსაცმელი;

– მიიღეთ უჯრედისით მდიდარი ჯანსაღი საკვები;

– მიიღეთ სათანადო რაოდენობით სითხე.