თემო პატარიძე: ,,უდიპლომო სასიძო შეიძლება შეყვარებულის ბებია-ბაბუამ დამიწუნონ”

თემო პატარიძე: ,,უდიპლომო სასიძო შეიძლება შეყვარებულის ბებია-ბაბუამ დამიწუნონ",,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

იუმორისტ თემო პატარიძეს ჯერ სკოლაც არ ჰქონდა დამთავრებული, როცა ,,კომედი შოუში” მუშაობა შესთავაზეს და ისიც მშობლიური ქუთაისიდან თბილისში გადაბარგდა საცხოვრებლად.

17 წლის ასაკში არჩევანის გაკეთება მოუხდა, ან სწავლა უნდა გაეგრძელებინა, ან საყვარელ საქმეს გაჰყოლოდა. არჩევანი “კომედი შოუზე” გააკეთა და ასე დარჩა უდიპლომო სასიძოდ. ამ ,,ნაკლის” გამოსწორებას უახლოეს მომავალში, 25 წლის ასაკში აპირებს. თუ როგორ, ამ და სხვა თემებზე ქუთაისელი იუმორისტი ,,სარკეს“ ესაუბრა (ინტერვიუ ჩაწერილია აპრილში).

– თემო, როგორც ვიცი, თბილისიდან მშობლიურ  ქუთაისში, თქვენს სახლში ხართ და იქიდან დისტანციურად მუშაობთ. ხომ არ შეგაშინათ კოვიდ-19-მა?

– როგორ არ შემაშინა, მაგრამ ჯვარი მწერია და ჯერჯერობით კარგად ვარ. თვითიზოლაციაში ვიცავ ყველა იმ რეკომენდაციას, რომლებსაც სპეციალისტები გვაძლევენ. მგონი, მომენატრა სამსახური და უფრო აქტიური ცხოვრება.

– დროდადროც არ გადიხართ ქუჩაში?

– თუ აუცილებელი საქმე არ მაქვს, ვცდილობ, არ გავიდე. ერთი-ორჯერ მეგობართან ვიყავი. სახლში ვარ და  ხან ტელევიზორს ვუყურებ, ხან წიგნებს ვკითხულობ და ა.შ.

– მოგწონთ სახლში ყოფნა?

– თავიდან, შუა სეზონის დროს რომ ქუთაისში ჩამოვედი, მესიამოვნა სახლში ყოფნა, მაგრამ, დღეები რომ ერთმანეთს მიეწყო, აღარ მომწონს.

რაც ქუთაისიდან თბილისში გადახვედით სამუშაოდ, აღდგომის დღესასწაულს მშობლიურ ქალაქში  პირველად ხომ არ შეხვდით?

– არა, აღდგომას ყოველთვის დასვენებაა და ამ დღეს ქუთაისში ვატარებდი.

ვიცი, რომ ფეხბურთის თამაში გიყვართ. განიცდით, სტადიონზე შეკრება რომ არ შეიძლება?

– ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ 15-20 წუთი ვთამაშობ, მერე კი მაყურებლის სკამზე ვჯდები. ალბათ სიგარეტის ბრალია, ასე მალე რომ ვიღლები და ბევრს ვერ დავრბივარ.

– ,,ახალი შაბათის შოუ” ისევ გადის “მთავარ არხზე”. ალბათ სკეტჩების მარაგი გქონდათ და ეთერში მათ უშვებთ.

– დიახ, მარაგი გვაქვს, ახალს ფიზიკურად ვერ ჩავწერთ. როცა ხელისუფლება ამბობს, სამ კაცზე მეტი ერთ ადგილზე არ უნდა იყოთო, ფაქტობრივად შეუძლებელია, ახალი პროდუქტი შევქმნათ. მაშინ აუცილებლად სამკაციანი სცენარები უნდა დაიწეროს. ახლა უკვე ალბათ ძველ სკეტჩებსაც გავუშვებთ.

რაც შეეხება “ვანოს შოუს”, დისტანციურად ვმუშაობთ. მონოლოგები და რამდენიმე რუბრიკა სულ ახალი გვაქვს. ამიტომ სამსახურში მისვლა მხოლოდ ვანო ჯავახიშვილს და მის პროდიუსერს უწევთ.

– ანუ ვანო ჯავახიშვილი ცოტა დაგეჩაგრათ, ხო?

– კი, ასე გამოვიდა, ვანო დავჩაგრეთ. დანარჩენები სახლიდან ვახერხებთ მუშაობას. ვანო კი მონოლოგის ჩასაწერად მიდის სამსახურში.

– თავის დროზე როგორ მოხვდით პოპულარული იუმორისტების გვერდით?

– სკოლის პერიოდში მხიარულთა და საზრიანთა კლუბში ვთამაშობდი. ბოლო კლასში ვიყავი, აბიტურიენტი გახლდით, როცა “რუსთავი 2″-დან შემოთავაზება მივიღე. ტელეკომპანიამ ერთთვიანი გამოსაცდელი ვადით ამიყვანა. ყოველთვის მინდოდა, ,,კომედი ჯგუფში” მოვხვედრილიყავი.

ერთთვიანი გამოსაცდელი ვადა წარმატებით გავიარე და გრძელვადიანი კონტრაქტი შემომთავაზეს. როგორც აღვნიშნე, აბიტურიენტი ვიყავი, ორივე საქმე ძალიან დიდ დროს მოითხოვდა, ამიტომ სწავლის გაგრძელებაზე უარი ვთქვი.

17 წლის ვიყავი, როცა თბილისში გადავედი. თავიდან ძალიან გამიჭირდა, რადგან ამ ასაკის ადამიანი მაინც ბავშვად ითვლება. თავიდან ნათესავთან ვცხოვრობდი, მერე თანდათან ადაპტაცია გავიარე.

– უნივერსიტეტის გარეშე დარჩით თუ მერე მაინც შეძელით უმაღლესში სწავლა?

– უდიპლომო სასიძო ვარ. ტელევიზიის გრაფიკი კარგად იცით, დრო საერთოდ აღარ მქონდა და უნივერსიტეტში ვეღარ ჩავაბარე.

– დიპლომი რომ არ გაქვთ, ეს გოგოებთან ურთიერთობაში ხელს არ გიშლით? მათი მშობლები ხომ არ გიწუნებენ?

– ისეთი გოგო არ გამიცვნია, რომ ჯერ დიპლომი მოეთხოვა და საუბარი მერე გაეგრძელებინა. შეიძლება შეყვარებულის ბებიამ და ბაბუამ შექმნან პრობლემა. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს.

– როგორც ამბობენ, სწავლა გვიანი არასოდეს არის. ხომ არ ფიქრობთ უნივერსიტეტში ჩაბარებაზე?

– დიახ. ქართველი რეჟისორი თემურ ბაბლუნი კინოუნივერსიტეტს ხსნის საქართველოში და მინდა, ამ უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდე. ვისწავლო პროდიუსინგი, სცენარების წერა, რეჟისურა და ა.შ. ვგულისხმობ სატელევიზიო და კინორეჟისურას და არა – თეატრის. მინდა, ვიცოდე სერიალების გადაღება, მოკლემეტრაჟიანი ფილმების და ა.შ.

– ისევ საქმეზე გკითხავთ. გასული წლის ზაფხულში “რუსთავი 2”-ის შემადგენლობა ორად გაიყო, თქვენ “მთავარ არხზე” გადახვედით. რის მიხედვით მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

– “რუსთავი 2”-დან მანამდე წამოვედი, სანამ გუნდი გაიყოფოდა. სხვა საქმე წამოვიწყე. ვფიქრობდი, ბიზნესში გადავიდოდი, მაგრამ ამ საქმეში წარმატება ვერ ვნახე. იუმორისტები როცა გაიყვნენ და ბიჭები “მთავარ არხზე” გადადიოდნენ, ვანო ჯავახიშვილმა დამირეკა, ჩვენთან თუ წამოხვალო. ბევრი არც მიფიქრია, მაშინვე დავთანხმდი, რადგან მინდოდა, საყვარელ საქმეს დავბრუნებოდი.

– ხშირად ასრულებთ ქუთაისელი ბიჭების როლებს. თქვენი სკეტჩების გმირებს ჰყავთ რეალური პროტოტიპები?

– ვერ გეტყვით, რომ რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას ვასახიერებ. ალბათ ყველა ქუთაისელისგან, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანებისგან ხასიათები, მათი  ლექსიკა მაქვს აღებული.

– ქუთაისში ამის გამო ხომ არ გიბრაზდებიან?

– ქუთაისელი გმირები ბევრს მოსწონს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მეკითხებიან, შენ ქუთაისს ხომ არ დასცინიო. ყველაფერს ჩემი ქალაქის სიყვარულით ვაკეთებ და არა – დაცინვით.