პაატა ხაჩიძის ცოლი: ,,ჩემს ქმარს ახალი სამსახური აქვს – პროდუქტებით ოჯახის მომარაგება”

პაატა ხაჩიძის ცოლი: ,,ჩემს ქმარს ახალი სამსახური აქვს - პროდუქტებით ოჯახის მომარაგება",,სარკე”, ლელა დევდარიანი

ჯგუფ ,,ქუჩის ბიჭების” წევრს, მომღერალ პაატა ხაჩიძეს, ბევრი კონცერტი ჩაეშალა და გასტროლებიც გაურკვეველი დროით გადაიდო. ახლა მისი მთავარი ,,სამსახური” ცოლისა და სამი შვილის პროდუქტებით მომარაგებაა (ინტერვიუ ჩაწერილია აპრილში).

რაც შეეხება, მომღერლის მეორე ნახევარს, ლილე გულორდავას, მისთვის  მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ახლა ოჯახის ყველა წევრი ერთად არის, საქმე კი არც ადრე აკლდა და არც ახლა გამოლევია, პირიქით, შვილებთან და ქმართან ურთიერთობაში მეტად იხარჯება, რომ მათ სტრესი მაქსიმალურად აარიდოს.

– ლილე, დღეს ახალი რეალობის წინაშე დადგა მთელი მსოფლიო. როგორ აისახა ეს ყველაფერი თქვენს ოჯახზე?

– ჩვენს ოჯახზეც ისევე აისახა, როგორც სხვებზე.  ბავშვებიც და ჩვენც სახლში ვართ. პროდუქტებზე ან აფთიაქში თუ გავალთ პირადი მოხმარების ნივთებზე.

ზოგადად ცხოვრებაში რაც უნდა მოხდეს, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე. აქამდე ყველა დაკავებული ვიყავით, ნაკლები დრო გვრჩებოდა ურთიერთობისთვის. ახლა ბავშვებთან ბევრად მეტი საერთო დრო გვაქვს, ვიდრე მანამდე.

ადრე ჩვენ-ჩვენი საქმეებით ვიყავით დაკავებული – სკოლაში მისვლა-მოსვლა, ბაღი, ჩემი სამსახური, პაატას კონცერტები… მაქსიმალურად ვცდილობდით, მთელი დღის განმავლობაში თუ არა, ყოველ საღამოს მაინც ჩვენს შვილებთან ვყოფილიყავით, მაგრამ მთელი დღე სახლში არავინ ვყოფილვართ. დღეს კი დილიდან საღამომდე შინ ერთად ვართ.

– ძალიან ბევრი ოჯახი ქალაქგარეთ, სოფელში წავიდა. თქვენც ხომ არ დატოვეთ თბილისი? თუნდაც პაატას მშობლიურ ბორჯომში წასვლაზე არ გიფიქრიათ, სანამ პანდემია გადაივლის?

– თბილისიდან არ გავსულვართ. უფრო მეტი საფრთხე დავინახე იმაში, რომ თუნდაც ბორჯომში წავსულიყავით. იქ მაინც ეზოა, რაიონია, ბავშვები გარეთ  გავიდოდნენ, თანატოლებთან ითამაშებდნენ. იქ სხვა ჩამოსული ბავშვებიც იქნებოდნენ და მეტი რისკი დავინახე. მირჩევნია, თბილისში, სახლში ვიყოთ იზოლირებულად. ვიცი, რომ აქ არავინ შემოდის და არავინ გადის.

სოფელში საკუთარი ეზო როცა გაქვს, სახლში ბავშვების გამოკეტვა უფრო რთულია, ვიდრე კორპუსში. ამ სახლს, გარემოს უფრო შეჩვეულები არიან და იმ სიტუაციას, რომ სახლში უნდა გავერთოთ. ეზოში მოსიარულეები არც მანამდე ვიყავით. ამიტომ ძალიან დიდი პრობლემა არ არის, რომ შინ ვართ.

– გამოდის, რომ მშვიდი და დამჯერი შვილები გყავთ.

– კი, ამაში ნამდვილად გაგვიმართლა. მშვიდი, დამჯერი ბავშვები არიან.

– სამი შვილის სახლში გამოკეტვა მარტივი საქმე არ არის. მოგვიყევით, როგორ გაგყავთ დრო, რომ ბავშვებმა ნაკლები სტრესი მიიღონ.

– ძირითადად ყველანი ერთად ხატვით ვერთობით. მეც და ჩემს შვილებსაც ხატვა ძალიან გვიყვარს. ერთობლივი ხატვის გაკვეთილებს ვაწყობთ. სამივეს სხვადასხვა ხედვა აქვს, ყველა ერთ კონკრეტულს არ ხატავს. მეც მაქსიმალურად ხელს ვუწყობ, რომ განვითარდნენ.

მაქსიმალურ თავისუფლებას ვაძლევ, რომ როგორი ემოციებიც უნდა ჰქონდეთ, გამოხატონ. ახლა ონლაინ გაკვეთილებიც აქვთ.

გაკვეთილების დრო როცა მოდის, ერთვებიან, ყველანი თავიანთ  ოთახებში არიან. მერე მეცადინეობენ, დავალების შემოწმებაც ონლაინ რეჟიმით ხდება. საკმაოდ რთული პროცესია და  მშობლებიც ჩართულები ვართ. მოკლედ, დრო ასე გაგვყავს.

– როგორც ვიცი, თქვენ ბიზნესი გქონდათ. ახლა საქმიანობა შეჩერებული გაქვთ?

– სილამაზის სალონი მქონდა და ბევრად ადრე დავკეტე, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა. ამჟამად ყველაფერი გაჩერებულია და მეც სახლში ვარ.

– მამაკაცებს მეტად უჭირთ სახლში გაჩერება. როგორ ეგუება თქვენი ქმარი აქტიური ცხოვრებიდან პასიურზე გადასვლას?

– პაატას ძალიან გაუჭირდა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრი კონცერტი და გასტროლი ჰქონდა დაგეგმილი. სულ თავის საქმეზე იყო გადართული, მოლაპარაკებები ჰქონდა. უცებ, ერთ დღეში კი აღმოჩნდა, რომ ყველაფერი შეიცვალა და დაჯდა სახლში.

ეს გამოწვევა ძალიან რთული აღმოჩნდა მისთვის. როცა ადამიანი შეჩვეული ხარ ზედმეტ აქტიურობას და  უცებ კოლბაში მოგაქციონ, ძალიან რთულია. ოჯახში ყველა ერთმანეთს ვამხნევებთ, რადგან პასიურები არავინ ვიყავით.

პაატას ახლა ძირითადად სახლში პროდუქტების მომარაგება ევალება, მისი ახალი სამსახურია და ამით  ცოტა გულს აყოლებს.

ღვთის წყალობით, იმედია, გადავრჩებით და ამასაც მოვერევით. უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ეს ყველაფერი როგორღაც უნდა გადავლახოთ ერთმანეთის სიყვარულით, სითბოთი, მოფერებით და არავითარი აგრესიით ან ისეთი მოწოდებებით, რაც ამ სიტუაციაში სწორი არ არის. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ერთმანეთი გავამხნევოთ.

– ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე როგორ აისახა ეს მდგომარეობა, სხვა თვალით ხომ არ დაინახეთ ერთმანეთი?

– ვერ ვიტყვი, რომ პაატა სხვა თვალით დავინახე,  იმიტომ, რომ იყო პერიოდი, როცა ვერ მღეროდა, კონცერტები ვერ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ის პერიოდებიც მახსოვს, როდესაც სახლში იყო, ვერაფერს აკეთებდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი პოტენციალი ჰქონდა.

ახლა აქტიურად მუშაობდა, მაგრამ ყველანი ერთად გავჩერდით. ასე რომ, მასში ახალი არაფერი აღმომიჩენია, ყველანაირ პაატას კარგად ვიცნობ. რაღაც განსაკუთრებული მომენტები ჯერჯერობით არ გვქონია, მაგრამ ასე თუ დიდხანს გაგრძელდა, მერე არ ვიცი, რა იქნება.

ადამიანები ციხეში რომ სხედან, მათი ფსიქიკა რატომ არის ყოველთვის დარღვეული? იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი ხანი ერთსა და იმავე ადამიანებთან უწევთ კონტაქტი. იმის რესურსი, რომ ეს ურთიერთობა საინტერესო იყოს, იწურება და მერე გაღიზიანება მატულობს. იმედია, ამ დონემდე არავინ მივალთ და გადავრჩებით.