ნუცა ბუზალაძე: ,,შეყვარებულთან ერთად გავატარე კარანტინი, ჩემგან კარგი კულინარი მაინც ვერ დადგა”

ნუცა ბუზალაძე: ,,შეყვარებულთან ერთად გავატარე კარანტინი, ჩემგან კარგი კულინარი მაინც ვერ დადგა",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე შეყვარებულია. თავის რჩეულზე მხოლოდ იმას ამბობს, რომ ქართველია და ჯერ დაოჯახებას არ აპირებენ.

-კა­რან­ტი­ნი შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რე, ვმღე­რო­დი, ვვარ­ჯი­შობ­დით ერ­თად. გა­რეთ თით­ქმის არც გავ­დი­ო­დით. თა­ვი­დან ძა­ლი­ან მომ­წონ­და ჩა­კე­ტი­ლი ყოფ­ნა, გა­რე­მო, მაგ­რამ ბო­ლოს ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, ერთი სული მქონ­და, რომ დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო ყვე­ლა­ფე­რი და ძველ ცხოვ­რე­ბას დავ­ბრუ­ნე­ბო­დით, – ამბობს ნუცა ბუზალაძე ამბები.ჯი-სთან.

მომღერალი სანამ შეყვარებულის ფოტოებს გამოამზეურებდა, მანამდე რუსულ შოუში ,,მოდი ყველამ ერთად” ვერ გაიმარჯვა, მაგრამ მაყურებელი და ასკაციანი ჟიური კი ნამდვილად ჭკუიდან გადაიყვანა. ქართველ კონკურსანტს რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავი, მომღერალი სერგეი ლაზარევი, განსაკუთრებულად ქომაგობდა. მისი მეშვეობით  ნუცამ ,,სონის” რუსულ წარმომადგენლობასთან კონტრაქტი გააფორმა.

ახალგაზრდა ქართველი მომღერლისა და რუსი ვარსკვლავის თანამშრომლობა რუსულმა პრესამ ახალ  რომანად გამოაცხადა. ეს ნუცასთვის მოულოდნელი არ ყოფილა და,  როგორც ,,სარკესთან” ამბობს, რომ ეს ,,რომანი” მან სიცილით მიიღო.

– ნუცა, როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ აიღეთ პირველი ადგილი რუსულ კონკურსში, რა ხელისშემშლელი ფაქტორები იყო?

– არანაირი ხელისშემშლელი პირობები არ ყოფილა, პირიქით, ყველა ძალიან მგულშემატკივრობდა – სტაფიდან დაწყებული, ჟიურის წევრებით და მონაწილეებით დამთავრებული.

ჩემი აზრით, ძალიან წარმატებულად გამოვედი ამ პროექტში. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ადგილი ავიღე და გამარჯვებული ვერ გავხდი, ვთვლი, რომ ჩემს ცხოვრებაში უდიდესი წარმატება მქონდა.

ხანდახან საპრიზო თანხის მოგებას მილიონობით ადამიანის გულის მოგება სჯობია. ეს ამ კონკურსში შევძელი და ამის მადლიერი ვარ.

– ძალიან ეფექტური გამოსვლა გქონდათ, როგორც ვოკალურად, ასევე ვიზუალურადაც. თავად იზრუნეთ რეპერტუარსა და კოსტიუმებზე?

– დიდი მადლობა ასეთი შეფასებებისთვის. კი,  თავად ვიზრუნე ვიზუალზე, თუმცა იქაც ჰყავდათ დიზაინერები, რომლებთანაც ვათანხმებდი, რომელი  გამოსვლისას რას ვიცვამდი. ჩემს გადაწყვეტილებებში კორექტივები არ შეუტანიათ.

რეპერტუარიც ჩემი არჩეული იყო, თუმცა ესეც შევათანხმე მუსიკალურ პროდიუსერებთან, რომლებიც ბოლომდე მომყვებოდნენ იმაში, რაც მინდოდა.

ასკაციან ჟიურიში ერთი ქართველიც იყო, მომღერალი ეთერ ბერიაშვილი, რომელიც ძალიან გგულშემატკივრობდათ და ყველაზე მეტად აქტიურობდა. მასთან მანამდეც გაკავშირებდათ მეგობრობა?

– ეთერ ბერიაშვილი უსაყვარლესი ქალბატონია. მას მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ ახლო ურთიერთობა არ მქონია. ძალიან გამიხარდა, როდესაც ჟიურიში აღმოვაჩინე. საოცარ მხარდაჭერას ვგრძნობდი და მისი ემოციები დიდ ძალას მაძლევდა.

ის ერთადერთი ქართველი არ ყოფილა. ჟიურიში კიდევ იყო ერთი ქართველი და მეორე – ამ პროექტის სტაფში მუშაობდა. ალბათ ამის გამოც იყო, რომ უცხოდ არ მიგრძვნია თავი.

– შოუს წამყვანმა და ჟიურის წევრმა, მომღერალმა სერგეი ლაზარევმა, თქვენ მიმართ დიდი სიმპათიები გამოამჟღავნა. მისი დახმარებით გააფორმეთ კონტრაქტი ხმის ჩამწერ მსხვილ კომპანია “სონისთან”. რა გეგმები აქვს თქვენთან დაკავშირებით მომღერალს?

– სერგეი ლაზარევს მართლა ძალიან უნდოდა, რომ მე გამემარჯვა. ჩემი პოტენციალი და ნიჭი კარგად დაინახა. ზოგადად ჟიურის ყველა წევრისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი. იმის გამო, რომ ამ პროექტში ვერ გავიმარჯვე, სერგეიმ მითხრა, რაშიც შემეძლება,  ყველაფერში დაგეხმარებიო. თვითონ ჰქონდა უსამართლობის შეგრძნება.

ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ჩემთვის გამოეშვა სინგლი, რომელიც რუსულ ჩარტებში 70-ე ადგილზე მოხვდა და მისი დახმარებით “სონისთან” კონტრაქტი გავაფორმე.

– რუსულმა პრესამ თქვენი ეს საქმიანი კავშირი ახალ რომანად გამოაცხადა. როგორ მიიღეთ ეს ამბავი?

– ნუ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სასაცილოა, მაგრამ არ გამკვირვებია, რადგან პრესას ასეთი ჭორების აგორება უყვარს.

– ამასობაში კორონავირუსმა ამოატრიალა ცხოვრება მთელ დედამიწაზე. რა გეგმები ჩაგიშალათ ამ ახალმა რეალობამ (ინტერვიუ ჩაწერილია აპრილში)?

– ამ ვირუსმა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სახლში შემეძლო ამდენი ხანი ყოფნა და არაფრის კეთება. “ნეტფლიქსზე”  სერიალებისა და ფილმების ყურება დავიწყე. სახლში ვმღერი და ვმეცადინეობ.

ძალიან მინდა, სახლში დავიწყო ვარჯიში, მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებ.  სპორტდარბაზში ჩემს მწვრთნელთან სიარულს და მისი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშს ისე მივეჩვიე, ცოტა მიჭირს, ეს ყველაფერი სახლში მარტომ გავაკეთო.

– სახლში ყოფნისას რაიმე ახალი უნარი ხომ არ აღმოაჩინეთ საკუთარ თავში?

– სურვილი გამიჩნდა, სამზარეულოში რაიმე მომემზადებინა. ნამცხვარი სულ ორჯერ მაქვს გაკეთებული. ახლა ძალიან მოვინდომე და გადავწყვიტე, ტკბილი ბლინები გამომეცხო და, რა თქმა უნდა, დავწვი. სახლში ჯდომამაც არ მიშველა, რომ კარგი კულინარი გავმხდარიყავი.

ეს პერიოდი ალბათ მეც და ბევრ ადამიანსაც დაეხმარა იმაში, რომ ურთიერთობები უფრო დავაფასეთ. გავაცნობიერეთ, თურმე რამდენს ნიშნავს თითოეული ადამიანი ჩვენთვის. ოჯახის წევრებთან თითქმის არასდროს მქონდა იმის დრო, რომ დავმსხდარიყავით და ერთად გვეჭამა. დედასთან ურთიერთობის იმდენი დრო არასდროს მქონია, რამდენიც ახლა.

ვთვლი, რომ ეს ყველაფერი საჭიროც იყო ჩვენთვის, ყველასთვის. ამ ყველაფერს კი აქვს ბევრი მინუსი, მაგრამ პლუსი ის აქვს, რომ ცოტა დედამიწამაც დაისვენა იმ მავნე ზემოქმედებისგან, რასაც ჩვენ, ადამიანები ვაყენებდით.

– რა გენატრებათ იმ ცხოვრებიდან, რომელიც კორონავირუსმა შეცვალა?

– კონცერტი, სიმღერა ხალხისთვის და სპორტდარბაზში ვარჯიში. კრივი ყველაზე მეტად მენატრება.