კაკი ბოლქვაძე: ,,ღმერთო, მაპატიე, ამ ერთი სიმღერით რამე თუ შევცოდე!”

კაკი ბოლქვაძე: ,,ღმერთო, მაპატიე, ამ ერთი სიმღერით რამე თუ შევცოდე!",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

9 აპრილს ,,იუთუბზე” ახალი კლიპი აიტვირთვირთა ქართველი მომღერლების შესრულებით, სახელით “სტოპ კოვიდ-19, დარჩი სახლში”. კლიპმა, რომელიც  რთულ სიტუაციაში ვირუსთან მებრძოლი ადამიანების გამხნევებასა და საზოგადოებისთვის სახლში დარჩენის მოწოდებას ისახავდა მიზნად, სოციალური ქსელი ააფეთქა.

ერთი მხრივ, იყო ბულინგი, კრიტიკა, პიროვნული შეურაცხყოფები, პოლიტიკური ხაზგასმები და, მეორე  მხრივ, ამ ნამუშევარს ჰყავდა დამცველებიც. როგორც ხშირად ხდება, ერთი ძალიან ჩვეულებრივი მუსიკალური რგოლი, ვისაც არ ეზარებოდა, ყველამ აკრიტიკა.

შეურაცხყოფების ნაკადი იმ ადამიანებისკენაც წავიდა, ვინც ამ ნამუშევრის უკან იდგნენ: იდეის ავტორი სოფო ბედია, მუსიკის ავტორი კაკი ბოლქვაძე და ტექსტის ავტორი ნანა ცინცაძე.

სოციალურ ქსელში ყველაზე აქტუალური იყო კითხვა: ,,ვინ არის ის ადამიანი, რომლითაც კლიპი იწყება?”. ცნობისთვის, ეს ადამიანი, კაკი ბოლქვაძე, 22 წელია შოუბიზნესშია. უბრალოდ წლების წინ 65 კილოგრამით მეტს იწონიდა, რამდენიმე ხნის წინ კი ოპერაციული ჩარევის შემდეგ წონაში საგრძნობლად დაიკლო. კაკი ბოლქვაძე ,,სარკესთან” აცხადებს, რომ სრული უფლება ჰქონდა, როგორც მუსიკის ავტორს, სიმღერის პირველი ფრაზები მას ემღერა.

– კაკი, ქართველი მომღერლების კლიპი  სოციალურ ქსელში კრიტიკის ქარცეცხლის ქვეშ მოექცა. მუსიკა თქვენ გეკუთვნით და კლიპის პირველ კადრშიც თქვენ ჩანხართ. რა მოხდა, თქვენი აზრით, რატომ მოჰყვა ასეთი აგრესია ამ ყველაფერს?

– ყველაფერში დამნაშავე კორონავირუსია, ადამიანებს სტრესი აქვთ, გაღიზიანებულები გამოკეტილები არიან სახლებში და ეს ყველაფერი ამ კლიპზე გადმოანთხიეს (ინტერვიუ ჩაწერილია აპრილში).

რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც იყო შეცდომები.  პირველ რიგში, ეს კლიპი 9 აპრილს არ უნდა გასულიყო. ეს გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო საზოგადოებისთვის. იქ ასევე იყო ეკლესიის მომენტები, რომლებიც ალბათ არ იყო საჭირო, მაგრამ ხელოვანი ადამიანი ყველაფერს ვერ გათვლის.

მე სიმღერა დავწერე და გადმოვეცი ყველა ის ემოცია, რომლებიც დღეისთვის ამ მდგომარეობამ მომიტანა. კლიპთან არანაირი შეხება არ მქონია და ამ კლიპშიც კატასტროფულს ვერაფერს ვხედავ, რასაც ხალხის ასეთი აღშფოთება მოჰყვა.

– რა იყო თქვენი მთავარი სათქმელი და რა გაიგო არასწორად საზოგადოებამ?

ამ ყველაფრის იდეის ავტორი იყო ჩემი უსაყვარლესი მეგობარი სოფო ბედია. მას უნდოდა იმ ადამიანების გამხნევება, რომლებიც ჩართულები არიან ამ ვირუსთან ბრძოლაში, ასევე – ხალხისათვის მესიჯის გაგზავნა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მანამდე დარჩნენ სახლში.

ჩემთან ამ იდეით მოვიდა და ძალიან პოზიტიური, ბედნიერი ვიდეო გზავნილი გავაკეთეთ. ერთ დღეში დავწერე მუსიკა და გუნდი სოფომ შეკრა. ამ ჟანრში ეს ჩემი პირველი ნამუშევარი არ არის, ადრეც ხშირად დამიწერია სიმღერები, რომლებიც კონკრეტულ პრობლემებს მიეძღვნა.

ამჯერად ყველას მოგვიწია მუშაობა თვითიზოლაციის პერიოდში, სახლებიდან გადავიღეთ ვიდეოები, ანუ ვმუშაობდით ფორსმაჟორულ სიტუაციაში. ხალხს ესეც უნდა გაეთვალისწინებია, მაგრამ ამ გადმოსახედიდან არ მინდა, რომ ვინმე გავლანძღო.

ამ კლიპზე ერთი-ორმა რომ დაიწყო ქილიკი, მერე რაღაცნაირად ტრენდული გახდა მისი ლანძღვა. რა დროს ამ კლიპზე და სიმღერაზე ლაპარაკია, ხალხო, პლანეტაზე ეპიდემიაა! ამ დროს ყველაზე კეთილი ერი ჩვენ ვართ და რა მოგვდის ხოლმე, არ ვიცი.

– ყველა ვარიანტში ალბათ მოლოდინი გქონდათ, რომ ამ სიმღერით დადებით ემოციებს გამოიწვევდით საზოგადოებაში.

– რასაკვირველია, რადგან სულ სხვანაირი შემართებით, ენთუზიაზმითა და ემოციით დაიწერა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო საზოგადოების გამხნევება და არა – ის, ვინ დაიწყებდა და ვინ დაამთავრებდა სიმღერას.

– ფაქტია, რომ აპლოდისმენტების ნაცვლად სერიოზული ბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდით.

– მესმის, რომ ზოგს შოპენი მოსწონს, ზოგს – გრიგი. როცა ხელოვანი ხარ, ყველასთვის კარგს და მოსაწონს ვერ დაწერ. უბრალოდ, როცა ასეთი მდგომარეობაა საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, სანამ ლანძღვას დაიწყებ, რაღაც-რაღაცებს ანგარიში უნდა გაუწიო.

ბულინგსაც და კრიტიკასაც კი თავისი კრიტერიუმები და ჩარჩოები აქვს. ბოროტებაა, როდესაც ადამიანს არანაირი კუთხით არ ინდობ. თანაც ხალხმა მთელი ეს აგრესია აღდგომის წინაპერიოდში გადმოანთხია. ღმერთო, მაპატიე, ამ ერთი სიმღერით რამე თუ შევცოდე!

– მაინც რა იყო ყველაზე მტკივნეული?

– ყველაზე მეტად ის მეტკინა, რომ პოლიტიკურ კლიპად ჩათვალეს. ამას არც ვუწოდებ კლიპს, ეს არის ვიდეორგოლი და ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული რომ დაუდეს, უკვე ნამეტანი იყო.

– იქნებ ეს იმის შედეგია, რომ ამ ვიდეორგოლში ისეთი მომღერლები მონაწილეობენ, რომლებიც თუნდაც რამდენიმე თვის წინ აქტიურად იყვნენ ჩართული  ,,ოცნების” საარჩევნო კლიპებსა და კონცერტებში?

– ეს გუნდი სოფომ შეკრა და რამდენადაც ვიცი, მან ბევრ მომღერალს შესთავაზა. უბრალოდ ვინც შეძლო ჩაწერაზე მოსვლა, ის მოხვდა. სათითაოდ, სრული იზოლაციის დაცვით მოდიოდნენ სტუდიაში, თავიანთ მონაკვეთებს წერდნენ და მიდიოდნენ.

ზოგმა დისტანციურად გამოგვიგზავნა, ნინი ქარსელაძემ – მოსკოვიდან, სოფო ხალვაშმა – ბათუმიდან, ელენე ფოჩხუამ – ზუგდიდიდან.

რაც შეეხება იმას, სიმღერას მე რატომ ვხსნი, დიახაც, როგორც ავტორმა, თავს უფლება მივეცი, პირველი ფრაზები მემღერა. რა არის ამაში მოსადავებელი?! მესმის, რომ თბილისი ძალიან სნობური ქალაქია და არც ერთ დეტალს გპატიობს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი.

აბსოლუტურად ყველა კომენტარი მაქვს წაკითხული. უფრო მეტიც, ის ადამიანები, რომლებიც პირადში მწერდნენ, რომ დაბურძგლათ, ისეთი მაგარი და ემოციური სიმღერა იყო, სხვა ჩატებში ილანძღებოდნენ. ორმაგი სტანდარტები ყველაზე საშინელებაა! ეს ყველაფერი საწყენია.

– მთავარი დარტყმა მაინც თქვენსა და სოფო ბედიაზე იყო. სოფომ ეს ძალიან მძიმედ გადაიტანა. ამბობენ, თქვენც დაგჭირდათ სამედიცინო დახმარება.

– ამასაც იმ ხალხს არ დავაბრალებ, ვინც ილანძღებოდა, ეს ჩემი ემოციური ბუნების ბრალია. ხელოვანი ვარ და ყველაფერს გამძაფრებულად განვიცდი. ნევრალგია მაწუხებს და ამ ფონზე ყველაფერი გამირთულდა. ცოტა ხნით წოლითი რეჟიმი დამინიშნეს, მაგრამ მაინც კარგ ხასიათზე ვარ და ოპტიმისტური განწყობა მაქვს.

– ალბათ უფრო მეტად საწყენი იყო პოსტ ფაქტუმ კომენტარები კლიპში მონაწილე თქვენი კოლეგებისგან, თუნდაც სოფო ხალვაშის განმარტება, რომ მცოდნოდა, რა კეთდებოდა, მონაწილეობას არ მივიღებდიო და ასევე მომღერალ გულიკო ჭანტურიას კომენტარი, რომ ისიც არ იყო ინფორმირებული.

ვინ რას ნანობს, ეს ნაკლებად მაინტერესებს. როცა სიმღერას წერ, ხელს ისე არ მოკიდებ, თავიდან ბოლომდე თუ არ მოისმენ. თუ არ მოგწონს, არ ჩაწერ და ესაა ჩემი პასუხი.

ყველაფრის მიუხედავად, ყველა ჩემი კოლეგა გულწრფელად მიყვარს. ამ პატარა ქვეყანაში რამდენი ნიჭიერი, რამდენი პროფესორი და რამდენი კრიტიკოსი ადამიანი გვყოლია! ყველას ენაცვალოს ჩემი თავი!

დრო რომ უკან დავაბრუნოთ, თავიდან დაწერდით ამ სიმღერას?

რასაკვირველია. მე ვარ შემოქმედი ადამიანი, დავწერე მუსიკა, რომელზეც ვერავინ შემედავება. ნანა ცინცაძემ დაწერა არაჩვეულებრივი ტექსტი. ბესო კვარაცხელიას როგორც შეეძლო, ისე დაამონტაჟა.

– იმ ადამიანებს რას ეტყვით, რომლებიც კლიპის ყურებისას ამბობდნენ, ის ვინ არის, ვინც პირველი ჩანს კადრშიო?

– საყვარლები! გამარჯობათ! ეს მე ვარ, კაკი ბოლქვაძე, რომელიც 22 წელია შოუბიზნესში ვარ.

– მთავარი დასკვნა რა გააკეთეთ ამ ყველაფრიდან?

– ძალიან ბევრ ადამიანს თავისით ჩამოსძვრა ნიღაბი, ოღონ ეს ის სამედიცინო ნიღბები არ არის, რომლებიც ახლა უნდა გვეკეთოს, ეს მუდმივი ნიღბებია, რომლებსაც წლები ამოფარებული იყვნენ.

– უნდა ველოდოთ თქვენგან ახალ სიმღერებს?

– აუცილებლად! ძალიან დიდი გეგმები მაქვს, რომლებსაც ძალიან მალე განვახორციელებ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემი საქმე უნდა ვაკეთო. ვიღაცას არ ახსოვს ჩემი სიმღერები, კონცერტები, კლიპები, მაგრამ ეს გულს არ მტკენს.

ფსევდოსამეთვალყურეო საბჭო რომ არსებობს სოციალური ქსელის სახით, ეს არ მადარდებს. ჩემგან ძალიან კარგი რაღაცები იქნება მათი მისამართით, ვინც ქილიკი და ლანძღვა არ დაიშურეს. ეს ქვეყანა ჯერ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და მერე მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო!

ფოტოზე სოფო ბედიასთან ერთად