ილო ბეროშვილი და ანი ბებია ბიჭის მშობლები გახდნენ – ,,ილო გვერდში მიდგას, რომ ძლიერი ვიყო”

ილო ბეროშვილი და ანი ბებია ბიჭის მშობლები გახდნენ - ,,ილო გვერდში მიდგას, რომ ძლიერი ვიყო"მსახიობები ილო ბეროშვილი და ანი ბებია ბიჭის მშობლები გახდნენ. ბავშვს ჯერი დაარქვეს.

სამი თვის წინ, კარანტინის დროს ,,სარკე” ანი ბებიას ესაუბრა. მომავალმა დედამ მკითხველებს თავის ოჯახურ ცხოვრებასა და შვილის მოლოდინზე უამბო. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც თვითიზოლაციის პერიოდში ჩაიწერა.

– ანი, როგორ შეცვალა თქვენი და ილოს ცხოვრება მსოფლიოს ახალმა გამოწვევამ – პანდემიამ?

– რთულია, სახლში იჯდე გამოკეტილი. ვცდილობთ, ფსიქოლოგიურად არ დავეცეთ და გავუმკლავდეთ.

– რასთან შეგუება გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?

– ოთხ კედელში ჯდომა ძალიან მიჭირს. მომენატრა თბილისი, ქუჩებში ხეტიალი. ბუნებაში გასეირნება ძალიან მაკლია. ეს ყველაფერი რომ დასრულდება,  პირველი, რასაც ვიზამ, ალბათ ტყეში გავიქცევი.

რაც შეეხება საქმიანობას, ჩემი ორსულობის გამო ისედაც პასიურ მდგომარეობაში ვიყავი და ამიტომ შევეგუე იმ აზრს, რომ თეატრში აქტიურად დაკავებული ვეღარ ვიქნებოდი. ყველა სპექტაკლს ჩამოვშორდი და ერთადერთი ტელევიზია იყო (ანი ერთ-ერთ ტელეარხზე წამყვანია – რედ. შენ.), სადაც კვირაში ერთხელ მივდიოდი. ახლა უკვე სახლიდან ვერთვები და ძალიან მიხარია, რომ მაქვს იმის საშუალება, აქედან ვიმუშაო.

– ილოსთვის ალბათ უფრო რთული აღმოჩნდა შეზღუდვებით ცხოვრება.

– კი. ილოც ძალიან დაკავებული იყო, უცებ კი ყველაფერი გაჩერდა. ერთი მხრივ, კარგია, რადგან, როგორც იქნა, კარგად დაისვენა. ამ დოზით დასვენების შესაძლებლობა აქამდე არ ჰქონია.

– ახლა როგორია თქვენი ცხოვრების წესი?

– საჭმელების კეთება დავიწყე. მანამდე ძირითადად მზა საჭმელს ვიძახებდით და ასე ვიკვებებოდით. თუ აქამდე წელიწადში ორჯერ ვაკეთებდი საჭმელს, ისიც კარტოფილს ან კვერცხს თუ ვწვავდი, ახლა კერძების მომზადება დღეში სამჯერაც კი მიწევს.

მუსიკას ვუსმენთ, ბევრს ვფიქრობთ, ვმსჯელობთ. მოკლედ, ბევრი დრო გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობისთვის.

–  როგორი ორსულობა გაქვთ?

– ორსულობამ უფრო სენტიმენტალური გამხადა. ჰორმონებმა ძალიან ამრია, გინდა, არ გინდა, ორსული ქალი სულ სხვანაირი ხდება. რაღაცებს ძალიან მძაფრად აღვიქვამ და რაღაცებთან გამკლავება მიჭირს. თუმცა ისიც მაქვს გაცნობიერებული, რომ მხოლოდ საკუთარი მონდომებით და ძალისხმევით უნდა მოვახერხო ამ ყველაფრის გადახარშვა.

ილო ძალიან მიდგას გვერდში, რომ ფსიქოლოგიურად უფრო ძლიერად ვიყო. ვცდილობ, ბავშვზე ბევრი არ ვიფიქრო, რადგან, როცა ასე ვიქცევი, ძალიან შორს მივდივარ. ვაცნობიერებ, რამხელა პასუხისმგებლობაა, როდესაც მოგეცა შანსი, შენს  სხეულში შექმნა და ჩამოაყალიბო ახალი არსება. ბევრს ვნერვიულობ, როგორ აღვზრდი და როგორ გავზრი ჩვენს შვილს.

– დაგეგმილი გქონდათ ბავშვის ყოლა თუ სიურპრიზი აღმოჩნდა?

– ჩემი ორსულობა ძალიან მოულოდნელი იყო, რადგან არ ვგეგმავდით. ეს ძალიან დიდი შოკი იყო, განსაკუთრებით ჩემთვის. ილოს ორი შვილი ჰყავს. უკვე გაცნობიერებული აქვს, რა არის ბავშვი, მაგრამ ჩემთვის დიდი შოკი იყო.

ამ საკითხს ცოტა ფილოსოფიურად ვუყურებდი, არ მინდოდა, ჩემი შვილი ცუდ სამყაროში დაბადებულიყო. ილოს დიდი იმედი მაქვს, რადგან ვიცი, რომ თავის ყოფილ მეუღლეს ძალიან ეხმარებოდა ორივე შვილის დაბადებისას და ყველა პროცესში აქტიურად იყო ჩართული.

– ანუ ილოსგან უფრო მეტ ყურადღებას გრძნობთ?

– უყურადღებო არასდროს ყოფილა, როგორი მზრუნველიც იყო, ახლაც ისეთივეა. ილოში განსაკუთრებულ ცვილილებებს ვერ ვხედავ. მას ძალიან უნდოდა ჩემთან შვილი და უხარია, რომ ჩვენი შვილი მალე დაიბადება.

– მოულოდნელმა ოსრულობამ ალბათ ბევრი გეგმაც შეგიცვალათ.

– კი, ძალიან. ფილმში მთავარ როლზე ვიყავი დამტკიცებული. ორი წელია ვმუშაობ და გადაღებები ზუსტად იმ პერიოდში უნდა დაწყებულიყო, როცა ორსულად ვარ. ეს როლი და პროექტი შვილივით მიყვარდა, მაგრამ გამოვეთიშე. ყველაზე მძიმედ ეს ამბავი გადავიტანე.

რაც შეეხება თეატრს, ცოტა გული მწყდება, რომ, რადგან ორსული ხარ, არ აქვს მნიშვნელობა, შენ შეძლებ თუ არა, მაინც ვეღარ იქნები აქტიური თეატრში.

ერთი პერიოდი სერიოზული პროტესტი მქონდა, რატომ არ შეიძლება, ორსული მსახიობი დაკავებული იყოს სპექტაკლში. თუმცა, რაც უფრო იმატებს ორსულობის თვეები, ვხვდები, რომ მართლაც შეუძლებელია  სცენაზე ორსულის  დგომა.

– ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია არ გზღუდავთ, რომ სათანადოდ მოემზადოთ ბავშვის დაბადებისთვის?

– ეს გარემოება სერიოზულად მზღუდავს. სულ ვამბობდი, რომ ყოველი ექოსკოპიის შემდეგ ბავშვისთვის თითო ჩასაცმელი გვეყიდა, მაგრამ ვერ ვახერხებ. ყველაფერი დაკეტილია და იმედია, ასე დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან პატარის დაბადებისთვის ძალიან მოუმზადებლები ვართ და ბევრი რამ გვჭირდება.

– ტელეეთერში თქვით, რომ ბავშვს ჯერის დაარქმევთ. საიდან გაჩნდა ამ სახელის იდეა?

– ჩემი იდეა და არჩევანი იყო, ამიტომ არ გადამიფიქრებია. ხალხის უარყოფით რეაქციაზე ძალიან დამწყდა გული. ადამიანი იმას ვერ იაზრებს, რომ ჩემი შვილია და რაც მინდა, იმას დავარქმევ. არ ველოდი, რომ ამ სახელის გამო საზოგადოების ნაწილისგან ასეთი ცუდი კომენტარები და შეფასებები წამოვიდოდა.

პირველად მოვყვები ისტორიას, რატომაც გადავწყვიტე, ჩემს შვილს ჯერი დავარქვა. შეიძლება ვიღაცისთვის  სასაცილი იყოს, მაგრამ ეს ჩემი ისტორიაა.

მოკლედ, ასტროლოგიის ძალიან მჯერა. იმის გამო, რომ ბავშვი თაგვის წელიწადში უნდა დაიბადოს, არადა მე ზოგადად თაგვები არ მიყვარს, გადავწყვიტე, რამენაირად შემყვარებოდა და ეს ამბავი გამესაყვარლებინა.

ახალი წლის დღეებში, საახალწლო ბაზრობებზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენები რომ იყო, იქ დავინახე პატარა ხელნაკეთი “ბრელოკი” ტომის და ჯერის. ბავშვობაში ამ მულტფილმზე ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა, განსაკუთრებით ჯერი.

მაშინვე გამინათდა გონება, თაგვის წელიც  შემიყვარდა და სახელიც, ამიტომ გადავწყვიტე, ჯერი დავარქვა. ხალხმა კი ჩათვლა, რომ ბავშვს ძაღლის სახელს ვარქმევ. ასეც რომ იყოს, ჩემი უფლებაა, რაც მინდა, შვილს იმას დავარქმევ! თუ ბავშვს არ მოეწონება, ადგება და გადაიკეთებს, რა პრობლემაა?!

– ილომ ბოლო დროს საგრძნობლად დაიკლო წონაში, ეს სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებში” ძალიან თვალშისაცემი იყო. წონაში დაკლება დიეტის შედეგია, ვარჯიშის თუ სხვა მიზეზია?

– ვარჯიშის და სწორი კვების შედეგია. კვების რეჟიმი არეული ჰქონდა და მოვაწესრიგეთ. საზოგადოების რეაქცია ამ შემთხვევაშიც არაერთგვაროვანია. ერთმა ქალმა დაწერა, ცოლმა ჩამოახმოო და დამჭკნარი ვარდის სმაილიც კი დაწერა ან კი სად იპოვა, არ ვიცი.

ილო როცა გავიცანი, იმხელა ღიპი ჰქონდა, რომ ვერ ვეხუტებოდი, ხელებს ვერ ვაწვდენდი. შეყვარებულობის პერიოდში დაიკლო, რადგან იცოდა, რომ გამხდარი ადამიანები მომწონდა. დიეტა დაიცვა, მხოლოდ წყალზე იყო და გახდა.

ახლა ნამდვილად გამხდარია და უხდება. საერთოდ ვთვლი, რომ მთავარია, ადამიანი ჯანმრთელი იყოს და წონას მნიშვნელობა არ აქვს.

სხვათა შორის, მეც ძალიან ბევრი მოვიმატე. თავიდან ვდარდობდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ კილოგრამები მართლა არაფერ შუაშია იმისთვის, რომ ბედნიერი იყო.

ტელეკომპანია ,,მთავარში” ჩემს ჩართვებს რომ ვუყურებ, ძალიან დიდი ღაბაბი მიჩანს. რა თქმა უნდა, არ მომწონს, მაგრამ სხვა თვალით ვუყურებ და პრობლემას არ ვიქმნი.

,,სარკე”, ავთო ჩიტიძე