,,ერთი მასწავლებელი მწვადს წვავდა, მეორე სელფის იღებდა” – სოფი ნიკოლეიშვილის გარდაცვალების ფაქტზე 2 პედაგოგს ბრალი წარედგინა

,,ერთი მასწავლებელი მწვადს წვავდა, მეორე სელფის იღებდა" - სოფი ნიკოლეიშვილის გარდაცვალების ფაქტზე 2 პედაგოგს ბრალი წარედგინა2019 წლის 26 მაისს, ლაგოდეხში ტრაგიკულად დაღუპული სოფი ნიკოლეიშვილის გარდაცვალების საქმეზე სკოლა „ალბიონის“ ორ პედაგოგს პროკურატურამ ბრალი გულგრილობის მუხლით წარუდგინა.

ამის შესახებ განცხადება გენერალურ პროკურატურაში გაკეთდა.

საქმე ეხება 2019 წლის 26 მაისს, სასკოლო ექსკურსიაზე ლაგოდეხის ნაკრძალში, ნინოსხევის ჩანჩქერზე 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს.

„საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, შ.პ.ს. არასახელმწიფო საერო სკოლა „ალბიონი”-ს პედაგოგებს ნ.ს.-ს და ვ.ქ.-ს ბრალდება წარუდგინა გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქმე ეხება 2019 წლის 26 მაისს, სასკოლო ექსკურსიაზე ლაგოდეხის ნაკრძალში ნინოსხევის ჩანჩქერზე 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, სკოლა „ალბიონის” XI კლასის მოსწავლეები, აღმზრდელის ნ.ს-ს ხელმძღვანელობით და სხვა პედაგოგების შემადგენლობით, სკოლის კუთვნილი მიკროავტობუსით გაემართნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მოსანახულებლად. სკოლის დირექტორის ბრძანების მიხედვით, ექსკურსიის ორგანიზება და მასზე პასუხისმგებლობა დაევალა ნ.ს-ს.

დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, პედაგოგებისთვის, მათ შორის ნ.ს-სთვის და ვ.ქ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მდინარე იყო ადიდებული, სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და ჩანჩქერზე არსებობდა სახიფათო მდგომარეობა. პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას. მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ ,,ნინოსხევის“ ჩანჩქერის მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა, ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე.

ჩანჩქერზე ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

ბრალდების მხარე, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს მიმართავს.

საქართველოს პროკურატურა მიმართავს სკოლა ,,ალბიონი”-ს ადმინისტრაციას ვ.ქ.-სთვის პედაგოგიური საქმიანობის შეჩერების თაობაზე. რაც შეეხება ნ.ს.-ს, იგი აღარ ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას“, – აღნიშნავენ პროკურატურაში.

გარდაცვლილი გოგონას დედა ლანა ნიკოლეიშვილი სწორედ აღნიშნულ პედაგოგებს ადანაშაულებდა შვილის გარდაცვალებაში.

შვილმკვდარი დედა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში აცხადებდა, რომ მისი შვილის გარდაცვალებაში ბრალი სკოლის ხელმძღვანელობას და მასწავლებლებს მიუძღვის.

ლანა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ წყალში შესვლის დროს, მის შვილს მასწავლებლები ყურადღებას არ აქცევდნენ.

​„ფაქტია, რომ არავის უნდოდა სოფის სიკვდილი, მაგრამ ერთ მასწავლებელს ბავშვები მიუტოვებია და შუა გზიდან დაბრუნებულა, რომ მწვადები შეეწვა. მეორემ მოსწავლეებს ყურადღება არ მიაქცია და სელფების გადაღებით იყო გართული. მე რომ იქ ვყოფილიყავი, შეიძლებოდა ეს ამბავი ჩემს თვალწინაც კი მომხდარიყო.

ბავშვი ზურგზე იწვა მუხლამდე წყალში და ისე მიუახლოვდა გადასავარდნ ადგილს, ვერც მიხვდა და გადაიტანა წყალმა, მაგრამ მე მაქვს პრეტენზია მასწავლებლელთან, რადგან ჩემი შვილი თურმე მარტო იყო წყალში. სხვებმა მანამდე იბანავეს. მარტო რომ არ ყოფილიყო, იქნებ ხელი წაევლო ვინმეს მისთვის!

თურმე მანამდე მოილაპარაკეს, ერთად შევიდეთ წყალშიო. სოფი გაბრაზებულა, როცა გაუგია, რომ სხვებმა უკვე იბანავეს და უთქვამს, მაშინ სხვებს არც მე დაველოდები და წყალში შევალო. ქვას წაეპოტინა, რომ შეხედა ვარდებოდაო. მარტო რომ არ ყოფილიყო იქნებ ვინმეს ხელი ჩაეკიდა.

პასუხისმგებლობა ვის ეკისრება?! სოფი რომ სრულწლოვანი ყოფილიყო, მეგობრებთან ერთად წასულიყო და ასეთი რამ დამართნოდა, გასაგები იქნებოდა, მაგრამ არასრულწლოვანი რომ იყო, ხომ იმიტომ ჩაიბარა სკოლამ და წაიყვანა?! როგორ შეიძლება, არავინ იყოს დამნაშავე ასეთი ტრაგედიის დროს?! სკოლამ პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს კი არა, ბოდიშიც არ შემოუთვლიათ.

ჩემს შვილს ვინ გააცოცხლებს, მაგრამ სკოლამ ალბათ კომპენსაცია უნდა გადაიხადოს. ჩვენ კი არ გვინდა ის ფული, გვსურს, იმ ბავშვს დავეხმაროთ ჩემი შვილის სახელზე, ვინც კარგი მოსწავლეა და ვის ოჯახსაც არ აქვს საშუალება კერძო სკოლაში ისწავლოს.

ჩემი შვილები გულშიც არ გაივლებენ, რომ ის ფული ავიღოთ. ამ სკოლის თანამშრომლები ჭორაობენ, ნიკოლაიშვილების ოჯახი ჩვენგან ფულის გამოძალვას ცდილობსო. ბინძურ ამბებს აგორებენ. გაჭირვებულებს იქით ვეხმარები და ასეთი ფული რაში მჭირდება?!

ვიღაცამ მაინც თქვას, მე დავაშავე, რადგან ბავშვი წავიყვანე და დედას უკან ცოცხალი ვერ ჩავუყვანეო. შვილი ჩემი ხელით ჩავუსვი ავტობუსში მასწავლებლებს და უკან რატომ არ მომიყვანეს ცოცხალი?! სკოლამ წაიყვანა და დამიღუპა შვილი, სკოლამ არ უნდა აგოს პასუხი?!

სკოლის დახურვას ხომ არ ვითხოვ, იქ იმდენი ბავშვი სწავლობს და ასეთი ბოროტება როგორ უნდა გააკეთო, მაგრამ სკოლას კომპენსაციის გადახდა მაინც ხომ ეკუთვნის?! გადაიხადონ და მე იმ ფულით ისევ ბავშვებს დავეხმარები“, – ამბობს ლანა ნიკოლეიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუს დროს.