ნანა ამირიძე: “ვცდილობ, ჩემ ბელგიელ მეუღლესთანაც ორმეტრიანი დისტანცია დავიცვა” – როგორ ცხოვრობს ბრიუგეში ცნობილი ბელგიელი ფეხბურთელის ქართველი რძალი

ნანა ამირიძე: "ვცდილობ, ჩემ ბელგიელ მეუღლესთანაც ორმეტრიანი დისტანცია დავიცვა" - როგორ ცხოვრობს ბრიუგეში ცნობილი ბელგიელი ფეხბურთელის ქართველი რძალინანა კობახიძე, სარკე

ნანა ამირიძე მრავალი წელია ბელგიაში, ქალაქ ბრიუგეში ცხოვრობს და იმ კლინიკის მიმღებში მუშაობს, სადაც კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობენ.

ევროპის ამ ულამაზეს, სამუზეუმო ქალაქს ჩრდილოეთის ვენეციას და შოკოლადის დედაქალაქსაც უწოდებენ. ბრიუგე დღეს პანდემიასთან ბრძოლაშია. ქალაქი, რომელსაც ყოველწლიურად 2 მილიონი ტურისტი სტუმრობს, დაცარიელებულია.

რამდენად მომზადებულები შეხვდნენ ბელგიელები ეპიდემიას, როგორ უმკლავდებიან ადგილობრივი მედიკოსები თავს დამტყდარ გლობალურ პრობლემას, რა პრაქტიკულ რჩევებს აძლევენ მოქალაქეებს, ამ თემაზე ნანა ამირიძე გვესაუბრა (ინტერვიუ 5 აპრილს ჩაიწერა). აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ნანა ხუთ ენაზე საუბრობს და კლინიკაში თარჯიმნის მოვალეობასაც ასრულებს.

ინტერვიუ გაზაფხულზეა ჩაწერილი.

– ქალბატონო ნანა, რა მდგომარეობაა ბრიუგეს ცენტრალურ კლინიკაში, სადაც მუშაობთ, რამდენად მომზადებული შეხვდა საავადმყოფო  ამ გამოწვევას?

– ბელგიაში 2000 წლიდან ვცხოვრობ და 13 წელია ვმუშაობ   მრავალპროფილიან კლინიკაში, საოპერაციოს მიმღებში. ეს არის სახელმწიფო კლინიკა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგიონში. გვაქვს ორი ფილიალი, მთლიანობაში დაახლოებით 1200 პაციენტის ადგილი და აქედან 900-ზე მეტი ჩვენს კლინიკაშია.

საოპერაციოში დღეში დაახლოებით 100 ოპერაცია ტარდება. გვაქვს საკმაოდ მაღალი დონის კარდიოქირურგიის განყოფილება. უკვე 3 კვირაა, ყველა ოპერაცია და კონსულტაცია შევაჩერეთ – გადაუდებელის გარდა.

მობილიზებულები ვართ კოვიდ-19-თან საბრძოლველად. კლინიკას აქვს ცალკე მიმღები სავარაუდო ინფიცირებულთათვის, ცალკე – ყველა სხვა ავადმყოფისთვის.

ყველა პაციენტს უტარდება კოვიდ-19-ზე ტესტირება. ჯერჯერობით სიტუაციას ვაკონტროლებთ. მკაცრი კონტროლია კოვიდ და არაკოვიდ ზონებს შორის. ცენტრალური შესასვლელი ჩავკეტეთ, გვერდითა შესასვლელიდან მხოლოდ თანამშრომლები შევდივართ.

კონსულტაციები და ოპერაციები გავაუქმეთ, რომ მოსაცდელებში პაციენტებს ერთმანეთი არ დაეინფიცირებინათ და იტალიის მაგალითი არ გაგვემეორებინა, როდესაც დაპანიკებული ხალხი მიაწყდა საავადმყოფოებს, რიგები იდგა ტესტირებაზე და ბევრი იქ დაავადდა.

სახლებში იზოლაციით მოვახერხეთ, რომ საავადმყოფოები არ გადატვირთულიყო და ახალი დაინფიცირების წყარო არ გამხდარიყო. ვიცით, რომ ბევრს შეგვხვდება, ბევრი უსიმპტომოდაც გადავიტანთ. მთავარი აქცენტია იმაზე, რომ სხვა არ დავაინფიციროთ.

სამსახურში ყველას ყოველთვის გვიკეთია პირბადე. ჩვენთან საოპერაციოს ათამდე თანამშრომელს აღმოაჩნდა კორონავირუსი, მაგრამ ჩვენ, დანარჩენები, ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას.

სულ ვამბობთ, რომ ყოველი დახველება, დაცემინება სერიოზულად უნდა მივიღოთ და შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მოვერიდოთ ერთმანეთს.

ჩვენ ვემზადებოდით იტალიის სცენარისთვის, ყველა საჭირო აპარატურა და პერსონალის დამცავი საშუალებები შევიძინეთ, რაც არსებობს დღესდღეობით და ვაკვირდებოდით, თუ რამე უკეთესი გამოვიდოდა, ისიც შეგვეძინა. ბელგიაში ახლა პიკია, მაგრამ  სტაბილურად მიმდინარეობს, გარდაცვლილთა რაოდენობა უცებ არ იზრდება. ამით საშუალება გვაქვს, მდგომარეობა ვაკონტროლოთ, რომ მძიმე პაციენტებს შესაბამისი დახმარება გავუწიოთ.

გვეშინოდა, ეპიდემია ჩვენთანაც უკონტროლო არ გამხდარიყო და არ დამდგარიყო აუცილებლობა, ასაკობრივი ზღვარი განგვესაზღვრა, რაც, სამწუხაროდ, მოხდა იტალიაში.

– კორონავირუსით დაინფიცირებულ რამდენ პაციენტს მკურნალობთ თქვენს კლინიკაში და როგორი შედეგები გაქვთ?

– კოვიდ-19-ით ინფიცირებული 80-მდე პაციენტი გვყავს, სამწუხაროდ, 5 გარდაიცვალა. ბევრი გამოჯანმრთელდა. 40 თანამშრომელი გვყავს ინფიცირებული, აქედან – 10 ექიმი. ჩვენთან კოვიდ-19-ზე ტესტირება არ კეთდება, თუ პაციენტს ტემპერატურა არ აქვს 37,5-ის ზევით და სუნთქვითი პრობლემები არ აღენიშნება.

ადამიანი თუ ეჭვობს, რომ კოვიდ-19 აქვს, უნდა დაურეკოს ოჯახის ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, რა ნაბიჯი უნდა გადადგას – კლინიკაში ტესტირებაზე მივიდეს თუ თვითიზოლაციაში დააკვირდეს მდგომარეობას. სუნთქვის გაუარესების შემთხვევაში აუცილებელია საავადმყოფოში მისვლა.

– ბელგიაში პრევენცია დროულად მოხდა?

– ჩვენ გვიან დავიწყეთ კორონავირუსის პრევენცია. საქართველოს აეროპორტებში რომ უკვე პირბადეები ეკეთათ და სიცხეს ზომავდნენ, მაშინ ბელგიაში ცოტა არასერიოზულად ვუყურებდით და ვიცინოდით, კორონას პრევენცია მხოლოდ ხელების დაბანააო. ახლა კი კონტროლი უკვე ძნელია.

ძალიან მიხარია, რომ საქართველო ასეთი მომზადებული შეხვდა და ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს. ევროპაში მდგომარეობა შედარებით დრამატულია.  ვამაყობ ქართველი ექიმების და ყველა იმ ადამიანის სწორი მიდგომით, რომელთა დამსახურებაცაა დღევანდელი შედეგი საქართველოში.

– როგორ გამოიყურება დღეს ბრიუგე, მოსახლეობისთვის რა სახის აკრძალვებია?

– ყველა მარკეტი დაკეტილია სასურსათოს და ჟურნალების მაღაზიების გარდა. ქუჩაში სეირნობა ნებადართულია მხოლოდ 2 ან 3 ადამიანის ერთად, სკამზე დაჯდომა აკრძალულია, პარკები დაკეტილია.

შენი ქალაქიდან ვერ გახვალ, საჭიროების შემთხვევაში პოლიციაში მოგიწევს ცნობის აღება. მანქანაში რომ ჩაისვა ადამიანი, ვინც შენს მისამართზე არ ცხოვრობს, შენც და ისიც 250-250 ევროს გადაიხდით ჯარიმას. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს.

მეორე სახლი თუ გაქვს ზღვაზე ან სხვაგან, არ გაქვს უფლება, იქ წახვიდე, უნდა იყო შენს ოფიციალურ მისამართზე. მოხუცები ბელგიაში თითქმის აღარ ნახულობენ შვილიშვილებს. ბავშვები ყველაზე მეტად გადამტანები არიან, ყველაფერს ხელს კიდებენ, თვითონ შეიძლება უსიმპტომოდ ჰქონდეთ, მაგრამ ვირუსი გადააქვთ.

მე ოჯახში მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ.  ვცდილობ, მასაც მოვერიდო, ორმეტრიანი დისტანცია დავიცვა. სტუმრად არ დავდივარ.

სამკვირიანი კარანტინის გამო ბელგიამ 9 მილიარდზე მეტი ზარალი ნახა და ადრე თუ მხოლოდ კორონაზე ვსაუბრობდით, ახლა უკვე დაიწყეს იმაზე ფიქრი, ეკონომიკას რა მოუხერხონ.

– თქვენი მედიკოსების რეკომენდაციით, რა ზომები უნდა მიიღონ მოქალაქეებმა სახლის პირობებში?

– ტესტირებას მაშინვე არ ვუტარებთ. თუ პაციენტს გრიპის ნიშნები აქვს, ოჯახის ექიმი ურჩევს, რომ ორი კვირა სახლში დარჩეს. 39 გრადუსამდე ტემპერატურის შემთხვევაში (თუ არ ექნება რესპირაციული პრობლემები) ჯობია, მედიკამენტები არ მიიღოს, რათა მომავალში მდგომარეობა რომ გაურთულდეს და მედიკამენტებით მკურნალობა დასჭირდეს, უფრო სწრაფი შედეგი ჰქონდეს.

საჭიროა,  მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე. გაზიანი სასმელიც კარგია, მაგრამ ზომიერად და არა – დიაბეტიანებისთვის. კარდიოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტები და მაღალწნევიანები მოერიდონ სითხის ჭარბად მიღებას, დაიცვან ზომიერება.

სასარგებლოა ვიტამინი “ცე” და ვიტამინი “დე” (მზის სხივები), თუმცა “ცე” ვიტამინის ჭარბმა მიღებამ შეიძლება კუჭის გაღიზიანება გამოიწვიოს.

ეცადეთ, ჯანსაღად იკვებოთ, სასარგებლოა ნიორი, ხახვი, კივი… მნიშვნელოვანია, რომ სპორტისგან და დიდი ფიზიკური დატვირთვისგან თავი შეიკავონ, თუ აქვთ კორონაინფექციის თუნდაც მსუბუქი სიმპტომები, რომ გული არ გადატვირთონ.

სხვა ადამიანთან ერთად თუ ცხოვრობენ,  საპირფარეშო ქლორით ჩარეცხონ. გამოიყენეთ პირბადე, ხელთათმანები და მინიმუმამდე დაიყვანეთ კონტაქტები.

ჯერჯერობით საიმედო ინფორმაცია არ გვაქვს ამ ვირუსის დამარცხებასთან დაკავშირებით, არ ვიცით, როდემდე გაგრძელდება. კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 2%-მდეა, რაც, სხვა წლების მონაცემებით, არ აღემატება ჩვეულებრივი გრიპით გარდაცვლილთა რაოდენობას.

– ბელგიის კლინიკებში ძირითადად რა პრეპარატებით მკურნალობენ ამ ინფექციას?

– მალარიის და შიდსის წამლები გამოიყენება განსაკუთრებით მძიმე პაციენტებისთვის. მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში კი ვცდილობთ, 39 გრადუს ტემპერატურამდე არაფერი მივიღოთ, მაგრამ თუ მაინც მედიკამენტის მიღება გვინდა ტკივილის და სიცხის შესამცირებლად, პარაცეტამოლი და პარაცეტამოლის შემცველი მედიკამენტები რჩება ნომერ პირველ საშუალებად, ისიც – ზომიერად, ასევე – “ცე” და “დე” ვიტამინები.

პრევენციულად მედიკამენტების მიღება არ შეიძლება. ინტერნეტი, სოციალური საიტები სავსეა ფეიკ ნიუსებით, რომლებსაც არ უნდა ავყვეთ. დავეყრდნოთ მხოლოდ პროფესიონალი და სანდო საიტების რჩევებს.

– ბელგიაში როგორ გამოხატავენ მედიკოსების მიმართ მადლიერებას?

– მოქალაქეები ყოველ საღამოს 8 საათზე სახლიდან გამოდიან და სამედიცინო პერსონალს ტაშს უკრავენ.

ჩვენს კლინიკაში, სასწრაფოს მისაღებთან, ფეხბურთის გუნდმა ,,სერკლ ბრიუგემ” მადლობის დიდი პლაკატი გაგვიკრა. ხელოვანებმა კლიპი ჩაწერეს.

ბრიუგეს საუკეთესო შეფმზარეულები კოვიდ განყოფილების თანაშრომლებს ზოგჯერ კერძებს გვიმზადებენ, შესვენებაზე რომ ვჭამოთ. ყვავილების მაღაზიამ დიდი თეთრი და წითელი ვარდები მოგვართვა. გასასვლელში იდო და ვიღებდით თანამშრომლები, შინ რომ ვბრუნდებოდით. და კიდევ: თითქმის ყველა ოჯახს სახლის ფანჯარასთან უზის დათუნია, რომელსაც ჩასახუტებელ დათუნიას ეძახიან.

– თქვენს ქალაქში ქართველებიც იქნებიან. როგორია მათი მდგომარეობა, ხომ არ დაინფიცირებულან?

– ამ ქალაქში არც ისე ბევრი ქართველია. ჩვენს კლინიკაში ინფიცირებული ქართველი პაციენტი არ გვყავს.

– თქვენი მეუღლე ბელგიელია, ბელგიაში ცნობილი ფეხბურთელის ვაჟი. რა ვითარებაში გაიცანით?

– თავიდან ფრანგულენოვან ქალაქ ლიეჟში ვცხოვრობდი, 15 წელია ბრიუგეში ვარ. ჩემი მეუღლე  დიმიტრი ლუკ მარტ მულარტია. მუშაობს ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროში, საემიგრაციოში, სადეპორტოში. იქ თარჯიმანი ვიყავი. ვსაუბრობ ქართულ, რუსულ, ფრანგულ, ნიდერლანდურ და თურქულ ენებზე, ცოტაც ინგლისურად.

15 წელია, რაც ვიქორწინეთ. შვილები არ გვყავს.  დედამთილი მუშაობდა საავადმყოფოს დირექციაში და კლინიკაში აქედან მოვხვდი. სამედიცინო განათლება ბელგიაში მივიღე, მანამდე საქართველოში იურიდიული დავამთავრე წითელ დიპლომზე.

დიმიტრის მამა, ჯონ მულარტი, ცნობილი ფეხბურთელი იყო, 5 წელი თამაშობდა კლუბ “ბრიუგეში”, 7 წელი – “სერკლ ბრიუგეში”, თითქმის 30 წელი მწვრთნელი იყო. ამჟამად პენსიონერია.

– ხშირად ახერხებთ საქართველოში ჩამოსვლას?

– ჩემს ყოველ შვებულებას საქართველოში ვატარებ, წელიწადში 3-4 ჯერ ჩამოვდივარ. თბილისში ბინა ვიყიდეთ და კიდევ ვაპირებთ ყიდვას. მომავალში მინდა,  საქართველოში დავბრუნდე, მაგრამ არ ვიცი, როგორ…

15 წელია, ბელგიის მოქალაქე ვარ და ჩემი ქართული პირადობის მოწმობა, რომელიც ვადაგასულია, საფულედან არ ამომიღია. საფულეს დაკარგვა მარტო იმიტომ მეშინია, რომ ჩემი ქართული პირადობის მოწმობა არ დამეკარგოს. საფულედან არასდროს ამოვიღებ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამოვიღო, მე მე აღარ ვიქნები.

ჩემს ნაცნობ ქართველებს საქართველოში დაბრუნება უნდათ, მაგრამ რეალურად ძნელი იქნება. ჩემი და 24 წელია ბელგიაში ცხოვრობს, დისშვილი 23 წლისაა. აქ დაიბადა, უნივერსიტეტში სწავლობს. წამოსვლა უნდათ, მაგრამ ვეჭვობ, ოდესმე დაბრუნდნენ. ჩემთვის უფრო ადვილია, რადგან შვილები არ მყავს.

ჩემი მშობლები საქართველოში ცხოვრობენ. ნერვიულობენ, მე კი ვამშვიდებ, რომ საავადმყოფოში არ არის საშიში. იქ ვიცით, ვინცაა ინფიცირებული და ის ფორმა მაცვია, რაც საუკეთესოა ინფექციისგან დასაცავად. საშიშია ქუჩა, მაღაზია და სოციალური კონტაქტები.