მიშა ცინცაძე: ,,ჩემმა ცოლმა შოუში ქმარი მოიგო“

მიშა ცინცაძე: ,,ჩემმა ცოლმა შოუში ქმარი მოიგო“რუსუდან ადვაძე, სარკე

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ იუმორისტული გადაცემა „ახალი შაბათის შოუს“ მსახიობი, სცენარისტი და მუსიკოსი, მიშა ცინცაძე, ბათუმში გაიზარდა. იქ მამამისს, მუსიკოს კახა ცინცაძეს, ანსამბლი ჰქონდა, სადაც შვილსაც ამღერებდა და სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას ასწავლიდა.

მოგვიანებით, მიშამ ჟურნალისტობა არჩია და აჭარის ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა. მერე კი „კომედი შოუს“ ბიჭები გაიცნო, მათგან შეთავაზება მიიღო  და  დედაქალაქში გადაბარგება გადაწყვიტა. მომავალი საცოლე ,,რუსთავი 2″-ში   გაიცნო. ნათია ჩემია მონაწილეობას იღებდა გადაცემაში „გააცინე და მოიგე“. როგორც მიშა გვიყვება,  მათი სიყვარულის ისტორიაც იქიდან „აგორდა“. წყვილს უკვე 5 წლის ქალიშვილი ჰყავს _ ბარბარე, რომელიც ახლა ძალიან ბედნიერია, რადგან მამა და დედა სულ სახლში, მის გვერდით არიან.

ინტერვიუ კომენდანტის საათის პერიოდშია ჩაწერილი.

მიშა ცინცაძე: სახლში ვართ და ვცდილობთ, მაქსიმალურად შევასრულოთ ყველა გაცემული რეკომენდაცია.  დისტანციურად ვმუშაობთ.  „ახალი შაბათის შოუს“ მარაგი  გვაქვს.  ჯერჯერობით ერთი პროექტიც კი არ გაგვიჩერებია.

__ როგორ ეგუებით სახლში გამოკეტვას?

_ ცოტა სანერვიულო არის, მაგრამ პოზიტივი ისაა, რომ ოჯახთან ერთად ვართ. ვინც ყოველდღიურად მუშაობს, იმის ფუფუნება არასოდეს ჰქონია, რომ ამდენი ხანი ოჯახის წევრებთან ერთად ყოფილიყო. გარდა იმისა, რომ დაძაბულობაა, ერთად ყოფნაც კარგი რამეა.

ბავშვთან ერთად ვთამაშობ და ვარ ასე. დღეს, მაგალითად, „საპარიკმახეროში“ ვიყავი – ჩემმა შვილმა გამიკეთა ვარცხნილობა. ასეთ საინტერესო თამაშებს ვიგონეთ. თუ იუმორით არ შეხედე, შეიძლება ამ ვითარებამ ადამიანს გაგაფრენინოს.

__ ეს ამბები ალბათ მომავალ შოუებშიც აისახება.

_ ამაზე უკვე ვმუშაობთ და, მგონი, გამოგვდის. ვცდილობთ, ვირუსზე მკაფიო ხაზგასმა არ გავაკეთოთ, რადგან ამ თემაზე ბევრს არ ეცინება, პირიქით, შეიძლება ზოგი გააღიზიანოს კიდეც.

__ კორონავირუსი ყველაზე დიდ საფრთხეს ასაკოვანი ადამიანებისთვის წარმოადგენს. თქვენ გყავთ ოჯახში ბებია-ბაბუა?

_ ბათუმში გვყავს ბებია და სახლიდან გარეთ არ ვუშვებთ. არც ჩემი ოჯახი გადის გარეთ, არც ნათიას ოჯახი და ასე ვცდილობთ, ეს საფრთხე მაქსიმალურად ავირიდოთ. მე თბილისში ვარ, ჩემები _ ბათუმში, მაგრამ სულ ხაზზე ვართ ერთმანეთთან და ეს ამბავი რაღაცნაირად გადაგვაქვს.

__ შოუში ხშირად გაქვთ მუსიკალური ნომრები, სადაც თქვენი ნიჭი და მონაცემები კარგად ჩანს. თქვენს მუსიკალურ „წარსულზე“ რას გვეტყვით?

_ დედაც და მამაც მუსიკოსები არიან. მერე მამამ  გადაწყვიტა, რომ საბავშვო ანსამბლი შეექმნა. მეც იმ ანსამბლში გავიზარდე და იქ ვისწავლე ყველაფერი. ეს იყო ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი _ ცოცხალი შესრულებით. ანსამბლში 5-6 წელი გავატარე. ვისწავლე უამრავი სიმღერა, ინსტრუმენტზე დაკვრა.  მინდოდა თუ არა, სულ იქ ვიყავი და ყველაფერს ვსწავლობდი.

__ 2013 წელს პროექტ „ნიჭიერში” მამათქვენის ბენდმა, ბათუმურმა „სითი ბენდმა“ მოიგო. რა შეიცვალა მას მერე თქვენი ოჯახისთვის?

_ ფანტასტიკური განცდები მქონდა. ჩვენთვის ეს იყო ემოციების ზღვა. მე თბილისში ვესწრებოდი ლაივ კონცერტებს, ბათუმში კი ცალკე ნერვიულობდნენ დედაჩემი, ბებიაჩემი… მე და ნათია დავდიოდით კონცერტებზე და ვერც წარმოვიდგენდით, რომ ასე მოხდებოდა. ეს იყო უსაზღვო ბედნიერება! ამ ყველაფრით გაოცებულები ვიყავით.

შეცვლით არაფერი შეცვლილა. გაიმარჯვა და მორჩა, მამამ ჩვეულებრივად განაგრძო ცხოვრება და სხვადასხვა ბენდთან მუშაობა. ჩვენი ცხოვრება ამ გამარჯვებას დიდად არც დადებითისკენ შეუცვლია და არც უარყოფითისკენ.

__ თქვენ და მუსიკა _ ეს „ურთიერთობა“ მხოლოდ შოუში გრძელდება?

–არა, ისედაც რაღაცებს ვაკეთებ, ვწერ… რამდენიმე მცდელობა გადაცემაშიც მქონდა, დუეტი „დისტანციონი“ გავაკეთეთ, რომელსაც დიდი და კარგი გამოხმაურება მოჰყვა. „დისტანციონში“ ორი რეპერია და აქედან ერთი კარგი მონაცემებითაა დაჯილდოებული, თავის საქმეს  ფანტასტიკურად აკეთებს, მაგრამ მეორე ყველაფერს უფუჭებს. მე და თემურ პატარიძე ვართ დუეტში. მე, რა თქმა უნდა, ცუდი რეპერი ვარ.

__ რატომ, ხომ გეხერხებათ კარგად შესრულებაც?

_ უფრო სასაცილოდ რომელსაც გამოუვა, ისე უნდა გაკეთდეს. მთავარია, სასაცილო გამოგვივიდეს და როგორ როლს შევასრულებ, სულ ერთია.

__ თქვენი გოგონა, პატარა ბარბარე, რითი ჰგავს მამას?

_ ფანტასტიკური გოგოა და მართლა ძალიან ნიჭიერი. მუსიკალურადაც ძალიან კარგი მონაცემები აქვს. ახლა ვცდილობთ, ეს მონაცემები უფრო გავაღვივოთ და დავუხვეწოთ. სულ ღიღინებს, მხიარულია და მშობლებთან ერთად თამაში უყვარს. ძალიან უხარია, რომ ახლა დედ-მამა სახლშია, ჩვენთან ერთად ერთობა  და უბედნიერესია.

__ რა პროფესიისაა თქვენი ცოლი?

_ ნათიას კომპიუტერული ტექნოლოგიები აქვს დამთავრებული. ახლა სოციალურ მედიასა და ლოჯისტიკაზე მუშაობს ჩვენთან, „ახალი შაბათის შოუში“.

__ რეკომენდაცია ალბათ თქვენ გაუწიეთ.

_ არა. ადრე იყო საიტი „ვითუბი“ და იქ მუშაობდა. ეს საიტი ვანო ჯავახიშვილისა და ოთო ლომთაძის შექმნილი იყო და ნათიას იქიდან იცნობდნენ. ჩემი ხელი არ ურევია იმაში, რომ ჩვენთან ერთად მუშაობს, ამაში არანაირად ჩავრეულვარ.

__ მოგვიყევით, როგორია თქვენი გაცნობისა და სიყვარულის ამბავი.

_ ნათია მოვიდა გადაცემაში „გააცინე და მოიგე“.   მაშინ ჟიურიში არ ვიჯექი და მისი ნომერი არ მინახავს, მაგრამ შოუში გამოსვლის შემდეგ შევხვდი. მონაწილეები გარეთ იდგნენ და ჩემთან მოვიდა, გამომეცნაურა. იმ პერიოდში „კომედი შოუს“ არხზე გადაცემა „სოლო ხუთეულს“ ვაკეთებდი. მითხრა, მოცეკვავე თუ დაგჭირდება, გამითვალისწინეო.  ყველანაირ ცეკვას კარგად ასრულებს.

__ ეტყობა,  გაითვალისწინეთ.

_ მაშინ ეს გადაცემა უკვე დაახლოებით თვენახევრის დახურული იყო და ნათიამ ეს ამბავი ჯერ არ იცოდა. ჩვენი ურთიერთობა იქიდან დაიწყო. ამის მერე რამდენჯერმე  შევხვდით ერთმანეთს და ჩვენი ამბავი აგორდა და აგორდა.

__ როგორ დასრულდა ნათიას მონაწილეობა შოუში „გააცინე და მოიგე“, მოიგო რამე?

_ ვერაფერი მოიგო. მგონი, 400 ლარზე „ჩაიწვა“, მაგრამ, სამაგიეროდ, მოიგო ქმარი!

__ კარგი იუმორი აქვს?

_ ფანტასტიკური. სხვაგვარად მასთან საერთო ენას ვერ გამოვნახავდი. იუმორი ჩემთვის ყოველთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. მე და ნათია ხშირად ვეხუმრებით ერთმანეთს, ბევრს ვიცინით და ეს ჩვენს შვილსაც ახარებს.

თავიდან ვიზუალით აფასებ, მაგრამ მერე  ურთიერთობაში ხასიათმა უნდა მოგხიბლოს. თავიდან გარეგნობით მომეწონა, მერე _ ურთიერთობაში. რადგან გადავწყვიტე, ჩემი მეუღლე უნდა გამხდარიყო, ესე იგი  ყველანაირად მომწონდა!

ნათია ძალიან კარგი დიასახლისი გამოდგა და ახლა  იზოლაციაში შესანიშნავ კერძებს ამზადებს. ზოგი რამის გაკეთება მეც ვიცი. სამზარეულოს რუბრიკა როცა მიმყავდა, რაღაცები იქ ვისწავლე, მაგრამ სახლში მაინც ნათია ამზადებს.