მარიამ სანოგო: ,,მე და ჩემი ქმარი შვილმა უფრო დაგვამშვიდა”

მარიამ სანოგო: ,,მე და ჩემი ქმარი შვილმა უფრო დაგვამშვიდა",,სარკე”, ლელა დევდარიანი

ფერადკანიანი მოდელი მარიამ სანოგო 15 წლის იყო, როცა პოდიუმზე დადგა და მას შემდეგ საქართველოში ჩვენება არ გამართულა, მონაწილეობა რომ არ მიეღო. მას ტელეკომპანია ,,იმედში” საინფორმაციო გამოშვებაში ამინდის პროგნოზი მიჰყავს, მაგრამ დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, შვილის, ერთი წლის ზურაბის, მოვლასაც მშვენივრად ახერხებს, თუმცა ახლა საგანგებო მდგომარეობამ, როგორც ყველა, ისიც შინ დასვა (ინტერვიუ ჩაწერილია აპრილში).

მარიამის ქმარიც, მსახიობი გიორგი ლაშქარაძე,  კარანტინის გამო სახლშია და ცოლ-ქმარი ახალფეხადგმულ შვილს უკან დასდევენ, თვითიზოლაციაში  დრო მხიარულად გაჰყავთ.

როგორც მარიამმა ,,სარკეს” უთხრა, ცდილობს, ამ პერიოდიდან რაც შეიძლება მეტი  სარგებელი მიიღოს და კარანტინიდან ,,უფრო  მოვლილი, განათლებული, დაბრძენებული და დასვენებული” გამოვიდეს.

– მარიამ, საგანგებო მდგომარეობამ როგორ შეცვალა თქვენი დღის გრაფიკი?

– როგორც ყველა, მეც სახლში ვზივარ. ქვეყანაში სანამ საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდებოდა, ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობდი, მაგრამ ახლა კორესპონდენტებიც კი სახლებიდან მუშაობენ. გადაწყდა, რომ სტუდიები დროებით დაგვეტოვებინა.ძალიან საინტერესო იქნებოდა სახლიდან ჩართვა, მაგრამ ორგანიზებას იმხელა დრო და რესურსი სჭირდება, ამის გაკეთება ვერ მოხერხდა.

კომენდანტის საათი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება და არ მინდა ამდენი ხნით სახლში უსაქმოდ ჯდომა. მართალია, ვცდილობ, არ მოვიწყინო, მაგრამ კარგი იქნება, სამსახურში თუ ვივლი.

– როგორ გაგყავთ დრო?

– ძალიან სასიამოვნოდ. მთელი ოჯახი ერთად ვატარებთ დროს. ჩვენ, ბავშვი და ჩვენი ძაღლი სრულ იდილიაში ვართ. რაღაცებს ვაცხობთ და ვართ ერთ ამბავში. შეიძლება ითქვას, რომ ვისვენებ.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გადატვირთული გრაფიკი მქონდა – მუდმივად გადაღებები, გადარბენები და ძალიან გადავიღალე. ჩემი დღის გრაფიკს ბავშვის მიხედვით ვაწყობ ხოლმე. გადაღებებსა და შეხვედრებსაც დღის მეორე ნახევარში ვგეგმავ, რომ ძირითადი დრო შვილთან ერთად ვიყო.

– კარგია, რომ დადებითი მხარეებიც აღმოაჩინეთ ამ სიტუაციაში.

– კარანტინმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა. ჩემი და ჩემი მეუღლის გრაფიკი ერთმანეთს არ ემთხვევა. ის დღის განმავლობაში მუშაობდა და საღამოს სახლში იყო, მე კი პირიქით, საღამოს ვმუშაობდი. ამ გამოცდის დადებითი მხარეა ის, რომ ახლა ყველანი ერთად ვართ, ერთად ვზრუნავთ ბავშვზე, ერთმანეთზე და ეს ყველაფერი ძალიან მომწონს.

ამას ისე ვუყურებ, როგორც უბრალოდ არდადეგებს, რომ სტრესი არ მივიღო. ძალიან მიხარია, რომ ბევრი დრო გამომიჩნდა ბევრი საქმისთვის, რომლებიც გადადებული მქონდა. გადადებული წიგნები გავაცოცხლე, გადადებულ ფილმებს ვუყურე. დრო მაქვს, რომ წყნარად ვიჯდე და ინტერნეტსიახლეებს გავეცნო. მოკლედ, არ ვიწყენ.

– როცა თქვენი და თქვენი ქმრის სამუშაო გრაფიკი ერთმანეთს ემთხვევა, მაშინ ვინ გეხმარებათ შვილის  გაზრდაში, ვისთან ტოვებთ თქვენს პატარას?

– ოჯახის წევრები და ახლობლები სულ ცდილობენ, დაგვეხმარონ. ძიძა არ გვყავს. მე და ჩემს მეუღლეს რეჟიმი კარგად გვაქვს აწყობილი, რომ შვილს მოვუაროთ.

გადაუდებელი და გამოუვალი მდგომარეობა თუ არის, შვილი თან მიმყავს, თუ, რა თქმა უნდა, იქ ბავშვისთვის საჭირო გარემოა. ეს მასაც  ძალიან მოსწონს და ერთობა.

ჩემი ბიჭუნა ძალიან კომუნიკაბელურია, უყვარს ხალხთან კონტაქტი, ცხოველები და მეც მშვიდად ვარ, როცა ჩემთან ერთად არის. მის წაყვანას თუ ვერ ვახერხებ, მაშინ ოჯახის რომელიმე წევრს ვუტოვებ.

– ცოლ-ქმრის ურთიერთობაში რა შეცვალა შვილის დაბადებამ?

– ყველაფერი. ბევრად უფრო მშვიდები გავხდით. სახლში სულ სიწყნარეა. როცა სძინავს, ვცდილობთ, ზედმეტად არ ვიხმაუროთ. ჩვენი ძაღლიც გადაეჩვია ყეფას და მეზობლებიც დაასვენა. ცოლ-ქმრის ცხოვრებაში შვილს ძალიან დიდი იდილია შემოაქვს. გვიხარია, რომ ხან ერთს ვამსგავსებთ, ხან – მეორეს.

– შვილი რომ გეყოლათ, მაშინ ,,სარკეს” უთხარით, რომ გარეგნობით უფრო თქვენ გგავდათ. ახლა ვის ამსგავსებთ?

– თავიდან უფრო მე მგავდა, ახლა მამას ემსგავსება და ძალიან მიხარია. ყველა გვეუბნება, რომ ორივეს საკმაოდ გვგავს.

– ალბათ უკვე ამბობს პირველ სიტყვებს და ცელქობს კიდეც.

– პირველი სიტყვა ,,დედა” თქვა და დღემდე მტკიცედ იძახის სხვადასხვა ინტონაციით. გააჩნია საჭიროებას, რას ითხოვს. პერიოდულად “მამასაც” ამბობს.

პირველი 6-7 თვე ძალიან მშვიდი ბავშვი იყო და საქმე ამანაც გამიმარტივა, კარგად ეძინა, კარგად ჭამდა, არ ტიროდა. ახლა უკვე სიარული დაიწყო და ძალიან გაცელქდა, ყველაფერს დაბლა ყრის. მუდმივად უკან დავყვებით, რომ სადმე არ შეძვრეს. მეტრის სიმაღლეზე ყველაფერი ალაგებული გვაქვს, დენის ჩამრთველებს დამცავები დავუყენეთ.

ვცდილობ, ბევრი ველაპარაკოთ, მუსიკას ვასმენინებთ. უკვე თავისი გემოვნება აქვს და ზოგი მუსიკა მოსწონს, ზოგი – არა. რამდენიმე მუსიკოსი ჰყავს ამოჩემებული. სხვათა შორის, ჰიპ ჰოპი ძალიან მოსწონს.

სხვადასხვა პედიატრთან გავდივარ კონსულტაციებს, სხვადასხვა ლიტერატურას ვკითხულობ და ყველგან ხაზგასმულია, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ბავშვის კომუნიკაცია გაჯეტებთან (მაღალტექნოლოგიური მოწყობილობები – რედ.შენ.) და ტელევიზორთან. ძალიან იშვიათად შეიძლება 10 წუთით ჩავურთოთ, თუ აღარ ისვენებს და ჩვენც ძალიან გადაღლილები ვართ.

ვეთამაშებით, რომ სულ დაკავებული იყოს, გაერთოს. რა თქმა უნდა, ჩვენი ძაღლიც არ აძლევს მოწყენის საშუალებას, უფრო სწორად, ზუკა არ აძლევს ძაღლს მოწყენის საშუალებას, მუდმივად კუდში დასდევს.

– ბევრი მშობელი წინასწარ ადგენს შვილის მომავალს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მისი ცხოვრება, მის არჩევანს, გადაწყვეტილებებს როგორ შეხვდებით?

– მისი მომავლისთვის მთავარი არის, იყოს ჯანმრთელი და ჯანსაღი ფსიქიკის პატრონი. ვცდილობ, ამ მხრივ, ყველანაირად შევუწყო ხელი. დანარჩენი, კარიერა და პირადი ცხოვრება, მისი გადასაწყვეტია. თავად აირჩევს, როგორი პერსონაჟი იქნება ამ ცხოვრებაში და როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება.

ვეცდები, მასში რაც შეიძლება მეტი ჩავდო და დანარჩენი უკვე თავისი გადასაწყვეტი იქნება. მომხრე ვარ, რომ ბავშვებს თავისუფლება მივცეთ და უბრალოდ დავეხმაროთ არჩეული მიზნის მიღწევაში.

– ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ შვილმა ძალიან შეგცვალათ.

– ასეა, გადაფასების ეტაპი გამატარა. არასაჭირო მოვლენებსა და ფაქტებს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ. კონცენტრირებული ვარ იმაზე, რაც ჩემი შვილისთვის და ჩემთვის არის მნიშვნელოვანი.

– ჩვენს ქვეყანაში ასეთი სტერეოტიპია, რომ ქალს ან ოჯახი უნდა ჰქონდეს, ან კარიერა, რადგან ორი რამის შეთავსებას ვერ ახერხებს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

– ჩემი პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ  რთული არაფერია.  შეგიძლიათ, ძალიან ბევრი რჩევა მოიძიოთ ინტერნეტშიც, თუ როგორ შეუთავსოთ  კარიერა და ბავშვის გაზრდა ერთმანეთს. საერთოდ, რაც უფრო შემდგარი ხარ შენს პირად საქმიანობასა და კარიერაში, უფრო შემდგარი ხარ, როგორც მშობელი.

ჩემი აზრით, თავის პროფესიაში კარგად განვითარებული ადამიანი ყოველთვის კარგი მშობელია, თუ, რა თქმა უნდა, მონდომებულია. იმას არ ვამბობ, რომ, ვთქვათ, კარგი კარიერისტი აუცილებლად კარგი მშობელია, მაგრამ მონდომების შემთხვევაში მოახერხებს იყოს, როგორც ფანტასტიკური დედა, ასევე ძალიან წარმატებული ადამიანი.

– ოჯახის საქმეებს და კარიერას თავის მოვლასაც ასეთივე წარმატებით შეუთავსებს? მაგალითად, თქვენ მშობიარობის შემდეგ მალევე შესანიშნავ ფორმაში ჩადექით. როგორ მოახერხეთ ეს?

– ბავშვი როცა გყავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა მოდუნდე და ყველაფერი თავის ნებაზე მიუშვა. უფრო სწრაფად უნდა მოახერხო ყველაფერი, რასაც მანამდე აკეთებდი. ახლა უფრო ნაკლები დრო მაქვს და ორგანიზებული უნდა ვიყო ყველა საკითხში.

ერთადერთი, რაც ვერ მოვახერხე, ვარჯიშია – ვერ დავუბრუნდი. საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი მაქვს და ჯერჯერობით დრო ვერ გამოვნახე დარბაზში სავარჯიშოდ. თუმცა სახლში იოგით ვარ დაკავებული. ძალიან მიყვარს და ორსულობის პერიოდშიც ხშირად ვვარჯიშობდი. დღეში ნახევარი საათიც რომ გამოვყოთ, სხეული მუდმივად ტონუსში იქნება.

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირი მაკიაჟის კეთება მიწევს, ამიტომ კანის მოვლას განსაკუთრებულ  ყურადღებას ვაქცევ. ახლა ფანტასტიკური პერიოდი მაქვს. სახლში ვარ და კანს ვასვენებ. ყოველდღიურად ვიკეთებ სხვადასხვა ნიღბებს ხან თმაზე, ხან – სახეზე.

მოკლედ, კარანტინიდან ძალიან დასვენებულები, მოვლილები, განათლებულები და დაბრძენსებულები გამოვალთ.