მარიამ კუბლაშვილი: ,,ჩემმა ქმარმა აღმოაჩინა, რომ კარგი ცოლი ვყოფილვარ”

მარიამ კუბლაშვილი: ,,ჩემმა ქმარმა აღმოაჩინა, რომ კარგი ცოლი ვყოფილვარ"ავთო ჩიტიძე, სარკე

ხმაურიანმა ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა და მისმა ქმარმა, მსახიობმა ლევან ხურციამ, იძულებით სახლში ყოფნის რეჟიმში უფრო მეტი სარგებელი ნახეს, ვიდრე დისკომფორტი. მარიამი თვლის, რომ შეცვლილი ცხოვრების რეალობამ ის ოჯახში დააბრუნა, რომელსაც ხშირად მოწყვეტილი იყო და რომელიც თურმე ენატრებოდა. თუმცა ადვოკატის ცხოვრება პროფესიულად ისევ  დატვირთულია _  სასამართლო პროცესებს ონლაინ რეჟიმით ესწრება.

სახლში ყოფნამ ის შედეგი გამოიღო, რომ მარიამი დიდი მონდომებით ამზადებს კულინარიულ შედევრებს და ამიტომ საზრუნავი დაემატა _  წონის შენარჩუნება,  ამიტომ ცოლ-ქმარი სახლში ინტენსიურად ვარჯიშობენ.

ყველაზე უფუნქციო ახლა მისი გარდერობია, რომლის საგაზაფხულოდ განახლება მარიამს საკმაოდ ძვირი დაუჯდა.

ადვოკატმა „სარკესთან“ ახალ რეალობასა და საკუთარ თავში მომხდარ დიდ ცვლილებებზე ისაუბრა. ინტერვიუ კომენდანტის საათის დროს არის ჩაწერილი.

__ მარიამ, როგორ მიიღეთ ცხოვრების ახალი წესი და რა არის თქვენთვის დღევანდელობაში ყველაზე სტრესული?

_ გაგიკვირდებათ და, სრულიად არადეპრესიული ფონი მაქვს. მხოლოდ ის ფაქტი მაღელვებს, რომ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა. რაც შეეხება სხვა გარემოებებს, რომ ადამიანები დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს, მოხდა ღირებულებების გადაფასება, შეიცვალა სურვილები და პრიორიტეტები, ეს ყველაფერი მისაღებია ჩემთვის. სულ სხვანაირი სიმშვიდე მაქვს იმის გამო, რომ ვარ სახლში.

დისტანციურად მუშაობა შემიძლია და სასამართლო პროცესებსაც დისტანციურად ვესწრები. აღმოჩნდა, რომ ჩემს საქმესაც ვაკეთებ და სახლშიც ვარ. ახლა მივხვდი, რამდენი დრო მეკარგებოდა გზებზე გადაადგილებაში, მაღაზიებსა თუ სხვადასხვა არაფრისმომცემ შეხვედრებზე სიარულში… ეს პერიოდი იდეალურია თვითგანვითარებისთვის.

ჩვენ, ადამიანები, არანორმალურად ვიქცეოდით. ფეისბუქპოსტებშიც ხშირად ვწერდი, რომ ცხოვრების მოცემული სტილი გვაშორებდა შვილებს, ოჯახს. სულ განვიცდიდი, რომ ოჯახს სათანადო დროს ვერ ვუთმობდი, ახლა კი დროც და რესურსებიც დავზოგე. გამოვიძინე, თვალებიდან გამოვიხედე, წიგნი წავიკითხე. ახლა აშკარად უფრო მეტი დრო მაქვს განვითარებისთვის, ვიდრე მქონდა.

__ უფრო კონკრეტულად,  როგორია თქვენი დღევანდელი ყოფა?

_ დილას ვდგები, ვლოცულობ, დღეგამოშვებით ვვარჯიშობ. ვარჯიში ძალიან მეზარება, მაგრამ თავს ვაიძულებ. საათნახევარი-ორი საათი აუცილებლად უნდა ვიკითხო წიგნი. საღამოს ერთ კარგ ფილმს ვნახულობ. შუალედში კი ბავშვებთან ვარ.

კულინარია ჩემი ჰობი აქამდეც იყო, ახლა კი უფრო მეტი საშუალება მაქვს, ბევრი კერძი გავაკეთო. ცხობა ძალიან მამშვიდებს. გამოძინებასაც კარგად ვახერხებ. ჩემი შინაგანი სიმშვიდე ალბათ იმის შედეგია, რომ საშუალება მომეცა,  ოჯახის წევრებზე ვიზრუნო, რაც ყოველთვის მაკლდა.

__ არ გენატრებათ გამოპრანჭვა, საქმიანი შეხვედრები,  სოციალური ურთიერთობები, კაფე-ბარები…

_ რატომღაც – არა. ოჯახურ სიმყუდროვეს ალბათ ძალიან მონატრებული ვიყავი და ამიტომ ამით ვივსები. რა თქმა უნდა, ჩემი გარდერობი მენანება და, როცა გამოვხსნი კარს, ვხვდები, ამ ტანსაცმელში რამხელა ფულს ვიხდიდი. როცა ჩემს გარდერობს ვუყურებ, მრცხვენია ჩემი შვილების და ზოგადად ადამიანების, რომ შემოსავლის ნახევარზე მეტს ამ ნივთებში ვხარჯავდი.

წარმოიდგინეთ, ყოველ დილით რომ აღარ მაქვს პანიკა, რა ჩავიცვა… ახლა ჩემი მთავარი საზრუნავია, დილით მეუღლისა და შვილების წინაშე გამოვიყურებოდე ლამაზად და აღარ ვფიქრობ ეტიკეტებსა და მოდურ ტენდენციებზე.

თავის მოვლის პროცედურების ჩატარებას სახლის პირობებშიც მშვენივრად ვახერხებ,  ნიღბებსაც თავად ვიკეთებ.  ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ, როცა ჩემს გამოტენილ გარდერობს ვუყურებ, ხმამაღლა ვეუბნები: ,,თქვენ აღარ ხართ ღირებული!”.

დარწმუნებული ვარ, ეს კორონავირუსი მალე გადაივლის და ადამიანები შეცვლილი შეხედულებებით დაუბრუნდებიან ცხოვრებას.

__ რა ცვლილებებს ელოდებით?

_ ნებისმიერი ჭკვიანი და ღვთის მოშიში ადამიანი აუცილებლად შეიცვლება. ვფიქრობ, ადამიანები უფრო კეთილები და დაფიქრებულები გახდებიან. თბილისში     სანაპიროზე გამოდის ჩემი სახლის ფანჯრები და ახლა ვხვდები, ჩვენ ირგვლივ რა ხმაური იყო. კომენდანტის საათმა მაგრძნობინა, რომ ამ სახლში ასე მშვიდად არასდროს დამიძინია.

იმასაც კი ვამბობ, რომ გარკვეული დოზით ეს შეზღუდვები მერეც უნდა დარჩეს ჩვენს ცხოვრებაში.  მაგალითად, მივესალმები იმ შეზღუდვას, რომელიც აიძულებს, რომ 9 საათის მერე ყველა ქმარი და ყველა ცოლი ოჯახში იყოს.

ზოგისთვის ასეთი ოჯახური ცხოვრება იმაზე დაფიქრების მიზეზიც გახდება, ნამდვილად იმ ადამიანის გვერდით ცხოვრობს თუ არა, ვინც უნდა. სტატისტიკამ ბევრ ქვეყანაში აჩვენა, რომ ასეთი იზოლირებული ცხოვრების შემდეგ ბევრი წყვილი შორდება კიდეც.

ერთადერთი, იმაზე ვნერვიულობ, რომ ოჯახურმა  ძალადობებმა არ მოიმატოს. წარმოიდგინეთ, ის ქალები, რომლებიც მოძალადე კაცების გვერდით ცხოვრობენ, რამხელა რისკის ქვეშ არიან.

__ სახლის რეჟიმით ცხოვრება თქვენს ქმარს არ უჭირს?

_ საერთოდ მამაკაცები უფრო სუსტები არიან, თუნდაც ტკივილის, დეპრესიის წინაშე. ყველაზე მეტად განიცდიან ეკონომიკურ მდგომარეობას – რა იქნება ამ კრიზისის მერე.

ლევანი ამბობს, რომ უჭირს მთელი დღე სახლში ყოფნა და ამიტომ ვცდილობ, მაქსიმალურად გავახალისო. აგარაკი გვაქვს და ვცდილობთ, ყველანი ავიდეთ და იქ მიწის სამუშაოებით დავკავდეთ. როცა ლევანი მომავალსა და ეკონომიკურ  ფაქტორებზე დაფიქრდება ხოლმე, სულ ვანუგეშებ, რომ თუ საჭირო გახდება, ჩემს კაბინეტს დავთმობ და მიწის დამუშავებას დავიწყებ.

ჩემი ბავშვობის ოცნებაა, რომ მშობლიურ კუთხეში (პანკისი, რედ.შენ.) მქონდეს რძის და ნატურალური ბოსტნეულის საწარმოები, ამიტომ მომავლის არ მეშინია.

__ ამ პერიოდში, როცა სახლში დიდ დროს ატარებთ, თქვენი და ლევანის ურთიერთობაში რა აღმოჩენები გააკეთეთ?

_ აღმოვაჩინეთ, რომ ერთად ყოფნით უფრო ბედნიერები ვართ. ახლა ვხვდები, რამდენ ყურადღებას ვაკლებდი, თუნდაც ქმარს. ისეთი დაღლილი ვბრუნდებოდი სახლში, არც ქმართან ლაპარაკის თავი მქონდა და არც ბავშვებთან. რაც სახლში ვარ, ლევანისგან სულ იმას ვისმენ, თურმე რა კარგი ცოლი ვყოფილვარ.

შვილები ჯერ კიდევ ვერ ეგუებიან იმ აზრს, რომ არსად მივდივარ. ჩემი პატარა იმდენად ბედნიერია სახლში დედის  ყოფნით, რომ სიხარულისგან არაადეკვატურადაც კი იქცევა. აღმოვაჩინე, რომ კომპიუტერისკენ და ,,გაჯეტებისკენ” (მაღალტექნოლოგიური დანიშნულების ხელსაწყოები,  რედ.შენ.)  გახედვაც არ უნდათ, მე თუ ვეთამაშები. ახლა მაქვს იმდენი დრო, რომ ვეთამაშო.

სულ ვამბობდი და ახლაც დავრწმუნდი, რომ ბავშვები, რომლებიც მშობლების გარეშე იზრდებიან,  აგრესიულები ხდებიან და უამრავი კომპლექსი უვითარდებათ.

__ ისე აღწერთ,  თითქოს ეს  რეჟიმი ზუსტად სათქვენო ყოფილა. ნუთუ არანაირ დისკომფორტს გრძნობთ?

_ მთავარი დისკომფორტი გასუქებაა. ჩემი  საფიქრალი და სანერვიულოა, არ გავსუქდე. სახლში რომ ვარ, ჭამისგან თავს ვერ ვიკავებ. ლევანიც ძალიან ნერვიულობს, რომ წონაში არ მოიმატოს და ამიტომ სახლში ერთად ვვარჯიშობთ.

ახლა ლევანის მონაწილეობით სერიალი გადის რუსულ არხზე და საღამოობით ერთად ვუყურებთ. ძალიან აზარტული და ჩამთრევი აღმოჩნდა.

__ლევანი მონაწილეობს რუსულ სერიალ „ქოლ ცენტრში“. ალბათ ამის გამო ოჯახიდან დიდი ხნით მოუწია წასვლა.

_ კი, სამი თვე მოუწია მოსკოვში საცხოვრებლად გადასვლა. მას უქირავეს ბინა, მანქანა და ორჯერ მეც ჩავედი. მართლა ძალიან კარგი სერიალი აღმოჩნდა. როგორც მაყურებელი, ჩათრეული ვარ.

რა თქმა უნდა, როცა შემოთავაზება ჰქონდა და გავიგე, რომ სამი თვე მოუწევდა წასვლა, არ მესიამოვნა, მაგრამ რომ ვნახე, ვინ იღებდა და რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ლევანისთვის ეს პროექტი, არ გამიპროტესტებია.

ამ პერიოდში მივხვდი და კარგად გავაცნობიერე მსახიობის ცხოვრების სირთულეები. მაგალითად, ხვალ კიდევ რომ ჰქონდეს შემოთავაზება ან რუსეთიდან, ან ჰოლივუდიდან, შეიძლება ერთი წლით ან უფრო მეტითაც მოუწიოს წასვლა და ოჯახის დატოვება.

ამ რეალობამ ცოტა შემაშინა, მაგრამ ჩემს ეგოიზმს ყოველთვის გადავწევ გვერდით და ლევანს ხელს შევუწყობ, რომ რაც შეიძლება მეტ და საინტერესო პროექტში იყოს ჩართული.

__ თუმცა ლევანისთვისაც რთულია ხმაურიანი ადვოკატის ქმრობა. მახსენდება მისი ღია წერილი, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილს გაუგზავნა თქვენთან დაკავშირებით

_ საერთოდ წინააღმდეგი იყო, რომ მაჩალიკაშვილების საქმეში ასეთი აქტიური ვიყავი. ამის გამო ხშირად ვკამათობდით, მაგრამ მე ვახსენებდი ჩვენს შეთანხმებას, რომ ერთმანეთის პროფესიულ საქმეებში არ ჩავერეოდით და არ შევზღუდავდით.

მე ვარ ძალიან პირდაპირი ადამიანი და არა – დიპლომატი, ამიტომ ჩემი განცხადებები ყოველთვის უფრო ხმაურიანი გამოდის. როცა უსამართლობას ვხედავ, არ შემიძლია, სათქმელი ბოლოდე არ ვთქვა. ეს კი იწვევს იმას, რომ ვიღაცები მიპირისპირდებიან. მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ, ლევანისთვის კი ძნელია და ამას პირად შეურაცხყოფად აღიქვამს.

ვეუბნები, რომ საკითხს ასე არ უნდა მიუდგეს,  ვუხსნი, რომ ჩემი ცხოვრება ჯუნგლების ცხოვრების წესზეა აგებული, რომ ხშირად მიწევს ვა ბანკზე წასვლა, როცა ვიცი, სიმართლე ჩემს ხელშია.

ჩემი ქმარი ხშირად დეპრესიაში აღმოჩენილა იმის გამო, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა. ძალიან რთულია, ქმარს ვუთხრა, შენი მამაკაცური მენტალობა გვერდზე გასწიე და ისე მიიღე ის დაპირისპირებები, რაც ჩემს პროფესიას მოაქვს-მეთქი. ელისო კილაძის შვილი პირდაპირ გინებაზეა გადასული და მაგას როგორ უნდა ავყვე, თუმცა ამის ატანა მამაკაცისთვის რთულია.

­­ __ დაბოლოს, როცა აღარ მოგვიწევს სახლში იძულებით დარჩენა და ცხოვრების ჩვეულ სტილს დავუბრუნდებით, რას გააკეთებთ პირველს?

_სილამაზის სალონსში და კოსმეტოლოგთან წავალ. ადვილად დავუბრუნდები ცხოვრების ძველ წესს, მაგრამ კორექტივებით. ოჯახს ყოველთვის უფრო მეტ დროს დავუთმობ, ვიდრე აქამდე ვუთმობდი. როგორც ამბობენ, ზოგი ჭირი მარგებელიაო და ჩემს შემთხვევაში ეს ამართლებს.