გივი პაპავა: ,,ცოლის მშობიარობას დავესწარი და არ ვიცოდი, მეყვირა თუ მეტირა”

გივი პაპავა: ,,ცოლის მშობიარობას დავესწარი და არ ვიცოდი, მეყვირა თუ მეტირა",,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

,,კომედი შოუს” იუმორისტის, გივი პაპავას, ცხოვრება ახლა ასეთია – ცოლთან ერთად 2 თვის გაბრიელს უვლის, პამპერსებს უცვლის, საჭმელსაც უკეთებს, არც სახლის დალაგებას თაკილობს და არც ჭურჭლის გარეცხვას. მოკლედ, მასში თითქოს სულ სხვა ადამიანი დაიბადა და შვილის გვერდით ყოველ წუთში აღმოჩენებს აკეთებს. შეცვლილ ყოველდღიურობასა და ახალბედა მამის ემოციებზე იმერელმა იუმორისტმა ,,სარკეს” უამბო.

– გივი, პირველ რიგში, გილოცავთ შვილის დაბადებას! რა განცდა ყოფილა მამობა?

– რამდენიც უნდა ვილაპარაკო, ვერასოდეს გადმოვცემ იმ ემოციას, რასაც ვგრძნობ. მამობამდე რამდენიმე ეტაპი იყო. როცა ჩემი ცოლის ორსულობის შესახებ, გავიგე, ეს ძალიან მაგარი შეგრძნება იყო. როცა მუცელი დაეტყო და ბავშვმა მოძრაობა დაიწყო, უკვე გავაცნობიერე, რომ მამა ვხდებოდი.

– ხომ არ დაესწარით ცოლის მშობიარობას?

– დიახ, დავესწარი და არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა – მეყვირა, მეტირა თუ ჩუმად ვყოფილიყავი. ვერც ერთი მამა და მშობელი გამოთქვამს იმ ემოციას, რასაც შვილის ქვეყანაზე მოვლინება ჰქვია. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მშობელი ხდება, თვითონაც შვილთან ერთად იბადება.

გაბრიელმა რადიკალურად შემცვალა, სხვა ადამიანი გამხადა. სახლში დროულად მოსვლა არც მე მიყვარდა და არც ჩემს მეუღლეს, დღეს კი ერთი სული მაქვს, სახლში როდის მივალ, პატარას როდის ჩავეხუტები და ვეთამაშები.

სხვათა შორის, ჩემი მეუღლე როცა ორსულად იყო, მაშინ წავიკითხე, რომ ბავშვს მშობლების მუცლადყოფნის დროსაც ესმისო. როცა სამსახურიდან მოვდიოდი, ყოველთვის ვუყვებოდი, როგორი იყო ჩემი დღე, რა გავაკეთე და ა.შ. ახლაც ველაპარაკები და ვგრძნობ, რომ მისმენს.

ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს. ახლა ჩემს სახლში ორი თოთო ბავშვია – მე და ჩემი შვილი. როცა სახლში მოვდივარ, მეც ჩვილი გაბრიელი ვხდები.

– როგორი ბავშვია, ხომ არ ტირის?

– მიუხედავად იმისა, რომ მეც და ჩემი მეუღლეც აქტიურები და ენერგიულები ვართ, ბავშვი მშვიდი და წყნარია, რაღაცნაირი დინჯი თვალებით იყურება და ისეთი განცდა გვრჩება, რომ გვისმენს. მხოლოდ იმ დროს ტირის, როცა შია. ბავშვი კი არა, მეც ცუდ ხასიათზე ვდგები, როცა მშია. როცა ტირის, როგორც კი დაველაპარაკები, მაშინვე ჩუმდება.

– გვერდს ვერ ავუვლით აქტუალურ თემას – კორონავირუსს. ხომ არ შეგაშინათ პანდემიამ?

– შეშინებულები ნამდვილად არ ვართ, მაგრამ ვიცავთ ყველა რეკომენდაციას, რომლებსაც მთავრობა გვაძლევს (ინტერვიუ ჩაწერილია მარტში _ ,,სარკენიუსი”). სახლიდან არ გავდივარ და ჩემს მეუღლესთან და შვილთან ერთად ვარ. ახლა პანიკაში ჩავარდნის დრო არ არის, იზოლირებულები უნდა ვიყოთ და მგონია, რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდება, კორონავირუსს დავამარცხებთ.

– ხელისუფლების მოწოდებამ, რომ სახლში დავრჩეთ და თვითიზოლაციაში ვიყოთ, სამსახურში პრობლემები ხომ არ შეგიქმნათ?

– ხელი შეგვიშალა, ბიჭები შვებულებაში ვართ, რადგან დისტანციურად მუშაობა არ გამოგვდის. სკეტჩები გვაქვს ჩასაწერი და ადგილზე უნდა ვიყოთ. იმედი მაქვს, მალე დავბრუნდებით და მუშაობას დავიწყებთ. სკეტჩების მარაგი გვქონდა. საერთოდ ყოველთვის გვაქვს ხოლმე სკეტჩების ორკვირიანი თადარიგი და იმ დროს, როცა ჩვენ ვისვენებთ, მაყურებელი ახალ-ახალ და ძალიან სახალისო სკეტჩებს ნახავს.

ჩემი პერსონაჟებიდან ძალიან მოსწონთ უშნო გასათხოვარი დები. ამ სკეტჩს მილიონზე მეტი ნახვა აქვს. მოსწონთ გიგანტიჩიც, მოკლე გივია, თეა წულუკიანის როლი…

– კმაყოფილები ხართ რეიტინგით?

– დიახ, სტაბილურად მივყვებით რეიტინგს. თვალს ვადევნებთ ჩვენი მეგობრების პროდუქტს “მთავარ არხზე”. კონკურენცია იუმორისტს ზრდის და მაყურებელი უფრო მოგებული რჩება. ახლა უკვე ყველა იუმორისტი მობილიზებულია, რომ მისი ტელეპროდუქტი სჯობდეს სხვისას და ეს ძალიან კარგია.

– აქტიური ცხოვრების მოყვარულს არ გიჭირთ სახლში გამოკეტვა?

– მართლაც ძალიან აქტიურად ვცხოვრობ. “რუსთავი 2”-ის შემდეგ ბავშვთა გასართობ ცენტრში მივდიოდი, ასევე – მეგობრები, ოჯახი… მუდმივად გადარბენაზე ვიყავი. ბავშვთა გასართობი ცენტრი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე დაიხურა. მშობლები შეშინდნენ და ამ პანიკამდე ორი კვირით ადრე შეწყდა დაბადების დღეების გადახდა. იქ ბევრი ხალხი იკრიბებოდა და, რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების დიდი საფრთხე იყო.

ახლა ცოტა უცნაურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და აქტიური ცხოვრებიდან მოწყვეტა გამიჭირდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფერს პლუსიც აქვს – ახლა ბავშვთან და მეუღლესთან ვატარებ დროს. ასე რომ, მაინც მარტივად გადის დღეები.

– ლამის მთელი მსოფლიო სახლშია გამოკეტილი და ხალხი ახალ-ახალ რაღაცებს იგონებს, ზოგმა საკუთარ თავში სხვადასხვა ნიჭი აღმოაჩინა, ზოგმა ახლა მოიცალა ჰობისთვის და რაღაცების კეთება დაიწყო. ამ მხრივ, თქვენც ხომ არ წაგადგათ თვითიზოლაცია?

– სხვათა შორის, აღმოვაჩინე, რომ ძალიან მარტივად შემიძლია, ბავშვს პამპერსი გამოვუცვალო და საჭმელი გავუკეთო, ასევე – შეძლებისდაგვარად ჭურჭელი დავრეცხო, მეუღლეს სახლის დალაგებაში დავეხმარო და ა.შ. ყველაზე დიდი აღმოჩენა კი ის იყო, რომ თურმე ერბოკვერცხი საოცრად გემრიელად გამომდის.

– ამ თავისუფალი დღეებით ხომ არ ისარგებლებთ და მშობლიურ იმერეთს ესტუმრებით?

– ბავშვთან ერთად წასვლა-წამოსვლას ვერიდები. სოფელში მუდმივად ხალხმრავლობაა, მეზობლები ერთმანეთში მიდი-მოდიან და თვითიზოლაციას ვერანაირად დაიცავ. მირჩევნია, თბილისში მაქსიმალურად იზოლირებულები ვიყოთ.

– რელაქსაციისთვის ჭიქა ღვინო კარგიაო, ამბობენ. თქვენ თუ იყენებთ ამ ღვთიურ სითხეს თვითიზოლაციის დროს?

– ღვინოს საერთოდ არ ვსვამ, რადგან ჩემი ორგანიზმი ვერ იღებს, სხვა ალკოჰოლურ სასმელებს კი ზომაზე მეტს ვსვამ და თამადაც ვარ ხოლმე, რა თქმა უნდა, არა – ახლა. ბევრი იფიქრებს, ეს ორ-სამ ჭიქაში დათვრებაო, მაგრამ ასე არ არის. ტრადიციული თამადობა არ მიყვარს და არც განსხვავებულ სასმელებს ვეტანები.