გიორგი გაბუნია: ,,პანდემია გადაივლის თუ არა, მეორე დღესვე ცოლი მომყავს!”

გიორგი გაბუნია: ,,პანდემია გადაივლის თუ არა, მეორე დღესვე ცოლი მომყავს!",,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

იუმორისტი გიორგი გაბუნია თავის საქმეს და მაყურებელს ვერ ღალატობს, კვირაში ერთ დღეს ტელეკომპანია ,,იმედში” მიდის, რომ თავისი შოუსთვის მონოლოგი ჩაწეროს.

ახლა მისი მიზანი ადამიანებისთვის პოზიტიური განწყობის შექმნაა, რომ სტრესულ სიტუაციაში ყოფნა როგორმე შეუმსუბუქოს. პანდემიამ არამარტო მისი საქმიანი რეჟიმი შეცვალა, იუმორისტის პირად ცხოვრებაშიც კორექტივები შეიტანა. ამ ყველაფერზე გიორგი თავად გვიამბობს (ინტერვიუ ჩაწერილია აპრილში).

_ გიორგი, რა ფორმატში გააგრძელებს მუშაობას „გიორგი გაბუნიას შოუ”?

_ გადაცემების უმეტესობა წინასწარ იწერება ხოლმე, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკას“ და ა.შ. ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობა რომ დაიძაბა, სანამ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა,  რამდენიმე გადაცემა წინასწარ გაკეთდა.

რაც შეეხება ჩვენს შოუს, წინასწარ ვერ ჩავწერდით, რადგან მონოლოგები დროსთან მიმართებაში ადეკვატური უნდა იყოს და ყურადღება აქტუალურ თემებზე უნდა გამახვილდეს. შესაბამისად, ყოველ ხუთშაბათს უნდა მივიდე სამსახურში და ჩავწერო.

_ როგორი სიტუაციაა ტელეკომპანიაში, იგრძნობა დაძაბულობა?

_ მდგომარეობა ნამდვილად დაძაბულია, ყველა რაღაცას ვერიდებით, სიფრთხილეს ვიჩენთ. მოგეხსენებათ, ტელევიზიაში უამრავი ადამიანი მოძრაობს  და რაღაცნაირად საფრთხის შემცველია, მაგრამ, ისედაც სტრესში მყოფ და დაღვრემილ ადამიანებს გასართობი შოუები რომ მოაკლდეს, მათზე ცუდად იმოქმედებს, ამიტომ ვმუშაობთ.

ეს პროფესია რადგან ავირჩიე, მინდა, ბოლომდე ჩემი მაყურებლის ერთგული დავრჩე. რისკის ფასად მაინც ვცდილობთ, ტელეკომპანიაში მივიდეთ და გავაკეთოთ ის, რაც გასაკეთებელია.

მოკლედ, „გიორგი გაბუნიას ღამის შოუ“ იქამდე გაგრძელდება, სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება, ვინც იტყვის, სურვილი მაქვს, ამ გადაცემას ვუყუროო.

_ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ შოუში აღნიშნეთ, რომ საკუთარ თავს ყველაზე მაგარ იუმორისტად მიიჩნევთ. კონკრეტულად რა იგულისხმეთ, რითი ხართ გამორჩეული?

_ მიხარია, რომ ეს შეკითხვა დამისვით, რადგან ჩემს ამ ნათქვამს რამდენიმე ადამიანის განცხადება მოჰყვა, რომ თითქოს თავში რაღაც ამივარდა და ა.შ. ნებისმიერი ადამიანი ფიქრობს, რომ იმ სფეროში, სადაც ის არის, საუკეთესოა. იმ შემთხვევაში, ასე თუ არ არის, მიილტვის, რომ საუკეთესო იყოს.

ციფრებით ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემის წამყვანი ვარ და სწორედ რეიტინგებიდან გამომდინარე ვთქვი ეს.  ისეთ ადამიანს რა ვუთხარი, რომელიც ფიქრობს, რომ პირველი არ არის.

_ თქვენი დღის რეჟიმი როგორ შეიცვალა, რა დისკომფორტი შეგიქმნათ ამ ვირუსმა?

_ ხუთშაბათის გარდა სულ სახლში ვარ. შინ ყოფნა კარგია, მაგრამ უკეთესი ყოფილა, როცა ბევრს მუშაობ და დასვენებაზე ოცნებობ. ახლა სამსახურში კვირში ერთხელ გავდივარ და ძალიან მოწყენილი ვარ. ყველა სტრესშია, ადამიანებს გემრიელად ვერ ეხუტები, ისე ვერ ხვდები,  როგორც ქართველებს გვჩვევია. ამ ვირუსმა ბევრი ეკონომიკური პრობლემა შექმნა და ეს დიდ დისკომფორტს მიქმნის.

_ კარგად იცავთ სპეციალისტების მიერ მოცემულ   რეკომენდაციებს?

_ თითქმის ყველა რეკომენდაციას ვიცავ და ვცდილობ, ჩემს ოჯახსაც იგივე გავაკეთებინო. ხელებს ძალიან ხშირად ვიბან, დეზინფექციას ვუკეთებთ ფანჯრების, კარების სახელურებს, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვეხებით. სახლს დღეში ერთი-ორი საათი ვანიავებ. ,,დარჩი სახლში” – ამ რეკომენდაციას ვიცავ.

_ რითი გაგყავთ დრო სახლში, რას აკეთებთ სიამოვნებით? 

_ კულინარიას უფრო მეტ დროს ვუთმობ, სამზარეულოში ფუსფუსი ძალიან აქტიურად დავიწყე.  ამდენი საჭმლის ჭამა უკვე აღარ  შემიძლია. საკვები მაშინ არის კარგი, როცა დადიხარ, ენერგიას ხარჯავ, მაგრამ, როცა სახლში ხარ გამოკეტილი, რთულია ხშირად ჭამა. როცა ყველაფერი ჩაივლის, მგონი, სახლიდან 20 კილოგრამით მომატებული გამოვალ.

კიდევ ის ,,დავამუღამე”, რომ ჩემს ახალ ტელევიზორზე ყველა ფუნქცია შევისწავლე, რომლებიც აქამდე არ ვიცოდი. ასევე – გიტარას დიდი დრო დავუთმე  და, ეს საშინელება როცა ჩაივლის, უკეთესად დავუკრავ,  უფრო მეტ შესაძლებლობას გამოვაჩენ. მანქანის მართვის მოწმობის საკითხებსაც ვსწავლობ და ვარ ასე.

_ რამდენიმე თვის წინ ,,სარკესთან” თქვით, რომ მალე დაოჯახებას გეგმავდით. გადაიდო ქორწილი?

_ ნამდვილად ასე ვთქვი, მაგრამ ახლა სამ კაცზე მეტის შეკრება არ შეიძლება, შესაბამისად, მე და ჩემმა შეყვარებულმა კიდეც რომ დავაპიროთ დაოჯახება, მინიმუმი, ერთი მეჯვარე გვაკლდება. ღვთის წყალობით,  ყველაფერი კარგად ჩაივლის და ჩვენს სიყვარულს ქორწილით დავაგვირგვინებთ. ეს ყველაფერი რომ მორჩება, მეორე დღესვე მოვიყვან ცოლს! ეს, რა თქმა უნდა,  ხუმრობით.

_ სიყვარული ადამიანს ბევრ ისეთ თვისებას აღმოაჩენინებს ხოლმე საკუთარ თავში, რაზეც მანამდე არ დაფიქრებულა. თქვენ როგორი ხართ, როცა გიყვართ?

_ შეყვარებული გიორგი გაბუნია არის ანერვიულებული, აფორიაქებული, დასტრესილი,  ხანდახან – გახარებული, ზოგჯერ – მხიარული. მოკლედ,  ყველაფერი ერთად. როცა ასეთი ვარ, ძნელია ჩემთან პირად ურთიერთობებში აწყობა.

ახლა რთული მომენტი მიდგას ისევე, როგორც თითოეულ ქართველს. დისტანციურმა ურთიერთობებმა ცოტა დამძაბა. ზოგადად, ბევრი საქმის გამო, რომანტიკისთვის ნაკლები დრო მრჩება, თუმცა შინაგანად ისეთივე დავრჩი, როგორიც ვიყავი – რომანტიკული. მიყვარს სიურპრიზების გაკეთება, ორიგინალური რაღაც-რაღაცების მოფიქრება.

ძალიან ერთგული ვარ და, თუ მიყვარს, მიყვარს ბოლომდე. ახლა ის მომენტი მიდგას, როცა მიყვარს და ვიცი, რომ სულ მეყვარება.

_ ქუთაისიდან ხართ. ხშირად ახერხებთ მშობლიურ ქალაქში ჩასვლას?

– ქუთაისი ეგოისტურად მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა დრო მაქვს, სახლშიც გვიან მოვდივარ და მხოლოდ ძილს ვახერხებ, როგორც კი ერთი ან ორი თავისუფალი დღე გამოჩნდება, მაშინვე ვურეკავ ჩემს მეგობარს, ჯიმის, ჯაბოვიჩს, ქუთაისში გავრბივართ და ყველას ვნახულობ.

_ სად ხედავთ საკუთარ თავს 10 წლის შემდეგ?

_ ისევ ტელევიზიაში და ისევ იუმორისტული გადაცემის წამყვანად. აი, 12 წელიწადში კი უკვე სად ვიქნები, კაცმა არ იცის. მინდა, ეს საქმე დიდი ხანი ვაკეთო, რადგან ამით ძალიან დიდ სიამოვნებას და ადრენალინს ვიღებ. რა თქმა უნდა, მეყოლება ოჯახი, შვილები და  ყველაფერი იქნება იდეალურად.

ჩვენს მოსახლეობას და თქვენს მკითხველს ვეტყვი, რომ ცოტა გავიჭირვოთ, თვენახევარი, ორი თვე დავრჩეთ სახლში და ყველაფერი კარგად იქნება. მე კი შევეცდები, ტელეეკრანიდან  გაგამხიარულოთ და პოზიტიური განწყობა შეგიქმნათ.