ექიმები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ

როგორ უნდა გაუმკლავდნენ გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების მქონე პაციენტები კოვიდ-19-ს და როგორია ექიმ მამუკა ქობალავას ოჯახური კარანტინი

ექიმები კოვიდ-19-ის წინააღმდეგკოვიდ-19 – დაუნდობელი ვირუსი. ექიმებმა, რომლებსაც ვიწრო პროფილური პროფესიული ვალდებულებები ჰქონდათ, საკუთარ სამუშაო რაციონში კოვიდ-19-თან ბრძოლის მექანიზმებიც ჩართეს.

რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ და როგორია კომპეტენტური ექიმის მოსაზრება ამ თემაზე და როგორ შეხვდნენ მამუკა ქობალავა და მისი ოჯახის წევრები საკარანტინო პერიოდს?

მამუკა ქობალავა – კარდიოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში მოთხოვნადი ექიმი, რომელსაც პაციენტები საკუთარ გულს ანდობენ.

ბატონი მამუკა საქართველო-ისრაელის კლინიკა ,,ჰელსიკორის” კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მისი უშუალო გულისხმიერებით მოხდა სწორედ ამ პერიოდში მარტოხელა დედებისადმი შემწეობის გაცემა. ბატონი მამუკა განსაკუთრებული სიყვარულით და ენთუზიაზმით გამოირჩევა პაციენტებთან ურთიერთობისას. ამავე დროს, ის მოსიყვარულე და ყურადღებიანი მამაა.

– ბატონო მამუკა, ვერაგი კოვიდ-19 რთულად გადასატანია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ქრონიკული დაავადებები და განსაკუთრებით არტერიული ჰიპერტენზია აწუხებთ. როგორია თქვენი, როგორც პროფესიონალი კარდიოლოგის, კონსულტაცია და რჩევები ამ დაავადებების მქონე პაციენტებისადმი?

– კოვიდ-19 შედარებით მძიმე პაციენტების დიდ ნაწილს, დაახლოებით 55 პროცენტს, როგორც უჰანის მაგალითიც გვიჩვენებს, ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია; დაავადების მიმდინარეობა განსაკუთრებით აგრესიულია პაციენტების გარკვეულ ჯგუფებში; კერძოდ ფილტვების ქრონიკული დაავადების, არტერიული ჰიპერტენზიის, გულის გამოხატული უკმარისობის, გულის იშემიური დაავადების, შაქრიანი დიაბეტის, ცერებროვასკულური დაავადების, უნივერსალური სიმსუქნის შემთხვევაში; თუმცა, სამწუხაროდ, არის ახალგაზრდა ჯანმრთელ პაციენტებში სასიკვდილო გამოსავლის შემთხვევები.

გულის მწვავე უკმარისობის შემთხვევების დაახლოებით 75 პროცენტი იყო უკვე არსებულის დამძიმება, ხოლო 25 პროცენტი – ახლად აღმოცენებული, ე.წ. გულის უკმარისობის განვითარება მანამდე ამ მხრივ ჯანმრთელ პაციენტში.

21 აპრილს გამოქვეყნდა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების გაიდანსი, რომელიც იძლევა რეკომენდაციებს, როგორ უნდა იმართოს კარდიოლოგიური პაციენტი კოვიდის ეპოქაში. ხაზს ვუსვამ – გაიდანსი და არა გაიდლაინი. გაიდლაინი, ანუ გზამკვლევი არის მყარ გამოცდილებაზე და ვრცელ კვლევებზე დაყრდნობით მიღებული რეკომენდაციები. სამწუხაროდ, ვითარება ისეთი სისწრაფით და მოულოდნელად განვითარდა, რომ მსგავსი, სამხილებით გამყარებული რეკომენდაციების დანერგვა შეუძლებელი გახდა. მკითხველს მინდა ერთ ფაქტზე გავუმახვილო ყურადღება – ამ პანდემიის დასაწყისში გავრცელდა აზრი, რომ ამ ვირუსის ტრანსპორტირების განმახორციელებელი არის ე.წ. ანგიოტენზი, გარდამქმნელი ფერმენტი 2. აღნიშნული ფერმენტის სიჭარბეს კი თითქოს ხელს უწყობდა მკითხველისთვის კარგად ცნობილი და პრაქტიკულად გულ-სისხლძარღვთა დაავადების შემთხვევათა 80-90 პროცენტში გამოყენებადი პრეპარატები, ე.წ. აგფ-ს ინჰიბიტორები და სარტანები. ამას მოჰყვა პანიკა, რომელიც დღესაც გრძელდება.

მკითხველს ჩამოვუთვლი ამ ჯგუფების პრეპარატებს. ესენია: კაპტოპრილი, პრესტარიუმი, ლორისტა, ვალსაკორი, ბერლიპილი, დიროტონი, ატაკანდი, დიოვანი და მთელი რიგი კომბინირებული პრეპარატები, სადაც აღნიშნული პრეპარატები შედიან, მაგალითად, ნოლიპრელი, ექსფორჯი, ვამლოსეტი და ა.შ.

2-3 დღეში ევროპის, ამერიკის და, თუ არ ვცდები, ავსტრალიის ყველა ავტორიტეტულმა კარდიოლოგიურმა ორგანიზაციამ დადო დასკვნა ამ თეორიის არამართებულობის შესახებ. იგივე უჰანში ჩატარებული პილოტური კვლევებით აღმოჩნდა, რომ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აღნიშნული ჯგუფების პრეპარატებს, დაავადების მიმდინარეობა გაცილებით კეთილსაიმედო იყო და კოვიდის დამარცხებაში ხელსაც კი უწყობდა.

კოვიდ-19 არ არის მკვლელი ვირუსი, უბრალოდ ძალიან გავრცელებადია და საწყის ეტაპზე თვითიზოლაცია მნიშვნელოვანია.

ექიმები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ– ბატონო მამუკა, კოვიდ-19-ით გამოწვეულმა საგანგებო ფორს-მაჟორმა საკარანტინო მდგომარეობაში გადაიყვანა მთელი საზოგადოება. მოუცლელმა ექიმებმა შვილებისა და ოჯახისთვის მეტი დრო გამონახეთ. რუსკა, თქვენი ქალიშვილი, საკმაოდ აქტიური გოგონაა და დროს ერთად ხშირად ატარებთ.  მართალია, ჯერ პატარაა, მაგრამ ექიმობას ხომ არ აპირებს?

– ამ პერიოდის მანძილზე სამსახურში არ გამიცდენია არც ერთი დღე. მეორე სამსახურში, სადაც კონსულტანტი ვარ, რაღაც პერიოდი არ დავდიოდი; ონლაინ საგანმანათლებლო აქტივობებიც მქონდა.

ჩემ გოგონასთან ურთიერთობა საკმაოდ საინტერესოა. რუსკა ზომიერად აქტიურია კინეტიკაში, გარკვეული პერიოდულობით ასრულებს ტანვარჯიშის ილეთებს, აქტიურია იდეების გენერაციაში, რაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას გულისხმობს, კერძოდ, ბავშვთა და მოხუცებულების სახლთა კეთილმოწყობაზე აქვს აქცენტი; თუმცა ბრაზობს, რომ მასზე სხვასთან ვსაუბრობ და მითუმეტეს მის იდეებს ვაზიარებ. ახლაც საყვედურს მეტყვის, დარწმუნებული ვარ.

ჩვეულებრივად ონლაინ მეცადინეობდა, ცოტას ვარჯიშობდა და ტელეფონი ეჭირა ხელში. მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ექიმობისკენ აშკარად არ იხრება, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

 ქეთი გიორგაძე