„ჩემმა გაფანტულმა სკლეროზმა უკან დაიხია“ – ეკა კვალიაშვილმა ეპიდემიის საფრთხე დეკემბერში იწინასწარმეტყველა

„ჩემმა გაფანტულმა სკლეროზმა უკან დაიხია“ - ეკა კვალიაშვილმა ეპიდემიის საფრთხე დეკემბერში იწინასწარმეტყველა ,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

მომღერალი ეკა კვალიაშვილი იზოლაციაში, რომელმაც ადამიანების დიდი უმრავლესობა  ფსიქოზში ჩააგდო, თავს საკმაოდ ყოჩაღად და ოპტიმისტურად გრძნობს.კორონავირუსის გავრცელების გამო, როგორც მოსახლეობის უმრავლესობა, სახლშია გამოკეტილი (ინტერვიუ ჩაწერილია აპრილში). ცდილობს, საკუთარ თავსაც შემოუძახოს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებსაც ასიამოვნოს. ამიტომაც გადაწყვიტა, სოციალური ქსელით კონცერტები ცოცხალი შესრულებით ჩაატაროს და აპლოდისმენტები ასე მიიღოს.

ეკა კვალიაშვილი „სარკეს“ მოუყვა, როგორ ატარებენ დროს იზოლაციაში ის და მისი ერთადერთი ქალიშვილი, მომღერალი ნუკა კვალიაშვილი, რომელიც ორი შვილის დედაა.

__ ეკა, რა ფიქრები მოდის თქვენთან ამ შეცვლილ რეალობაში, როგორ აღიქვამთ იმ მდგომარეობას, რომელშიც მსოფლიო აღმოჩნდა?

_ შემართებით და იმედიანად ვარ. სამწუხაროა ის, რაც ხდება და ყველა ძალიან მებრალება,  მაგრამ მე და თქვენ ამას ვერ ვუშველით. იზოლაციაში ვართ და ახლა დაფიქრების დროა.

ძალიან აიშვა და აიწყვიტა ადამიანის ცნობიერებამ – ზიზღი, ბოღმა, ღვარძლი… დეკემბერში იმხელა წითელმა ღრუბელმა და აკუმულირებულმა ბოლმა გადაუფრინა ჩვენს ქალაქს, რომ ეს იყო მომასწავებელი იმისა, რაც უკვე დაწყებული იყო.

ასეთ ამბებს ნეგატიური ენერგია იწვევს. ვერავინ გაიგო, რა იყო ეს წითელი ღრუბლები. ვიფიქრე და მივხვდი, რაც იყო – აკუმულირებული ძალიან ცუდი ენერგეტიკა. წითელი ღრუბელი და ცა აშკარად ცუდს მოასწავებდა. ადამიანებს კი არ უნდათ, ასეთი სიმძიმეებისგან ტვინი გაითავისუფლონ და უფრო ამაღლდნენ, გაუნათდეთ გონება. განკითხვაში ცხოვრება უფრო ერჩივნათ და, აი!

ყველა ადამიანი თავად ისჯის თავს. როგორც ყველა კოსმოსურ მანქანას აქვს თვითგანადგურების პროგრამა, ასევეა ადამიანის შემთხვევაშიც – თავისი საქციელით და ცუდად წარგზავნილი ენერგიით ინადგურებს თავს.

ბოროტებით სავსე გულში სიყვარული ვერ დაისადგურებს. ღმერთია თავად სიყვარული და ჩვენც გვიყვარდეს, უფრო კარგი არ იქნება?!

ასეთი მძიმე პერიოდია, ექიმები ღამეებს ათენებენ, ადამიანის სახე აღარ აქვთ, 24 საათის განმავლობაში ურთულეს და საშიშ დაავადებასთან ერთად არიან და, ამ დროს რომ ვიღაც იტყვის, ფანქარს წავუსვამდი თვალზეო… (მომღერალმა ნინა სუბლატმა ინფექციონისტ მარინა ეზუგბაიას მისამართით სოციალურ ქსელში დაწერა: „როგორ მინდა, პირდაპირ ეთერამდე რამდენიმე წუთით ადრე მივვარდე ეზუგბაიას, გავუკეთო ორივე თვალზე ერთნაირი ლაინერი და მოვდუნდე საბოლოოდ… რა საქციელია ეს, ქალბატონო“. ავტ.შენ.).

რა გეფანქრება ამ დროს?! ასეთ საქციელზე ვგიჟდები. ასეთ ადამიანებს ვუსურვებ, ღმერთმა გაუნათოთ გონება. ასეთი ჩახვეული რატომ უნდა გქონდეს?!

__ თავად როგორ ხართ იზოლაციაში, სულ არ გადიხართ სახლიდან?

_ ყველა წესს ვიცავ და ხუთ დღეში ერთხელ გავდივარ სახლიდან, როცა პროდუქტი გამომელევა.  ნუკასთანაც ასეა. სახლში ვზივართ, აბა, რა უნდა გავაკეთო ქუჩაში?! რომ დაყიალობენ, ვერ ვიგებ, რა უნდათ. ამის გამო შიდა გავრცელება დაიწყო. ადამიანების შეგნების დონე ძალიან დაბალია.

ვნახე ვიდეო, სადაც ვიღაც თავზეწაკრული დედაკაცი ყვირის, მაშინ 500 ლარი მომეცით, კარონა არა, ისაო.  მას ალბათ არც არაფერი მოუსმენია და არც რამე წაუკითხავს. ერთი კაცი კი გაიძახოდა, კარტოფილი თუ არ გავყიდე, ჩემმა ოჯახმა რითი იარსებოსო. რითი და მაგ კარტოფილით, რომელსაც ყიდი! ყველამ უნდა გავიჭირვოთ!

ჩვენი ექიმები თითით საჩვენებლები გახდნენ. ამ დროს ვიღაც დემაგოგობს და ქულებს იწერს. ქვეყნის პულსაციაზე თითი მიდევს, რომ ვიცოდე, როგორაა საქმე. შვილი მყავს, შვილიშვილები და მინდა, ყველაფერი ვიცოდე. ხანდახან ვღიზიანდები,  ასე აღშფოთებული შევვარდები ხოლმე ლაივში და ჩემს სათქმელს ვამბობ.

დეზინფორმაციას როცა მოვისმენ და წავიკითხავ, მინდა, გადავფარო, რომ ვინმეს ის არ ჩაუჯდეს ტვინში. ეს ყველაფერი გაივლის. ხომ ხედავთ, ჰაერი გაიწმინდა, ოზონი გამთელდა და აღარ აქვს ის ნახვრეტები. დედამიწამ ამაღლება დაიწყო. ვენეციაში წყალი დასუფთავდა, დელფინი და თევზები გამოჩნდნენ. იმის გარდა, რომ ცუდი რაღაც ხდება ადამიანების მიმართ, კარგია დედამიწისთვის, ატმოსფეროსთვის და სამომავლოდ.

ცოტა ცუდი ამოსახსნელია, რა ჯობდა. ალბათ ჯობდა, რომ ყველა ცოცხალი ყოფილიყო, მაგრამ… ხომ ხედავთ, სამყარომ თვითონ შეგვყარა სახლებში და დროა, ადამიანი დაფიქრდეს და გამოასწოროს ის, რასაც არასწორად აკეთებდა. თუ დავიცავთ ყველაფერს, რასაც გვეუბნებიან, ნაკლები შანსი გვაქვს დასნებოვნების.

__ ხუთ დღეში ერთხელ გავდივარ პროდუქტზეო, რომ ამბობთ, ხუთი დღის პურს ჭამთ?

_ პურს საერთოდ არ ვჭამ. ისეთ პროდუქტებს ვიმარაგებ, რაც არ გამიფუჭდება. ვუძლებ ამ მდგომარეობას.  ჩემი თავი მე მეკუთვნის. სურვილებს კი არ ვეკუთვნი, ის სურვილები მეკუთვნის მე!

__ თქვენს ლაივ კონცერტებს ინტერნეტში ბევრი მსმენელი ჰყავს?

_ დიახ, საკმაოდ ბევრი მსმენელი მყავს. ახლა არც მაკიაჟის დროა და არც მოდების ჩვენების. მსოფლიოს ცნობილი მსახიობები და მომღერლები საკუთარი  სამზარეულოებიდან ერთვებიან. მე რომ გავედი ლაივში და ვიმღერე, სოციალურ ქსელს მერე გადავხედე და რა ვნახე – თურმე მთელი მსოფლიოს ვარსკვლავები ასეთ ლაივ კონცერტებს ატარებენ.

რამდენიმე სიმღერა ჩემი რეპერტუარიდანაც ვიმღერე და სხვებისაც შევასრულე. დაახლოებით 10 სიმღერა ვიმღერე. ლაივ კონცერტებს კიდევ ჩავატარებ. რომ აღმოვაჩინე, სხვებიც ასე ატარებდნენ, ისე გამიხარდა, ვერ წარმოიდგენთ. თურმე მარტო არ ვყოფილვარ ამ ამბავ

წინასწარ დავაანონსე კონცერტის ჩატარება და საკმაოდ ბევრმა მიყურა. თან ვლაპარაკობდით, ისინი ტაშს მიკრავდნენ… ყველას ერთნაირი ფსიქიკა ხომ არ აქვს, ზოგს დეპრესია ემართება, ზოგს – ნევროზი და ზოგიც პანიკაში ვარდება. ჩემი კონცერტის დროს დაავიწყდათ კორონა და ხალხი გაერთო. ამიტომაც მინდა, კიდევ ჩავატარო. ველაპარაკები, ვუხსნი…

__ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორ არის ახლა?

_ დიდხანს ფეხზე დგომა მიჭირს. კიბეზე ასვლა და ჩასვლაც მიძნელდება. გაფანტულმა სკლეროზმა, რომელიც მჭირდა, ალბათ თავისი რაღაცები დამიტოვა.

__ ანუ ამ დაავადებამ გაიარა?

_ უკან დაიხია, რადგან უკვე ისეთი ასაკი მაქვს, რომელიც მას აღარ აწყობს. ყველას ჯვარი სწერია, მაგრამ ეს ახალგაზრდების ავადმყოფობაა. ძალიან ახალგაზრდა, მგონი, 20 წლის ვიყავი, რომ რაღაც მაწუხებდა და ვერ ვხვდებოდი, რა იყო. შემდეგ უფრო გამძვინვარდა. მერე კი ღმერთმა დამიფარა.

საფრანგეთში რომ ვიყავი, ექიმმა მითხრა, სტრესებს მოერიდეო, მაგრამ ვერ მოვერიდე. საქართველოში მეუბნებოდნენ, რომ ნეიროვირუსი მჭირდა. ვერ გაიგეს, რა იყო, რადგან ის ანთებითი კერები ერთი-ორი რომ აქვს ადამიანს, მე 16 მქონდა და რადგან ფეხზე ვიდექი, ვერ მიხვდნენ.

დიაგნოზი საფრანგეთში დამისვეს. როგორც მითხრეს, ყველაზე კარგი ნევროლოგები პარიზში იყვნენ და იმიტომაც ჩავედი იქ, ჩემთვის საქველმოქმედო კონცერტი რომ ჩატარდა, მერე.

მაშინვე მითხრეს, ასაკთან ერთად ეს ავადმყოფობა უკან-უკან დაიხევსო. საფრანგეთში რომ გაიგეს, 49 წლის ვიყავი, მითხრეს, ეს დაავადება მალე წავაო, მაგრამ მაინც კარგა ხანს დარჩა ჩემთან. ისევ ახალგაზრდა ვარ და იმიტომ! ისე, ჩემი ასაკი არასოდეს დამიმალავს. ჩემთვის მივდივარ და პარალელურ ქუჩაზე მომყვება ასაკი. ასაკი – ეს არის დროის ათვლა, რამდენი ხანი ვარ დედამიწაზე.

__ ახლა მხოლოდ ფეხის ტკივილი დაგრჩათ?

_ დიახ და ფეხიც იმიტომ მტკივა, რომ ახალდაგებულ მეთლახზე ფეხი დამიცურდა და ამ ფეხს მთელი ძალით დავაჯექი. მას მერე ძალიან მტკიოდა. რენტგენზე არაფერი აღმოჩნდა, მაგრამ აღარ მომირჩა. შეიძლება ამ ჩემმა დაავადებამაც იმოქმედა.

გაფანტული სკლეროზი ნელ-ნელა კუნთოვანი სისტემის ატროფიას იწვევს,  ადამიანის მოტორიკაზე მოქმედებს. როცა მოძრაობა არ შემეძლო და მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა, მეგობრების დახმარებით მაინც აქეთ-იქით დავდიოდი. ვვარჯიშობდი კიდეც, თუმცა ბევრი ვარჯიში არ შეიძლებოდა.

__ არიან ადამიანები, რომლებსაც სახლში ყოფნა უყვართ,  მათთვის კარანტინს და კომენდანტის საათს ბევრი არაფერი შეუცვლია. თქვენ როგორ ეგუებით იზოლაციას?

_ რომ გითხრათ, სახლში ჯდომაზე ვგიჟდები-მეთქი, მართალი არ იქნება. ძალიან ხშირად მიწევდა სახლში ჯდომა, როცა ყველა კონცერტიდან მოხსნილი ვიყავი და გამოსვლის საშუალება არსად მქონდა. ამიტომაც ეს მომენტი საკუთარი თავისთვის მაშინაც სასარგებლო გავხადე.

საკუთარ თავზე დავიწყე მუშაობა და გამოვიკვლიე, რომ თევზების ეპოქაში იყო ქრისტეს მოსვლის პერიოდი და იმიტომაც იყვნენ მისი თანამოაზრეები მეთევზეები, მებადურები…

მერე მერწყულის ეპოქამ დამაინტერესა და სახარების გაშიფვრა დავიწყე. დრო ტყუილად არ დამიკარგავს, ბევრი რამ შევძინე ჩემს გონებას და ჩემი ტვინი ბევრი რამისგანაც გავათავისუფლე. როცა ტვინი ამ სიმძიმეებისგან გავათავისუფლე, ჩემი ცნობიერებაც უფრო ამაღლდა და რაღაცებს კარგად მივხვდი, საკუთარი თავის ფლობა თავისუფლად დავიწყე. რადგან სახლში დარჩი, კედლებს კი არ უნდა მიაწყდე, საკუთარ თავზე უნდა იმუშაო.

__ რა საქმეების კეთება გიყვართ სახლში ყოფნისას?

_ არ ვგიჟდები სახლში საქმის კეთებაზე, მაგრამ ყოველთვის დაწკრიალებული მაქვს ყველაფერი. ამას ავტომატურად ვაკეთებ, რადგან სისუფთავე მიყვარს. კერძების კეთება კი ვიცი, მაგრამ ჩემთვის არაფერს ვიმზადებ. შვილიშვილი ლუკაჩო როცა არის ჩემთან, მაშინ იძულებული ვარ, ვაკეთო.

__ თქვენი ქალიშვილი, ნუკა, ხშირად მოდის თქვენთან თავისი შვილებით?

_ რაც ასეთ იზოლაციაში ვართ, ლუკა ორჯერ მოვიყვანე ჩემთან. ნუკასთან სახლში არც შევდივარ. ლუკას შეფუთავს ხოლმე და სადარბაზოში უშვებს, თვითონაც არ გამოდის სადარბაზოში. ახლაც დავურეკე, წამოვიყვან-მეთქი, რომ ნუკა ორ ბავშვთან ერთად არ დაიღალოს, მაგრამ ლუკაჩომ თქვა, წასვლა არ მინდაო და შევეშვი.  ლუკა 6 წლის არის, უმცროსი – 3-ის. თამაშობენ, დარბიან, ხან ხატავენ.

ჩემი ნუკა ძალიან მაგარი გოგოა! კარგი შვილი და კარგი დედაა. ბავშვებს გადასარევად უვლის. ახლა აივანზე გაჰყავს, რომ ჰაერი ჩაასუნთქოს. ვიტამინებს აძლევს,  სახლში დეზინფექციას ატარებს… ასეთი მაგარი გოგოა!

ისეთ საჭმელებს აკეთებს და იმდენად ყველაფერი კარგად იცის… პატარა რომ იყო და რამის გაკეთება უნდოდა, არ ვუშლიდი.

ერთხელ მოუნდა, სუპი თვითონ მოემზადებინა. რაღაც გამოუვიდა, რომელიც თვითონაც ვერ შეჭამა, მაგრამ ხომ გააკეთა?! გავსინჯე და ვუთხარი, უკეთესადაც შეგიძლია-მეთქი. ახლა ბევრად უკეთესად აკეთებს. ,,არ გააკეთო და შეეშვი” – ასეთი რამ არასოდეს მითქვამს.

__ ამბობენ, იზოლაციაში ყოფნა მომავალში ბევრ ფსიქიკურ პრობლემას წარმოშობსო. თქვენც ასე ფიქრობთ?

_ ადამიანი თუ ნერვებს აჰყვება და ნეგატიურ რაღაცებზე იფიქრებს, ფსიქიკური პრობლემები აუცილებლად ექნება. თუ თავს გაიმხნევებ და მიხვდები, რომ მთელი მსოფლიო ასეთ დღეშია და სიტუაცია დალაგდება, ყველაფერი კარგად იქნება. ხომ ხედავთ, ევროპაში რა ხდება, იმ ხალხმა რაღა თქვას?!

მადლობელი ვარ ღმერთის და ყველა ქართველი მადლობელი უნდა იყოს უფლის ამ სიტუაციაში. თუ ვინმეს უნდა, თეთრპერანგგაკრულმა იაროს, მისი ნებაა. ყველას ვურჩევ, ლოცვის წიგნები აიღონ და იკითხონ.

ფსიქიკური პრობლემა ნებისმიერს ექნება, ვინც ამ რთულ პერიოდს დაემორჩილება. ყველას მოვუწოდებ, საკუთარი თავის ფლობა ისწავლონ. წარმოიდგინეთ, რომ სამყაროში ახალი ეტაპი იწყება, რომელიც ძალიან მაგარი და კარგი იქნება.

_ ბევრი ქალისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დილით ადგეს, მაკიაჟი გაიკეთოს, ლამაზად ჩაიცვას, გამოიპრანჭოს…

_ გაიპრანჭონ მერე! მაკიაჟსაც ვიკეთებ, კარგადაც ვიცვამ და ფორმაშიც ვარ. სარკეში რომ ვიხედები, საკუთარი თავი ძალიანაც მომწონს. ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია, ასე მოიქცეს.

რაიმე პოზიტიურს უყურეთ, ხალხო! ვდგავარ და ძველ სერიებს ვუყურებ სერიალის „შუა ქალაქში“, რადგან კარგ ხასიათზე მაყენებს.  ვაკვირდები მსახიობებს, თუ როგორ თამაშობენ, საინტერესო ფრაზებს ვპოულობ.

სიკეთე და სიყვარული გაამრავლეთ საკუთარ თავში და რაც უფრო კარგად მოვიქცევით, ჩვენს მომავალ თაობას უფრო წაადგება.