ბარაკ ობამა: ,,ახალგაზრდების აქტიურობა იმედით მავსებს” – ფლოიდის მკვლელობამ ამერიკა შეაზანზარა

ბარაკ ობამა: ,,ახალგაზრდების აქტიურობა იმედით მავსებს" - ფლოიდის მკვლელობამ ამერიკა შეაზანზარააშშ-ში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. აქციების ტალღა შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს მოჰყვა. დაკავების კადრებში ჩანს, პოლიციელი დერეკ ჩაუვინი კისერზე როგორ აჭერს ფეხს, ფლოიდი კი ეუბნება, რომ ვერ სუნთქავს, მაგრამ პოლიციელი მას მაინც არ უშვებს ფეხს. ფლოიდი გარდაიცვალა. პოლიციელი ჯერ სამსახურიდან გაათავისუფლეს, შემდგომ კი დააპატიმრეს.

აშშ-ს 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჯორჯ ფლოიდის  დაღუპვის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შესახებ წერს:

„მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნის მილიონობით მოქალაქე გავიდა ქუჩებში და აღიმაღლა ხმა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისა და კანონის წინაშე უთანასწორობის განგრძობითი პრობლემის წინააღმდეგ, მრავალი ადამიანი მეკითხება, როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ არსებული მუხტი იმისთვის, რომ რეალურ ცვლილებებს მივაღწიოთ.

საბოლოოდ, ახალი თაობის აქტივისტების ვალი იქნება მათი ეპოქის მოთხოვნების შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება. თუმცა მჯერა, რომ წარსული გამოცდილებებიდან მნიშვნელოვანი გაკვეთილის შეგვიძლია ვისწავლოთ.

პირველ რიგში, ქვეყნის მასშტაბით არსებული საპროტესტო ტალღა სიმბოლოა გულწრფელი და ლეგიტიმური იმედგაცრუებისა, ათწლეულების განმავლობაში პოლიციური საქმიანობისა და უფრო ფართოდ ამერიკის შეერთებული შტატების სისხლის სამართლის სისტემის ვერშემდგარი რეფორმის გამო. უდიდესი უმრავლესობა დემონსტრანტებისა მაგალითია მშვიდობიანი, გაბედული, პასუხისმგებლიანი და შთამაგონებელი ქცევისა.  ისინი იმსახურებენ ჩვენს პატივისცემასა და მხარდაჭერას და არა _ გმობას – რაც კამდენისა და ფლინტის პოლიციელებმა სანაქებოდ შეასრულეს.

მეორე მხრივ, დემონსტრანტთა უმცირესი ნაწილი, რომელმაც გულწრფელი ბრაზისა თუ უბრალო ოპორტუნიზმის საფუძველზე ძალადობას მიმართეს, უდანაშაულო ადამიანებს აყენებენ რისკის ქვეშ. ანგრევენ ისეთ სამეზობლოებს, სადაც ინვესტიციისა და სერვისების ნაკლებობა ისედაც დიდი პრობლემაა, რითაც პროტესტის რეალურ მიზანს აზიანებენ. დღეს ტელევიზორში მოხუცებული შავკანიანი ქალი ვნახე, რომელიც იმის გამო ტიროდა, რომ დემონსტრანტებმა მის უბანში არსებული ერთადერთი სასურსათო მაღაზია დალეწეს. თუკი ისტორიას ჩვენთვის რამე უსწავლებია, უნდა ვიცოდეთ, რომ იმ მაღაზიის აღდგენას, სულ მცირე, წლები დასჭირდება. ამიტომ მოდით, ნუ გავამართლებთ ძალადობას, ნურც მის რაციონალიზაციას შევეცდებით და მისი მონაწილენიც ნუ გავხდებით.

თუკი გვსურს, რომ აშშ-ის სისხლის სამართლის სისტემა და ზოგადად ამერიკული საზოგადოება უფრო მაღალი ეთიკური სტანდარტით ფუნქციონირებდეს, მაშინ ჩვენ თავად უნდა ვიყოთ მაგალითი ამ სტანდარტისა.
არაერთხელ მსმენია, რომ რასობრივი მიკერძოების პრობლემა, რომელიც დღემდე არსებობს ჩვენს სისხლის სამართლის სისტემაში იმის მანიშნებელია, რომ მხოლოდ პროტესტსა და მყისიერ ქმედებებს შესწევთ ძალა ნამდვილი ცვლილებისა და რომ ხმის მიცემა და ელექტორალურ პროცესში მონაწილეობა დროის ფუჭად  ფლანგვაა. კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას.

პროტესტის მნიშვნელობა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაშია, უსამართლობაზე ყურადღების გამახვილებისა და ძალაუფლების სათავეში მყოფთათვის დისკომფორტის შექმნის გზით. მართლაც, ამერიკის ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, ძალიან ხშირად მხოლოდ პროტესტსა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობას უბიძგებია პოლიტიკური სისტემისთვის, შეემჩნია საზოგადოების მარგინალიზებული ჯგუფები…

მესმის, რომ ბოლო რამდენიმე თვე რთული და უკიდურესად გულდასაწყვეტი იყო – პანდემიის სირთულეებსა და სევდას თან დაერთო ტრაგიკული მოვლენები, რომლებიც კვლავ გვახსენებს იმ უსამართლობასა და უთანასწორობას, რომლებიც ამერიკულ საზოგადოებაში კვლავ არის. თუმცა ყველა რასისა და წარმომავლობის ახალგაზრდის ამაღელვებელი აქტიურობისთვის თვალის დევნება იმედით აღმავსებს. თუკი წინსვლის პარალელურად ჩვენ შევძლებთ სამართლიანი ბრაზის მშვიდობიან, მტკიცე და ეფექტურ ქმედებებად გარდაქმნას, მაშინ ეს მომენტი ჩვენი ერისთვის იქცევა ნამდვილი ცვლილებების წერტილად, ჩვენი უმაღლესი იდეალების მიმართულებით განვითარების გზაზე”.