ავთო აბესლამიძე: ,,ყველას აქვს სექსი, მე ხომ არ გამომიგონია?! ბევრმა არასწორად გაიგო”

ავთო აბესლამიძე: ,,ყველას აქვს სექსი, მე ხომ არ გამომიგონია?! ბევრმა არასწორად გაიგო",,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

ბათუმელმა მომღერალმა ავთო აბესლამიძემ  შემოქმედებით საქმიანობაში ტაიმ აუტი აიღო. მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემა გახდა. იმკურნალა, მაგრამ შემდეგ  კორონავირუსის პანდემიამ მოუსწრო და, ექიმების რჩევით, მომღერალი თვითიზოლაციაში დარჩა.

ავთომ ამბიციური გეგმები გადადო, მაგრამ, როცა დრო მოვა, მათ აუცილებლად განახორციელებს. მან ,,სარკეს” გაანდო, რომ გეგმის ნომერი პირველი პუნქტი საფრანგეთში გამგზავრება და იქაურ კონკურსში მონაწილეობაა.

– ავთო, გავიგე, რომ ოპერაცია გაიკეთეთ. მართალია?

– კი, გლანდების ოპერაცია გავიკეთე. ზოგადად კარგია, რომ გლანდები არ ამოიჭრა, რადგან ორგანიზმს ბაქტერიებისგან იცავს, თუმცა მე ისეთი მდგომარეობა მქონდა, რომ აუცილებელი იყო.

2 თვე ხმაც დავკარგე და მივიღე გადაწყვეტილება, ამომეჭრა. ჩირქი სხვა ორგანოებზეც ახდენდა ცუდ ზეგავლენას – სახსრებზე, გულზე, თირკმლებზე… ექიმმაც მომცა გარანტია, რომ სიმღერას ისევ შევძლებდი და ხმასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა არ მექნებოდა.

– დღეს უკვე შეგიძლიათ მღერა, გაიარა სარეაბილიტაციო პერიოდმა?

– ჯერჯერობით ისევ გავდივარ რეაბილიტაციას (ინტერვიუ ჩაწერილია აპრილში). უკეთესი იქნება, კიდევ 2 თვე თუ არ ვიმღერებ და ყელს არ დავძაბავ. ვცდილობ, ექიმის რჩევებს ყველანაირად მივყვე. ერთი სიტყვით, ჩემი ხმა მედიკოსებს ვანდე.

– გამოდის, რომ ჯერ ოპერაციამ გაიძულათ, სახლში ყოფილიყავით, მერე კი – კორონავირუსმა.

– ასეა. ოპერაციიდან მესამე დღეს დაიწყო ეს ცუდი პერიოდი. მინდა, ჩემი დიდი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო ექიმების მიმართ. ერთადერთი, რასაც გვთხოვენ, არის, დავრჩეთ სახლებში. ვფიქრობ, ამას თუ გავითვალისწინებთ, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. მინდა, პირველები ვიყოთ მსოფლიოში და ეს ვირუსი პირველმა საქართველომ დაამარცხოს.

– გარკვეული შემოთავაზება გქონდათ საფრანგეთიდან. ახლა რა ხდება, მათი წინადადება ისევ ძალაშია?

– ყაზახეთში ,,ვოისში” გამარჯვების შემდეგ  გადავწყვიტე, ევროპაში ტრიუმფით გამოვსულიყავი. ეს ცოტა ამბიციურად ჟღერს, მაგრამ, ვფიქრობ, ჯანსაღი ამბიცია ყოველთვის ამართლებს. ამიტომ არჩევანი საფრანგეთზე გავაკეთე. ერთ-ერთი კონკურსისთვის გავაგზავნე ჩემი ანკეტა, ვიდეოები და მიწვევაც მივიღე. ჩემი ხმის ტემბრიდან გამომდინარე, კარგი შანსები მაქვს.

– ამ ეპიდემიის გამო ახლა ალბათ კონკურსზე ლაპარაკი ნაადრევია.

– რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე კონკურსზე საუბარი ზედმეტია. როგორც მითხრეს, მონაწილეობას მაშინ მივიღებ, როცა უკვე შესაძლებელი იქნება ჩატარება.

– ახლა მთავარია, ამ პანდემიამ, როგორც მომღერალი, ფორმიდან არ ამოგაგდოთ. მუშაობთ საკუთარ თავზე?

– ორი ახალი კარგი სიმღერა მაქვს და მინდა, მალე ჩავწერო. ერთ-ერთ სიმღერაზე კლიპის გადაღებასაც ვაპირებ. ახლა მთავარია, ამ ყველაფერმა გადაიაროს, მთელმა ქვეყანამ ამოისუნთქოს და გავიმარჯვო იქ, სადაც მინდა, ჩემი ქვეყანა ვასახელო. ვცდილობ, ფიზიკურადაც ფორმაში ვიყო და ვარჯიში დავიწყე.

ზღვისპირა ქალაქში ბევრი ცნობილი მომღერალი ცხოვრობთ – გიორგი ნაკაშიძე, ნიკო ბერიძე, სოფო ხალვაში… თქვენ შორის იგრძნობა კონკურენცია?

– ზოგადად ძალიან მიყვარს ყველა ნიჭიერი ადამიანი, თანაც, ვინც ჩამოთვალეთ და არა მარტო ისინი, ჩემი მეგობრები არიან. როგორც შეგვიძლია, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვდგავართ. შოუბიზნესის თვალსაზრისით, ბათუმს, ასეთ პატარა ქალაქს, საწუწუნო არაფერი აქვს.

რაც შეეხება კონკურენციას, ვფიქრობ, უკონკურენტო ვარ იმიტომ, რომ ყველანი განსხვავებულები ვართ, ინდივიდუალურები. მე ვერასოდეს ვიქნები მათნაირი და ვერც ისინი იქნებიან ჩემნაირები.

რომელთან გაკავშირებთ განსაკუთრებული მეგობრობა?

ყველასთან ვმეგობრობ, უბრალოდ, მე და გიორგი ნაკაშიძეს კონცერტებზე ხშირად გვიწევს ერთად ყოფნა.

– ,,სარკის” ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში საკმაოდ სკანდალური რამ თქვით, რომ კონცერტის დროს კულისებში ერთ-ერთ მომღერალთან სექსი გქონდათ. ამ ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, უმეტესად – უარყოფითი.  ხომ არ ინანეთ, ასე ღიად რომ ისაუბრეთ თქვენი ინტიმური ცხოვრების შესახებ?

– ყველაფერს ისე ვაკეთებ, რომ ვცდილობ, არაფერი ვინანო, ამიტომ ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე. იმ ინტერვიუს რაც შეეხება, ვფიქრობ, ახალი არაფერი რაც სხვადასხვა სოციალური გვერდების ბრალია, ჩემი სიტყვები სხვანაირად გააფერადეს.

მე არ მითქვამს, რომ სექსის გამო სცენაზე გასვლა დამაგვიანდა. საზოგადოებამ ეს მიიღო ცუდად და კომენტარებში წერდნენ, ჩვენ მის გამო დავდივართ კონცერტზე, ის კი სცენაზე რაღაცების გამო აგვიანებს გამოსვლასო, არადა ასე არ ყოფილა. უბრალოდ, სიაში ბოლოსკენ ვიყავი და, ორივეს მხრიდან თუ სურვილია, რა პრობლემაა, ორი ადამიანი სიყვარულით თუ დაკავდება?! ან ადგილს რა აზრი აქვს?!

სერიოზულ ურთიერთობაზე თუ ვისაუბრებთ, თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება, ჩანს ჰორიზონტზე საყვარელი ქალი?

– არის რაღაც-რაღაც სიახლეები, მაგრამ ჯერჯერობით ამის თქმისგან თავს შევიკავებ.

– ისურვებდით, რომ თქვენი მეორე ნახევარი მომღერალი იყოს ან მისი საქმიანობა მუსიკას უკავშირდებოდეს?

– სიმართლე გითხრათ, მნიშვნელობა არ აქვს, რა პროფესიის იქნება. მთავარია, ერთმანეთი გვიყვარდეს. პირველ რიგში, ჩემთვის მეგობარი უნდა იყოს. უნდა იცოდეს, რა უნდა ცხოვრებაში, აზროვნება უნდა შეეძლოს. მარტივად გეტყვით: უნდა ვიგრძნოთ, რომ ერთმანეთისთვის ვართ დაბადებული.