ზურა ხაჩიძე: ,,მინდა, ხათუნამ მაპატიოს, მისთვის გული თუ მიტკენია”

ზურა ხაჩიძე: ,,მინდა, ხათუნამ მაპატიოს, მისთვის გული თუ მიტკენია"შოუბიზნესის ცნობილმა სახემ, ,,ქუჩის ბიჭის” – მომღერალ ზურა ხაჩიძის ცოლმა, ხათუნა ჟორდანიამ, მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ქიმიოთერაპიის კურსის დასრულების შემდეგ შედეგები პოზიტიურია. სასიხარულო ცნობა, რომ დაავადებას დაამარცხებს, ხათუნამ პირველად ყინწვისის მამათა მონასტრის ბერის, მამა ნაუმისგან გაიგო, შემდეგ კი კლინიკაშიც დაუდასტურეს, რომ დაავადებამ უკან დაიხია.

15 თებერვალს კი ზურას და ხათუნას ქორწინებიდან 14 წელი შესრულდა. ამ თარიღის აღნიშვნის შემდეგ ზურამ ჟურნალ “სარკის” ფურცლებიდან მიმართა საყვარელ ქალს და სიყვარულში კიდევ ერთხელ გამოუტყდა (ინტერვიუ ჩაწერილია თებერვალში _ სარკენიუსი).

– ზურა, როგორია ხათუნას დღევანდელი მდგომარეობა, რა ეტაპზეა მკურნალობა?

– ქიმიოთერაპიის კურსი დავამთავრეთ. სამ კვირაში მოგვიწევს ისრაელში წასვლა ანალიზებზე და უფრო ზუსტად გავიგებთ მკურნალობის შედეგებს. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, ის არის, რომ დაპატარავებულია ეს წარმონაქმნი, რომლის სახელსაც სპეციალურად არ ვამბობ. მადლობა ღმერთს, ხათუნაც ძალიან მხნედ არის, რაც უფრო გვეხმარება ამ დაავადებასთან ბრძოლაში.

– ბევრს დადიხართ წმინდა ადგილების მოსალოცად ერთად. რწმენა ალბათ უმნიშვნელოვანესია ასეთი განსაცდელის დროს.

– ხათუნას რაც ეს დაავადება დაემართა, გაძლიერებულ ლოცვებში ვართ. მოვილოცეთ ქრისტეს საფლავი, წმინდა გიორგის საფლავი. ვიყავით ყინწვისის მამათა მონასტერში, სადაც ბერები ლოცულობენ. ძალიან ხშირად დავდივართ საგურამოს დედათა მონასტერში, მამა ტარიელთან. ამ დაავადებამ ხათუნას რწმენა გაუძლიერა და ეკლესიისკენ უფრო შემოაბრუნა. ამ რწმენის წყალობით, სწამს, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება.

– ყინწვისის მამათა მონასტერში, მამა ნაუმისთან მისვლამ იმედი გაგიძლიერათ?

– მამა ნაუმიმ ძალიან ბევრი განკურნა რწმენითა და ლოცვით. ძალიან მადლიანი ბერია და, როგორი რწმენითაც მიდიხარ მასთან, ისეთივე მადლს წამოიღებ. სწორედ მან გვითხრა, მე ვხედავ, დაავადება ორგანიზმში კაკლის გულისოდენაღა არის და მალე სულ გაქრებაო. მართლაც, ექოსკოპია რომ გადავიღეთ, გვითხრეს, რომ ზომებში მნიშვნელოვნად დაპატარავებულია.

– ამ სენთან ბრძოლისას ხათუნამ ძლიერ ქალად გამოავლინა თავი?

– ხათუნა ისედაც ყოველთვის ძლიერი ქალი იყო, მისი ძლიერი ხასიათი, დიდი სიყვარულის უნარი ჩემთვის დღემდე ყველაზე ძვირფასია. ამიტომაც ვარ შეყვარებული მასზე. უფლის მიერ გამოგზავნილი ეს განსაცდელი ალბათ კიდევ უფრო გასაძლიერებლად არის. არა მგონია, უფალმა ადამიანს ისეთი განსაცდელი მოუვლინოს, რომელსაც ვერ დაიტევს.

ხათუნა იმდენად კეთილია და იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, რომ სულ მიკვირდა, როგორ დაემართა ეს მძიმე ავადმყოფობა. რაც ერთად ვართ, არ მახსოვს ხათუნას ავადმყოფობა, ცუდად ყოფნა, გაციება, მაღალი ტემპერატურა.

– ხათუნას ქალიშვილი, ნინი, როგორ უმკლავდება ამ განსაცდელს?

ჩემი და ნინის განწყობა ყოველთვის ოპტიმისტურია. ამ რთულ პერიოდში ნინი სულ სხვანაირად დავინახე. ის რომ არ ყოფილიყო, ალბათ ძალიან გაგვიჭირდებოდა საბრძოლო ძალების მობილიზება. ხათუნა ცოტა ჯიუტია, ჰქონდა დეპრესიული პერიოდებიც, მაგრამ ნინიმ ძალიან ივაჟკაცა და საბრძოლო განწყობაზე მოვიყვანეთ.

ამ რთულ პერიოდში საზოგადოებისგან ძალიან დიდი სიყვარული და გვერდში დგომა ვიგრძენით, ასევე – სახელმწიფოსგანაც დიდი დახმარების ხელი ვიგრძენით. ჯანდაცვის სამინისტრომ და თბილისის მერიამ დიდი დახმარება გაგვიწიეს. მოგეხსენებათ, მკურნალობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამასთან მარტო გამკლავება ძალიან რთულია.

– 9 თებერვალს ხათუნას დაბადების დღე გრანდიოზულად აღნიშნეთ. ეს საღამო სიურპრიზი იყო მისთვის?

– სიურპრიზი იყო თავიდან ბოლომდე, არაფერი იცოდა. კონცერტზე დავპატიჟე და თავის დაბადების დღეზე აღმოჩნდა საყვარელი მეგობრების გარემოცვაში. ნინის ორგანიზებული იყო, მან შეკრიბა ჩუმად ხათუნას სამეგობრო. მე და ხათუნამ დუეტი ვიმღერეთ და მართლა დაუვიწყარი საღამო გამოვიდა.

ძალიან ემოციური იყო ხათუნას სადღესასწაულო ტორტზე სანთლების ჩაქრობა. პატარა ბავშვივით უხაროდა ყველაფერი. ამ საღამოს ძალიან ბედნიერი იყო. სულ მინდა, რომ ძალიან ბედნიერი იყოს, რადგან ის ამქვეყნად საუკეთესოს იმსახურებს. ხათუნა მთელი ჩვენი ოჯახის ხერხემალია.

– 15 თებერვალს თქვენი ქორწინებიდან 14 წელი გავიდა. როგორ გაიხსენებთ იმ დღეს?

– 14 წელი გავიდა ქორწინებიდან, ისე 16 წელია, ერთად ვართ. ძალიან კარგად მახსენდება ქორწილის დღე, მაშინ უფრო მეტი სიყვარული გაგვაჩნდა ადამიანებს ერთმანეთის მიმართ. შოუბიზნესიც ძალიან შეკრული იყო. მეტად თბილი და მხიარული ქორწილი გამოგვივიდა. ბოლომდე გავერთეთ, თუ არ ჩავთვლით იმ ინციდენტს, როცა ზალიკო ბერგერის გამო ბოლოს საავადმყოფოში აღმოვჩნდით. ალბათ ყველას გახსოვთ, რომ ზალიკომ თაკო დოლაბერიძე ხელში აიყვანა, წაიქცა და ფეხი მოიტეხა.

– ამ 16 წლის განმავლობაში ალბათ იყო რთული პერიოდებიც თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში.

– ურთულესი გზა გამოვიარეთ, ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდა. განსაკუთრებით რთული იყო პირველი ხუთი წელი. შეყვარებულ წყვილებს ვურჩევ, განსაკუთრებით მოუფრთხილდნენ ურთიერთობას პირველი ხუთი წელი. გვქონია ისეთი ეტაპები, როდესაც გვიჩხუბია, გვიკამათია და დანგრევის პირამდეც მიგვიყვანია ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ ჯვრისწერის მადლმა, სიყვარულმა და პატივისცემამ ყველაფერი გადაგვალახვინა.

– რა არის ხათუნაში ისეთი, რასაც დღემდე ყველაზე მეტად აფასებთ?

– თავგანწირვა, სიყვარული და ერთგულება. მე ხათუნას სახით არამარტო მეუღლე მყავს გვერდით, ის ჩემი ძმაკაციცაა. მიყვარს ეს ყველაფერი მასში და არ მრცხვენია, რასაც ვამბობ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი აზრია. კრიტიკასაც მისგან უფრო ვიღებ. ყველა მნიშვნელოვან გამოსვლას თუ საკითხს კარიერაში მასთან ერთად გავდივარ.

როგორ გეგმავთ მომავალს ავადმყოფობის დამარცხების შემდეგ?

– ხათუნას გადაწყვეტილი აქვს, ავადმყოფობის დამარცხების შემდეგ ეკოლოგიის პრობლემებთან ბრძოლაში გააქტიურდეს. მას არც დედის და არც მამის მხარეს არ ჰქონია სიმსივნესთან დაკავშირებული პრობლემები, ყველაფერი დღევანდელი კატასტროფული ეკოლოგიის შედეგია. თბილისი სავსეა უკატალიზატორო მანქანებით, რომელთა გამონაბოლქვი ჩვენს შვილებს წამლავს.

– ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან რას ეტყოდით თქვენს საყვარელ ქალს დაუფარავად, მთელი ქვეყნის წინაშე?

– პირველ რიგში, მინდა, მაპატიოს და შემინდოს, თუ რამე მიწყენინებია მისთვის. პატიებას ვთხოვ, ამ 16 წლის განმავლობაში თუ მასზე ხმა ამიწევია ან გული მიტკენია. დანარჩენი თვითონ იცის, როგორ მიყვარს და რამდენად დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. მოკლედ ვიტყვი, რომ ძალიან მჭირდება და მინდა, ძალიან დიდხანს ვიყოთ ერთად!