როგორ აღმოჩნდა რაგბის საერთაშორისო მსაჯი ჟურნალისტიკაში – ,,მე და ჩემი ცოლი ერთად ვვარჯიშობთ”

როგორ აღმოჩნდა რაგბის საერთაშორისო მსაჯი ჟურნალისტიკაში - ,,მე და ჩემი ცოლი ერთად ვვარჯიშობთ" როგორ აღმოჩნდა რაგბის საერთაშორისო მსაჯი ჟურნალისტიკაში - ,,მე და ჩემი ცოლი ერთად ვვარჯიშობთ",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ,,რუსთავი 2″-ის გადაცემის “დილა მშვიდობისა, საქართველო” სპორტის წამყვანი, ნიკა ამაშუკელი, რაგბის პროფესიონალი მსაჯია, თან მსოფლიოში აღიარებული. მართალია, რაგბი მისი ცხოვრების ნომერი პირველი ინტერესია, მაგრამ დილის ეთერში სპორტის ამ სახეობაზე ყველაზე ნაკლებად უწევს საუბარი. მისთვის დილის 5 საათზე ადგომა პრობლემა არ არის, რადგან დიდი ხანია სპორტული დისციპლინა ცხოვრების წესად აქვს ქცეული.

დილის გადაცემაში ნიკას ცოლი, ჟურნალისტი მარიამ საველიძეც მუშაობს. ჰყავთ 3 წლის ქალიშვილი, რომლის მომავალსაც მშობლები სპორტში ხედავენ.

– ნიკა, რაგბის მსაჯი როგორ აღმოჩნდით გადაცემის წამყვანის ამპლუაში?

– 11 წლის ასაკიდან რაგბს ვთამაშობდი. შემდეგ გადავედი სამსაჯო კომიტეტში და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი გავხდი. სწორედ ჩემი სპორტული წარმატებები და აქტივობები გახდა იმის მიზეზი, რომ ტელევიზიაშიც დამეწყო მუშაობა.

,,რუსთავი 2″-ში ცვლილებები რომ მოხდა, ჩემი მეგობარი, ანი გიუნტერი, დამიკავშირდა და შემომთავაზა, სპორტის წამყვანის ამპლუაშიც მომესინჯა ძალები. თან რაგბის თამაშების კომენტატორობის გამოცდილებაც მქონდა და ეს უფრო გამიადვილებდა კამერებთან მუშაობას. ეს გამოწვევა მივიღე. დილით ადრე ადგომა ისედაც არ მიჭირს და ამ შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი.

– რა იყო მთავარი სირთულე, რომელიც მუშაობისას დაძლიეთ?

– პირველი დღეები იყო რთული, რადგან ტელევიზიის მუშაობის სპეციფიკას ცოტა შეგუება სჭირდება. რამდენჯერმე ღამის გათენებაც მომიწია იმაზე ფიქრსა და მუშაობაში, რომ დილით ეკრანზე კარგად წარმოვჩენილიყავი. ძალიან მაგარი გუნდი დამხვდა, რამაც ბევრი რამ გამიადვილა. ჩემს საქმეს ახლა უკვე ძალიან მარტივად ვაკეთებ და ვერანაირ სირთულეს ვერ ვხედავ.

დილის ეთერის ფორმატი მოითხოვს, მაყურებელს მივაწოდოთ სპორტის ტოპ ნიუსები. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, როცა ჩემი სფეროდან არის რაიმე საინტერესო. არ დავმალავ, რომ რაგბის უფრო დიდი გულშემატკივარი ვარ, ვიდრე ფეხბურთის. მიუხედავად იმისა, რომ სანამ რაგბის თამაშს დავიწყებდი, ფეხბურთს ვთამაშობდი და მეკარე ვიყავი, რაგბი ჩემთვის ნომერი პირველია.

– რატომ აირჩიეთ მსაჯობა?

– ძირითადი მოტივი ტრავმები იყო. მეორე მხრივ, რაგბის წესებმა ისე გამიტაცა, რომ სამსაჯო სფეროთი დავინტერესდი. როცა სამსაჯო კომიტეტმა რეორგანიზაცია გამოაცხადა, მაშინ მივედი. მსაჯობა უნიკალური და ძალიან საინტერესო პროფესიაა.

– რა არის ყველაზე რთული მსაჯობაში?

– მსაჯი ფიზიკურად ძალიან მაგარ ფორმაში უნდა იყოს, რადგან მოთამაშეებზე მეტი სირბილი უწევს. იმის გამო, რომ საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ვარ, წელიწადში ორჯერ ძალიან რთული ფიზიკური მომზადების ნორმატივების ჩაბარება მიწევს. ამის გამო ბევრს ვმოგზაურობ.

ცოტა ხნის წინ საფრანგეთის და ინგლისის 20 წლამდე ასაკის გუნდების მსაჯობა მომიხდა. ძალიან სიმბოლური დაპირისპირება იყო. ასეთ დროს ძალიან დიდი წნეხი მოდის მსაჯზე, როგორც მაყურებლისგან, ასევე შექმნილი ფონიდან. მსაჯისთვის ძირითადი გამოწვევა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ წნეხთან გამკლავებაა.

– ალბათ მკაცრი სპორტული ცხოვრების რეჟიმი გაქვთ.

– თუ არ ჩავთვლით კორონავირუსის გამო შენელებულ და გაჩერებულ ცხოვრების ტემპს, ყოველთვის ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი მქონდა. დილის 5 საათზე ვდგები, დილის გადაცემის შემდეგ მცირე ხნით ვისვენებ, შემდეგ მივდივარ სარაგბო ბაზაზე, სადაც ვვარჯიშობ, საღამოს კი უკვე სატრენაჟორო დარბაზში ძალისმიერ ვარჯიშებს ვაკეთებ. კვების რეჟიმიც აბსოლუტურად სპორტული მაქვს.

– თქვენი ცოლიც დილის გადაცემაში მუშაობს. ერთმანეთი ტელევიზიაში აღმოაჩინეთ?

– არა, ტელევიზია არაფერ შუაშია. 4 წელია, რაც მე და მარიამ საველიძემ ოჯახი შევქმენით და გვყავს 3 წლის ქალიშვილი – ნიცა. მარიამს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და “რუსთავი 2”-ში ერთად მივედით. ძალიან კომფორტულია, რომ ჩემი ცოლიც იმ გუნდის ნაწილია, სადაც ვმუშაობ.

– მოგიწიათ ამ სიყვარულისთვის ბრძოლა?

– არა, ჯგუფელები ვიყავით. ჯერ ვმეგობრობდით და შემდეგ ეს ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. ბევრი საერთო ინტერესი გვქონდა და ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს.

– ცოლისგან ალბათ დიდ ყურადღებას გრძნობთ, რადგან სპორტული წესით ცხოვრებას და კვებას ხელშეწყობა სჭირდება.

– კი, ძალიან მიწყობს ხელს. გარდა იმისა, რომ ერთად ვართ ტელეკომპანიაში, ჩვენ ერთადაც ვვარჯიშობთ. მან კარგად იცის მსაჯობის პროფესიული სირთულეები და ცდილობს, ყველანაირად გვერდში მედგეს. სტრესი და სირთულეები სწორედ ჩემი მეუღლის და ქალიშვილის გვერდში დგომით გადამაქვს.

– ცოლთან ურთიერთობაში რომანტიკული ხართ?

– საკმაოდ. მიყვარს საყვარელი ადამიანის გახარება, მაგალითად, შემიძლია უცებ წავიდე მაღაზიაში და ცოლს საყვარელი სპორტული ბრენდის რაიმე ვუყიდო ან ყვავილები მივართვა სამსახურში.

– ანუ “რუსთავი 2”-ში ყვავილებით მისულხართ ცოლთან?

– დიახ, მივსულვარ ულამაზესი ვარდებით. უცხოეთიდან ჩამომაქვს ხოლმე მისთვის საყვარელი სპორტული სამოსი.

– გატყობთ, ძალიან სპორტული ოჯახი გაქვთ.

– კი, ჩაცმულობის კუთხითაც და ცხოვრების წესითაც სპორტულები ვართ. ჩვენი ქალიშვილიც სპორტული იქნება. ჯერ ტანვარჯიშზე და ცეკვებზე მივიყვანთ, შემდეგ თვითონ აირჩევს სპორტის რომელიმე სახეობას.

– ყურადღებიანი მამა ხართ?

– მთელ თავისუფალ დროს ჩემს გოგონასთან ვატარებ. ძალიან უხარია, როცა ტელევიზორში მხედავს. სიხარულით დარბის, ნიკუშა გამოჩნდა ტელევიზორშიო. სახლში რომ ვბრუნდები, იმ სიმღერებს მიმღერის, რომლებსაც ვასწავლი.