მკვლელობა გუდაურში – მერაბ კობიაშვილს თამაზ გორთამაშვილის მკვლელობა ედება ბრალად

მკვლელობა გუდაურში - მერაბ კობიაშვილს თამაზ გორთამაშვილის მკვლელობა ედება ბრალადრუსუდან ადვაძე, სარკე

16 თებერვალს გუდაურში ტრაგედია დატრიალდა. 28 წლის თამაზ გორთამაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი სამი ტყვიით მოკლეს, მისი ერთი მეგობარი კი მძიმედ დაჭრეს. მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილია – ყოფილი სამხედრო, საქართველო-რუსეთს შორის მიმდინარე ომის მონაწილე.

მერაბ კობიაშვილი გუდაურში ბიზნესით იყო დაკავებული, იქ ბინებს აქირავებდა და უცხოელი ტურისტები თავად აჰყავდა. კობიაშვილის ცოლი, ნატა ქიტესაშვილი, ყვება, რომ დაპირისპირება ტურისტების გამო დაიწყო.

– ჭრილობა აქვს მარცხენა ხელზე, თავისივე იარაღით მიყენებული და, სავარაუდოდ, იარაღის წართმევის დროს, რომ არ ანებებდა იარაღს. ალბათ, რომ მოეხერხებინათ იარაღის წართმევა, მომიკლავდნენ მეუღლეს. ერთ-ერთი ვერსია არის ტურისტების ამბავი. ის ტურისტებს გამოექომაგა. მეგობრისთვის უთქვამს, შევედი ბარში და დავინახე, ქალი ეგდო ძირს და კიოდა, აბა, რა უნდა გამეკეთებინა სხვაო. ამათ ჰქონიათ ის პოზიცია, რომ თქვენ ჩვენიანი ხართ, ქართველი ხართ და ჩვენ რატომ არ დაგვიდექით მხარშიო, – განაცხადა ნატა ქიტესაშვილმა.

მერაბ კობიაშვილის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებელი მოგერიების პირობებში იმყოფებოდა და ის სასტიკად არის ნაცემი. გავრცელდა ვიდეოკადრებიც, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ურტყამს კობიაშვილს რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი. “ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა მოკლულზე მეტად მკვლელი გვეცოდება”, – წერენ სოციალურ ქსელში.

თამაზ გორთამაშვილი გუდაურში ჯერ ბარმენად მუშაობდა, მერე კი – სნოუბორდის მწვრთნელად. მისი ძმის ცოლი, ნინო გულიაშვილი, “სარკეს” იმ ვერსიებზე მოუყვა, რომლებიც ამ ეტაპზე მათთვის არის ცნობილი.

ნინო გულიაშვილი: ამ კაცმა, რომელმაც თაზო მოკლა, ორი კვირით ადრე იჩხუბა ერთ ბიჭთან, რომელსაც მიშო ჰქვია. ბიჭებმა სწორედ მიშოს დასახმარებლად იჩხუბეს მასთან. მან სთხოვა მეგობრებს დახმარება. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ქუჩაში მიშო ბიჭებთან ერთად მიდის და უცებ ის იცნობს იმ კაცს, რომელმაც სცემა. ჩანს, რომ სწორედ მიშო მივარდება პირველი. მიშო ამ ბიჭებს შორის ყველაზე უმცროსია, 19 წლის.

– რა იყო იმ ჩხუბის მიზეზი, რას ამბობს მიშო?

– ორი კვირით ადრე ერთ პატარა ბარში შელაპარაკება მოსვლიათ. მიშო ცოტა “წახიპიშებია”, რადგან რაღაც არასწორად გაუგია. ბოლოს ხელი ჩამოურთმევია, შერიგებულან და იქ დამთავრებულა ეს ამბავი. ორი კვირის მერე კი ისევ შეხვედრია სხვა ბარში და კობიაშვილს უცვნია, რომ ის ბიჭი იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ ტყუილად აუშარდა. ნასვამს გაახსენდა და გარეთ გაიყვანა, ვილაპარაკოთო. კამერებიანი ადგილები ხელგადახვეულმა გაატარა და სცემა ისეთ კუთხეში, სადაც კამერები არ არის.

ჩემს მაზლს მთელი გუდაური, ყველა იქ ჩამსვლელი იცნობდა, როგორც ძალიან პოზიტიურ ადამიანს და მშვიდობის მტრედს. თუ სადმე რამე ხდებოდა, თაზო აგვარებდა და აშოშმინებდა. ვიდეოთვალით გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ თაზოს ხელი უკიდია მკვლელზე და აშველებს, მაგრამ ამ დროს მას შეუგინებია და თაზოსაც დაურტყამს. მეორე ჩხუბშიც ჩანს, რომ აშველებს, გამოჰყავს ერთი და მას იქით აგდებს. ამის მერე ჩხუბი დაიშალა და ის კაცი წავიდა.

– ეს ჯგუფური ჩხუბი რატომ ატყდა?

– მიშომ უთხრა მეგობრებს, ამ კაცმა მცემა და მიშველეთო. სავარაუდოდ, ყველა ერთად იმ კაცის საძებრად გაემართა. ვიდეოში ჩანს, რომ გაუვლიან გვერდით, გასცდებიან, ამ დროს მიშო იცნობს და მოტრიალდება. ბიჭებს დაუძახებს, ეს არისო.

ყველა დამნაშავეა ამ ამბავში. ჩხუბი ჩხუბია, მაგრამ როგორ უნდა გაამართლო ადამიანი, რომელიც ამოიღებს იარაღს და მოკლავს ადამიანებს?!

კამერებმა დააფიქსირა, რომ მკვლელი ამ ჩხუბის შემდეგ სასტუმროში შევიდა და უკანა კარიდან მანქანების სადგომზე გავიდა. მკვლელობა მანქანების სადგომიდან 10-15 მეტრის იქით მოხდა. მეორე მხარე ამბობს, რომ მანქანამდე სდიეს და იძულებული იყო, მანქანიდან იარაღი ამოეღო და ესროლა. ბიჭები უკვე წამოსულები იყვნენ. მან კი იარაღი აიღო და უკან მობრუნდა.

საზოგადოება ჩვენს ბიჭებს ხულიგნებად მოიხსენიებს, თავი დაიცვა, რადგან ეშინოდა, რომ არ მოეკლათო. მანქანამდე თუ მივიდა და ჩაჯდა, რატომღა გადმოვიდა უკან?! მანქანით გაქცეულიყო, დახმარება ეთხოვა ვინმესთვის, პატრულში დაერეკა… მაგრამ ის უკვე იმდენად იყო გაბოროტებული, მიზანმიმართულად ამოიღო იარაღი. როდესაც იარაღს იღებ და უკან მიდიხარ, ესე იგი განზრახული გაქვს, რაღაც ჩაიდინო.

მკვლელი როცა მობრუნდა, ბიჭები უკვე დაშლილები იყვნენ. იმ ტერიტორიაზე თაზო იყო, კიდევ ერთი ბიჭი, დათო, რომელიც იმ ჩხუბში არ მონაწილეობდა და მათ მერე შეუერთდა, ისიც დაჭრილია. მესამეც იყო მათთან და მისი ვინაობა არ ვიცი. დათოს ეფარა ისეთივე ქუდი, როგორიც მიშოს. სავარაუდოდ, მკვლელს დათო მიშო ეგონა და მასაც იმიტომ ესროლა. ამ დროს თაზო მივარდნილა, რას აკეთებო და ამ დროს თაზოს ესროლა სამი ტყვია. ამ ხმაზე დანარჩენებიც მიცვივდნენ. სწორედ მერე სცემეს ისე მაგრად, როგორც იყო ფოტოებზე ნაჩვენები.

სასტუმროში მომუშავე გოგომაც თქვა, რომ, როდესაც იქ შევიდა, ნაცემი სულაც არ ჩანდა და კამერებშიც ჩანს ეს. გასროლის მერე კი მართლა სასტიკად სცემეს და ეგონათ, რომ მოკვდა.

დანაშაული “გლოკის” იარაღით არის ჩადენილი. ირანული წარმოშობის იარაღია, რომელიც, ტყვიებს რომ ისვრის, გვერდიდან აგდებს ვაზნას. თვითმხილველები ამბობენ, რომ ბოლოს ტყვია გაეჭედა, თორემ სროლის შეწყვეტას არ აპირებდა და ყველას დახოცვა უნდოდა. ბიჭებს გაუგდებინებიათ იარაღი და ამის მერე ისე სცემეს, ცოცხალი აღარ ეგონათ, უგონოდ დაგდებულა. თაზო იქვე 15 წამში გარდაიცვალა.

– სად მოხვდა ტყვიები?

– ერთი ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი, მეორე – საზარდულთან და მესამე – მუცელში. პირველად დათოს ესროლა, მუცელსა და ხელში მოარტყა, ანუ მას გამაფრთხილებელი გასროლა არ განუხორციელებია, პირდაპირ მუცელში ესროლა გამიზნულად. თაზო რომ მივარდნია, იარაღს ართმევდა და ჯერ ფეხში მოხვდა ტყვია და შემდეგ – მუცელში. სიკვდილი, სავარაუდოდ, მუცელში ნასროლმა ტყვიამ გამოიწვია. მკვლელი ნასვამი იყო და, სავარაუდოდ, მიშოც.

– კობიაშვილი გუდაურში რას საქმიანობდა, იცით?

– გუდაურში მრავალწლიანი ბიზნესი ჰქონია. სულ იქ არის და ოთახებს აქირავებს უცხოელებზე, თავისი მანქანით ემსახურება კლიენტებს. მოხევეა, თან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი და საკმაოდ დიდი გავლენები ჰქონია იქ.

– მიშო იქ რას საქმიანობდა? გავრცელებული ვერსიით, ბარში უცხოელებს დიდი თანხა გადაახდევინეს და კონფლიქტი ამან გამოიწვია.

– არც მიშო და არც თაზო ბარში არ მუშაობდნენ. მიშო იქ ბურანებზე მუშაობდა, თაზო კი სნოუბორდის ინსტრუქტორი იყო. მტკნარი სიცრუეა, რომ თაზო იქ კლიენტებს დიდ თანხას ახდევინებდა. ბოლო ერთი თვე თაზო მხოლოდ სნოუბორდით იყო დაკავებული. მანამდე ბარშიც მუშაობდა და სნოუბორდზეც, მერე ძალიან დაიღალა ორ ცვლაში მუშაობით და მხოლოდ სნოუბორდის ინსტრუქტორი იყო.

საოცრად თავისუფალი და ლაღი ადამიანი იყო. ერთი სული ჰქონდა, თოვლი მოსულიყო, რომ გუდაურში გაქცეულიყო. მე ოჯახის წევრი ვარ და ვიცი, როგორი კარგი ადამიანი იყო, მაგრამ ამდენ ადამიანს თუ ეძვირფასებოდა, ვერც წარმოვიდგენდი. ეს დღეები ჩვენთან სასწაული ხდებოდა, საიდან არ ჩამოვიდა ხალხი. იმხელა სიყვარული და სითბო დატოვა, რომ ყველა ასე იხსენიებს – კეთილი ბიჭი და მშვიდობის მტრედი. მისი მეგობრის დედები დასტიროდნენ, თაზოსთან ერთად რომ იყო ჩვენი შვილი, იმედი გვქონდა, რომ დაცული იყოო.

სამი ძმანი იყვნენ და ობლობაში გაზარდა დედამ. თაზო 8 თვის იყო, მამა რომ დაეღუპათ. მაშინ 6 წლის იყო უფროსი ძმა, ჩემი მეუღლე – 4 წლის. ძალიან მშვიდი და წყნარი ოჯახი გვაქვს. ყველა ვშრომობთ. თაზოს უზომოდ ყუვარდა ძმისშვილები. ჩემი უფროსი შვილისთვის კერპი იყო. ძალიან მორიდებული იყო ოჯახის წევრებთანაც კი. რამე რომ უნდოდა, ისეთი მორიდებით ითხოვდა…

10 წელია ამ ოჯახში ვარ და ორი შვილი დამეფიცება, რომ მე გაბრაზებული თაზო არ მინახავს. ჯარი მოიხადა და მას მერე სულ შრომობდა, სულ ცდილობდა, თავისი შრომით ჰქონოდა რაღაც. რაც გულით უნდოდა, ყველაფერი ისწავლა. ბარმენობა უნდოდა გულით, იმდენი იშრომა, რომ ბოლოს კარგი ბარმენი დადგა. თბილისში ჩაიხანაში მუშაობდა. ზაფხულობით ბათუმში მიდიოდა და ზამთარში – გუდაურში. ერთი მხიარული და სიცოცხლით სავსე ბიჭი იყო. ყველა ვიდეოსა და სურათში გაღიმებულია, ყველგან ცეკვავს და მღერის.

თაზო ექიმების გარეშე დაიბადა. მაშინ კახეთში ცხოვრობდნენ და დედამისი მარტო ყოფილა, მშობიარობა რომ დასწყებია. სანამ ექიმი მივიდა, თაზო მანამდე დაიბადა ასე, თავისით.

– მათი მამა რითი გარდაიცვალა?

– ხელყუმბარა აუფეთქდა ხელში. ბიძა ჰყავდათ ჯარისკაცი და ისიც 20 წლის მოუსვენეს სახლში. ძალიან ტრაგიკული ბავშვობა ჰქონდათ, გაჭირვებაში დაიზარდნენ ძმები, მაგრამ ბევრი მამა ვერ გაზრდიდა ისე, როგორც დედამისმა გაზარდა – პატიოსნები და შრომისმოყვარეები. ზაჰესში ვცხოვრობთ და ყველა ტირის, ვისაც ახსოვს, როგორ გაიზარდნენ.

– მეორე ბიჭი, რომელიც ამ კონფლიქტის დროს დაიჭრა, როგორ არის?

– უკეთესად არის და როგორც ვიცი, ჩვენებებსაც იძლევა. კობიაშვილების დაცვის მხარე ცდილობს, რომ ის აუცილებელი მოგერიების მუხლით გასამართლდეს. იმედი გვაქვს, რომ სიმართლე ბოლომდე გაირკვევა. ძალიან ცუდი არგუმენტია, როდესაც ამბობენ, რომ ის ომში მონაწილეობდა და გმირია. არანაკლები შვილი და ადამიანი იყო თაზო.

– რა გეგმები ჰქონდა თაზოს?

– ამბობდა, როგორც კი წესიერ გოგოს შევხვდები, ცოლად მოვიყვან, შვილი მინდა ძალიან, თორემ დავბერდიო… 17 წლიდან ჭაღარა შეერია და თითქმის სულ ვერცხლისფერი თმა ჰქონდა, დარდობდა, გავჭაღარავდიო. გოგოები აქეთ აქტიურობდნენ, თაზო კი ისეთ გოგოს ეძებდა, რომელსაც თავად დაინახავდა.

,,,

მერაბ კობიაშვილის უფლებადამცველი, ირაკლი ჩომახაშვილი, დაზარალებული მხარისგან რადიკალურად განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს. ის აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებელი მოგერიების მუხლით უნდა გაასამართლონ.

ირაკლი ჩომახაშვილი: გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ მერაბ კობიაშვილის თავდამსხმელებზე და არა – იმ ვიღაც მიშოზე, რომელიც თურმე მერაბმა სცემა. ამბობენ, საავადმყოფოში იწვა ის მიშო, ისე სცემესო. ეს ტყუილია, რადგან საავადმყოფო ვალდებულია, საპატრულოს დაურეკოს, თუ პირი ნაცემია, რაც არ მომხდარა, ეს ამბავი არ დასტურდება, ანუ ეს რაღაც კონფლიქტი არ მომხდარა იმ მიშოსთან.

– თქვენი ინფორმაციით, რატომ დაესხნენ თავს კობიაშვილს?

– ეს იყო ტურისტებთან დაკავშირებული პრობლემები, რაც გამუდმებით ხდებოდა ამ კონკრეტულ ბარში. 20-ჯერ მეტ თანხას ახდევინებდნენ ტურისტებს, რაც მერაბ კობიაშვილისთვის პროტესტის საფუძვლად იქცა. დაპირისპირება მერაბს არ დაუწყია.

– მოკლული თამაზ გორთამაშვილის ახლობლები ამბობენ, რომ ის არც ბარში მუშაობდა და არც მკვლელთან ყოფილა დაპირისპირებული.

– მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება და ვიდეოკადრებშიც ჩანს, რომ გარდაცვლილი სამჯერ ახორციელებს დარტყმას მერაბ კობიაშვილის მიმართ. დაზარალებული იმ ადამიანების მეგობარია, ვისთანაც მერაბს თავდაპირველად კონფლიქტი მოუვიდა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ კი არ აშველებს, 4 ადამიანთან ერთად ურტყამს და ძირსაც აგდებს. დასტურდება, რომ გარდაცვლილი იყო პირველი, მეორე და მესამე ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი.

მერაბი მანქანისკენ წავიდა, მაგრამ გაეკიდნენ. რა უნდოდათ მის მანქანასთან 5 მეტრში?! მერაბ კობიაშვილი შურისძიების მიზნით არ მიდის და არ იღებს იარაღს. პირიქით, ნელი ნაბიჯებით გაეცალა კონფლიქტს და ხელიც კი არ შეუბრუნებია.

ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ პირველი გასროლა გამაფრთხილებელი იყო, ანუ ფეხის მიმართულებით გაისროლა და ტერფში მოარტყა. თუ ადამიანს ვინმეს მოკვლა უნდა, ფეხში ესვრის?! ისროლა იმიტომ, რომ  მის სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე, ამის შემდეგ ხუთზე მეტი ადამიანი ისევ დაესხა თავს და ცდილობდა იარაღის წართმევას. ამ დროს იარაღიდან ისევ ხდება გასროლა და მათ შორის ერთი თვითონ ხვდება მარცხენა მკლავზე. ყველა ტყვია გასროლილია ქვემოდან ზემოთ, რაც გულისხმობს იმას, რომ მერაბ კობიაშვილი გდია ძირს და დანარჩენები ურტყამენ. თავად ამ ადამიანების ჩვენებებით ირკვევა, რომ, როცა მერაბი გაითიშა, ისევ აგრძელებდნენ მის ცემას.

არ ყოფილა არანაირი შურისძიება. მერაბი პროფესიონალი ჯარისკაცია და კარგად იცოდა, როგორ უნდა განეხორციელებინა გასროლა. ძალიან ვწუხვარ და ვუსამძიმრებ ოჯახს, მაგრამ ყველა ჩვენებითა და ჩანაწერით დასტურდება, რომ ჩხუბის ინიციატორი სწორედ ის იყო. ჩანაწერებში ჩანს, რომ ეძებენ მერაბს, მიჰყვებიან უკან.

– რას საქმიანობდა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი გუდაურში?

– მერაბს 2008 წლის ომში მიღებული აქვს ტრავმა და ჯარისკაცის საქმიანობა ვეღარ გააგრძელა. გუდაურში ბინა ჰქონდა და აქირავებდა უცხოელ ტურისტებზე. მომდევნო კვირას კი აპირებდა თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას. ფიზიკური მომზადებები უნდა გაევლო და აღდგენილიყო, როგორც სამხედრო. აქამდე ტაქსის მძღოლადაც მუშაობდა. მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და ოჯახს ასე ინახავდა.

– ის უცხოელი ტურისტები, ვისაც, თქვენი თქმით, გამოექომაგა, თავად ჩაიყვანა გუდაურში?

– არა, სხვებს გამოექომაგა. შემთხვევით შევიდა იმ ბარში და უსამართლობას რომ წააწყდა, პრეტენზია გამოსთქვა, რის გამოც რამდენჯერმე დაესხნენ თავს და ეს კამერებითაც დასტურდება.

– რამდენჯერმე რომ დაგესხმებიან თავს, პოლიციას რატომ არ უნდა მიმართო?

– მანქანისკენ იმიტომაც წავიდა, რომ კონფლიქტს გარიდებოდა. ვეღარც საუბრობდა, ქალა-ტვინის ტრავმა აქვს, ჰემატომები თვალზე, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული. უნდოდა, საავადმყოფოში წასულიყო. მივიდა მანქანასთან, მაგრამ არ დააცადეს წასვლა.

ამ მკვლელობამდე დაახლოებით 7 საათით ადრე ჰქონდა ღვინო დალეული თავის ფრანგ ტურისტებთან ერთად სხვა რესტორანში, იმ ბარში არ დაულევია. აუცილებელი მოგერიების წინაშე დადგა და იმიტომ აიღო იარაღი. კანონშია მითითებული, რომ არავინაა ვალდებული, მეხუთედ გაიქცეს. მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი.

– რა სასჯელი ელის?

– ამჯერად წაყენებული აქვს ბრალდება, რომელიც შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უდანაშაულოდ ცნობენ.

– ჩეკებით, ამონაწერებით დასტურდება, რომ ტურისტებს 20-ჯერ მეტ თანხას ახდევინებდნენ?

– ჯერ არ არსებობს ასეთი მტკიცებულება, რადგან, როგორც ვიცი, არ გადაუხდიათ. თუ საგამოძიებო მოქმედებები ამ კუთხითაც ჩატარდება, რა თქმა უნდა, გამოჩნდება, მაგრამ ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ, რადგან საქმესთან კავშირში არ არის. ვინ იყო ჩხუბის დამწყები, მნიშვნელობა არ აქვს. მერაბიც რომ ყოფილიყო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ ჰქონდა აუცილებელი მოგერიების უფლება და ხუთჯერ უნდა ეცემა ხუთ ადამიანს.

– ჩხუბში მონაწილე სხვა პირებს რა ელით?

– თავდამსხმელებს აუცილებლად უნდა წაუყენონ ჯგუფური ძალადობის ბრალი და ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ დაპატიმრებული.