“ლაშა ქიმბარაშვილი როგორც პირუტყვს, ისე დაერია დას და დედას” – საზარელი ტრაგედია ჭოპორტში

"ლაშა ქიმბარაშვილი როგორც პირუტყვს, ისე დაერია დას და დედას" - საზარელი ტრაგედია ჭოპორტშიირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

28 თებერვალს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში მომხდარმა მკვლელობამ მრავლისმნახველი სამართალდამცავებიც კი გააოცა. ქიმბარაშვილების ოჯახში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ და პირად საუბრებში აცხადებენ, რომ დანაშაული სასტიკი მეთოდებით არის ჩადენილი.

გამოძიების ინფორმაციით, 41 წლის ლაშა ქიმბარაშვილმა დედა, 63 წლის ციცი ქიმბარაშვილი და საკუთარი და, 43 წლის თეა ქიმბარაშვილი, სანადირო თოფითა და ხანჯლით მოკლა. როგორც ამბობენ, მკვლელობის მოტივი ოჯახური კონფლიქტია, მაგრამ სოფელ ჭოპორტში ამას არ ადასტურებენ. ქიმბარაშვილების თანასოფლელებს სასტიკი მკვლელობის დეტალებსა და მიზეზებზე საუბარი უჭირთ. ამბობენ, რომ ოჯახი კონფლიქტური არ იყო. სახლში მხოლოდ სამნი ცხოვრობდნენ – დედა და და-ძმა.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში პოლიციამ სახლიდან ნივთმტკიცებები, დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოიღო – სანადირო თოფი და ხანჯალი.

– დედა და და თოფითა და ხანჯლით დახოცა!.. გადასარევი ოჯახი იყო, არაჩვეულებრივი ქალები ცხოვრობდნენ ამ სახლში. არც ეს ბიჭი იყო კონფლიქტური. მკვლელობის დღეს კი მცირე ინციდენტი და გაუგებრობა მომხდარა, დეტალები ნამდვილად არ ვიცი. დღეს რომელ ოჯახში არ ხდება კონფლიქტი, ვის არ უჩხუბია სახლში?! ამის გამო ოჯახის წევრები ხანჯლით კი არ უნდა დახოცო!

მთელი სოფელი ნერვიულობით დავწყდით, ასეთი შემაძრწუნებელი ტრაგედია არ უნდა მომხდარიყო, – ამბობს მეზობელი ლიანა დოღონაძე.

– ვინ არ მირეკავს, რა მოხდაო, მაგრამ გამხელაც მრცხვენია, ისეთი არასასიამოვნო ამბავია. ნასვამი ლაშა თურმე დედას და დას წაეკამათა, შემდეგ სანადირო თოფი ჩამოიღო და, როგორც პირუტყვს, ისე დაერია ოჯახის წევრებს… მთელი სოფელი შოკშია, – გვითხრა მეზობელმა, ნაზი ინანეიშვილმა.

“სარკის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა სანადირო თოფით რამდენჯერმე ესროლა დედას, შემდეგ კი დას ხანჯლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დედა ადგილზე გარდაიცვალა, და – გზაში, საავადმყოფოში მიყვანამდე.

– ლაშას ცოლი არ ჰყავდა, არც მისი და იყო გათხოვილი. ამის გამო დედა ნერვიულობდა, ორი შვილი მიბერდება და საკუთარი ოჯახი არც ერთს აქვსო. კონფლიქტური ოჯახი არ იყო, კარგები, მშრომელები იყვნენ… ერთადერთი და ხანჯლით როგორ მოკლა?! როგორც გავიგე, ჯერ დედა მოკლა და მერე დას მიადგა. საწყალი დედამისი ადგილზე გარდაიცვალა, და – კლინიკაში მიყვანამდე, – ყვება ოჯახის ახლობელი დოდო ნოსელიძე.

ლაშა ქიმბარაშვილი დანაშაულს აღიარებს. ის სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულს საზოგადოებრივი ადვოკატი მურმან ნიკოლეიშვილი იცავს. მან “სარკის” რამდენიმე კითხვას გასცა პასუხი.

– ბატონო მურმან, რას აცხადებს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი, რატომ გაუსწორდა დედას და დას ასე სასტიკად?

– პირად საუბრებში რასაც ამბობს, გამოკითხვის ოქმშიც ის არის დაფიქსიებული. ამის გამო აუცილებელია, ჩაუტარდეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რადგან გარკვეული ფაქტები საერთოდ არ ახსოვს. ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს და უფრო კონკრეტულად შემდეგ შევძლებ საუბარს.

– შესაძლოა, ფსიქიკური პრობლემები დაუდასტურდეს?

– შესაძლოა, რადგან მისი ჩვენების შემდეგ ექსპერტიზის ჩატარების საკითხი დადგა დღის წესრიგში.

– ალბათ მოგეცათ მასთან საუბრის საშუალება. რას ყვება?

– როგორც გითხარით, გარკვეული ფაქტები ახსოვს, მაგრამ ბევრი რამ – არა. ამიტომ რთულია, განსაზღვრო, რა იყო მკვლელობის მოტივი. როგორც დადგინდა, ნასვამი არ ყოფილა.

– რა გაირკვა, ოჯახის წევრებს მანამდე თუ ჰქონდათ კონფლიქტი?

– როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, ოჯახში გარკვეული კონფლიქტები წარსულშიც იყო. საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ მკვლელობის იარაღები დანა და სანადირო თოფი იყო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ლაშა ქიმბარაშვილს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის ჩადენის შემდეგ მას სახლიდან გაქცევა არ უცდია.