კრისტი: ,,ნატალი მთხოვს, რომ შვილი გავაჩინო”

კრისტი: ,,ნატალი მთხოვს, რომ შვილი გავაჩინო",,სარკე”, ლელა დევდარიანი

მოდელ კრისტის უკვე თამამად შეუძლია თქვას, რომ საკუთარი თავი იპოვა. ეს ეხება როგორც მის საქმეს, ასევე შინაგან სამყაროს. ცხოვრებისეული გამოცდილებით მიხვდა, რომ ბედნიერება დეტალებშია, მაგალითად, იმაში, რომ შენ ირგვლივ ყვავილებია, რომ მზე ანათებს, რომ შეგიძლია ცეკვა, თუნდაც მარტო. ამაზე ფიქრმა სულიერ ჰარმონიამდე მიიყვანა და ამ ყველაფერს თავის ერთადერთ შვილს, ნატალია ყიფშიძესაც ურჩევს. კრისტიმ გაგვიმხილა, რომ მისი გოგონა კარგ ბიჭზეა შეყვარებული და თავს ბედნიერად გრძნობს.

– კრისტი, მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ. სიახლეები ხომ არ გაქვთ?

– სიახლეები თითქმის სულ მაქვს. რაღაც პროექტებზე ვმუშაობ, ჯერ მზადების პროცესში ვარ და არ მინდა, საჯაროდ მოვყვე. სულ რაღაცის ძიებაში ვარ. ჩემი საქმე მიყვარს. 25 წელია მოდის სფეროში ვარ და ეს ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს მოიცავს. ისე მოხდა, რომ სხვაგან ვერსად გადავედი. თუ რამე ხდება, ისევ მოდაში ვბრუნდები, ვერ ველევი.

– არ გიფიქრიათ, საკუთარი სამოდელო სააგენტო რომ გაგეკეთებინათ?

– თუ რამეს ვაკეთებ, მინდა, ხარისხიანი იყოს. ამ ყველაფერს კი ძალიან დიდი ფინანსები და დრო სჭირდება. ჩემთვის მთავარი ხარისხია. უფრო ადრე უნდა გამეხსნა, ახლა აზრიც აღარ აქვს. ჩემს მეგობრებს აქვთ სააგენტოები და მასტერკლასებს ვატარებ ხოლმე. ძალიან ბევრი კონკურსი ტარდება და ჟიურის წევრად ხშირად მიწვევენ.

– მკაცრი ჟიური ხართ თუ ლმობიერი?

– საკმაოდ მკაცრი ვარ. ჟიურის ამპლუა ძალიან მომწონს, რადგან საინტერესოა. რამდენიმე წლის წინ მე და ეკა მგალობლიშვილი (სააგენტო “კატრინის” ხელმძღვანელი. რედ.შენ.) დავდიოდით რეგიონებში და მეტად საინტერესო სახეები აღმოვაჩინეთ. ძალიან კარგი იქნება, ამას თუ გავაგრძელებთ.

რეგიონებში ისეთი სიტუაცია იყო, არ ჩანდა ბავშვი და ჩვენ აღმოჩენებს ვაკეთებდით. მიყვარს ადამიანების დახმარება. ასე მგონია, ამ მისიით ვარ მოსული, რომ ადამიანებს დავეხმარო, რაღაც წვლილი შევიტანო მათ შემოქმედებით საქმიანობაში, განვითარებაში.

ერთი პერიოდი ვმუშაობდი ,,საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში”, გვქონდა ჟურნალი ,,კოპირაიტი” და იქ ჩემს რუბრიკას ვუძღვებოდი, რომელსაც ერქვა ,,სიახლე კრისტისგან”. ყოველ ნომერში ახალგაზრდა ნიჭიერ ადამიანზე მქონდა წერილი. პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ: ახლა ვაკეთებ მსგავს რაღაცას, მინდა, ახალი ტალანტები ისევ აღმოვაჩინო.

– რაც შეეხება პირადს, ამ მხრივაც ხომ არ გაქვთ სასიამოვნო სიახლე?

– იყო პერიოდები, როცა პირადზე თავისუფლად ვსაუბრობდი. ახლა დიდად არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი. სიახლე არაფერია, მარტო ვარ. მარტოობას ძალიან მივეჩვიე, რადგან დიდი ხანია ასე ვარ. შეიძლება უცებ ვინმე გაიცნო, შეგიყვარდეს, გათხოვდე. ეს ბედისწერაა და ამიტომ არაფერს გამოვრიცხავ. რატომღაც მგონია, რომ ეს ყველაფერი არის ბედისწერა.

– როგორ ფიქრობთ, ქალისთვის რა არის აუცილებელი, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს?

– ქალისთვის და ზოგადად ყველა ადამიანისთვის მთავარია, რომ საკუთარი თავი იპოვოს. არ აქვს მნიშვნელობა, გათხოვილი ხარ თუ გამოთხოვილი, მთავარია, საკუთარ თავში იყო დარწმუნებული, საკუთარ თავთან – ჰარმონიაში და საკუთარ თავს პატივი სცე. ყველას ვურჩევ, რომ ჯერ სულიერი სიმშვიდე იპოვონ, დარწმუნებულები იყვნენ საკუთარ თავში, თავიანთ ძალებში და იცოდნენ, კონკრეტულად რა მისიით არიან ამ ცხოვრებაში მოსული.

შვილსაც სულ ამას ვუხსნი, მაგრამ 18 წლის ბავშვს რაც უნდა ელაპარაკო, თუნდაც მკითხველს მოუყვე ეს ყველაფერი, შეიძლება ვერ გაიგონ, რაშია საქმე. ამ ყველაფერს სჭირდება დრო და გამოცდილება. მე ვარ 42 წლის და, როგორც ყველა ადამიანს, მეც მქონია კარგის და ცუდის გამოცდილება. ეს ყველაფერი გროვდება და შემდეგ აისახება ქმედებებსა და გადადგმულ ნაბიჯებში. მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ შეცდომებსა და მიღწევებზე სწავლობ. ეს ყველაფერი ერთად თუ არ დაგროვდა, სხვანაირად არაფერი გამოვა.

– მოგვიყევით, რას საქმიანობს ნატალია, როგორი გოგონაა.

– ნატალი არის 18 წლის. ხასიათით საერთოდ არ მგავს, სულ სხვა ტიპია. ჩემებური სახასიათო ქმედებები და მიმიკები კი აქვს, მაგრამ, საერთო ჯამში, სულ სხვა ადამიანია. ძალიან საინტერესო გოგოა. არის სტუდენტი, კარგად სწავლობს.

ყოველთვის ვიცოდით, რომ თეატრალურში აბარებდა, უცებ კი გადაწყვეტილება შეცვალა და “ჯიპაში” ჩააბარა ციფრული მედიისა და კომუნიკაციის ფაკულტეტზე. თავისი არჩეული პროფესია მოსწონს, მაგრამ არ გამორიცხავს, მამის და ბაბუის (მსახიობები გიორგი და ზურაბ ყიფშიძეები. ავტ.) საქმიანობა გააგრძელოს და მსახიობი გახდეს.

– როგორც ჩანს, ნატალის პოდიუმი არ იზიდავს.

– მოდელობა არ იზიდავს. ალბათ ეს იმანაც განაპირობა, რომ ბავშვობიდან და მუცლად ყოფნის პერიოდიდან სულ გადაღებებზე იყო, ფოტოებს უღებდნენ, ჩვენებებზე გამოდიოდა. მუდმივად ამ საქმეში იყო ჩართული და თითქოს საკუთარი თავი ამოწურა. მიხვდა, რომ ეს მისი არ არის.

სააგენტო “ნატალიში” არის, როგორც მოდელი. ახლა ყველაფერი შეიცვალა, თუ ხარ ცნობილი, “ინსტაგრამზე” ბევრი გამომწერი გყავს, ხარ ინფლუენსერი და მოსწონს, ჯიბის ფულს რომ გამოიმუშავებს.

– რატომ გადაწყვიტა, რომ მსახიობობა აღარ უნდოდა, რა იყო ამის მიზეზი?

– სხვათა შორის, ეს შეყვარებულთან ურთიერთობამ განაპირობა. ის ბიჭიც ამ პროფესიის არის. ალბათ მისგან რაღაცები აიღო და გადაწყვიტა, ერთსა და იმავე სფეროში ყოფილიყვნენ. მაგალითად, ჩემს შემთხვევაში იყო ასე: ინგლისურზე ვემზადებოდი, რატომღაც მომწონდა უცხო ენათა უნივერსიტეტი. 16 წლისამ ჩავაბარე და იმ წელსვე მქონდა პირველი ჩვენება.

მეგონა, რომ ვისწავლიდი და თან გავერთობოდი, მოდის სფერო ჩემი ჰობი იქნებოდა, მაგრამ უნივერსიტეტში მიღებული განათლება აღარ გამოვიყენე, იმდენად გადავერთე მოდის სფეროში. ჰობი იქცა პროფესიად, რომელიც ძალიან შემიყვარდა.

– როგორი ბიჭია თქვენი ქალიშვილის რჩეული, თქვენ როგორი თვალით უყურებთ?

– ძალიან კარგი ბიჭია. მე როგორც ვიცნობ, ძალიან კარგი ადამიანია. ნატალია გარდატეხის პერიოდში იყო. ამ დროს მშობელიც დაძაბულია და ბავშვს სულ პროტესტი აქვს. ეს ერთი წელი, რაც შეყვარებული ჰყავს, მშვიდად არის, შეიცვალა და სხვანაირი გახდა. ნატაშკაზე ცოტათი უფროსია – 3-4 წლით. არ ჩქარობენ, რომ თავიანთ ურთიერთობას სერიოზული სახე მისცენ, ჯერ პატარები არიან.

– ნატალია თვისებებით მამას ჰგავს?

– უფრო მამას ჰგავს, მაგრამ გიორგიც არ არის ასეთი. ნატალი ძალიან მკაცრი, მიზანდასახულია. რაღაცას რომ იტყვის, გააკეთებს.

– როგორ მიიღო მამის მესამედ დაქორწინება და ის, რომ გიორგის ცოლი თითქმის მისი თანატოლია, როგორი ურთიერთობა აქვს ენი გასიევასთან?

გიორგის მეუღლესთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. მე არ ვიცნობ, ერთხელ მყავს ნანახი, წამიერი გაცნობა იყო. ჩემთვის მთავარი არის ჩემი შვილი. აქედან გამომდინარე, ჩემი შვილი რომ იყოს კარგად, მისი მეორე მშობელიც, ანუ მამა, უნდა იყოს კარგად. ნატალიასგან ვიცი, რომ გიორგი არის ძალიან ბედნიერი, თან ბავშვიც რომ შეეძინათ, შეიცვალა, სხვანაირი გახდაო.

ნატალია რომ გაჩნდა, გიორგი 24 წლის იყო, მეორე შვილი რომ გაუჩნდა – 35-ის და ახლა, 42 წლის ასაკში პატარა ბავშვი სულ სხვანაირად აღიქმება. ნატაშკაც ძალიან ბედნიერია. ბავშვი ჯერ დღეების არის და ერთი წუთი არ შეუძლია მის გარეშე. იღვიძებს თუ არა, იქით გარბის. ძალიან მოსწონს და ამბობს, 18 წლისამ უფრო სხვანაირად აღვიქვი ბავშვიო.

პირველი ძმაც ძალიან უყვარს, მაგრამ მაშინ ცოტა პატარა იყო და ეჭვიანობის მომენტი უფრო ჰქონდა. მიხარია, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. ნატალიას სულ ძმები ჰყავს, დეიდაშვილები, მამიდაშვილები სულ ბიჭები არიან. მარტოა თვითონ და მეჩხუბება, შენ გამიჩინე გოგოო. ძალიან უნდა, და ჰყავდეს. ესეც უფლის ნებაა, თუ ასე მოხდება. ასე ვერ შევპირდები. მე თუ არა, თვითონ გააჩენს გოგოს, როცა ამის დრო მოვა.

– წლების მატებასთან ერთად უფრო მშვენდებით და ამას ყველა აღნიშნავს. რა არის თქვენი სილამაზის საიდუმლო?

– კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის გენეტიკის დამსახურება. დედაჩემი 61 წლისაა და ამ ასაკისთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება. როგორი გენეტიკაც უნდა გვქონდეს, მას მაინც უნდა დავეხმაროთ. უნდა დავლიოთ ბევრი წყალი, ვიკვებოთ ჯანსაღად. მე, მაგალითად, ყველაფერს ვერ ვჭამ. უფრო ხილს, ბოსტნეულს, თევზს და რძის პროდუქტებს ვიღებ, ნაკლები შაქარი და ნაკლები მარილი, არა – ალკოჰოლი და არა – სიგარეტი.

სახეს რაც შეეხება, აუცილებლად დამატენიანებელი საცხი უნდა წავისვათ. ძალიან დიდი მოყვარული ვარ ზეთების. აფთიაქში რამდენიმეს ვყიდულობ, ერთმანეთში ვურევ და ძალიან კარგია სახისთვისაც და ტანისთვისაც. ზაფხულში კენკრის ნიღბები მიყვარს. ძალიან ბევრ შინაურ რეცეპტს ვიყენებ, რომლებსაც საკმაოდ კარგი შედეგი აქვს.

დიდ პატივს ვცემ მედიცინას, მაგრამ ჯერჯერობით სამედიცინო ჩარევები არ დამჭირვებია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მომავალში რამე გავიკეთო.

საჭიროა ბევრი ვარჯიში, სწორი სუნთქვა. ახალი გატაცება მაქვს – მედიტაცია და ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი თავი რომ მანდ ვიპოვე. ნამდვილი სულიერი სიმშვიდეა. თუ ადამიანს უნდა, რომ კარგად გამოიყურებოდეს, პირველ რიგში, შინაგანად უნდა იყოს წყნარად და ჰარმონიულად, რომ ეს სახეზე აისახოს და თვალებში სიბრჭყვიალე გამოდიოდეს.

მოკლედ, თუ ხარ ბედნიერი, უკვე კარგად გამოიყურები. არ გინახავთ ძალიან მდიდარი, კარგად ჩაცმული ადამიანები, ყველაფერი რომ აქვთ, მაგრამ ჩამქრალი თვალებით დადიან? აზიაში ადამიანებს, რომლებსაც არაფერი გააჩნიათ, სახლი არ აქვთ, თვალები უბრწყინავთ, რადგან ცხოვრებას სხვანაირად უყურებენ. ბედნიერი არიან, რომ გაჩნდნენ, რომ არის მზე, ყვავილი და ა.შ.

სულ ვამბობ, რომ ჩვენს ხალხს სჭირდება გლობალური მედიტაცია. ბედნიერების ფორმულა არის სიმშვიდე, შენი სული უნდა იყოს კარგად და მერე ნახეთ, როგორ ყველაფერი კარგად იქნება!

ძალიან ხშირად მწერენ გოგოები, შეყვარებულს დავშორდი, ვნერვიულობო. იცით, რა? საერთოდ არაფერია სანერვიულო. როგორც კი შეიყვარებ საკუთარ თავს, მერე ნახავ, როგორ შეუყვარდები ყველას. ეს არის ჩემი კრედო და ცხოვრების ფორმულა.

კარგი იქნება, საკუთარ თავს ერთი საათი დაუთმოთ. მე, მაგალითად, სახლში ვრთავ მუსიკას და ვცეკვავ სულ მარტო, საერთოდ არავინ მჭირდება. მერე ვარ კარგ ხასიათზე და ბედნიერი.