გუგული მაღრაძე: ,,სქესობრივი კავშირი ცოლ-ქმარს შორის თანხმობაზე უნდა იყოს დაფუძნებული” – პარლამენტში კანონპროექტს განიხილავენ

გუგული მაღრაძე: ,,სქესობრივი კავშირი ცოლ-ქმარს შორის თანხმობაზე უნდა იყოს დაფუძნებული" - პარლამენტში კანონპროექტს განიხილავენპარტნიორის თანხმობის გარეშე სქესობრივი კავშირის დამყარება საქართველოში დასჯადი ქმედება გახდება.

-სქესობრივი კავშირი უნდა იყოს ურთიერთთანხმობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. შესაძლოა ეს ქართულ ტრადიციებში არ ჯდებოდეს, მაგრამ რაკი ჩვენ განაცხადი გავაკეთეთ ევროპული ოჯახის წევრეობაზე, კანონმდებლობაც, ცხადია, შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ.

ძალადობა ძალადობაა, იქნება ეს რეგისტრირებული ქორწინებაში, თუ სხვა შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, საჭიროა ასეთი კანონი. ვინმესთვის შეიძლება ეს უცნაური იყოს, მაგრამ კანონი ყოველთვის არ არის ისეთი, რომ ყველა ადამიანის მენტალობას ეგრევე მოერგოს.  ასეთი ტიპის კანონების მიღება ჩვენ მოგვიწევს, რათა ნელ-ნელა დავამკვიდროთ ცივილიზებული საზოგადოების ნორმები, – ამბობს დეპუტატი გუგული მაღრაძე ,,პრაიმტაიმთან”.

პარლამენტში მუშავდება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სექსუალურ ძალადობად ჩაითვლება აქტი, თუ პარტნიორის გაცნობიერებული თანხმობა არ არსებობს. ეს შეეხება ცოლ-ქმრულ თანაცხოვრებასაც. მაგალითად, თუ ქმარი მეუღლის თანხმობის გარეშე მასთან სქესობრივ კავშირს დაამაყრებს, ის შესაძლოა სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებაროს.

საკნანონმდებლო ცვლილებები ეფუძნება სტამბულის კონვენციას, რომლის რატიფიცირების შემდეგ, 2017 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სქესობრივ დანაშაულებთან მიმართებით ცვლილებები შევიდა. ცვლილებების მიუხედავად, კანონმდებლობა კვლავ არ აკმაყოფილებს კონვენციისა (მუხლი 36) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს.

ამ სტანდარტით სექსუალური ძალადობის დეფინიცია უნდა ეყრდნობოდეს მსხვერპლის თანხმობის არარსებობას, ან მსხვერპლის ნების დამთრგუნველი გარემოებების ფართო სპექტრს, ხოლო სხვა სახის ძალადობა უნდა იყოს მისი დამამძიმებელი გარმოება.

პრაიმტაიმი