“ჩემი ძმა ჯერ აწამეს, შემდეგ ცემაში შემოაკვდათ” – კლინიკაში გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი ექიმებს უჩივის

"ჩემი ძმა ჯერ აწამეს, შემდეგ ცემაში შემოაკვდათ" - კლინიკაში გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი ექიმებს უჩივისირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

ნახეთქი ჭრილობები თავის არეში, ღრმა ნაიარევი ქვედა კიდურებზე, დაზიანებები ხელებზე და ნაკერები სხეულის სხვადასხვა არეში – 51 წლის ბესო ურუშაძის ცხედარი ოჯახის წევრებმა ასეთ მდგომარეობაში გადაასვენეს ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან ლანჩხუთში. მამაკაცის ნათესავები ამბობენ, რომ პაციენტი კლინიკაში სამკურნალოდ დეკემბერში მიიყვანეს, რამდენიმე კვირაში კი იქიდან ცხედარი წაასვენეს.

ბესო ურუშაძის ნათესავები ობიექტურ გამოძიებას და სიმართლის დადგენას მოითხოვენ. “სარკეს” გარდაცვლილის ძმა, ჯამბულ ურუშაძე, ესაუბრა.

– ბატონო ჯამბულ, ვინ შეგატყობინათ, რომ თქვენი ძმა გარდაიცვალა?

– პოლიცია მივიდა ჩემთან სახლში და თქვა, ტრაგედია დატრიალდა და თქვენი ოჯახის წევრი ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან სახლში გადაასვენეთო. წარმოდგენა არ გვაქვს, რა მოხდა. ჩემი ძმა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მიგვყავდა ფსიქიატრიულში. უძილობა რომ ემართებოდა, თვითონაც გვეუბნებოდა, წამიყვანეთ, მიმკურნალებენ და ერთ თვეში გამოვალო. ამ შემთხვევაშიც ასე მოვიქეცით, მაგრამ მკურნალობის ნაცვლად სახლში ცხედარი მომისვენეს.

– ნახეთ, თქვენი ძმის ცხედარი რა მდგომარეობაში იყო?

– სხეულის სხვადასხვა ადგილას ხორცი ამოგლეჯილი ჰქონდა. ფსიქიატრიულის მედიკოსები მეუბნებიან, სიკვდილის მიზეზი გულიაო. ექიმი არ ვარ, მაგრამ იმდენს ვხვდები, რომ ჩემი ძმა გულით არ გარდაცვლილა! 51 წლის იყო და ერთხელ არ უთქვამს, გული მაწუხებსო.

დავუშვათ, გულით გარდაიცვალა, მაშინ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები რატომ აქვს?! რატომ აქვს თავი გახეთქილი, ფეხზე – ხორცი ამოგლეჯილი და სხეულის სხვა ორგანოებზე – დაზიანებები?! ეს ის კითხვებია, რომლებსაც ოჯახის წევრები ვუსვამთ და პასუხს არავინ გვაძლევს.

– თქვენ რას ფიქრობთ, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი?

– ოჯახის ვერსიაა, რომ სასტიკად არის ნაცემი. ჩემი ძმა ჯერ აწამეს, შემდეგ კი ცემაში შემოაკვდათ. აი, ამას ვფიქრობთ ოჯახის წევრები. სხვა არანაირი ვერსია არ გაგვაჩნია. არც არავინ გვეუბნება დაზუსტებულ ინფორმაციას, რა შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო.

– როცა კლინიკაში იწვა, გქონდათ ძმასთან კომუნიკაცია? ხომ არ უთქვამს, რომ ცუდად ექცეოდნენ?

– ჩემი ძმა მორიდებული და უთქმელი კაცი იყო. ვინმე რომ არასათანადოდ მოექცეოდა, ღიად არ იტყოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ვესაუბრე და მითხრა, კარგად ვარ და წამიყვანეო. შეიძლება ამ სიტყვებით მიმანიშნა, აქ ვერ ვარ კომფორტულად, არასათანადოდ მექცევიან და დროულად წამიყვანეო. რაღაც საქმეები მქონდა, რეგიონში არ ვიყავი. ვფიქრობდი, როგორც კი საქმეებს მოვილევ, მაშინვე გამოვიყვან-მეთქი, მაგრამ ასეთი ტრაგედია დატრიალდა.

– გარდა უძილობისა, კიდევ რა ჩივილებით მიგყავდათ კლინიკაში?

– როგორც გითხარით, უძილობა აწუხებდა და ამის გამო ბევრი სიარული უყვარდა, ხან მეზობლებთან მიდიოდა ღამით ან, დრო რომ გაეყვანა, ფეხით დადიოდა. ეს პრობლემები რომ მოგვეგვარებინა, მისივე თანხმობით მიგვყავდა ხონის ფსიქიატრიულში. ასე იყო იმ ავბედით დღესაც, წავიყვანე და რამდენიმე კვირაში ეს საზარელი ამბავი მოხდა.

– დაქორწინებული არ იყო?

– სამწუხაროდ, ოჯახი არ შეუქმნია.

ბესო ურუშაძის ნათესავები ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, რომლებმაც, მათი თქმით, პაციენტი სცემეს.

– ეს ადამიანი არის ნაწამები და ნაცემი! გულის წამალი არასოდეს დაულევია, კაცს წნევაც კი არ გაუსინჯავს. გვაქვს ერთადერთი და მთავარი მოთხოვნა – დაისაჯოს ყველა ის პირი, რომლებმაც ჩემი ნათესავი სცემეს და აწამეს, – ამბობს რაულ კობახიძე.

– ლომივით კაცი იყო, არაფერი სტკიოდა. ყველაფერი დასადგენია, რა და როგორ მოხდა. ჩემთვის არასოდეს უთქვამს, რაიმე მაწუხებსო. ვერავინ დამაჯერებს, რომ ხონის ფსიქიატრიულში გულზე იმდენად მწვავე პრობლემები გაუჩნდა, რომ გარდაიცვალა. ეს არის ზღაპარი! გვითხრან, რეალურად რა მოხდა და როგორ შემოაკვდათ 51 წლის კაცი! წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა ზომებს მივმართავთ, – გვითხრა გარდაცვლილის ნათესავმა.

ცემის ფაქტს გამორიცხავს სპეციალიზებული კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ედიშერ მუშკუდიანი. მისი თქმით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა იციან, ბესო ურუშაძეს სხეულზე დაზიანებები რის გამოც ჰქონდა, მაგრამ ამ დეტალების თქმის უფლება არ აქვს.

– ექიმებმა პაციენტის ახლობლებს აუხსნეს, რა მდგომარეობაშიც ის იმყოფებოდა. მეტი დეტალის მოწოდების უფლება არ გვაქვს. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და ეროვნული კლინიკა საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობს, – აცხადებს ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ედიშერ მუშკუდიანი.

რა მოხდა სინამდვილეში ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, რატომ ჰქონდა ცხედარს უმძიმესი დაზიანებები, ამას ლევან სამხარაულის სამედიცინო ექსპერტიზის ბიურო დაადგენს და თვენახევარში ექსპერტიზის დასკვნას დადებს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში არსებულ დარღვევებსა და არასათანადო პირობებზე საუბრობს სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარიას ანაგარიშში აღნიშნულია, რომ მსგავსი დაწესებულებები კვლავ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

“წინა წლების მსგავსად, კვლავ პრობლემად რჩება პალატების გადატვირთვა. პაციენტების პირადი სივრცის არარსებობა და პრივატულობის დაუცველობა, პაციენტების არაადაპტირებული გარემო, შენობების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და პაციენტთა პირადი ჰიგიენის დაუცველობა, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების არსებული პრაქტიკა, სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, სათანადო ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის და მხარდამჭერი სერვისების არარსებობა, პაციენტთა ნების უგულებელყოფის პირობებში ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არა – ნებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.