“ჭკვიანი ბავშვია, ცუდი არაფერი შეგვიმჩნევია” – 18 წლის მიხეილ ზაუტაშვილმა დედა და ბებია ნაჯახით მოკლა

"ჭკვიანი ბავშვია, ცუდი არაფერი შეგვიმჩნევია" - 18 წლის მიხეილ ზაუტაშვილმა დედა და ბებია ნაჯახით მოკლაირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ზაზიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებნი ღამით საზარელმა ყვირილმა გააღვიძა. მათი მეზობელი 18 წლის ბიჭი ყვიროდა, რომ მან დედა და ბებია დახოცა. პოლიციამ ის მაშინვე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლემ, 18 წლის მიხეილ ზაუტაშვილმა, დედა, 45 წლის თამარ ზაუტაშვილი და ბებია, 73 წლის ზინა დარჩიაშვილი მოკლა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია და დედა მათსავე საცხოვრებელ სახლში, საწოლში ნაჯახით მოკლა. ჯერ მძინარე დედას გაუსწორდა, ამ დროს ბებიას გამოეღვიძა და მოზარდი მასაც თავს დაესხა.

ზაზიაშვილის ქუჩის მცხოვრებნი ამბობენ, რომ ამ ტრაგედიამდე ბიჭისთვის საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ.

– რა მოხდა, არ ვიცი. დაახლოებით ღამის 3 საათი იყო, ყვირილი რომ გავიგონე, დედა და ბებია მოვკალიო. ამ დროს პოლიციაც მოვიდა. ჭკვიანი ბავშვია. რამდენიმე წელია, რაც ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობენ და ცუდი არაფერი შეგვიმჩნევია, – ყვება ერთ-ერთი მეზობელი.

– შუაღამე იყო, როცა კარზე კაკუნის ხმა შემომესმა. რომ გავიხედე, პოლიციელი იდგა. ძალიან შემეშინდა, მაგრამ კარი მაინც გავაღე. სამართალდამცველმა მკითხა, თქვენ მეზობლად მომხდარ მკვლელობაზე რა იცითო. მართლა არაფერი ვიცოდი. წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა. მათი სახლიდან ხმამაღალი ლაპარაკიც არ გამიგონია.

დაახლოებით 7 წელია აქ ცხოვრობენ, სახლის მეპატრონე სხვა პირია და ის ამერიკაში ცხოვრობს. სახლი ამ ოჯახს დაუტოვა, რადგან შეეცოდა. სოფლიდან იყვნენ ჩამოსული და ქირასაც არ იხდიდნენ. სამი ადამიანი ცხოვრობდა სახლში – დედა, ბებია და ეს ბიჭი. ნორმალური ბავშვი იყო. პოლიციაში თავად დაურეკავს, – ყვება მეზობელი თეკლა ლოსაბერიძე.

– მათი სახლიდან ხმაური არასოდეს გამიგონია, მაგრამ ამ ტრაგედიის შემდეგ ბევრმა თქვა, მცირე კონფლიქტები ხშირად ჰქონდათო. ბიჭს ნერვული სისტემა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჰქონია, მაგრამ ეს ვიზუალურად ნამდვილად არ ეტყობოდა. გამარჯობის გარეშე ოჯახის არც ერთი წევრი ჩაივლიდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სახლში დროებით ცხოვრობდნენ.

ნამდვილად არ ვიცი, ეს ბიჭი წყობიდან რატომ გამოვიდა. მე ცუდად გავხდი და სახლში ვერ შევედი, მაგრამ მეზობლებმა თქვეს, რომ თურმე დედას და ბებიას ნაჯახი ჯერ თავში ჩაარტყა, რომ მალე მოეკლა და კივილი არ დაეწყოთ, შემდეგ კი სხეულები დაანაწევრა. ასეთი სასტიკი მკვლელობა ფილმებშიც არ მინახავს! – გვიყვება მეზობელი გულო სინაურიძე.

ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, დაინიშნა ექსპერტიზა, რომელიც მოზარდის ფსიქიკურ მდგომარეობას შეამოწმებს. ბრალდებულს თუ შეურაცხადობა დაუდასტურდება, შესაძლოა, შედარებით მსუბუქი სასჯელი მიიღოს.

ბრალდებულის ადვოკატის, თამარ გაჩეჩილაძის, განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ხშირად იყო ძალადობის მსხვერპლი, როგორც ოჯახში, ასევე სკოლაში.

– ნამდვილად ჰქონდათ კონფლიქტი, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ვფიქრობ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ოჯახის წევრების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია. დედაც და ბებიაც სთხოვდნენ, ისე მოქცეულიყო, როგორც მათ უნდოდათ.

ოჯახში წვრილმან საკითხებზეც კი მუდმივად კამათობდნენ, რაც მასზე ძალიან ცუდად მოქმედებდა.

ამ ეტაპზე ბრალი წარდგენილი არ აქვს, შესაბამისად, პოზიციასაც ვერ დავაფიქსირებთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის 18 წლის, არსად მუშაობდა, მე-12 კლასის მოსწავლე იყო. მასზე წლების განმავლობაში სკოლაშიც და ოჯახშიც ძალადობდნენ, – აცხადებს ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე.

ბულინგს გამორიცხავს იმ სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაცია, რომელიც 2017 წელს მიხეილ ზაუტაშვილმა, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ძალადობის გამო დატოვა. თბილისის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, მოზარდს არასდროს უთქვამს, რომ მას ჩაგრავდნენ. სხვა სკოლაში გადასვლის მიზეზი კი ოჯახის გადაწყვეტილება იყო, რათა ბიჭს პროფესიულ სასწავლებელში მიეღო განათლება.

ბრალდებული ბოლოს ერთ-ერთ კერძო სკოლაში სწავლობდა. სკოლის სასწავლო ნაწილი, მაია დუდაური ამბობს, რომ, ბავშვის დედის ინფორმაციით, ის დეპრესიული იყო და სკოლასაც ხშირად აცდენდა.

– გადმოვიდა მეათე კლასში და მეათე კლასის ბოლომდე ისწავლა ჩვენთან. მეთერთმეტე კლასში ისევ საჯარო სკოლაში გადავიდა და მეთორმეტეში უკან გადმოვიდა. მკვლელობამდე 4 დღით ადრე დედამისი მეუბნებოდა, ცოტა დეპრესიაშიაო. ბოლო დროს ხშირად აცდენდა გაკვეთილებს, – ყვება მაია დუდაური.

– პრობლემებზე არასოდეს საუბრობდა. კონფლიქტური პიროვნება არ ყოფილა. ჩემი აზრით, ამის ჩადენა მართლა არ შეეძლო. ვერ ვხდები, ეს როგორ გააკეთა, – ამბობს დაკავებული მოზარდის სკოლელი, გიორგი კოპაძე.

მიხეილ ზაუტაშვილის საქმის პროკურორის, გიორგი ქობულაძის, განცხადებით, ბრალდებულმა ჯერ მძინარე დედა მოკლა, ბებიას კი ეღვიძა, როცა თავს დაესხა. როგორც პროკურორი განმარტავს, ამ ეტაპზე ბრალდებულის გამოკითხვის ოქმში აღიარებითი ჩვენება დევს, სადაც ზაუტაშვილი ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრობს.

– ბრალდებული მისი ადვოკატის თანდასწრებით გამოიკითხა. გამოკითხვის ოქმში ფაქტობრივ გარემოებებს აღიარებს, ყვება, როგორ ჩაიდინა დანაშაული. ჯობს, უფრო დეტალურად დაცვის მხარემ ისაუბროს. ამ ეტაპზე ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება არის, თუმცა მას ნებისმიერ დროს შეუძლია, თავისი პოზიცია შეცვალოს.

თავიდან, როცა ბრალდებული ოთახში შევიდა, ორივეს, დედასაც და ბებიასაც, ეძინა. როცა დედას დაზიანებები მიაყენა, ამ დროს ბებიას გაეღვიძა და ნაჯახით მასაც თავს დაესხა, – ყვება ქობულაძე.

პროკურორის განმარტებით, საქმეში არაერთი მტკიცებულება არსებობს, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაჯახი.

– საქმეში მოიპოვება შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მტკიცებულებები, მათ შორის – დანაშაულის ჩადენის იარაღი, ნაჯახი. ასევე არის სისხლის კვალი და სხვა უამრავი მტკიცებულება. ბრალდებულის ტანსაცმელი სისხლიანი იყო. არსებობს სამართალდამცავების გამოკითხვის ოქმები, რომლებიც პირველები მივიდნენ შემთხვევის ადგილზე.

ამ ეტაპზე შემიძლია, მკვლელობის მოტივზე მხოლოდ ბრალდებულის გამოკითხვის ოქმიდან მოგახსენოთ. ის ახსენებს წარსულში არსებულ მცირე გაუგებრობებს ოჯახის წევრებს შორის, სიტყვიერ შელაპარაკებებს. ფიზიკურ დაპირისპირებაზე არ ლაპარაკობს, – ამბობს ქობულაძე.

პოლიციას უკვე აქვს სათვალთვალო კამერის ჩანაწერი. ვიდეოფაილში ჩანს, სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილს როგორ ტოვებს და როგორ აღიარებს, რომ მკვლელია.

გამოძიებამ კითხვა დასვა, ხომ არ უკავშირდება დანაშაული ინტერნეტთამაშებს, მაგრამ, მოწმეთა ზეპირი ჩვენებების გარდა, კონკრეტული მტკიცებულებები პროკურატურას ჯერ არ აქვს.

ბებიისა და დედის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ ზაუტაშვილს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. საქმის პროკურორების განმარტებით, კვლავ არსებობს ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ბრალდებულის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.