ნინო ჩხეიძე; ,,ასე როგორ გავაბრაზეთ დედამიწა, რომ მეგობართან მისვლაც აღარ შეგვიძლია”

ნინო ჩხეიძე; ,,ასე როგორ გავაბრაზეთ დედამიწა, რომ მეგობართან მისვლაც აღარ შეგვიძლია"

ჟურნალი ,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე

მომღერალი ნინო ჩხეიძე ისრაელიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და საკუთარი ინიციატივით თბილისის აეროპორტიდანვე თვითიზოლაციაში გადავიდა. ასეთი გადაწყვეტილება მეტწილად მგზავრობის დროს მიღებულმა სტრესმა განაპირობა. რა ასწავლა და რა შეცვალა ნინო ჩხეიძის ცხოვრებაში მარტოობაში გატარებულმა დღეებმა და რას ურჩევს თანამოქალაქეებს, ამის შესახებ მომღერალმა “სარკესთან” ისაუბრა.

– ნინო, რატომ აღმოჩნდით თვითიზოლაციაში, ეს სავალდებულო იყო თქვენთვის?

– რადგან ისრაელი არ მიეკუთვნებოდა მაღალი რისკის ქვეყანას, ჩემთვის სავალდებულო არ იყო თვითიზოლაციაში გადასვლა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება თავად მივიღე. სიმართლე გითხრათ, ფრენის დროს ძალიან დავითრგუნე, ჩემ გარშემო ყველა პირბადით და ხელთათმანით იყო შებურული. შეშინებული და დაზაფრული მგზავრების დანახვამ ცუდად იმოქმედა ჩემზე. აეროპორტის სიტუაციამ და შემოწმებებმა უფრო მეტად შემაკრთო.

საქართველოში როცა ჩამოვედი და წარმოვიდგინე, რომ უნდა მენახა ჩემი შვილი, მშობლები, მივსულიყავი რადიოში და იქ უამრავ ადამიანთან მქონოდა კონტაქტი, მივხვდი, თვითიზოლაციაში დარჩენა უკეთესი გადაწყვეტილება იქნებოდა. ერთი პროცენტიც რომ იყოს გადადების ალბათობა, არ უნდა გარისკო.

– ეს ალბათ პირველი შემთხვევაა, როცა ამდენი დღის განმავლობაში სრულიად მარტოს მოგიწიათ ყოფნა. არ გაგიჭირდათ?

– სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა გამიჭირდა სიმარტოვე. ასეთი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ განმარტოება არცთუ ისე ცუდია. ბევრი დრო გაქვს ფიქრისა და განსჯისთვის. საკუთარი თავი თითქოს აქ უკეთესად შევისწავლე. ზოგადად ისეთ რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, რაღაცების შეფასებისთვის ცოტა დრო გვრჩება. სიმარტოვეში კი ამის ფუფუნება ნამდვილად არის.

– შეიძლება ითქვას, რომ ერთ, არცთუ ისე მშვენიერ დღეს, ადამიანებმა სხვა მსოფლიოში გავიღვიძეთ. როგორ აღიქვამთ იმას, რაც გარშემო ხდება?

– ვფიქრობ, შემთხვევით არაფერია. ახლა მოგვიწევს იმაზე დაფიქრება, როგორ გავაბრაზეთ ასე დედამიწა, მეგობართან სტუმრად მისვლაც რომ არ შეგვიძლია. რაც ყველაზე ელემენტარულია, იმის უფლებაც კი აღარ გვაქვს, რომ გავიდეთ ქუჩაში და ყავა დავლიოთ თავისუფლად. გაბოროტებული იყო ქვეყანა, გარშემო მხოლოდ ნეგატივი იყო მოზღვავებული.

ახლა სწორედ ის დროა, როცა ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ, რომ, რაც ხდება, დავიმსახურეთ და დროა, საკუთარ თავში ბევრი რაღაც გამოვასწოროთ.

– გარდა იმისა, რომ ბევრს ფიქრობთ, რითი გაგყავთ თვითიზოლაციაში დრო?

– წიგნები, ინტერნეტი… ბევრი საშუალებაა დროის გასაყვანად, ეს ადამიანის გატაცებებზეა დამოკიდებული. ბოლო რამდენიმე დღეა საჭმელების კეთებაც დავიწყე. ისეთ რეჟიმში ვცხოვრობდი, ბოლოს კერძი როდის გააკეთეო, რომ ეკითხათ, ვერც კი გავიხსენებდი. ახლა ამის კეთება მომწონს.

არც ერთი საჭმლის რეცეპტი არ ვიცი, უფრო იმპროვიზაციას მივმართავ, ჩემს საყვარელ ინგრედიენტებს ვიყენებ, შეიძლება არასწორი თანმიმდევრობით ვაკეთებ, მაგრამ შედეგი მომწონს. ვფიქრობ, ისე დავხელოვნდები ამ საქმეში, მომავალ ინტერვიუში ჩემს საფირმო კერძის რეცეპტსაც ჩაგაწერინებთ.

როცა თვითიზოლაციის პერიოდი დამთავრდება, საჭმელების კეთებას აუცილებლად გავაგრძელებ. ადამიანები დაკავებულები ვართ, მაგრამ ერთი საათი საკმარისი დროა სადილის მოსამზადებლად. როგორც აღმოვაჩინე, ეს ერთგვარი თერაპიაა ჩემთვის.

– თქვენი ქმარი უკრაინაში ცხოვრობს და საქმიანობს. ამ პერიოდშიც იქ დარჩენა გადაწყვიტა?

– ისე გამოვიდა, რომ დაბრუნება ვერ მოასწრო. თავს კარგად გრძნობს და, სავარაუდოდ, იქ მოუწევს ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა უკრაინაში არც ისე ბევრია, ქვეყანაში ნამდვილი პანიკაა და შეზღუდვებია დაწესებული. უკრაინაში კარგად მუშაობს ადგილობრივი ხელისუფლება, მაგრამ მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობა და მედიკოსები მაინც საუკეთესოები არიან. ის, რაც საქართველოში ხდება, ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითოა.

– ასეთ რთულ პერიოდში რომ გადაწყვიტეთ უცხოეთში წასვლა, სერიოზული ღონისძიება იყო დაგეგმილი?

– როცა გავემგზავრე, ჯერ ასე გართულებული სიტუაცია არ იყო. უკვე შეპარული ჰქონდა მსოფლიოს ვირუსი, მაგრამ, ასე ვთქვათ, მაინც გავრისკეთ. შეხვედრა ძალიან გულთბილი აღმოჩნდა. ისრაელში ჩემი ახალი ალბომის პრეზენტაცია მქონდა. ღონისძიებას 500-მდე ადამიანი ესწრებოდა. კარგი საღამო გამოვიდა. მაყურებლისთვის ალბომში შესული ათი ახალი სიმღერა შევასრულე.

მინდოდა, საქართველოში დაბრუნებისთანავე ქართველი მსმენელისთვისაც წარმედგინა ახალი ნამუშევარი, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ასევე – უახლოეს პერიოდში დაგეგმილი მქონდა კონცერტები შვედეთში, ავსტრიაში, გერმანიაში, მაგრამ, ბუნებრივია, ეს ღონისძიებებიც გადაიდო.

მსოფლიო ონლაინ რეჟიმზეა გადასული, მეც ავტვირთავ ჩემს ახალ ნამუშევრებს და მსმენელს საშუალება ექნება, ინტერნეტით მოუსმინოს ამ კომპოზიციებს.

ძალიან მომწონს ექიმების სლოგანი ,,მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩემთვის”. ბევრისგან მსმენია, მე კორონავირუსი ვერაფერს დამაკლებსო. ეს არასწორი მიდგომაა. შეიძლება ვინმეს ძლიერი იმუნიტეტი ჰქონდეს და არ იყოს მაღალ რისკჯგუფში, მაგრამ იმ ადამიანს შეუქმნას საფრთხე, რომელიც მის გვერდითაა.

დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მალე დამთავრდება, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შემთხვევით არაფერი ხდება, ადამიანები ცოტათი მაინც იმაზე უკეთესები უნდა გავხდეთ, ვიდრე ამ განსაცდელამდე ვიყავით.