გაი რიჩი – ბრიტანული კინემატოგრაფიის ვარსკვლავი

გაი რიჩი - ბრიტანული კინემატოგრაფიის ვარსკვლავიკოტიკო გოგინაშვილი

ამ სტატიაში განვიხილავ ინგლისელი რეჟისორის, გაი რიჩის ორ ფილმს. 1) ბანქო,ფული და ორი ლულა. 2) დიდი ფსონი

 ბანქო, ფული და ორი ლულა

1998 წელს ახალგაზრდა რეჟისორის დებიუტი შედგა კინემატოგრაფიულ სამყაროში. იმ წელს გამოვიდა ფილმი, რომელმაც სახელი გაუთქვა გაი რიჩის. მისი სახელია ბანქო, ფული და ორი ლულა.

გაი რიჩის პირველმა შემოქმედებამ გააცნო დიდ ბრიტანეთს ახალი მსახიობები – ჯეისონ სტეტჰემი და ვინი ჯონსი. ორივეს ჰქონდა კავშირი სპორტთან. სტეტჰემი მოცურავე იყო, ხოლო ჯონსმა უამრავი შეხვედრა ჩაატარა ინგლისის პრემიერლიგაში და უელსის ნაკრების შემადგენლობაში.

მოვლენები ვითარდება ლონდონში. ფილმის მთავარი გმირები არიან აზარტული თამაშების მოყვარული ოთხი ახალგაზრდა მეგობარი. ისინი თითქოს ჩვეულებრივი ინგლისელი ახალგაზრდები არიან, რომლებიც დამოკიდებულები არიან ალკოჰოლურ სასმელზე, ასევე მათ სიამოვნებთ პოკერის თამაში.

გაი რიჩი - ბრიტანული კინემატოგრაფიის ვარსკვლავიჩვენი გმირების ცხოვრებას უარესობისკენ ცვლის ერთი დღე, როდესაც ედიმ წააგო საეჭვო პოკერის პარტია, რის გამოც ის და მისი მეგობრები დიდ შარში გაეხვივნენ.  მეგობრებმა სოლიდური თანხა უნდა გადაუხადონ ჰარი ნაჯახს ( ვისთანაც წააგო პოკერის პარტია ედიმ), თორემ მათი ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსება. ამის გამო, ჩვენი მუშკეტერები გადაწყვეტენ არაკანონიერი გზით ფულის შოვნას, რის გამოც ბევრ უსიამოვნო ისტორიაში ამოყოფენ თავს. ახალგაზრდა ინგლისელებმა დაგეგმეს რამდენიმე ბანდიტის გაძარცვა. თავიდან ძარცვის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ მერე მეგობრებმა მოპარული ფული დაკარგეს. დიდი ალიაქოთის და ქაოსური მოვლენების განვითარების შემდეგ ფილმის მთავარი გმირები გადარჩნენ და არ დაზარალდნენ ჰარი ნაჯახისგან.

ფილმში ჩვენ ვხვდებით ბევრ კოლორიტულ პერსონაჟს. ჰარი ნაჯახი ტოვებს დაუნდობელი ადამიანის შთაბეჭდილებას, მასთან ხუმრობა არ ღირს, რადგან მას შეუძლია მატყუარების და გადამგდები ადამიანების მიწასთან გასწორება. ჰარის ასისტენტი ბარიც საინტერესო პიროვნებაა. ყველაზე დასამახსოვრებელი გმირი არის ვინი ჯონსის პერსონაჟი – დიდი კრისი. ის არის ტიპური ბრიტანელი ხულიგანი, რომლის შესახედაობა მის ყველა მტერს აშინებს. კრისი ჰარის მარჯვენა ხელია.

ფილმში გაი რიჩიმ შექმნა მამაშვილური ბანდიტური დუეტი. კრისს სურს, რომ მისმა შვილმა (პატარა კრისმა) წარმატებით გააგრძელოს მამის საქმე, ამიტომაც დიდ კრისი თავის ყველა ქურდულ საქმეს თავის შვილთან ერთად აკეთებს.

გაი რიჩის პირველ ფილმში მონაწილეობას იღებს ცნობილი ინგლისელი მომღერალი სტინგი, რომელიც ედის მამის როლს თამაშობს.

ფილმში ბევრი მნიშვნელოვანი პერსონაჟია. მაყურებელს შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა მოქმედმა გმირმა თავისი წვლილი შეიტანა სიუჟეტის ჩამოყალიბებაში.  ფილმის ყურებისას დრო სწრაფად გადის, რადგან სცენები არის ძალიან დინამიკური, ასევე მსახიობების ოსტატობის გამო კინომოყვარულებს უჩნდებათ ფილმის თავიდან ყურების სურვილი. ფეისბუქზე მილიონი ლაიქი აქვს ფილმის ოფიციალურ გვერდს, ასევე imdb- ზე 8,2 არის რეიტინგი.

აქედან გამომდინარე, რიჩის სარეჟისორო დებიუტი წარმატებული გამოდგა.

დიდი ფსონი

ორი წლის შემდეგ გაი რიჩიმ გადაწყვიტა ახალი ფილმის გადაღება, მისი სახელია დიდი ფსონი.

ინგლისელი რეჟისორის მეორე ფილმი პირველის მსგავსია. დიდი ფსონიც აღწერს ჩახლართულ და თავისებურ კრიმინალურ ისტორიას.

ფილმის შინაარსი ორ ნაწილად იყოფა. ერთი ნაწილი ეხება ბრილიანტისთვის ბრძოლას, ხოლო მეორე დაკავშირებულია არალეგალურ კრივთან.  გაი რიჩის ფილმში თამაშის სურვილი გამოთქვა ბრედ პიტმა. იგი ასრულებს გიჟი ირლანდიელი მიკის როლს, რომელიც არის არაკანონიერი მოკრივე.

გაი რიჩი - ბრიტანული კინემატოგრაფიის ვარსკვლავიგაი რიჩის სარეჟისორო კარიერის დასაწყისში მისი ერთგული ჯარისკაცები იყვნენ, ზემოთ ხსენებული ვინი ჯონსი და ჯეისონ სტეტჰემი. ჯონსის და სტეტჰემის პერსონაჟებს განსხვავებული დავალებები აკისრიათ. თურქი ( ჯეისონ სტეტჰემი) ცდილობს თავის მეწყვილესთან ერთად მიკის დათანხმებას ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად.

ტონი (ვინი ჯონსი) არის დაქირავებული აგენტი, რომელიც მუშაობს ამერიკელ ბიზნესმენ- ევიზე. ტონის დავალებაა დაკარგული ბრილიანტის პოვნა.

ძალიან რთული სათქმელია, თუ რომელი ისტორია უფრო საინტერესოა ამ ფილმში.

ჩემი აზრით, დაკარგული ბრილიანტის ძებნის სიუჟეტი უფრო კომედიურია, ვიდრე არაკანონიერი კრივის საგა. ბრილიანტის ქეისისთვის ბრძოლამ ბევრი სახალისო სცენა შემოგვთავაზა. ფილმის მთავარი კოლორიტები არიან  ფერადკანიანი ქურდები (ვინი, სოლომონი და ტაირონი). მათი ყველა ერთად გატარებული სცენა არის ძალიან მხიარული. მე ყველაზე მეტად მომეწონა ის მომენტი, როდესაც ტონი ერთ-ერთ ლუდის ბარში შეხვდა ფერადკანიან ბანდიტებს. ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი და კომედიური სცენა მთელ ფილმში. საბოლოოდ, ბრილიანტი აღმოჩნდება ძაღლის მუცელში და ქეისი დაუბრუნდება ევის.

რაც შეეხება კრივის ტურნირის ჩახლართული ამბის დასასრულს, გიჟი მიკი თავის ყველა ბრძოლას მოიგებს და თავისი ბატონების ყველანაირ გეგმას, რომლებიც თამაშების ჩაწყობას ეხება, ჩაშლის.

დიდი ფსონი უფრო პოპულარლი გახდა, ვიდრე ბანქო, ფული და ორი ლულა.

დიდი ფსონის რეიტინგი IMDB-ზე  არის 8,3, ხოლო ფეისბუქზე ფილმის ოფიციალურ გვერდს 2 მილიონი მოწონება აქვს.

ფილმის საუნდტრეკებიც გამოსარჩევია (FUCKING IN THE BUSHES, GOLDEN BROWN, GHOST TOWN) – ამ სპეციფიკურმა სინგლებმაც უფრო თავისებური და იდუმალი გახადეს გაი რიჩის მორიგი შედევრი.

გასული საუკუნის მიწურულს გაი რიჩიმ ახალ დონეზე აიყვანა ტიპური ბრიტანული კინემატოგრაფიული იუმორი. მაყურებელს თუ სურს, რომ გაი რიჩის ფილმების ყურებისას შინაარსი კარგად გაიგოს, დასაწყისიდან ყურადღებით უნდა უყუროს მის ფილმს. ან თავიდან უყუროს. მე თვითონ რიჩის ფილოსოფიის უკეთ ასათვისებლად, მისი ფილმები თავიდან ვნახე).

ფილმების მოყვარულს იმედგაცრუებულს არ დატოვებს გაი რიჩის შემოქმედებები.  ამ ორ განხილულ ფილმში მსახიობების უმაღლესი დონის შესრულების გამო, ყველა პერსონაჟი თავისებურად მთავარ როლს ასრულებს.

ცხოველებმაც დიდი წვლილი შეიტანეს რიჩის ფილმების ჩამოყალიბებაში.

რიჩიმ საკმაოდ სახალისოდ და კოლორიტულად გაათამაშა სროლის სცენები. მძაფრ- სიუჟეტიან მომენტებს ახლავს კომედიური ელფერიც.

გაი რიჩის ფილმების ყურების დროს უნდა მოიმარაგო ცივი ლუდი და ჩიფსი, რათა მეტი სიამოვნება მიიღო მათი ყურებისგან.