ელენე ფოჩხუა: ,,ზუგდიდში ახლაც გიჟუნას მეძახიან” – მომღერლის ახალი კლიპი – ვიდეო

ელენე ფოჩხუა: ,,ზუგდიდში ახლაც გიჟუნას მეძახიან" - მომღერლის ახალი კლიპი - ვიდეოჟურნალი ,,სარკე”, ირმა ჭკუასელი

მომღერალმა ელენე ფოჩხუამ დიდი ხნის ოცნება აისრულა და პირველი კლიპი გადაიღო. ,,წამი ჩერდება” – ასე ჰქვია მის ახალ სიმღერას, რომელიც ინტერნეტსივრცეში უკვე საკმაოდ პოპულარულია და ბედნიერი ქალის ემოციებზე მოგვითხრობს.

ერთი პერიოდი მომღერლის შემოქმედებაში პაუზა იყო, ახლა კი მიზნად აქვს, ინტენსიურად იმუშაოს რეპერტუარზე, ქართველი კომპოზიტორების სიმღერები ჩაწეროს და ალბომად გამოუშვას. ასეთი შემოქმედებითი აქტიურობა იმას არ ნიშნავს, რომ ოჯახს ყურადღებას აკლებს, პირიქით, ქმარ-შვილთან დიდ დროს ატარებს და შვილებისთვის თავგადაკლული დედაა.

– ელენე, თქვენი ახალი კლიპი ..წამი ჩერდება” ინტერნეტსივრცეში უკვე ძალიან პოპულარულია. მოგვიყევით, როგორი იყო მუშაობის, გადაღების პროცესი.

– კლიპის გადაღებები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა წყალტუბოში, სადაც ძველი სანატორიუმებია. კლიპის რეჟისორი არის გოდერძი შარაშია, ოპერატორი – გიორგი ძოწენიძე. საკმაოდ კარგი და ძლიერი გუნდი იყო და ძალიან კმაყოფილი ვარ. ასეთ გამყინვარებაში და სიცივეში ძალიან კარგად და გულისხმიერად იმუშავეს. თითოეული მათგანის მადლობელი ვარ. გოდერძი შარაშია დანგრეულ შენობას ალაგებდა კიდეც. ისე დამიდგა გვერდში, მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები.

კლიპი ძალიან ლამაზი და კარგი გამოვიდა. არ ვიცი, ვინ როგორ შეაფასებს, შეიძლება ყველას არ მოეწონოს და ჩვენ ამისთვისაც მზად ვიყავით. ვიღაცამ ხომ შეიძლება თქვას, აი, მაგალითად, მე ამას ასე გავაკეთებდიო. ათასი თვალია და ათასი გემოვნება არსებობს. ჩვენ გავაკეთეთ ისეთი, როგორიც მოგვწონდა და გვინდოდა.

სიმღერა ლილიკო ნემსაძეს ეკუთვნის, ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძეა. ჩაიწერა “ბრავო სტუდიაში”. არანჟირების ავტორი ბორიკო შხიანია.

– უახლოეს მომავალში კიდევ ხომ არ აპირებთ კლიპის გადაღებას?

– დიდი სიამოვნებით გადავიღებდი, მაგრამ ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. ჯერ შეიყვაროს ეს სიმღერა მაყურებელმა, შემდეგ – კლიპი და მერე ვნახოთ. ახლა აღარ ვაპირებ გაჩერებას, ისედაც მქონდა საკმაოდ დიდი პაუზა კარიერაში. ახლა ვაპირებ მაიკო კაჭკაჭიშვილის ახალი სიმღერის ჩაწერას, რომელიც ამ სიმღერასთან შედარებით ოდნავ რიტმული იქნება. ვნახოთ, იქნებ მეორე კლიპიც გადავიღოთ.

ახალ სიმღერებს მივამატებ. მინდა, ყველა კომპოზიტორის სიმღერა მქონდეს სათითაოდ. ვნახოთ, რამდენად შევძლებ, მაგრამ აუცილებლად მინდა, ძალიან ბევრი ჩვენი კარგი კომპოზიტორის თითო სიმღერა მაინც მქონდეს, ასე შევკრა პროგრამა და მომავალში ალბომზეც ვიფიქრო.

– ისევ მღერით რესტორანში?

– დიახ, ყოველდღე ერთ-ერთ რესტორანში ვმღერი და მოდუნებას არ ვაპირებ. სხვაგან არც წარმომიდგენია, რომ ვიმუშაო. ჩემი პროფესია არის მომღერლობა. შეიძლება სტუდიაც გავაკეთო და ხელმძღვანელი ვიყო.

– ახლა თქვენს მთავარ “პროფესიაზე” ვისაუბროთ, რომელსაც დედობა ჰქვია.

– ლიზი 10 წლის არის, გაბრიელი – ორწლინახევრის. ორივე ძალიან კარგი ბავშვია. ცელქები არიან. თავს არ ვიქებ, მაგრამ თავგადადებული და გიჟი დედა ვარ. მათთვის ყველაფერს ვასწრებ, სანამ სამსახურში წავალ. მაქსიმალურად ვცდილობ, დღის საათებში შვილებთან ვიყო. უფროსს არ სჭირდება, რომ დავაძინო, მაგრამ, პატარას რომ ვერ ვაძინებ, ძალიან განვიცდი. დღისით მთელი დღე მაინც ბავშვებთან ვარ. ასევე მყავს ძიძა, ძალიან კარგი ქალი.

– უკვე 16 წელია, რაც ოჯახი შექმენით. ყოველდღიურმა ოჯახურმა რუტინამ თქვენი და თქვენი მეუღლის ურთიერთობას რომანტიკული ფერები ხომ არ დააკლო?

– არის ეტაპები, როცა რაღაცები ხდება, მაგრამ ყველაფერს ერთად ვაბალანსებთ. ყოველი დღე ერთნაირი არ არის და ვერც იქნება.

– ხშირად უთმობთ ერთმანეთს დროს, გაქვთ განმარტოების საშუალება?

მეუღლეც მუშაობს და უფრო ზაფხულში გვაქვს ამის დრო. უმეტეს დროს მაინც ბავშვებთან ერთად ვატარებთ.

– ყოველდღე მაყურებლის წინაშე გამოდიხართ. ოჯახის საქმეებთან ერთად ალბათ საკუთარ გარეგნობაზეც გიწევთ ზრუნვა. რას აკეთებთ, რომ ფორმაში იყოთ?

– ახლა წონაში ცოტა მოვიმატე და ამას ვუჩივი, მაგრამ ამ ყველაფერს დავაბალანსებ და ვიქნები ისეთი, როგორიც მინდა.

– იცავთ დიეტას?

– დიეტა, შიმშილი და ასეთი რაღაცები არ მიყვარს. საღამოს ძალიან დაკავებული ვარ, სიმღერის ცოცხლად შესრულება მიწევს და შესაბამისად, არ გამოდის, რომ რამდენიმე დღე ვიშიმშილო. უბრალოდ საკუთარ თავს ვაკონტროლებ. ამჟამად ცომეული და ტკბილეული ამოვიღე რაციონიდან და ვცდილობ, მსუბუქად ვიკვებო. შიმშილით რომ მოვიკლა თავი, ვერ შევძლებ, რადგან საღამოს ძალიან დიდი დატვირთვა მაქვს სამსახურში.

– რა ეტაპია ახლა თქვენი, როგორც ქალის, ცხოვრებაში?

– ეს წელი საკმაოდ კარგად დაიწყო. ძალიან მინდოდა, კლიპი მქონოდა. როცა სხვადასხვა პროექტებში ვიყავი, გადაღებები მქონია, მაგრამ პირველად მოხდა, რომ რამდენიმე ადამიანმა ჩემთვის იმუშავა.

ახლა შესანიშნავი ეტაპი მაქვს. ძალიან კარგი ოჯახი და შვილები მყავს. რომ ვიღვიძებ, ღმერთს მადლობას ვუხდი ყოველი გათენებული დღისთვის, რადგან ყველაფერი არის ღვთის წყალობა.

– 39 წლის ასაკში როგორ უყურებთ ცხოვრებას, შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება მისდამი?

– დიახ, 39 წლის ვარ და ასაკს არასოდეს ვმალავ. არაფერი შეცვლილა. ტელევიზიიდან უფრო წყნარი და მორიდებული ვჩანვარ. ზოგადად მორიდებული ვარ, მაგრამ ჩემი ბავშვობის მეტსახელი არის გიჟუნა. აი, ახლაც ზუგდიდში რომ ჩავდივარ, გიჟუნა მოვიდაო, იძახიან. ძალიან მხიარული ვარ და იუმორის დიდი გრძნობაც მაქვს.

ასაკი მხოლოდ ციფრებია და სხვა არაფერი. 100 წლისაც რომ გავხდები, მაინც ასეთი ელენე ვიქნები.

– თქვენი კლიპი ბედნიერ ქალზეა. როგორ ფიქრობთ, რას მოაქვს ქალური ბედნიერება და ზოგადად ბედნიერება? გასაგებია, რომ გაქვთ საყვარელი საქმე, გყავთ ოჯახი, ქმარი, შვილები… ეს არის მთავარი პირობა?

– როდესაც უკვე დედა ხარ და გყავს მეუღლე, ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება, კიდევ რომ იყოს? ჩემთვის ყოველი დღე არის ბედნიერება, რადგან მე თვითონ ვქმნი ჩემს დღეს. ცუდადაც რომ იყო, მაინც კარგი განწყობა უნდა შეიქმნა სახლშიც, სამსახურშიც და ყველგან.

ნახეთ ელენე ფოჩხუას ახალი კლიპი – ვიდეო