უილ სმიტი – შავებში ჩაცმული ცუდი ბიჭი – ვიდეო

უილ სმიტი - შავებში ჩაცმული ცუდი ბიჭი - ვიდეოკოტიკო გოგინაშვილი

ლეგენდარულ ამერიკელ მსახიობს, უილ სმიტს ბევრ ცნობილ ფილმში უთამაშია. ამ სტატიაში განვიხილავ მის ოთხ ფილმს.

მე ვარ ლეგენდა

ეს ფილმი გამოვიდა 2007 წელს. რეჟისორია ფრენსის ლოურენსი.

დედამიწაზე ვრცელდება ხელოვნური ვირუსი, რომელიც ანადგურებს კაცობრიობას. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ვირუსის განადგურება, არის ცნობილი ექიმი რობერტ ნევილი.

რობერტ ნევილს უილ სმიტი განასახიერებს. ექიმი ცდილობს, რომ დაცარიელებულ ნიუ-იორკში გადარჩენილი ადამიანი იპოვოს და მასთან ერთად შექმნას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, მაგრამ დახმარების ნაცვლად რობერტი შეხვდება ზომბების გიგანტურ არმიას, ერთ-ერთი შეტაკების დროს ექიმის ძაღლი სემი დაიღუპება.  ფილმის ბოლო ნაწილში გამოჩნდება ორი ბრაზილიელი, რომლებიც საკუთარი თვალებით ნახავენ ექიმის გმირობას.  სიცოცხლის ფასად რობერტ ნევილმა შექმნა წამალი, რომლის საშუალებით შესაძლებელია ვირუსით დაავადებული ადამიანების განკურნება.

უილ სმიტმა დაამტკიცა, რომ მას შეუძლია მაღალ დონეზე თამაში მძიმედ საყურებელ ფილმებში.

ჰიტჩი

ენდი ტენანტის შემოქმედებაში აღწერილია კლასიკური სასიყვარულო დრამა და პრობლემები, რომლებიც ეხება მამაკაცების კომპლექსს ქალებთან ურთიერთობაში.

ბევრმა ადამიანმა არ იცის, როგორ მოიქცეს რომანტიკული საღამოების ან პაემნების დროს, ამისთვის მათ სჭირდებათ სწორი რჩევები, რათა ქალმა დაიწყოს ფიქრი თავის თაყვანისმცემელზე და ჩათვალოს, რომ ის არის მისთვის შესაფერისი მამაკაცი. ჰიტჩი თავის კლიენტებს ეხმარება  და სწორ დარიგებებს აძლევს.

ჰიტჩი არის სიყვარულის ექიმი. ერთხელ სიყვარულის ექიმის დახმარება დასჭირდება ალბერტს, რომელიც  კონსულტანტია ფინანსურ საკითხებში. მას შეუყვარდება მდიდარი და გავლენიანი ქალი ალეგრა. ალბერტი თავიდან ძალიან დაბნეულია და მას საკუთარ თავში რწმენა აკლია, მაგრამ ექიმი ჰიტჩი ამას გამოასწორებს და ერთ ჩვეულებრივ ბიზნესმენს მომხიბვლელ მამაკაცად გადააქცევს.

პარადოქსია, რომ სასიყვარულო წყვილების შემქმნელ ჰიტჩს არ ჰყავს შეყვარებული. სკოლის პერიოდში მომავალ რომანტიკულ ექიმს ჰყავდა მეწყვილე, მაგრამ მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდა. ერთ მშვენიერ დღეს ჰიტჩი შეხვდება გოგოს, რომელიც მის ცხოვრებას შეცვლის. სარასთან ურთიერთობაში აღმოჩნდება, რომ უილ სმიტის გმირმაც ყველაფერი არ იცის სიყვარულზე, ის დაბნეულია. სარას, რომლის როლს ასრულებს ევა მენდესი, აღარ მოუნდება ჰიტჩთან ურთიერთობა.

უილ სმიტს ამ ფილმში აქვს თავისებური ეშხი და გვაჩვენებს, რომ ის ორატორული ნიჭითაც გამოირჩევა. ერთ-ერთ სცენაში ხალხის წინ ჰიტჩმა საკუთარი თავი დაიცვა და თქვა, რომ სხვისი დარიგება და რჩევის მიცემა არ ნიშნავს ეგოიზმს და ცინიზმს. ეს გამოსვლა საუკეთესო იყო სმიტის შესრულებით მთელ ფილმში. დოქტორის ემოციებმა და გულახდილობამ დარბაზი დაადუმა. ხალხი დაფიქრდა, ბევრი მიხვდა, რომ დაკომპლექსებულ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება, რადგან ისინი არ არიან გახსნილები, მათ არ შეუძლიათ ორწუთიან დიალოგში სასურველ ადამიანთან ურთიერთობის დაწყება. ზოგი თავისი მორცხვობის გამო ხდება დასაცინი ობიექტი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი აკლიათ.

სწორედ ალბერტისნაირი მამაკაცების დასახმარებლად არსებობს ასეთი პროფესიები, რომლებიც ჩვეულებრივი პრიმიტიული არსებებისთვის არის ნარცისიზმის ნიშანი.  საბოლოოდ ჰიტჩი მარტო არ დარჩა და სარასთან ყველაფერი მოაგვარა.

ცუდი ბიჭები

90-იანების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში ცუდი ბიჭები მაიამიდან იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიციელები მთელ ამერიკაში. მაიკ ლოურიმ (უილ სიტი) მამისგან მიიღო დიდი ფული, იგი მდიდარია. მას თავისუფლად შეეძლო გამხდარიყო ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, რათა უფრო მდიდარი გამხდარიყო, მაგრამ მაიკმა პოლიციელობა მოისურვა, რადგან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის წესრიგი და მშვიდობა, რომელიც უნდა იყოს მაიამიში და ასევე ბოროტი განგსტერების და მაფიოზების შეჩერება, რათა ქვეყანა იყოს დაცული.

მაიკლ ბეიმ ლოურის კარგი პარტნიორი შეურჩია. მაიკი მარკუს ბერნეტის (მარტინ ლოურენსი) გარეშე იქნებოდა ძალიან მოსაწყენი პერსონაჟი, მარკუსიც მაიკის გარეშე ჩვეულებრივი პოლიციელის შთაბეჭდილებას დატოვებდა. ბევრი ფილმის პოპულარობა ძირითადად ერთი მსახიობის ან პერსონაჟის დამსახურებაა, მაგრამ ცუდ ბიჭებს წარმატება მოუტანა მაიკ ლოურისა და მარკუს ბერნეტის დუეტმა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი.

ცუდ ბიჭებს თავიანთი სიმღერაც აქვს, რომელსაც იუთუბზე  32 მილიონი ნახვა აქვს.

ადამიანები შავებში

ადამიანს ოდითგანვე აინტერესებდა, არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები ან სხვა პლანეტებზე რა ხდება. აპირებენ თუ არა კოსმოსური არსებები დედამიწის განადგურებას.

ვფიქრობ, რომ ბარი ზონენფელდმა ფენტეზის მოყვარულ მაყურებლებს ამ კითხვებზე გასაგებად უპასუხა.  ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ შავი ფორმა უნდა ეცვათ?  რა მიზანი აქვთ და რისთვის მალავენ საკუთარ ვინაობას? არსებობს საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს დედამიწაზე მცხოვრებ უცხოპლანეტელებს და ხალხს იცავს მათი აგრესიისგან.  საიდუმლო დაჯგუფების წევრებს უნდა ეცვათ შავი კოსტუმები, ისინი რეალურად არ არსებობენ, რადგან მათზე არაფერია ნახსენები არცერთ დოკუმენტში. ადამიანები შავებში უნდა იყვნენ ყურადღებით, რადგან ხალხმა არ უნდა გაიგოს უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ, ამისთვის საიდუმლო აგენტებს აქვთ სპეციალური ხელსაწყო, რომლის საშუალებით ადამიანს დანახული უცხოპლანეტელი ავიწყდება.

ფილმში ბევრი კოლორიტული არსებაა, მე ყველაზე მეტად მოლაპარაკე ძაღლი მომეწონა.

ადამიანები შავებში და ცუდი ბიჭები მსგავსი ფილმებია. ორივე კომედიაა, ორივე ფილმის დრო ძალიან სწრაფად გადის მაყურებლისთვის. ცუდის ბიჭების მსგავსად, ბარი ზონენფელდმაც გადაწყვიტა, ორი მეწყვილის შექმნით გაელამაზებინა თავისი შედევრი.

აგენტი კეი (ტომი ლი ჯონსი) და აგენტი ჯეი (უილ სმიტი) არიან მთავარი სახეები. ისინი ნამდვილი მეგობრების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ჯეიმ, კეის დახმარებით, ალღო აუღო, საიდუმლო ორგანიზაციის კვლევის მეთოდებს, მან თვალებში ჩახედა თავის შიშებს და უცხოპლანეტელებთან თავს საკმაოდ დამაჯერებლად გრძნობს.

ჯეის და კეის ერთად მუშაობა ძალიან სიამოვნებთ. უბრალოდ პირველ ფილმში კეი თითქოს ჯეის მასწავლებელია, რადგან უილ სმიტის პერსონაჟისთვის თავიდან ყველაფერი უჩვეულო იყო. მეორე ფილმში აგენტი ჯეი აღარ არის დაბნეული პინგვინი, ის ძალიან ქარიზმატული თანამშრომელია საიდუმლო ორგანიზაციის, რის გამოც ყველა კოლეგა მას პატივს ცემს, მაგრამ არის ერთი პრობლემა – ლეგენდარული კეი პენსიაზე გავიდა და სამსახურიდან წასვლის წინ ჯეის თხოვა, რომ თავისი მეხსიერებიდან ყველაფერი წაეშალა სპეციალური ხელსაწყოთი. აქედან გამომდინარე,  ჯეი თავს მოწყენილად გრძნობს მეგობრის გარეშე, ასევე მას აკისრია ახალბედა ასისტენტის აღზრდა, რაც გასართობი საქმე ნამდვილად არ არის.

უილ სმიტმა აგენტი ჯეის სახით მაყურებელს დაანახა, რომ მას უპრობლემოდ შეუძლია ასეთი როლის შესრულება.

უილ სმიტი და მუსიკა

იშვიათად ნახავ ადამიანს, რომელიც ერთდროულად არის ნიჭიერი მსახიობიც და მომღერალიც. უილ სმიტი არის მაღალი დონის რეპერი, მას ძალიან კარგი სმენა აქვს და მისი სიმღერები არის ძალიან სწრაფი და საცეკვაო.

ამერიკელის ჰიტებიდან გამოსარჩევია man in black (ადამიანები შავებში) რომელიც პირველი ფილმის საუნდტრეკია. ასევე გამოსარჩევია ჰიტი – Miami (მაიამი) და gettin jigg wit it.

უილ სმიტი ფანტასტიკური ადამიანია ამერიკულ შოუბიზნესში, ის თავის ყველა ფილმში ძალიან დასამახსოვრებელია და ქარიზმატული. ზემოთ ხსენებული ფილმების პოპულარობა, სწორედ უილ სმიტის დამსახურებაა.

თავისი როლში შესვლის სწრაფი ადაპტაციის ხარჯზე მან უამრავი კინომოყვარულის გული დაიპყრო, მის ოფიციალურ გვერდს ფეისბუქზე 77 მილიონი ლაიქი აქვს, ხოლო ინსტაგრამზე მას ჰყავს 43 მილიონი გამომწერი.

ასაკის მატებასთან ერთად იზრდება მისი სამსახიობო შესაძლებლობები.