ირინა ონაშვილი: “არ მეგონა, სერიალში თამაში ასეთი რთული თუ იქნებოდა”

ირინა ონაშვილი: "არ მეგონა, სერიალში თამაში ასეთი რთული თუ იქნებოდა"ავთო ჩიტიძე, სარკე

ყოფილმა მოდელმა, ირინა ონაშვილმა, ოცნება აისრულა და თავის საყვარელ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ეპიზოდური, მაგრამ საკმაოდ საინტერესო როლი ითამაშა. მისი პერსონაჟის მთავარი დავალება მექალთანე ცოტნე ცოტაშვილის ცდუნება და მისგან ინფორმაციის მიღება იყო. ამ გმირზე მუშაობისას იყო დეტალები, რომელთა შესრულებაზეც ირინამ უარი თქვა, მაგრამ მსახიობის ამპლუა ისე მოეწონა, რომ სხვა წინადადებებს მომავალშიც სიამოვნებით განიხილავს.

“მის საქართველო 2003”-ის ოჯახური იდილია 10 წელია ყოფილ ჩინოსან ლადო ვარძელაშვილთან ერთად გრძელდება. ორი შვილის დედა ცდილობს, მაქსიმალურად აქტიური იყოს. რამდენიმე სამსახური მას მოდუნების საშუალებას არ აძლევს, მაგრამ ყოველ თავისუფალ წუთს ოჯახში ატარებს. დღევანდელი ცხოვრებით ძალიან ბედნიერია და მადლობელია ქმრის, რომელიც ეხმარება, რომ აქტიური და წარმატებული ქალი იყოს.

– ირინა, როგორ მოხვდით სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” და რას ნიშნავს ეს სამსახიობო გამოცდილება თქვენთვის?

– ეს ჩემთვის მართლაც ძალიან დიდი გამოცდილება იყო. ვაღიარებ, რომ კინოში ან სერიალში გადაღება რთული პროცესი ყოფილა, რაც არ მეგონა. ჩვენი მსახიობების მუშაობა კიდევ უფრო დავაფასე. ამ სერიალში ძალიან კომფორტული გარემო იყო, პროფესიონალების გუნდია და ყველაფერი საათობრივად ჰქონდათ გაწერილი. ერთმნიშვნელოვნად მივხვდი, რომ მსახიობობა ძალიან რთული ყოფილა.

“ჩემი ცოლის დაქალების” ერთი სერიაც კი არ მაქვს გამოტოვებული, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ამ სერიალიდან თუ დამირეკავდნენ და როლს შემომთავაზებდნენ. მითხრეს, რომ ახალი პერსონაჟი სჭირდებოდათ და თვალდახუჭული წავედი კასტინგზე. კასტინგის ხელმძღვანელმა, ეკა მჟავანაძემ თავიდანვე გამაფრთხილა, რთული როლი არისო, მაგრამ სინჯებზე მითხრა, შენგან ასეთ კარგ თამაშს არ ველოდიო.

– როგორ გაითავისეთ მაცდური ქალის როლი?

– ისე შევხედე, როგორც საინტერესო გამოწვევას. ამ ტიპის ქალთან საერთო არაფერი მაქვს. არც კი შემიმჩნევია, ასეთი ქალები როგორ ახერხებენ კაცების მოხიბვლას. ჩემთვის ასეთი ტიპაჟი აბსოლუტურად სიახლე იყო.

რეჟისორიც და კასტინგის ხელმძღვანელიც ძალიან დამეხმარნენ, გამეთავისებინა, როგორი შინაარსის მქონე ქალი უნდა მეთამაშა. მთავარი ამოცანა იყო, ხელოვნური არ ვყოფილიყავი. ჩემი გმირი უნდა ყოფილიყო თავდაჭერილი, რომელსაც კონკრეტული მისია ჰქონდა შესასრულებელი. მისი მისია კი იყო, ცოტნე ცოტაშვილი მჭევრმეტყველებით მოეხიბლა.

– როგორი იყო ცოტნე ცოტაშვილის როლის შემსრულებელ გიორგი ბახუტაშვილთან მუშაობა?

– ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ბახუტასთან და ნიკა ქავთარაძესთან (ელვირის როლის შემსრულებელი. ავტ.) მუშაობა. ისინი ძალიან მეხმარებოდნენ, რომ გამოცდილ მსახიობად მეგრძნო თავი. ორივე მამაკაცი იმდენად დიდ კომფორტს მიქმნიდა დიალოგებში, ყველაფრის თამაში გამიადვილდა. მივხვდი, რომ ამ პროფესიაში პარტნიორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, ბახუტა და ნიკა ვაწვალე, ხანდახან რაღაცები მეშლებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს მათთვის პრობლემა არ ყოფილა. ჩემ მიმართ ძალიან მომთმენები იყვნენ.

– იყო თუ არა ამ ქალში ისეთი რაღაც, რის თამაშზეც უარი თქვით?

– ამ როლში პატარა ცვლილებები შევიტანე. მე არ ვარ პროფესიონალი მსახიობი, რომელიც როლის გამო ბევრ მსხვერპლზე წავიდოდა. როცა მსახიობი ხარ, ბევრი სითამამე მოგეთხოვება. ამ როლში არც იყო ბევრი სითამამე, მაგრამ გარკვეულ დეტალებზე მაინც უარი ვთქვი.

– ისე ხომ არ მოიხიბლეთ მსახიობობით, რომ მომავალში სხვა შემოთავაზებებიც განიხილოთ?

– ეს ჩემთვის დიდი აზარტი იყო და საინტერესო შემოთავაზებებს ყოველთვის განვიხილავ. მოდელობის გამოცდილება ძალიან დამეხმარა მსახიობობაში, რადგან კამერებთან მუშაობა არ მიჭირს. რაც მთავარია, ამ სერიალში ჩემი ეპიზოდით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. ეს კი მაძლევს იმის იმედს, რომ მომავალშიც საინტერესო შემოთავაზებებს მივიღებ.

– როგორი იყო ოჯახის წევრების შეფასებები, როცა სერიალში გიხილეს?

– ოჯახის წევრები ყოველთვის დადებითად ხვდებიან ჩემს გადაწყვეტილებებს, რადგან იციან, ისეთ რამეს არ გავაკეთებ, რაც მათ არ მოეწონებათ. საერთოდ, ჩემი პრინციპია, საკუთარ თავში დარწმუნებული თუ არ ვარ, იმ საქმეს ხელს არასოდეს ვკიდებ. ოჯახი ძალიან მგულშემატკივრობდა. ვფიქრობ, მათი იმედები გავამართლე. ჩემთვის მთავარი ოცნება ახდა, საყვარელ სერიალში მოვხვდი და ყველასგან დადებითი შეფასებები მივიღე.

ბედნიერი ვარ იმითაც, რომ იმ ნიჭის რეალიზების საშუალებაც მომეცა, რომლის შესახებაც ხალხმა არ იცოდა.

– თქვენს ცხოვრებაში დღეს რა ეტაპი დგას?

– ძალიან მომწონს, რომ რეალიზებული ქალი ვარ. ბევრ პროექტში ვარ ჩართული, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვის კუთხით ერთ-ერთი კომპანიაში, ასევე დაინტერესებული ვარ აქტუალური თემით, რაც არის ინფლუესერობა. მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში ყოველი წუთი და დეტალი გათვლილია და ეს რეჟიმი ძალიან მომწონს.

– ოჯახს უთმობთ სათანადო დროს თუ თქვენი აქტიური საქმიანობით ყურადღებას ცოტათი აკლებთ?

– ჩემი უფროსი შვილი, საბა, 8 წლის არის, დათუნა – 3 წლის. რა თქმა უნდა, ძალიან ვცდილობ, ყოველი თავისუფალი წუთი მათთან გავატარო. თუმცა ისინი ისევე, როგორც 21-ე საუკუნის სხვა ბავშვები, ალბათ ცოტა დაჩაგრულები არიან იმით, რომ დედა ყოველთვის არ არის მათ გვერდით. სამაგიეროდ, როცა დრო მაქვს, მათი თანატოლი ვხდები და ძალიან კარგად ვთამაშობთ.

აქტიურ ცხოვრებას ისე მივეჩვიე, პასიურ მდგომარეობაში ყოფნა უფრო მღლის. რა თქმა უნდა, მენატრება და მინდა, მქონდეს ისეთი პერიოდები, რომ წიგნი წავიკითხო ან საყვარელ ფილმს ჩავუჯდე, მაგრამ ამ ეტაპზე ამის დრო არ არის.

– ქმრისგან ალბათ დიდი ხელშეწყობა გაქვთ. მას არასოდეს მოუთხოვია, რომ სახლში დამჯდარიყავით?

– ნამდვილად არ მახსოვს, მეუღლეს ჩემთვის მოეთხოვოს, იქნებ მხოლოდ სახლში იყოო. მას მოსწონს აქტიური ირინა და ხელს მიწყობს, რომ საქმის გამო თუ სახლში ვერ მივდივარ, ბავშვებთან დარჩეს. ჩემი კარიერის გამო ოჯახში პრობლემა არასოდეს შექმნილა. დღე და ღამე სახლიდან გავარდნილი არც ვარ.

– თქვენი და ლადო ვარძელაშვილის ოჯახური ცხოვრება უკვე 10 წელია გრძელდება. ცნობილია, რომ იყო ბევრი სირთულეც. დღეს როგორ გადაავლებთ ამ პერიოდს თვალს?

– ჩვენს ცხოვრებაში ყველა ეტაპი საინტერესო იყო. ბევრი დადებითი მომენტიც იყო და გარკვეული ნეგატიური ამბებიც. ცხოვრება ასეც არის. როდესაც ხდებოდა რაღაც ნეგატიური, მას ყოველთვის მოსდევდა დადებითი მოვლენებიც. 10 წელი ერთგვარი ეტაპია, რომელიც ჩვენ გავიარეთ. ჩვენი სიყვარული უფრო გაღრმავდა და გამყარდა. წლებთან ერთად ცოლი და ქმარი ერთიანები ხდებიან.

– საერთო ჯამში, ბედნიერი ქალი ხართ თუ აკლია ამ ბედნიერებას რამე?

– ცუდს ვერაფერს ვიტყვი, პირიქით, რაც წლები მომემატა, ჩემი ცხოვრება უფრო საინტერესო გახდა. ზუსტად ვიცი, რა მინდა და რა საქმე მანიჭებს სიამოვნებას. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მართლა საინტერესო ცხოვრება მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ.