ამირან გამყრელიძე: ,,ჩვენს მოსახლეობაში ვირუსი არ ცირკულირებს თავისუფლად” – კვლევის შედეგები

ამირან გამყრელიძე: ,,ჩვენს მოსახლეობაში ვირუსი არ ცირკულირებს თავისუფლად" - კვლევის შედეგებიდაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დამატებითი კვლევები ჩაატარეს და კორონავირუსზე იმ პაციენტების ნიმუშებიც შეამოწმეს, რომელთა კვლევა ჩვეულებრივ გრიპზე მიმდინარეობს და კორონავირუსი არ დადასტურდა.

-საკმაოდ დამაიმედებელი ინფორმაცია მოგვცა ერთმა მცირე კვლევამ. ჩვენ გვაქვს გრიპის ზედამხედველობის ე.წ. სენტინელური 10-მდე საიტი, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ ნიმუშებს გრიპის კვლევისთვის და პარალელურად ჩვენ ეს ნიმუშები გავტესტეთ კორონავირუსზე, სადმე ხომ არ გვეპარება გრიპის სიმტომებით.

კლინიკურად ძალიან ჰგავს გრიპი და შევამოწმეთ ხომ არ გვეპარება კორონავირუსი მოსახლეობაში. ყველა ნიმუში კორონავირუსზე აღმოჩნდა უარყოფითი. დამაიმედებელია, რომ ჩვენს მოსახლეობაში ვირუსი არ ცირკულირებს თავისუფლად.

ყველა ქვეყანაში საკმაოდ სწრაფად მიდის პანდემია. ჩინეთს გარეთა სამყარომ გადააჭარბა ციფრებით. განსაკუთრებით ბევრია ევროპულ ქვეყნებში და ჩვენ როგორც ევროპის ერთი ნაწილი, გასაკვირი არ არის, გვქონდეს შემთხვევების მატება, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მატება არ იყოს სწრაფი და რადიკალური, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.