ტროა –  ბერძნული ისტორიის ეკრანიზაცია

ტროა -  ბერძნული ისტორიის ეკრანიზაციაკოტიკო გოგინაშვილი

ფილმ ტროას რეჟისორი არის ვოლფგანგ პეტერსენი, გადაღებულია ჰომეროსის ილიადას მიხედვით.  მოვლენები ვითარდება ძველბერძნულ მიწებზე, სადაც იქ მყოფი სახელმწიფოები იბრძვიან ძალაუფლებისთვის.

ომის გამომწვევი მიზეზები

სპარტასა და ტროას შორის, როგორც იქნა, დამყარდა მშვიდობა, ამის აღსანიშნავად სპარტას მეფემ, მენელაოსმა, ნადიმზე მოიწვია ორი ტროელი პრინცი – ჰექტორი და პარისი. პარისს გულის სიღრმეში ძალიან უყვარდა მენელაოსის მეუღლე ელენე. ნადიმის დროს ახალგაზრდა ტროელი თვალს ვერ აცილებდა სპარტას დედოფალს და მენელაოსის სადღეგრძელოებს არ უსმენდა.

საბოლოოდ პარისის გრძნობების გამო დაიწყო დიდი ომი ტროასა და ბერძნულ პოლისებს შორის, რადგან მან ტროაში წაიყვანა მენელაოსის ცოლი. ამ დაპირისპირებას კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა, მიკენის მეფე აგამემნონის ოცნება იყო ტროას დამორჩილება, თან აგამემნონი და მენელაოსი ძმები იყვნენ და  მიკენის მეფეს სურდა, დახმარებოდა თავის ძმას.

ორთაბრძოლების როლი

ამბიციური დამპყრობლები ყოველთვის ცდილობდნენ დიდი იმპერიების აშენებას, მაგრამ ამისთვის უამრავი ადამიანი სიცოცხლეს ემშვიდობებოდა, ხალხისთვის ცნობილი ძველი სამეფოები ვერ იარსებებდნენ, ათასობით მეომარს სისხლი  რომ არ დაეღვარა და თავი არ გაეწირა საკუთარი მეფისთვის. პრაგმატული მეფეები ხვდებოდნენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის საკუთარი ხალხის ბედნიერება და არა ძალაუფლება. შეიძლება ხელმწიფემ ათობით ქვეყანა დაიპყროს და ამ მიღწევით იყოს ბედნიერი, მაგრამ რომელიმე დაღუპული მეომრის (რომელმაც დიდი როლი ითამაშა იმპერიის აშენებაში) ოჯახისთვის ეს გამარჯვება არ იქნება საამაყო.

ამ პრობლემის გადაჭრის მთავარი გზა არის ორთაბრძოლა. ასეთ დროს ორი ქვეყნის მეფე ირჩევს თავიანთი არმიის საუკეთესო მეომრებს და აიძულებს, ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოლონ.

ამ ფილმში ორთაბრძოლის სამი სცენაა. ფილმის დასაწყისში აგამემნონის ჯარი განლაგებულია თესალიის მიწებზე, რათა ეს ეს ბერძნული პოლისი შემოიერთოს. ორთაბრძოლაში აქილევსი, რომელიც ითვლება საუკეთესო მეომრად მთელ მსოფლიოში, დაუპირისპირდება თესალიელ გოლიათ  ბოაგრიუსს. ამ გოლიათის სახელის გაგონებაზე ბევრი გმირი გაქცეულა, მაგრამ აქილევსმა ერთი ხმლის მოქნევით სიცოცხლეს გამოასალმა საშიში გარეგნობის მქონე ოპონენტი.

ამის შემდეგ თესალიელი მეომრები აგამემნონის არმიას შეუერთდნენ.  ტროელი პრინცი პარისი ხვდებოდა, რომ ელენეს მოტაცებით საფრთხის ქვეშ დააყენა უამრავი ტროელის სიცოცხლე, ამიტომ მან გადაწყვიტ,ა პირადად გამოესწორებინა თავისი შეცდომა და ბრძოლაში გამოიწვია ელენეს ქმარი და სპარტის მეფე მენელაოსი. ამ დუელში მენელაოსი უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა, რადგან იგი გამოცდილი მებრძოლი იყო, პარისისგან განსხვავებით და ფიზიკურადაც ჯობდა თავის მეტოქეს. ეს დაპირისპირება არ ჰგავდა კლასიკურ ორთაბრძოლას, რადგან პარისმა თავისი ძმის, ჰექტორის, დახმარებით დაამარცხა სპარტას მეფე.

ზემოთ ხსენებული ორთაბრძოლების მიზანი იყო მშვიდობის მოპოვება. პირველმა შემთხვევამ მიზანს მიაღწია, მეორემ არა.

ფილმის მესამე და ყველაზე დასამახსოვრებელ ორთაბრძოლის, სადაც ერთმანეთის მეტოქეები იყვნენ აქილევსი და ჰექტორი,  მიზანი იყო შურისძიება. ერთ-ერთ ბრძოლაში ჰექტორმა მოკლა აქილევსის ბიძაშვილი, რის გამოც ტროელ უფლისწულს მოუწია ყველაზე ძლიერი ბერძენი მეომრის წინააღმდეგ შებრძოლება. აქილევსს ბიძაშვილი პატროკლასი ძალიან უყვარდა და მისი მკვლელის გვამი ტროელების და ტროას მეფის თანდასწრებით მიაბა ეტლს და თავის სახლამდე მთელი გზა ათრია.

ტროას ცხენი

დიდი ომების მოგება ზოგჯერ შეუძლებელია ჩვეულებრივი და უბრალო ბრძოლებით. ჭკვიანი დამპყრობლები, როდესაც ხედავენ, რომ მეტოქე საკუთარ კედლებს კარგად იცავს, ხშირად მიმართავენ ეშმაკურ ტაქტიკას.~

ბერძნები და სპარტელები ვერ ახერხებდნენ ტროაში შესვლას, რადგან ტროელი მეომრები ოსტატურად იცავდნენ ციხე-სიმაგრეს. ასეთ დროს შენს მეტოქეს უნდა მოუწყო უსიამოვნო სიურპრიზი, როდესაც იგი ფიქრობს, რომ ომი მოგებულია და ყველაფერი დამთავრდა.

ეს ყველაფერი ძალიან კარგად ესმოდა ოდისევსს, რომელიც იყო აქილესის მეგობარი და მისი მოთხოვნით აქილევსი გაჰყვა ბერძნულ არმიას ტროაში.  ოდისევსმა უამბო აგამემნონს თავისი გეგმა, რითაც ისინი მოახერხებდნენ ტროას დამორჩილებას.

ბერძნებმა ააგეს გიგანტური ხის ცხენი, რომელშიც დაიმალნენ ბერძენი მეომრები. ტროელებმა ჩათვალეს, რომ ეს ცხენი მათ მითოლოგიურმა ღმერთებმა გამოუგზავნეს, ასევე მათ ეგონათ, რომ ბერძნები დანებდნენ და გადაწყვიტეს ცხენის შეყვანა ქალაქში.

ღამით, როდესაც ყველას ეძინა, ბერძნები ცხენიდან ამოვიდნენ და ქალაქი ააოხრეს, იმ ღამეს დაიღუპა ტროას მეფე.   ერთი ეშმაკური და ორიგინალური გადაწყვეტილებით  ბერძნებმა დაიმორჩილეს იმ დროისთვის აუღებელი და ძლევამოსილი ტროა.

დასასრული

ტირანმა აგამემნონმა თავისი ოცნება აისრულა, მან ბერძნების მთავარი მტერი მიწასთან გაასწორა და პირადად მოკლა ტროელი მეფე, მაგრამ იმ დიდებულ ღამეს თვითონაც დაიღუპა.  ტროაში გამგზავრებამდე აქილევსი დედას დაემშვიდობა. დედამ უთხრა, რომ ეს უდიდესი ომი იქნებოდა, რომელიც ხალხს არასოდეს დაავიწყდებოდა. მან აქილევსს უთხრა, რომ თუ ის წავიდოდა ტროას დასაპყრობად, უკან ვეღარ დაბრუნდებოდა.

ეს წინასწარმეტყველება ახდა. აქილევსი ზუსტად იმ ღამეს პარისმა მოკლა

ფილმის პრიმა

ფილმის მთავარი პერსონაჟი არის ბერძნების მეტოქეების რისხვა და ღამის კოშმარი აქილევსი, ხოლო მის როლს ასრულებს ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი ბრედ პიტი.

აქილევსი არ მეგობრობდა აგამემნონთან. იგი სულ აკრიტიკებდა მიკენის მეფეს და არ მოსწონდა მისი ამბიციური განცხადებები. აგამემნონი ბრძოლის დაწყებამდე აღნიშნავდა გამარჯვებას, მაგრამ აქილევსი ეუბნებოდა, რომ სანამ ომს არ მოიგე,ბ იქამდე არ შეიძლება ზეიმი.

აქილევსი არავის ემსახურება და არ ითხოვს სხვის დახმარებას, ის არის საკუთარი თავის ბატონი და არა სხვისი. აქილევსი ყოველთვის იბრძოდა თავისუფლებისთვის და სურდა, რომ ხალხის თვალში იგი ყოფილიყო ლეგენდარული და უშიშარი მეომარი, რომელიც უმიზეზოდ არავის კლავს.

ერთ-ერთ სცენაში აქილევსმა სიცოცხლე შეუნარჩუნა ერთ ტროელ მეომარს, რომელმაც უთხრა, რომ სახლში მას ოჯახი ელოდებოდა.

აქილევსი არ მეგობრობდა აგამემნონის მეომრებთან.  მათთან ხშირად ჩხუბი მოსდიოდა. ერთხელ ბერძენი მეომრები მასხრად იგდებდნენ ტროელ ქალს (ბრისეისი). აქილევსს არ შეეძლო ამის ყურება და თანამემამულეები შეაჩერა, ზოგიერთი მოკლა. ამის შემდეგ უშიშარ ბერძენს შეუყვარდა ბრისეისი. მათი რომანი დიდხანს არ გაგრძელდა, აქილევსი ტროას აღების ღამეს დაიღუპა, იგი ბერძნებმა დიდი პატივით დაკრძალეს.

ბრედ პიტი ამ ფილმში ძალიან ქარიზმატული და სერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. სპეციალურად ამ როლისთვის ბრედ პიტი რამდენიმე თვე ემზადებოდა. აღსანიშნავია მსახიობის საბრძოლო ტექნიკის შესაძლებლობა, მას შეუძლია რამდენიმე მოძრაობით 15-20 კაცის უპრობლემოდ მოკვლა.

პოპულარობა

ტროა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ისტორიულ ფილმად, რომელიც ოდესმე გამოსულა.

ფილმი გამოვიდა 2004 წელს. 2005 წელს ის ოსკარზე იყო ნომინირებული.

ჩემი აზრით,  ვოლფგანგ პეტერსენის შემოქმედებით, კინოს მოყვარულებმა ჰომეროსის ილიადა უკეთესად აღიქვეს და წარმოდგენა შეექმნათ ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ისტორიულ მონაკვეთზე, რომელიც ტროას დაცემას უკავშირდება.