ნიკა ქავთარაძე: “კოკა ყანდიაშვილს არ ვთამაშობ, მაგრამ ვინმე თუ ასე ფიქრობს, ფანტაზიაში ხელს ნუ შევუშლით”

ნიკა ქავთარაძე: "კოკა ყანდიაშვილს არ ვთამაშობ, მაგრამ ვინმე თუ ასე ფიქრობს, ფანტაზიაში ხელს ნუ შევუშლით"რუსუდან ადვაძე, სარკე

“ცუკერა ხომ არ უბერავს?”, “იმენნა”, დაგდევს”, “ელვირ, გამაგრდი, შენთან ვართ!”, “ქეთი დევდარიანი, ძლივს სტაბილური და კარგი სამსახური იშოვა ნიკა ქავთარაძემ და ნუ დატოვებ ახლა უმუშევარს”, “ნიკა ქავთარაძე, შენს ბედს რა ვუთხარი, მგონი, როლის გარეშე რჩები”, “ელვირს უთხარი, რომ ყურები არ ჩამოყაროს, მალე მთავრობა შეიცვლება და მათაც დასჭირდებათ მისი სამსახური”, – ასეთი სტატუსები შოუმენ ნიკა ქავთარაძის ფეისბუქგვერდზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც “ფეისბუქმა” საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი და ჯგუფი გააუქმა.

“ფეისბუქის” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელის, ნათანიელ გლეიჩერის, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ფეისბუქმა” გააუქმა საქართველოში მოქმედი პროფილების ქსელი, რომელიც არაავთენტურ პროსამთავრობო აქტიობას ეწეოდა და ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა, ანუ საქართველოს ხელისუფლება სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოჩნდა.

“ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ამ ტიპის აქტიობის გამოსავლენად, რადგან არ გვინდა, ჩვენი სერვისები ადამიანების მანიპულაციისთვის გამოიყენონ. ჩვენ ვაუქმებთ ამ გვერდებს, ჯგუფებსა და ექაუნთებს არა მათი შინაარსიდან, არამედ აქტიობიდან გამომდინარე. ყველა ამ შემთხვევაში ადამიანები ამ აქტივობის მიღმა კოორდინირებულად მუშაობდნენ და იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს თავიანთი იდენტობის შესანიღბად, რაც გახდა ჩვენი მოქმედების საბაბიც…

ჩვენ გავაუქმეთ “ფეისბუქის” 39 ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის 22 ანგარიში, როგორც შიდა-ფოკუსის ქსელი, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებდა”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნიკა ქავთარაძე პოპულარულ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” სწორედ ყალბი ექაუნთების გვერდების შემქმნელი და ე.წ. ტროლების უფროსის, ელვირის, როლს თამაშობს.

სერიალში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ბოტებისა და ტროლების მთელი ქარხანა მუშაობს და მას ერთ დროს ცნობილი ტელეწამყვანი, კოკა ყანდიაშვილი, ხელმძღვანელობს. ქავთარაძის პერსონაჟში ბევრმა სწორედ კოკა ყანდიაშვილი ამოიცნო, უფრო მეტიც, თავად ნიკა გააიგივეს ელვირთან და, როგორც გვითხრა, უკვე უამრავი “სამძიმარი” მიიღო, ელვირს მხოლოდ ტკბილეულის სიყვარულით ჰგავს.

– ნიკა, თავის დროზე როგორ მოხვდით “ჩემი ცოლის დაქალებში”?

– ჩვეულებრივი კასტინგი გავიარე. როგორც ჩანს, მოეწონათ და ამიყვანეს. ასე რომ, საკონკურსო პირობებით მოვხვდი. მანამდე ამ ტიპის სამსახიობო გამოცდილება არ მქონია. ძალიან ახალგაზრდობაში, “202”-ზე რომ “მუსკულები” გადიოდა, იქ ვმონაწილეობდი, მაგრამ კინოს ტიპის სერიალში არასოდეს მითამაშია.

ასეთ სერიალში თამაში ადვილი არ არის და ალბათ პროფესიონალებისთვისაც რთულია, მაგრამ უძლიერესი ჯგუფი მუშაობს. რეჟისორები, სცენარისტი, პროდიუსერი – შანსს არ გიტოვებენ, რომ კარგი არ გამოვიდეს.

– მთელი სოციალური ქსელი აღფრთოვანებულია, რა კარგად თამაშობს კოკა ყანდიაშვილის როლსო. თავის დროზე დაგიკონკრეტეს, ვინ უნდა ყოფილიყო თქვენი გმირის პროტოტიპი?

– არასოდეს მქონია საუბარი რაიმე კონკრეტიკაზე და, სიმართლე გითხრათ, არც მე ვთამაშობ ვინმეს. მე უბრალოდ ვთამაშობ ადამიანს, რომელიც ტროლების ქარხნის დირექტორია. თამაშის დროს არავის მანერაზე, სტილსა და ფორმაზე არ ვფიქრობ.

ეს არის ქეთი დევდარიანის შექმნილი როლი, მან დაწერა ამ ტიპზე. ბევრი დრო არც მქონია მასზე საფიქრალად. რომ ამირჩიეს როლზე, სამ დღეში უკვე გადაღება დაიწყო. ასეთი ტიპაჟები ჩემთვის ნაცნობები არიან, მაგრამ თამაშია რთული და ამაზე მიდის ბევრი მუშაობა. ასეთი ადამიანები ყველა ეპოქაში არსებობდნენ.

– კოკა ყანდიაშვილს პირადად იცნობთ?

– ამდენი ხანია ტელევიზიაში ვარ და, რა თქმა უნდა, ვიცნობ. თქვენ გინდათ, მათქმევინოთ, რომ მე კოკას ვთამაშობ, მაგრამ მე არ ვთამაშობ კოკას. მე ვარ მსახიობი, ჩემთან მოდის ტექსტი და ვასრულებ. მსახიობს სცენარის დეტალებს არ ეკითხებიან. საზოგადოებაში შექმნილია განწყობა, რომ ტროლების ქარხნის დირექტორები არიან ვიღაც კონკრეტული ადამიანები. მე არ ვთამაშობ ვინმეს, მაგრამ თუ ვინმე თვლის, რომ ის ვარ… ვიღაც თვლის, რომ მე ვთამაშობ ბერიას და ასეთი წარმოსახვები თუ აქვთ, ჯობია, ფანტაზიაში ხელი არ შევუშალოთ.

– ელვირის პერსონაჟს როგორ აღიქვამთ, რა პიროვნებაა ის თქვენთვის?

– ეს არის ყველაფერზე წამსვლელი, რომლისთვისაც მიზანი ამართლებს საშუალებებს. ასეთი ადამიანი ყველაზე საშიშია და ზუსტად ეს ხდის ჩემს პერსონაჟს უსიამოვნოს. უყურებ და ხვდები, რომ არ არის კარგი პიროვნება და არ გსიამოვნებს. სახლში სხვა ფუნქცია აქვს გააქტიურებული, გარეთ – სხვა. ფლიდი და მატყუარაა – დედასაც ატყუებს, მთავრობასაც, ტროლებსაც…

– როგორც თქვით, ხალხი თქვენ გისამძიმრებთ, “ფეისბუქის” ხელმძღვანელობამ ყალბი ექაუნთები რომ გააუქმა. თქვენს პირად გვერდზე ხალხი წუხს, როლის გარეშე დარჩებაო.

– ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გმირი ასოცირებულია ამხელა გლობალურ მოვლენასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ორი თვეც არ გასულა, რაც სერიალში ვარ. ეს ამბავი ბევრად უფრო სასიამოვნოა, თორემ ნიკა ქავთარაძე და ბევრი სხვა რომ სამსახურს დაკარგავს, მესამეხარისხოვანია. მთავარი ის არის, რომ რაც ქეთი დევდარიანს, ირაკლი საღინაძეს და გუნდის სხვა წევრებს უნდოდათ, ის მოხდა – ადამიანებისთვის ტროლთან ასოცირებული პერსონაჟი შექმნეს.

ჩვეულებრივი ამბავია, როლი ხან არის, ხან არა, სამსახური ხან არის და ხან არა, მაგრამ მთავარია, ეს როლი შედგა.

“ფეისბუქმა” საქართველოში არსებული უამრავი პროპაგანდისტული ტროლ და ბოტ ექაუნთები და ფეიჯები დახურა და სწორედ იმისთვისაა ეს ტიპაჟი გამოყვანილი, რომ ადამიანებმა ნახონ, თუ რა ბოროტება შეიძლება იყოს იმის იქით, რაც არ ჩანს და ის თუ დაიხურა, უცნაური იქნება, რომ ამ დროს ჩემს სამსახურზე ვინერვიულო.

– როგორ იცით, სერიალშიც დაიხურება ელვირის ტროლების ქარხანა?

– არ ვიცი, ქეთი დევდარიანზეა დამოკიდებული, რას გააკეთებს. ეს ხომ საინფორმაციო გამოშვება არ არის, სადაც ზუსტად აისახება რაღაც, თუმცა ასე თუ მოხდა, რა თქმა უნდა, გული დამწყდება. შეუძლებელია, გული არ დაგწყდეს, როცა საქართველოში საუკეთესო პროექტში მონაწილეობ და მერე იქ აღარ იყო, მაგრამ ჩემთვის ის უფრო ბევრად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ნორმალური სიტუაცია იყოს და არ არსებობდნენ ბოროტების და ყალბი ამბების პროპაგანდისტები, ვიდრე ის, მექნება თუ არა როლი.

– სოციალურ ქსელში ხშირად დაგიწერიათ, რომ დახმარება გჭირდებოდათ, გიჭირდათ, ბინის ქირის ფული არ გქონდათ… როგორ ფიქრობთ, რაზე შეიძლება წავიდეს ადამიანი გაჭირვების გამო?

– მე, პირადად, არაფერზე წავსულვარ! ჩემთვის ჩემი თავისუფლება და პრინციპები ყველაზე მნიშვნელოვანია. საკუთარი მორალის ფარგლებგარეთ არასოდეს გავსულვარ და ამით ვამაყობ. გაჭირვება მეგობრების დახმარებით, ოჯახის გვერდში დგომით, მომავლის რწმენით და ა.შ. გადამილახავს.

– თქვენი გმირის, ელვირის, პიროვნული შტრიხებიდან რომელიმე თქვენს ხასიათთან ახლოა, მაგალითად, თქვენც ტკბილეულის მოყვარული ხართ?

– დიახ, ტკბილეულიც მიყვარს და ცომეულიც და ამით არამხოლოდ მე, ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი ჰგავს. მსუნაგობა ბევრ ქართველს გვახასიათებს. ერთი ის განსხვავებაა, რომ რეალურ ცხოვრებაში არავისთან ვარ პასუხისმგებელი საკუთარი რაციონის მიღებასთან დაკავშირებით. ვისაც უნდა, კარგ ფორმაში და ჯანსაღად ვიყო, შეიძლება მას დაუმალო ადამიანმა, მაგრამ დამალვას რა აზრი აქვს, ხომ ნახავენ, რომ ნაჭამია?!

– ცოლი გიშლით ტკბილეულის მიღებას?

– კი, რადგან შენს გულშემატკივარ ადამიანებს არ უნდათ, რომ არაჯანსაღად იკვებო და შინაურები ამაზე სხვადასხვა ფორმით გველაპარაკებიან. რომ მოვიტყუო და ჩუმად ვჭამო, ხომ უფრო უნამუსო ვიქნები?!

– ცოლს, შვილებს მოსწონთ თქვენი გმირი სერიალში? (ნიკა ქავთარაძეს პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. მეორედ 5 წლის წინ დაქორწინდა – რედ.).

– რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება არ მოსწონდეთ?! მეუბნებიან, რომ არაფრით ვგავარ და საერთოდ არ ვარ ისეთი ადამიანი, როგორიც ელვირია.

– რამდენიმე წლის წინ კლინიკას უჩიოდით, სადაც თმები გადაგინერგეს. როგორ დამთავრდა ეს ამბავი? ისევ უთმოდ კი ხართ…

– კლინიკა “თალიზზე” ნაწყენიც ვარ, შეურაცხყოფილიც, დამცირებულიც… ასე უპასუხისმგებლოდ და თავხედურად მოექცნენ ჩემს ჯანმრთელობას და ვიზუალსაც. თმის გადანერგვის ოპერაციას რომ გაიკეთებს ადამიანი, ასე უნდა გამოიყურებოდეს?! მითხრეს, რომ არ გამოუვიდათ. გადანერგილი თმა საერთოდ არ ამომივიდა. ეს უპრეცედენტო ამბავია და დღემდე გარკვეულ პროცედურებში ვართ. მარტივი არ არის, რომ ეს პროცესი ისე წავიდეს, როგორც გვინდა.

– სასამართლოშია საქმე?

– არა, სხვა პროცესი მიდის და ამ თემაზე საუბარი არ მინდა. რამდენიმე ოპერაცია გამიკეთეს და თმა არ მაქვს, შეიძლება უკმაყოფილო არ ვიყო?!

– როგორც პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” წევრი, როგორ აფასებთ იმ შეუქცევად პროცესებს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, როგორია თქვენი ხედვა ამ მხრივ?

– ალბათ მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი უნდა იყო, რომ ამ ქვეყანაში რაიმე მოგწონდეს. სხვა ყველა შეურაცხყოფილია და მეც შეურაცხყოფილი ვარ იმით, რა დამოკიდებულებაც ჩვენს ხელისუფლებას აქვს სახელმწიფოსა და თავისი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ – დემოკრატიის მიმართ, სამართლიანობის მიმართ, ქვეყნის პერსპექტივის მიმართ, ერთი ადამიანის სიცოცხლის ღირებულების მიმართ.

შეურაცხყოფილი ვარ, ძალიან არ მსიამოვნებს და ვგრძნობ, რომ ინტენსიური ნიაღვარი დემორალიზებისა მთავრობის ხელშია. ახლა, როცა დიდი პროპაგანდის ყალბი საშუალებები გამოეცალათ სოციალური ქსელის სახით, ალბათ ცოტა გაუჭირდებათ, მაგრამ მთავრობა მაინც ეცდება, დაგვარწმუნოს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და ვინმე თუ რაიმე ცუდს ამბობს, ის არის ნაცი.

მე ახლა “გირჩის” წევრი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ მისი სპიკერი უკვე კარგა ხანია აღარ ვარ. ჩემთვის მთავარია თავისუფლება. “გირჩის” სლოგანი კი გახლავთ “მეტი თავისუფლება”. ადამიანები, ვინც იქ არიან, ამ კონცეფციას ამყარებენ და ჩემთვის ასეთი პიროვნებების არსებობა ქვეყანას უკეთესს ხდის.

– რა ინფორმაცია გაქვთ ტროლების ფაბრიკების შესახებ, სერიალში ზუსტად გადმოსცემთ რეალობაში არსებულ სიტუაციას?

– საიდან უნდა ვიცოდე, როგორ იგონებენ ამ ამბებს?! თუ ადამიანი ბოროტი არსება არ ხარ, საიდან შეიძლება ამას მიხვდე, როგორ არის შიგნით ეს სისტემა მოწყობილი? ჩემთვის ეს მხოლოდ როლია და საიდან უნდა ვიცოდე, რა ხდება შიგნით?