მაკა ზამბახიძე: “მიხეილის სიყვარულმა ძალიან შემცვალა”

მაკა ზამბახიძე: "მიხეილის სიყვარულმა ძალიან შემცვალა"ავთო ჩიტიძე, სარკე

მომღერალ მაკა ზამბახიძეს, თავისი ცხოვრების ტემპიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, არ ახსოვს, ბოლოს როდის მოასწრო ახალი წლის ღამეს სურვილის ჩაფიქრება, რადგან 12 საათის დადგომას წლებია სცენაზე ხვდება. ეს ტრადიცია არც წელს დარღვეულა.

გასულ, 2019 წელს მაკა რადიო “ფორტუნამ” წლის ყველაზე წარმატებულ მომღერალ ქალად დაასახელა. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან ბოლო ხანს ძალიან აქტიურია. ღამის კლუბებში ის თავის ქალიშვილ სალომე ჩიტაძესთან და ბენდ “ნონ სტოპთან” ერთად მსმენელს საინტერესო პროგრამას სთავაზობს. გარდა ამისა, სიმფონიურ ორკესტრთან ტრადიციულ ქართულ სიმღერებზეც მუშაობს. მოკლედ, ყველა სცენაზე და მუსიკის ყველა ჟანრში თავს კარგად გრძნობს.

რთული და დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიღმა მაკას ცხოვრებაში სიმშვიდე და დიდი სიყვარულია, რაც სპორტსმენ მიხეილ ჩოხელს შეხვდა. მართალია, პირად ცხოვრებაზე ნაკლებად ლაპარაკობს, მაგრამ სცენიდანაც ეტყობა, რომ თვალები სიყვარულისგან უბრწყინავს. ამჯერად მომღერალმა “ტაბუ” დაარღვია და 2019 წლის შეჯამებისას “სარკესთან” საუბარში თავის სიყვარულზეც ალაპარაკდა.

– მაკა, როგორ შეაჯამებთ უკვე განვლილ 2019 წელს?

– 2019 წელი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. შემოქმედებითად მეტად აქტიური ვიყავი, ბევრი კონცერტი მქონდა და “ფორტუნა ჰოლდინგმა” წლის საუკეთესო მომღერალი ქალის ტიტულიც მომანიჭა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება იყო ჩემთვის.

ჩემი კარიერა 2020 წელსაც აქტიურად გაგრძელდება და მსმენელს ბევრ ახალ სიმღერას ვპირდები. მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები და ამ წელიწადს უფრო მეტის გაკეთება მინდა.

– ბევრი თქვენი კოლეგა ამბობს, რომ ქართულ შოუბიზნესში სერიოზული კრიზისია, ხალხს არ ემღერება და კონცერტებზე სიარულს ვერ ახერხებენ. თქვენ როგორ შეძელით, რომ ასეთი აქტიური ყოფილიყავით?

– როცა მსმენელს სრულყოფილ პროგრამას სთავაზობ, როდესაც სიახლეებით ანებივრებ, შენს კონცერტებზე მუდმივად მოდის. ჩემი გამოცდილებით ვიტყვი, რომ თუ აქტიური იქნები, შენს კონცერტებზე მსმენელიც ივლის.

– ეს წარმატება იმის შედეგიც ხომ არ არის, რომ ერთნაირად აქტიური ხართ როგორც დიდ, ასევე პატარა სცენებზე, ანუ კლუბებსა და ლაუნჯებში?

– კი, ნამდვილად. მუსიკოსი იქ უნდა იყო, სადაც მსმენელი გყავს. მე პოპ მომღერალიც ვარ და ვატო კახიძის პროექტებშიც ვმონაწილეობ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაესტრო ვატოს ჩემს შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია. წინასაახალწლოდ გვქონდა ქართული თეატრისა და კინომუსიკის კონცერტები, რომლებიც სრული ანშლაგით ჩატარდა.

მიხარია, რომ ვახერხებ, ვიმღერო კლასიკური ქართული მუსიკაც და პოპსაესტრადოც. ჟანრების ცვალებადობა მომწონს, რადგან თითქოს ერთმანეთს აბალანსებს. ორივე ჟანრში კარგად ვგრძნობ თავს.

– დატვირთული სამუშაო რეჟიმი, კლუბებში ღამის კონცერტები, რეპეტიციები… ეს ყველაფერი უამრავ დროს და ენერგიას მოითხოვს. როგორია თქვენი ცხოვრება ამ ყველაფრის მიღმა?

– ძალიან რთულია ამ რეჟიმით ცხოვრება, თანაც, როცა პასუხისმგებლობის გრძნობა ძალიან გაქვს განვითარებული. არ არსებობს, საქმეში რამეს ზერელედ შევხედო. არ არსებობს, პატარა ინტერვიუ იქნება თუ გადაღება, წინასწარ არ ვიფიქრო ჩაცმულობაზე, მაკიაჟზე. ეს ყველაფერი დამღლელია და სტრესში გაგდებს, მაგრამ გაცნობიერებული მაქვს, რომ ჩემი საქმეა და სხვა გზა არ არის. ჩემი საქმის სიყვარული ძალას მაძლევს.

ძალიან ბევრისგან მსმენია, შენ რა გენაღვლება, პირს გააღებ და შესანიშნავად იმღერებო. სიმღერა რომ ასეთი ადვილი იყოს, ყველა იმღერებდა. კონცერტის შემდეგ დილით ისე დაღლილი ვიღვიძებ, მგონია, მთელი ღამე ფიტნესდარბაზში ვივარჯიშე. ყველა კუნთი მტკივა ხოლმე.

– რაც ძიუდოისტ მიხეილ ჩოხელზე გათხოვდით, პირად ცხოვრებაზე ლაპარაკს თავს არიდებთ. ეს სიყვარული რა როლს თამაშობს თქვენს შემოქმედებაში, როგორ აისახება თქვენს სიმღერებზე?

– ჩემი საქმის მიმართ იმდენად პროფესიული დამოკიდებულება მაქვს, რომ, როცა რთული პერიოდები მქონია პირად ცხოვრებაში, ეს საქმეზე მაშინაც არ ასახულა. რა თქმა უნდა, როდესაც საყვარელი მამაკაცი შენ გვერდითაა და შენი ცხოვრება სავსეა, ეს დიდი სტიმულია სიმღერისას. ყველა კონცერტზე, სადაც ვიცი, რომ მიხეილიც ესწრება, მას სულ თვალებით ვეძებ.

მაგალითად, ერთ-ერთ ბოლო კონცერტზე მინდოდა, მისთვის ერთი სიმღერა მიმეძღვნა განსაკუთრებულად – “იცოდე, შენი ვარ” და მივუძღვენი კიდეც. ეს სიმღერა თავის დროზე თავად მიმღერა და ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

– ამ სიყვარულმა როგორ შეგცვალათ?

– ამ სიყვარულმა ალბათ შემცვალა, ამას დამატებული ასაკიც, ცხოვრებისეული გამოცდილებაც და… მასთან ერთად ძალიან ბევრ რაღაცას ვსწავლობ, რადგან მიხეილი ჩემთვის სამაგალითოა. ჩემში ბევრი თვისება ამოატივტივა.

– რა აღმოჩენები გაგაკეთებინათ საკუთარ თავში?

– მიხეილი ჩემში ყოველთვის დიდ სიყვარულს პოულობს, რომელიც ძალიან გადამდებია ჩვენს ურთიერთობაში. ყოველდღიურობაში ბევრ აღმოჩენას ვაკეთებ, ვხვდები, რომ ამ სიყვარულმა შემცვალა. მაგალითად, შეიძლება უცებ ავყვირდე და მაშინვე მახსენდება, რომ ის ასე არ მოიქცეოდა და მეც ვწყნარდები ხოლმე. არ ვიცი, ჩემს ენერგიას და ემოციურობას რა ეშველება, მაგრამ ვისწავლე, რომ ბევრ რამეზე არ უნდა ვინერვიულო. ცხოვრებაში მთავარი სიყვარულია.

– ცდილობთ, რომ აქტიურმა კარიერამ არ ავნოს პირად ურთიერთობებს?

– ამას წინასწარ ვერასდროს განსაზღვრავ. ჩემი ცხოვრება ან ასე უნდა მიიღო, ან ვერ უნდა მიიღო. შუალედი არ არსებობს.

– მიხეილს არ ენატრება სახლში მაკა?

– თავისუფალ დროს ყოველთვის შინ ვატარებ და ვფიქრობ, სახლში ჩემი დანაკლისი არ უნდა ჰქონდეს. კონცერტებზე ხშირ შემთხვევაში ჩემთან ერთად არის. მართალია, ახალ წელს კორპორატიულ წვეულებაზე ვიყავი, მაგრამ მიხეილი იქაც ჩემ გვერდით იყო.

– გისრულდებათ ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილები?

– 12 საათზე ფიზიკურად არ მაქვს დრო, რომ სურვილი ჩავიფიქრო. ამ დროს ყოველთვის სცენაზე ვდგავარ. ახლაც ასე მოხდა, სცენაზე ვიდექი და ვერ მოვახერხე, სურვილი ჩამეფიქრებინა. რთულია მომღერლის ცხოვრება.

– ჯადოსნური ახალი წელი ყოფილა თქვენს ცხოვრებაში?

– ჯადოსნური ახალი წელი იყო ერთხელ, როდესაც სცენაზე ვიდექი და ზუსტად 12 საათზე დიდი ფიფქები წამოვიდა. ახალი წლის ღამეს თოვლი ჯადოსნურობასთან ასოცირდება ჩემთვის.

– როგორია ამ წლის გეგმები?

– მინდა, სოლო კონცერტი გავაკეთო, ჯანმრთელები ვიყოთ და ყველა ჩემიანი კარგად მყავდეს.

– რას გვეტყვის წლის წარმატებული მომღერალი ქალი, არის თუ არა ბედნიერი?

– ცოტა მიჭირს და არც მიყვარს ამ თემაზე ხმამაღლა ლაპარაკი. სულ მეშინია, რომ თუ ხმამაღლა იტყვი, ბედნიერი ვარო, შეიძლება ამან შენზე ცუდად იმოქმედოს. უბრალოდ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ. კმაყოფილი ვარ, რომ ჩემი საყვარელი მსმენელი გვერდით მყავს. ჩემი ცხოვრება ყოველთვის სავსეა მშვიდი და ბობოქარი ეტაპებით. საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ საინტერესო ცხოვრება მაქვს.