მაია ბურჭულაძე: ”დიმიტრი ძნელაძე მამაკაცის კრებსითი სახეა, რომელსაც მუდმივად უწევს არაჩვეულებრივ სიტუაციაში ყოფნა”

მაია ბურჭულაძე: ”დიმიტრი ძნელაძე მამაკაცის კრებსითი სახეა, რომელსაც მუდმივად უწევს არაჩვეულებრივ სიტუაციაში ყოფნა”5 თებერვლიდან მაია ბურჭულაძის 2 რომანი – ”უფროსი ძმა” და ”სხვის ტყავში” ჟურნალ სარკესთან ერთად გაიყიდება.
ეს არის სერიალის ”დიმიტრი ძნელაძე კრიმინალურ ლაბირინთებში” პირველი ტომი.
ფასი ჟურნალთან ერთად 6 ლარი.
ჟურნალისტი დიმიტრი ძნელაძე ხან თბილისში ცხოვრობს, ხან _ პარიზში.
ძირითადი საქმიანობის პარალელურად მას ხშირად უწევს ჩახლართული კრიმინალური ისტორიების გამოძიება.
სერიალში შევიდა მაია ბურჭულაძის მიერ დიმიტრი ძნელაძის შესახებ დაწერილი ყველა რომანი.
რომანები ქრონოლოგიურადაა დალაგებული, რაც მკითხველს საშუალებას მისცემს, მთელი სერია, როგორც ერთი მთლიანი, ისე წაიკითხოს.

სარკენიუსი მაია ბურჭულაძეს ესაუბრა.

მაია ბურჭულაძე:

– 2020 წელს დიმიტრი ძნელაძეს 18 წელი შეუსრულდა – დეტექტიურ რომანში არსებობის 18 წელი, თორემ მე-16, დამამთავრებელ სერიაში ჩვენი გმირი 38 წლის იქნება. შეიძლება ითქვას, ის ჩვენს თვალწინ ჩამოყალიბდა ნაციონალური მასშტაბის ჯეიმს ბონდად.

– როდის გაჩნდა ამ გმირის შექმნის იდეა?

– იდეა, შემექმნა ერთი დეტექტივიდან მეორეში გარდამავალი გმირი, 2003 წელს გამიჩნდა. გადავწყვიტე, ის ჟურნალისტი ყოფილიყო, რადგან ამ პროფესიის ადამიანი სხვებზე მეტად არის მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში და, საჯარო მოხელისგან განსხვავებით, მოქმედების გაცილებით ფართო არეალი გააჩნია. ის უფრო თავისუფალია თავის ჟურნალისტურ გამოძიებაში, ვიდრე ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენელი, რომელსაც კანონი ავალდებულებს გარკვეულ ჩარჩოებში მოქმედებას.

დიმიტრის ჟურნალისტური გამოძიება მოიცავს ყველა სფეროს – საყოფაცხოვრებო დანაშაულიდან დაწყებული, პოლიტიკით დამთავრებული. მისი არჩევანია, რომელ საქმეს მოკიდებს ხელს და შემდგომში როგორ წაიყვანს გამოძიებას.

– ერთი გმირის შესახებ ამდენი რომანის დაწერა როგორ მოახერხეთ?

– მესამე, მეოთხე… მეშვიდე დეტექტივის გამოსვლის შემდეგ მივხვდი, რომ დიმიტრის ასე ადვილად ვერ შეველეოდი, რადგან საკმაოდ საინტერესო პერსონაჟი გამოვიდა, თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით, მძიმე წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით.  ხშირად მეკითხებიან – ვინმეს პროტოტიპი ხომ არ არის დიმიტრი ძნელაძეო? არა, ბატონებო, დიმიტრი ჩვეულებრივი მამაკაცის კრებსითი სახეა, რომელსაც პროფესიიდან გამომდინარე მუდმივად უწევს არაჩვეულებრივ სიტუაციაში ყოფნა.

აქ მთავარია, არ დაკარგო სახე, ღირსება… დიმიტრი ამას ახერხებს. დიახ, ღირსება არის ალბათ ის მთავარი, რასაც დიმიტრის სხვებისგან გამოარჩევს და რის გამოც ის ჩემმა მკითხველმა შეიყვარა.

მაია ბურჭულაძე: ”დიმიტრი ძნელაძე მამაკაცის კრებსითი სახეა, რომელსაც მუდმივად უწევს არაჩვეულებრივ სიტუაციაში ყოფნა”