”ჩვენს ოჯახში ყაჩაღები შემოვიდნენ, მთელი სახლი ყირაზე იდგა” – რა სასწაული მოახდინა ია ფარულავამ

”ჩვენს ოჯახში ყაჩაღები შემოვიდნენ, მთელი სახლი ყირაზე იდგა” - რა სასწაული მოახდინა ია ფარულავამავთო ჩიტიძე, სარკე

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა 2019 წლით ფრიად კმაყოფილია. გადაცემა “ფარული კონვერტის” მაღალი რეიტინგი და ბიზნესში სტაბილურობა მის განწყობაზეც შესანიშნავად აისახება. მართალია, ოჯახური ტრაგედიის გამო მისთვის ახალმა წელმა ჯადოსნური ელფერი დაკარგა, მაგრამ საახალწლო რიტუალების ერთგული მაინც დარჩა.

ია ფარულავა “სარკესთან” ამხელს თავის საიდუმლოებებს, თუ როგორ უნდა ავიხდინოთ ოცნება და ასევე – როგორ დავამარცხოთ წლები, რომ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა. ასე რომ, “ინსტრუქციები” – ქვემოთ.

– ია, როგორი იყო თქვენს ცხოვრებაში 2019 წელი?

– ერთ რამეს გაგიმხელთ – მე არ ვაკვირდები წლებს. ჩემი ახალგაზრდობის ერთ-ერთი საიდუმლო ესეც არის. ყურადღებას არ ვაქცევ, რომელი წელი გავიარე და უკან რამდენი წელი ჩამოვიტოვე.

პიროვნულად ეს წელი ჩემთვის ძალიან ძლიერი იყო. გადავედი ჩემი ოცნების ახალ ბინაში, ჩემმა გადაცემამ “ფარულმა კონვერტმა” მაღალი რეიტინგით ძლიერად მოიკიდა ფეხი “რუსთავი-2”-ზე. მრავალი ჭექა-ქუხილისა და ქარტეხილის მიუხედავად, გადაცემა არხზე დარჩა და სიცოცხლე განაგრძო. ასევე წელგამართულად მუშაობს ჩემი სასტუმრო “ქისი”.

მოკლედ, გოჭის წელი ჩემთვის ძალიან კარგი აღმოჩნდა. ამ წელიწადშიც ბევრი ვიმოგზაურე, თუმცა იმდენი – არა, რამდენიც მინდოდა. 2019 წელს მნიშვნელოვანი კიდევ ის მოხდა, რომ მანქანა გავყიდე, რადგან ამ ქალაქში ავტომობილით სიარული სრული კოშმარია! მირჩევნია, პრემიუმ კლასის ტაქსი გამოვიძახო და ისე ვიარო. მძღოლის აყვანაც არ შემიძლია, რადგან შემდეგ სულ ვდარდობ ჩემს მძღოლზე, ხომ არ შია, ხომ არ ცივა, ხომ არ ეჩქარება. ტაქსი ყველაზე მეტად მომწონს.

– რისი საშუალება მოგცათ ოცნების სახლმა, როგორ ცხოვრობთ მასში?

– ვიწვევ მეგობრებს, ვაწყობ საღამოებს. ძალიან კარგი გარემო მაქვს და კარგი სამეზობლო მყავს. მაქვს იმის ფუფუნება, რომ თვეში ერთხელ 12 კაციანი სამეგობრო დავპატიჟო. მათთვის ვახშამს ვამზადებ, შემდეგ “მაფიას” ვთამაშობთ.

– დიდმა სახლმა ახალი ინტერესები ხომ არ გაგიჩინათ? ალბათ ბევრი ნივთი იყიდეთ ინტერიერის მოსაწყობად.

– არა, სახლის ნივთებზე არ ვგიჟდები. სამზარეულო ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ამჯერად უფრო დიდი სივრცე მაქვს იქ და უფრო დიდი ხალისით ვამზადებ გემრიელობებს. კომშის მურაბას და ვაშლის ჯემს ყოველთვის ვაკეთებდი და ამ ტრადიციას არც ახლა ვუღალატე. კარგი გაზქურა მაქვს და დავიწყე შეწვა ბოსტნეულის – ბადრიჯნის, ყაბაყის და ასე შემდეგ.

სახლის ინტერიერისთვის რაღაცები დასამატებელი მაქვს, მაგალითად, საძინებელში არ მაქვს კომოდი და ტუმბოები. ცოტა არ იყოს, ვწუწკობ და შეიძლება ვირთხის წელიწადში კიდევ უფრო მეტად ვიწუწკო, სახლის ნივთების ყიდვის ნაცვლად, ჩემი საყვარელი გარდერობი კიდევ უფრო გავამდიდრო.

– ანუ ფული სხვა რამისთვის შეიძლება დაგენანოთ, მაგრამ ახალი ტანსაცმლისთვის – არა?

– არა, რადგან ვალდებული ვარ, ჩემი გადაცემის გამო კვირაში ერთხელ ახალი ტანსაცმელი მეცვას. გადაცემა მაიძულებს, მაგრამ ეს იძულება მომწონს.

– როგორია თქვენი გეგმები 2020-ში?

– უფრო მეტი სულიერი სიმშვიდე მინდა და არამხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ჩემი ქვეყნისთვის. ბევრი მუშაობა არ მინდა, ამიტომ, როცა ახალ საქმეს მთავაზობენ, უარს ვამბობ. მიყვარს, როცა საკუთარი თავისთვის მეტი დრო მაქვს. მინდა, ჩემს სასტუმროს უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდეს და უფრო მეტი ვიმოგზაურო. ქვეყნები მაქვს ჩამოწერილი, სადაც მოგზაურობა მინდა – იაპონია, ავსტრალია. აფრიკის კონტინენტზეც არ დამიდგამს ფეხი, ის კი არა, ლონდონშიც არ ვყოფილვარ.

– ოცნების, სურვილების წარმატებით ასრულების რაიმე მეთოდები გაქვთ?

– ოცნებების ასრულებას ყველაზე მაგრად ვიზუალიზაცია ახდენს. როცა რაღაც ძალიან გინდა და ეს რაღაც არის ნორმის ფარგლებში, აუცილებლად უნდა წარმოიდგინო და ამას მიაღწევ. არავის ვურჩევ იმის ვიზუალიზაციას, რომ ვიღაც კაცი წამოვიდეს თავისი ცოლისგან და მასთან მივიდეს. ასეთი სისულელეები არასდროს წარმოიდგინოთ!

– ყველაზე დიდი სასწაული რა მომხდარა თქვენს ცხოვრებაში?

– სასწაული სწორედ ვიზუალიზაციით მოვახდინე. 1976 წელს ჩვენს ოჯახში ყაჩაღები შემოვიდნენ. ეზოდან რომ ავედი სახლში, მთელი სახლი ყირაზე იდგა, დედა და ბებია ნიღბიანებს ჰყავდათ შეპყრობილი. მეც მათ ტყვეობაში მოვხვდი. ეს დღის 12 საათისთვის ხდებოდა, როდესაც მამა არასდროს იყო სახლში. წარმოვიდგინე, რომ მამა დაბრუნდა და მოხდა სასწაული – ამ დროს ცხოვრებაში პირველად მამა მართლაც შემოვიდა. მთელი ბრძოლები გაიმართა ჩვენს სახლში. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

ასევე – დიდი ოცნება მქონდა, მიხეილ ჩეხოვის სამსახიობო მეთოდი პირველწყაროდან მესწავლა და ეს ოცნებაც ვიზუალიზაციით ავიხდინე.

იყო ჩემს ცხოვრებაში სასწაულის ახდენის მოლოდინიც, მაგრამ არ მომხდარა. ცხოვრებაში ბევრი წაგებაც მქონია, მაგრამ თითოეული მარცხი ჩემი მომავალი წარმატების სტიმული გამხდარა.

დღეს ვარ საკუთარ თავში დარწუნებული ქალი, რასაც ახალგაზრდულ წლებზე ვერ ვიტყვი. ამის დასტურია ჩემი გადაცემის მაღალი რეიტინგი. ჩემგან ხალხი პოზიტივს იღებს. ეს არის ჩეხოვის მეთოდის დამსახურება და იმის, რომ საკუთარ თავზე მუშაობას არასდროს ვწყვეტ.