ბახვა ბრეგვაძე: “ვეცდები, კარგი მამა და ქმარი ვიყო”

ბახვა ბრეგვაძე: "ვეცდები, კარგი მამა და ქმარი ვიყო"ლელა დევდარიანი, სარკე

მარკეტინგის და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ბახვა ბრეგვაძე 5 წლის წინ ეპიზოდური როლით გამოჩნდა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” და მას შემდეგ ეკრანიდან აღარ წასულა. “ჩცდ”-ში მისი პერსონაჟის ხაზიც გრძელდება და სხვადასხვა ტელეპროექტებშიც მონაწილეობს.

ამჟამად ტელეკომპანია “იმედში” გადაცემა “შაბათ-კვირის დილა” მიჰყავს სამ თანაწამყვანთან ერთად, ასევე უძღვება გასართობ მუსიკალურ შოუ “მელომანიას”. კამერებთან მუშაობას ისე მიეჩვია, რომ გადასაღები მოედნის გარეშე ვერ წარმოუდგენია და მისი საქმიანი გეგმებიც ტელევიზიასა და კინოს უკავშირდება.

– ბახვა, ტელეეკრანთან თქვენი “ურთიერთობა” ერთი როლით დაიწყო და დღეს უკვე ტელეპროექტებით გრძელდება. მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდით ამ ჯადოსნურ “ყუთში”.

– ტელევიზიასთან ჩემი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებით” დაიწყო. როგორც ტელეწამყვანი კი, პირველად მუსიკალურ პროექტ “იქს ფაქტორში” გამოვჩნდი. შემოთავაზება მანამდეც არაერთხელ მქონდა, მაგრამ არასდროს მდომებია. ვფიქრობდი, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთანმხდებოდი, გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე (ტელეპროდიუსერები, ავტ.) თუ შემომთავაზებდნენ თანამშრომლობას. ჰოდა, ასეც მოხდა. დამიძახეს და მეც მივედი.

“იქს ფაქტორს” მოჰყვა მათივე გაკეთებული “ჩვენ ვარსკვლავები ვართ” (ახლა ამ პროექტს “საქართველოს ვარსკვლავი” ჰქვია). ძალიან სწრაფად იმდენი რამ ვისწავლე მათგან და მათი სუპერ გუნდისგან, რომ შემდგომში ტელეწამყვანობა ჩემი პროფესია გახდა.

– როგორ გრძნობთ თავს ამ ამპლუაში?

– გადასარევად. უკვე 1 წელზე მეტია, რაც შაბათ-კვირას დილიდან ჩემს შესანიშნავ გუნდთან, ჩემს მეგობრებთან ერთად თქვენთვის ვმუშაობ. სრულიად მოურიდებლად, მაგრამ მაინც სუბიექტურად უნდა გითხრათ, რომ ამ ჟანრის გადაცემებში საუკეთესოს ვქმნით. ამას მოწმობენ ის სტუმრები, რომლებიც ჩვენთან სისტემატურად დადიან, ის თემები, რომლებიც ექსკლუზიურად ჩვენს გადაცემაში შუქდება და ის ციფრები, რომლებიც რეიტინგების სახით მოდის. ეს ყველაფერი სტიმულს გვაძლევს, რომ ჩვენი მაყურებლისთვის უფრო მეტი და მეტი გავაკეთოთ.

რაც შეეხება, “მელომანის”, ის მხოლოდ ერთი სეზონია არსებობს და ტელეკომპანია “იმედის” ეთერში პრაიმ ტაიმში, ყველაზე რთულ და კონკურენტულ დღეს და დროს გადის. ამიტომ მისი წარმატება და ჩემპიონობა განსაკუთრებულად მაბედნიერებს და მახარებს. შედეგებით გაოცებულები ვართ.

“მელომანის” სუპერ პროფესიონალი გუნდი იმხელა სიყვარულით, ენერგიითა და ენთუზიაზმით მუშაობს, რომ სხვანაირად არც შეიძლება. მე უბრალოდ მიმართლებს, რომ ყოველთვის ყველაზე რეიტინგული გადაცემების ნაწილი ვარ. მხოლოდ პროფესიონალებს ვანდობ საკუთარ თავს და იმ სატელევიზიო პროექტს, რომელზეც ვმუშაობ.

– “ჩცდ”-ს შემდეგ თეატრალურ უნივერსიტეტში – არა, მაგრამ საფრანგეთში კინოკურსებზე ისწავლეთ, დიდი გეგმებიც გქონდათ ამ სფეროში. ამჟამად რა ხდება თქვენს კინოკარიერაში?

– ამ მიმართულებითაც საინტერესო ეტაპზე ვარ. 2020 წელს გამოვა ერთი ან ორი მხატვრული ფილმი, რომლებშიც ვმონაწილეობ. ჩემი საყვარელი სერიალის “ჩემი ცოლის დაქალების” გადაღებებიც აქტიურ ფაზაშია. დღესასწაულებზეც არ ვისვენებთ და გპირდებით, რომ წინ ძალიან საინტერესო ეპიზოდები გელით.

– ტელეწამყვანისთვის ვიზუალურ მხარეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საინტერესოა, თქვენ როგორ ზრუნავთ ტელეიმიჯზე.

– როცა ეკრანზე ჩანხარ, საკუთარ თავზე ცოტა მეტად უნდა იზრუნო, მაგრამ განსაკუთრებულს მაინც არაფერს ვაკეთებ. უბრალოდ ვცდილობ, სწორად ჩავიცვა, თმა და წვერი მოწესრიგებული მქონდეს და წონა ვაკონტროლო, რომ ძალიან არ გავსუქდე. ეს არის და ეს.

– ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვებით?

– ჯერ ბოლომდე არ გამომდის, მაგრამ ვცდილობ. რაც მთავარია, ვარჯიში შევიყვარე. იმდენად მივეჩვიე, რომ ერთი სული მაქვს ხოლმე, დარბაზში როდის მივალ. პირად ინსტრუქტორ რომას ძალიან ვაწვალებ, მაგრამ ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სწორად ვივარჯიშო და სწრაფი შედეგიც მივიღო.

– ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამდენი გოგო იტრიალებს თქვენ ირგვლივ. პირადში ხომ არ გაქვთ სასიამოვნო სიახლე?

– ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა. რამე გრანდიოზული სიახლე თუ მოხდება, აუცილებლად გაიგებთ. ვერ დავმალავ და არ გამოგაპარებთ.

– როგორი უნდა იყოს გოგონა, რომ შეგიყვარდეთ?

– საინტერესო, შარმიანი და მომხიბვლელი უნდა იყოს.

– არ ფიქრობთ დაოჯახებაზე?

– ბოლო დროს ფიქრის დრო საერთოდ არ მაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ამის შესახებ მიფიქრია.

– ალბათ ისიც გექნებათ წარმოდგენილი, როგორი ქმარი და მამა იქნებით.

– ამას წინასწარ ვერ ვიტყვი, ვნახოთ, რა იქნება. ვეცდები, კარგი მამა და კარგი ქმარი ვიყო. რა გამოვა, კაცმა არ იცის. ჩემი შვილის აღზრდაში რომ თავიდან ბოლომდე ჩართული ვიქნები, ეს ზუსტად ვიცი.

– რა თვისებებით გამოირჩევით, რას გამოყოფთ თქვენი ხასიათიდან?

– ანუ როგორია ბახვა ბრეგვაძე? ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ახალგაზრდა კაცი, რომელიც ამ დროშიც კი გამოუსწორებელი ოპტიმისტია და ადამიანები ძალიან უყვარს.