ზურა ხაჩიძე: “ნეტა, სიმსივნე ხათუნას კი არა, მე დამმართნოდა”

ზურა ხაჩიძე: "ნეტა, სიმსივნე ხათუნას კი არა, მე დამმართნოდა"ავთო ჩიტიძე, სარკე

მომღერალი და პოპულარული “ქუჩის ბიჭი”, ზურა ხაჩიძე, რამდენიმე თვის წინ თანამდებობაზე დაინიშნა. ის სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე გახდა და ამის გამო შოუბიზნესს ჩამოშორდა, თუმცა ახლა სცენაზე მაინც მოუწია დაბრუნება. საახალწლოდ საქართველოსა და გერმანიის ქალაქებში კონცერტები დანიშნა, რომ იქიდან შემოსული თანხა მძიმე სენთან საბრძოლველად მიმართოს – მის ცოლს, ხათუნა ჟორდანიას, აგვისტოში ექიმებმა ფილტვის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

საქმეში ისრაელის ექიმებიც ჩაერთვნენ და პროგნოზები დამაიმედებელია. ქიმიოთერაპიის მესამე კურსის დასრულების შემდეგ უფრო კონკრეტულად დაისახება გზები, თუ რა ვადებში და რა მეთოდებით მოხდება დაავადების დამარცხება.

რაც მთავარია, თავად ხათუნა და მთელი მისი ოჯახი პოზიტიურად არიან განწყობილი და დარწმუნებულები არიან, რომ გაიმარჯვებენ.

– ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრი სირთულე დამატყდა თავს. ვთვლი, რომ ყველა განსაცდელი ღმერთისგან არის გამოგზავნილი იმისთვის, რომ ადამიანი შეიცვალოს, გამოფხიზლდეს.

არ არსებობს ჩემთვის თემა, რომელსაც ვერ მოვერევი. რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, ის გამომიგზავნა ღმერთმა. 4 თვის წინ ყველაფერი ერთმანეთს მიჰყვა, მამა გარდაიცვალა, მეორე განსაცდელმა კი ყველაფერი გადამავიწყა.

მინდა, ყველა ქალს მივმართო, არც ერთი წამით არ დაეცეთ, ძლიერად უნდა დადგეთ. ეს სიძლიერე ალბათ დაგეხმარებათ ყველა განსაცდელის და რთული პერიოდის გავლაში. ხათუნასაც ამას ვეუბნები, რომ შემდეგ წელს ამაზე ერთად გავიცინებთ-მეთქი. სარკეში ჩაიხედეთ, გაიღიმეთ და თქვენს თავს უთხარით, რომ ძალიან ლამაზები ხართ და ყველაფერი შეგიძლიათ გადალახოთ, – თავისი ოჯახის რთულ პერიოდზე ისაუბრა ნინი ქარსელაძემ მაია სტეფნაძის გადაცემაში.

“სარკეს” ზურა ხაჩიძე ესაუბრება.

– ზურა, როგორ აღმოჩნდით ამ მძიმე ავადმყოფობის პირისპირ?

– ხათუნა თავისი ჯანმრთელობით ყოველთვის მაოცებდა. ამდენი წელია ერთად ვართ და არ მახსოვს, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონოდა. ექიმი და წამლები მისთვის უცხო იყო. ხუმრობით მაუგლიც კი შევარქვით. ზაფხულის პერიოდში ხათუნას ხველა გაუგრძელდა დაახლოებით ერთი თვე. ნინიმ (ქალიშვილი, მომღერალი ნინი ქარსელაძე, ავტ.) ხელი მოჰკიდა და ექიმთან წაიყვანა.

აქედან დაიწყო ყველაფერი. გვითხრეს, რომ სიმსივნეზე ჰქონდათ ეჭვი და მასალის დათესვა იყო საჭირო. დიაგნოზის გადასამოწმებლად ისრაელში წავედით და, სამწუხაროდ, დადასტურდა ის, რასაც ვარაუდობდნენ. მარჯვენა ფილტვზე სიმსივნური წანაზარდი აღმოჩნდა. ექიმები გვაიმედებენ და უფლის რწმენით მეც მჯერა, რომ ამ სიტუაციიდან გამოვძვრებით და ყველა განსაცდელი, რომელიც მოდის, იმისკენ არის მიმართული, რომ უფრო გავძლიერდეთ, დავფიქრდეთ საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე.

ეს არამარტო ხათუნასი, არამედ მთელი ოჯახის განსაცდელია. ღვთის წყალობით, ამასაც გადავიტანთ და ის კარგად იქნება.

– ხათუნამ როგორ მიიღო ეს დიაგნოზი?

– ის ძალიან ძლიერი ქალია. თავდაპირველად, სანამ ქიმიოთერაპია დაიწყებოდა, საჭირო იყო გარკვეული ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს მკურნალობის პროცესი გაიწელა და ცოტა ანერვიულდა, რადგან უნდოდა, ქიმიოთერაპია დროზე დაეწყო, რომ დაავადება დროულად დაემარცხებინა.

– თქვენ როგორ გაუმკლავდით პირველ ელდას, მალე მოიკრიბეთ ნებისყოფა და სულიერი ძალები თუ ემოციებმა გძლიათ?

– ემოციები კი არა, დაგვანგრია მთელი ოჯახი. ძალიან ძნელია, როდესაც შენი ცხოვრების მეორე ნახევარს და შენს ნაწილს ასეთი პრობლემები ექმნება. ნინიც ძალიან ძლიერი აღმოჩნდა, ბევრი რამ საკუთარ თავზე აიღო და ხათუნას ექიმებთან სიარული აიძულა. ხათუნას ხანდახან სჭირდება რაღაცების დაძალება. ისრაელში მეც დავყვები ხოლმე, ასევე აქტიურად არის ჩართული ხათუნას ძმა – მერაბ ჟორდანია.

– ქიმიოთერაპია რთული პროცესია, ბევრი გვერდითი მოვლენა ახლავს. ამას როგორ უმკლავდებით?

– მადლობა ღმერთს, არანაირი გართულება არ გვქონია – არც თმის ცვენა და არც სხვა გვერდითი მოვლენები, რადგან წინასწარ კარგად გამოიკვლიეს ყველაფერი და ზუსტად შეურჩიეს პრეპარატი, რომელიც გვერდითი მოვლენების ალბათობას მინიმუმამდე დაიყვანდა. მადლობა ყველას, ვინც ამ რთულ პერიოდში გვერდით დაგვიდგა.

სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ჩვენ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ბევრი გვეხმიანება და გვერდში დგომის სურვილს გამოხატავს, თუმცა ჩემი ფრაზების ინტერპრეტაცია ხდება და სოციალურ ქსელში ხშირად ჩემი სახელით არასწორად ვრცელდება განცხადებები, მაგალითად, თითქოს საზოგადოების დახმარებას ვითხოვ.

მახსოვს, როცა მე და ხათუნა დავქორწინდით, მეორედმოსვლასავით დაგვატყდა საზოგადოების ინტერესი. რას არ წერდნენ ჩვენზე, რომ მე სიყვარულით არ მომიყვანია ხათუნა, რომ ჩვენი ოჯახი ერთ წელსაც ვერ მიაღწევდა და დაიშლებოდა. მაშინ ვთქვი, არ არის საჭირო ჩვენზე ბევრი ლაპარაკი, უბრალოდ პირჯვარი გადაიწერეთ და თქვით, ბედნიერები იყავით-თქო. ახლაც იმავეს ვიმეორებ, ვინც წაიკითხავს ამ ინტერვიუს, გადაიწეროს პირჯვარი და უფალს შესთხოვოს, კარგად გახადოს მონა ღვთისა ნატალია – ეს ხათუნას საეკლესიო სახელია.

– ამ განსაცდელმა როგორ იმოქმედა თქვენსა და ხათუნას ურთიერთობაზე?

– კიდევ უფრო გაგვაერთიანა და შეგვკრა.

– აღმოაჩინეთ ხათუნაში ისეთი რამ, რაც აქამდე არ იცოდით?

– ისეთი არაფერი. ძლიერი რომ იყო, აქამდეც ვიცოდი, თუმცა მთლიანად ეს პროცესი მაინც ნერვების ბრძოლაა. ქიმიოთერაპია ძალიან მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ამიტომ ოჯახის წვერები ვცდილობთ, სრული კომფორტი შევუქმნათ, რომ არ ინერვიულოს.

– თქვენმა ქალიშვილმა, ანასტასიამ, როგორ მიიღო დედის ავადმყოფობა?

– ჩემდა გასაკვირად, ანასტასია ამ ამბავს ძალიან ძლიერად შეხვდა. როგორც ჩანს, სიძლიერით დედასაც ჰგავს და მამასაც.

– მკურნალობა არ არის იაფი. ამ მხრივ, პრობლემებს ხომ არ წააწყდით?

– არავის ვუსურვებ, ამ პრობლემას შეეხოს. ყველაფერი ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. რაც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დავინიშნე, სიმღერას თითქმის ჩამოვცილდი, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ჩემს ოჯახს მეტი ფინანსები და სახსრები სჭირდება. ვცდილობ, ბევრი ვიმუშავო და მუსიკალური კუთხითაც გავაქტიურდი, რომ რაც შეიძლება, ბევრი კონცერტი ჩავატარო.

მკურნალობის ეს კურსი ძალიან ძვირადღირებულია და მაქსიმალური უნდა გავაკეთო. 31 დეკემბერს გერმანიაში, ქალაქ დარმშტატში მაქვს კონცერტი, მანამდე ბათუმში, ხაშურსა და ახალციხეში ჩავატარებ.

– 16 წელია თქვენ და ხათუნა ერთად მოდიხართ. როგორია ეს პერიოდი ერთი თვალის გადავლებით?

– ხათუნა ჩემი მეორე ნახევარია, ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ. ის არის ქალი, რომელიც 16 წელია მიყვარს, 16 წელია მიფრთხილდება და 16 წელია ვუფრთხილდები. ნეტა, ეს ავადმყოფობა მას არ დამართნოდა და მე დამმართნოდა. ხათუნა არის ის ძალა ჩვენს ოჯახში, რომელზეც ოჯახის თითოეული წევრი დგას. არ მეთაკილება იმის თქმა, რომ მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ხათუნამ მასწავლა, რა არის სიყვარული და რას ჰქვია ოჯახი.

ხათუნა ხშირად დადის ტაძარში ამ დაავადების აღმოჩენის შემდეგაც. ხშირად ეზიარება და დარწმუნებული ვარ, ღვთის მადლით ამ რთული მდგომარეობიდან გამოვა. განსაცდელს დავძლევთ. ვიცი, რომ ყოველი განსაცდელის შემდეგ დიდი სიხარული მოდის.