ზურა გორგაძე: “ჩემი და შორენა ბეგაშვილის სიყვარული ფარსი იყო”

ზურა გორგაძე: "ჩემი და შორენა ბეგაშვილის სიყვარული ფარსი იყო"ავთო ჩიტიძე, სარკე

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის განახლებული დილის ეთერის “დილა მშვიდობისა, საქართველოს” ერთ-ერთი წამყვანი ზურა გორგაძეა, პროფესიით მსახიობი. ის ეკრანზე ახალი სახეა, მაგრამ სამაგიეროდ ინდური და თურქული სერიალების მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი ხმაა.

დილის გადაცემაში გამოჩენამდე მსახიობს ხანგრძლივი პაუზა ჰქონდა. ძალები ევროპაშიც მოსინჯა, მაგრამ მიხვდა, რომ იქ დასამკვიდრებლად დიდი დრო დასჭირდებოდა და საქართველოში დაუბრუნდა თავის საყვარელ საქმეს.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, რომ თითქოს დაქორწინებას აპირებდა “რუსთავი 2”-ის ცნობილ სახეზე, ეს პიარის ნაწილი აღმოჩნდა და სინამდვილეში ჯერ კიდევ სიყვარულის ძიებაშია.

– ზურა, როგორ მოერგეთ დილის გადაცემას?

– იმდენად დიდი პასუხისმგებლობა მაქვს დილის გადაცემის მიმართ, რომ საერთოდ ვეღარ ვგრძნობ იმ სტრესს, რასაც დილით გაღვიძება ჰქვია. როდესაც შემოთავაზება მივიღე, საკუთარ თავზე ძალიან ბევრი ვიმუშავე. ახალი სახე ვიყავი არხზე, რომელიც ახალი შემადგენლობით უნდა გასულიყო ეთერში. დამხვდა გუნდი, რომელმაც ყველანაირი სტრესი მომიხსნა. მიხარია, რომ ჩემს საყვარელ ტელეკომპანიაში ვარ და ვაკეთებ საქმეს, რომელიც მსიამოვნებს.

– როგორ იფხიზლებთ თავს დილაბნელზე?

– დილით ჩემი რიტუალები მაქვს. პირველ რიგში, სამზარეულოში გავრბივარ, ძალიან ძლიერ ყავას ვაკეთებ, რომ გული ამიჩქაროს და ჩემი მოძრაობებიც აჩქარდეს. ამის შემდეგ პროდუქტიული ვხდები. შემდეგ ცხელი შხაპი მაფხიზლებს და მერე უკვე თავის მოწესრიგებას ვიწყებ, რომ ტელეკომპანიაში ვიზაჟისტებს დიდი თავსატეხი არ გავუჩინო.

ყოველთვის ვცდილობ, ყველგან ადრე მივიდე, მაგრამ ისეთი დაბნეული ვარ, ყოველთვის ვიგვიანებ. ეთერშიც კი გულის ქოშინით შევვარდები ხოლმე. ვცდილობ, შევიცვალო ცხოვრების სტილი, მაგრამ არ გამომდის. ღამის 2 საათამდე ვერ ვიძინებ, ამიტომ ძირითადად 3 საათი მძინავს.

– ალბათ დილის ეთერის დასრულებისთანავე დუნდებით.

– რამდენიმე წუთი ნამდვილად ვითიშები, შემდეგ საკუთარ თავს გადავტვირთავ და მივდივარ მეორე სამსახურში, ამავე არხზე – გახმოვანების სტუდიაში. დილის გადაცემა რომ მთავრდება, იწყება ინდური სერიალი, რომელსაც ვახმოვანებ. შუადღის გადაცემის დასრულების შემდეგ თურქული სერიალი იწყება.

– არის რაიმე სხვაობა ინდური და თერქული სერიალების გახმოვანებას შორის?

– ინდური სერიალის პერსონაჟები უფრო მსუბუქი და აცანცარებული ტიპაჟები არიან, ლაპარაკის დროსაც კი ირხევიან. დიალოგებში იმხელა პაუზები აქვთ, რომ ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, დამძინებია. ამას წინათ გახმოვანების პროცესში ჩამეძინა.

– ეკრანზე დიდი ხნის პაუზა გამოგივიდათ. ბოლოს რამდენიმე წლის წინ პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები” იყავით. რატომ არ ჩანდით აქამდე?

– ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდი იყო. საერთოდ, მსახიობის ცხოვრება ხან არის აღმასვლა, ხან – დაღმასვლა. ორწელიწადნახევარი საზღვარგარეთ ვიყავი, ავსტრიაში. აქაურმა ცხოვრების რუტინამ გადამაწყვეტინა, რომ ევროპაში მომესინჯა ძალები. მინდოდა, სწავლა დამეწყო, დავიწყე საბუთების მოგროვება, მაგრამ მივხვდი, რომ ამ ყველაფერში ძალიან დიდი დრო დაიხარჯებოდა. თუ გინდა, რომ იქაური ქუდი დაიხურო და ევროპაში წარმატებას მიაღწიო, ამას ერთი დიდი ცხოვრება სჭირდება. წლები რომ გადავთვალე, მივხვდი, ბევრ წელს დავკარგავდი.

– ავსტრიაში მუშაობდით?

– კი. იყო პერიოდები, როდესაც ღვინის მაღაზიაში სეილსმენად ვმუშაობდი, მაგრამ შეზღუდვები მაინც არსებობდა, რადგან მუშაობის ნებართვა არ მქონდა.

– ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობდით, რომ გყავდათ საცოლე, რომელიც “რუსთავი 2”-ში მუშაობდა და მალე დაქორწინებასაც აპირებდით. მას შემდეგ 3 წელი გავიდა. ახლაც ამ ტელეკომპანიაში მუშაობს ის ადამიანი?

– დღემდე მუშაობს ის ადამიანი “რუსთავი 2”-ში, მაგრამ ის ისტორია, რაც ახლა გამახსენეთ, პიარის ნაწილი იყო. ამ არხზე შორენა ბეგაშვილს მიჰყავდა გადაცემა “ჭირვეულის მორჯულება”. ეს ინტერვიუც იმ პერიოდს დაემთხვა და მაშინ გადაცემის გასაპიარებლად ვთქვი, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო ადამიანი, რომელზეც დავქორწინდებოდი. საბოლოოდ ტყუილი ტყუილად არ დარჩენილა და ყველაფერი გამოაშკარავდა. შორენა არაჩვეულებრივი გოგოა, ძალიანაც ვგიჟდები, მაგრამ ჩვენი სიყვარულის ამბავი იყო ფარსი.

– პიარი იქით იყოს და რა ხდება თქვენს პირად გრძნობებში?

– ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არის სასიყვარულო ეტაპები, მაგრამ ისეთი არასოდეს ყოფილა, რომელიც სერიოზულ გადაწყვეტილებამდე მიმიყვანდა. ისეთი რიტმი მაქვს, რომ სერიოზული ურთიერთობებისთვის დრო არ მრჩება. ოჯახის წევრებსაც კი მხოლოდ მნიშვნელოვან დღესასწაულებზე თუ ვხედავ. მშობლები ზესტაფონში ცხოვრობენ და წელიწადში რამდენჯერმე ვახერხებ ჩასვლას.

რა თქმა უნდა, ისიც ვიცი, როცა ნამდვილი სიყვარულია, ბევრი გეგმა გეცვლება, მაგრამ ალბათ ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა ისეთი სიყვარული, რომელიც მარტოობას დამათმობინებდა. ვერ ვიტან, როდესაც პირად ურთიერთობებზე ამბობენ, მსუბუქი და ზედაპირული იყოო. ჩემს ცხოვრებაში ყველა ურთიერთობა იყო სერიოზული და დასაფასებელი.

– იყო პერიოდი, როდესაც საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართეთ. საქმე ეხებოდა თქვენს ძმისშვილს, რომელსაც ცერებრალური დამბლის გამო ფეხზე გავლა არ შეეძლო. როგორი შედეგები გამოიღო მკურნალობამ?

– 2 წლის წინ საზოგადოების დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. სამკურნალოდ საჭირო თანხების მოსაძიებლად საქველმოქმედო კონცერტი გავაკეთე და მთელი შოუბიზნესი გვერდში დამიდგა, 80 მსახიობი და მომღერალი გაერთიანდა. ეს აქცია ძალიან დაგვეხმარა, რომ მკურნალობა სწორად წარმართულიყო. გაბრიელმა თურქეთში გაიარა მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო კურსები. შემდეგ ისევ იყო პრობლემები. ეს არის მუდმივი პროცესი და იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ შევძლებთ, გაბრიელმა სრულფასოვნად გაიაროს.