ვესთლაიფი, ოაზისი, თეიქ ზეთი – ბრიტანული მუსიკის კოლორიტები – ვიდეო

ვესთლაიფი, ოაზისი, თეიქ ზეთი - ბრიტანული მუსიკის კოლორიტები - ვიდეოკოტიკო გოგინაშვილი

ირლანდიური გემოვნება

ირლანდია ითვლება ძალიან კოლორიტულ და თავისებურ ქვეყნად. ირლანდიელების მთავარი გართობა არის სპორტი. განსაკუთრებით აფასებენ ირლანდიის რაგბის ეროვნულ ნაკრებს,  ირლანდიელები გამოირჩევიან თავიანთი სიყვარულით ალკოჰოლის მიმართ, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, ირლანდიას შეუძლია იამაყოს თავისი მუსიკალური ისტორიით.

90-იან წლებში ბევრმა ირლანდიურმა ჯგუფმა შეძლო თავის გამოჩენა მუსიკალურ სამყაროში, ერთ-ერთი ასეთი ბენდი იყო ბოიზონი (boyzone). ბიჭების ირლანდიური ზონა ჩამოყალიბდა 1993 წელს. ჯგუფის წევრები არიან რონან კიტინგი, სტივენ გეთლი, შეინ ლინსი, ქით დაფი და მაიკ გრეჰემი.

ბოიზონის სიმღერებიდან გამოსარჩევია რამდენიმე სიმღერა. 1) love me for a reason  2) no matter what.

ირლანდიურმა ბოიბენდმა 90-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში დიდ წარმატებას მიაღწია, ამ პერიოდში ჯგუფმა 25 მილიონი ალბომი გაყიდა.

70-იან წლებში ჩამოყალიბდა კიდევ ერთი საინტერესო მუსიკალური ჯგუფი -u2. ბოიზონისგან განსხვავებით, u2 არ იყო საცეკვაო პოპის მიმდევარი, 70-იანელების ჟანრი იყო როკი. ჯგუფის წევრები არიან ბონო, ადამ კლეიტონი და ლარი მალენი. ჰიტებიდან გამოსარჩევია beautiful day.

შემდეგი ჯგუფი არამარტო ბრიტანეთის ნათელი წერტილია, არამედ მთელი მუსიკალური ევროპის – ეს არის ვესთლაიფი (westlife).  ჯგუფის წევრები არიან ბრაიან მაკფადენი, შეინ ფილანი, მარკუს ფიჰილი, ნიკი ბირნი და კიან ეგანი.

ვესთლაიფი დაარსდა 1998 წელს. მის სიმღერებს 200 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, ასევე იუთუბის ერთ-ერთ ვიდეოში, სადაც საუბარი იყო 10 საუკეთესო ბოიბენდზე, ვესთლაიფი გავიდა მე-8 ადგილზე. ბოიზონის მსგავსად, ვესთლაიფიც ასრულებს პოპს. 2012 წელს ერთ-ერთ მუსიკალურ გადაცემაში ვესთლაიფმა ბოიზონთან დუეტში შეასრულა სიმღერა  no matter what.

ვიდეოს 8 მილიონი ნახვა აქვს.

ვესთლაიფის სიმღერებიდან გამოსარჩევია ორი ჰიტი – my love და uptown girl.

90-იან წლებში ირლანდიური პოპმუსიკის ოსტატები არაერთი მუსიკალური გადაცემისა და კონკურსის სტუმრები იყვნენ. ისინი ყოველ კვირას ასრულებდნენ საკუთარ ჰიტებს გადაცემაში top of the pops. 2000-იანების დასაწყისში ვესთლაიფმა მიიღო მონაწილეობა მუსიკალურ კონკურსში smash hits poll winners party. ბოიბენდის კონცერტებს დიდ ყურადღებას აქცევდა მედია. ირლანდიაში ვესთლაიფის კონცერტებზე ანშლაგები იყო.

2012 წლის 23 ივნისს დუბლინში ვესთლაიფის კონცერტი მსოფლიო მასშტაბით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

მუსიკალური მანჩესტერი

მანჩესტერის გაგონებაზე ბევრ ადამიანს ახსენდება ამ ქალაქის საამაყო საფეხბურთო ისტორია, რომლის მთავარი გმირები არიან მანჩესტერ იუნაიტედი და მანჩესტერ სიტი. უმეტესობას ავიწყდება, რომ მანჩესტერში დაარსდა რამდენიმე ძალიან საინტერესო და სახელოვანი მუსიკალური ჯგუფი.

1990 წელს შეიქმნა ჯგუფი თეიქ ზეთ (take that.) მისი წევრები არიან გერი ბარლოუ, ჰოვარდ დონალდი, მარკ ოუენი და რობი უილიამსი. ჯგუფის ყველაზე ცნობილი სიმღერებიდან გამოსარჩევია back for good. ეს ჰიტი დიდი ხანი იყო ამ ჯგუფის მთავარი სავიზიტო ბარათი, ასევე გამოსარჩევია patience.

2005 წელს გამოვიდა დოკუმენტური ფილმი ამ ჯგუფის შესახებ. ფილმის სახელია take that. for the record.

2010 წელს რობი დაუბრუნდა ჯგუფს.

თეიქ ზეთის ჟანრი, ვესთლაიფის და ბოიზონის მსგავსად, არის პოპი. ჯამში მანჩესტერულმა ჯგუფმა გაყიდა 40 მილიონი დისკი.

მანჩესტერის კიდევ ერთი მუსიკალური მარგალიტი არის ოაზისი. ჯგუფის წევრები არიან  ლიამ გალაჰერი, პოლ ართურსი, პოლ მაკ-გიგენი, ტონი მაკ-კეროლი და ნოელ გალაჰერი.

გამოსარჩევია სიმღერა wonderwall. ამ ჰიტს საფეხბურთო მნიშვნელობაც აქვს. მანჩესტერ სიტის საშინაო არენაზე, ეტიჰადზე, ყოველი თამაშის დასრულების შემდეგ რთავენ ამ სიმღერას, ასევე, ლიამ გალაჰერი არის მანჩესტერ სიტის გულშემატკივარი. Wonderwall ძალიან პოპულარულია მთელ ინგლისში, იუთუბზე ამ ჰიტს 345 მილიონი ნახვა აქვს.

1996 წელს ერთ-ერთ სამოყვარულო საფეხბურთო ტურნირზე მონაწილეობას იღებდნენ რობი უილიამსი და ლიამ გალაჰერი.

ბევრი სხვა მუსიკალური ბენდი თავის კონცერტებზე ასრულებს თეიქ ზეთის და ოაზისის სიმღერებს. 2011 წელს ამერიკულმა ჯგუფმა ბოის ავენიუმ ბელფასთში იმღერა back for good და wonderwall.

ბევრი კამათი შეიძლება იმის შესახებ, თუ რომელი მუსიკალური ჟანრი დომინირებს მანჩესტერშ ი- პოპის მიმდევარი თეიქ ზეთი თუ როკის შემსრულებელი ოაზისი. ვფიქრობ, რომ მუსიკის ნამდვილი მსმენელი ორივე ჯგუფის სტილს და შემოქმედებას უნდა აფასებდეს, რადგან მუსიკის ნებისმიერ ჟანრს აქვს თავისი ეშხი, რითაც იგი არსებობს და იმსახურებს პატივისცემას.

 

80-იანი წლების ნათელი ჰიტები

ახლა დროა, შევეხოთ იმ მომღერლებს, რომელთა მოღვაწეობამ 80-იან წლებში გაალამაზა ბრიტანული მუსიკა.

ერთ-ერთი ასეთი შემსრულებელი არის რიკ ასტლი. მისი ყველაზე ცნობილი სიმღერა გამოვიდა 1987 წელს, მისი სახელია never gonna give you up.

გამოსარჩევია სტინგის შემოქმედება. ნიუკასლელმა მომღერალმა თავისი ჰიტებით სახელი გაითქვა მთელ მსოფლიოში. თავიდან სტინგს არ სურდა, სოლო კარიერით გამხდარიყო მსოფლიო დონის ვარსკვლავი, იგი იყო ჯგუფ the police-ის ვოკალისტი. მის ჰიტებში გაერთიანებულია  პოპი, როკი, ჯაზი დ.ა.შ. სტინგის სიმღერებიდან გამოვარჩევდი რამდენიმე სინგლს – shape of my heart, Englishman in new York, rise and fall.  ასეთი მუსიკალური ნიჭის მქონე ადამიანი ინგლისის მთავრობისგან დაუფასებელი არ უნდა ყოფილიყო, ამიტომაც 2003 წელს დედოფალმა ელისაბედმა სტინგი ბუკინგემის სასახლეში ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვა.

80-იანი წლების ჯგუფებიდან უნდა ვისაუბროთ ფეთ შოფ ბოისზე (pet shop boys). ჯგუფი დაარსდა 1981 წელს, ლონდონში. დიდ ყურადღებას იმსახურებს ჯგუფის დუეტი – ნილ ტენანტი და კრის ლოუ. ფეთ შოფ ბოისის წევრები საკმაოდ სპეციფიკური ჟანრის მიმდევრები არიან, ისინი ასრულებენ სინთპოპს, რომელშიც ინსტრუმენტებიდან მთავარ როლს ასრულებს სინთეზატორი.

ამ ჯგუფმა გაყიდა 50  მილიონზე მეტი ალბომი. ყველაზე გამორჩეული სიმღერებია it”s a sin, go west, west end girls, new york city boy, always on my mind. მას ისეთ ცნობილ მომღერლებთან ერთად ჩაუტარებია კონცერტი, როგორიც არის ლედი გაგა.

2019 წელს ინგლისის ერთ-ერთ ქალაქში ფეთ შოფ ბოისმა შეასრულა სიმღერა always on my mind ამერიკულ ჯგუფთან ერთად, რომლის სახელია the killers.

1980 წელს ბასილდონში ჩამოყალიბდა კიდევ ერთი კოლორიტული ინგლისური ჯგუფი, მისი სახელია დეფეჩ მოუდ (Depeche mode). ფეთ შოფ ბოისის მსგავსად, ამ ჯგუფის ჟანრი არის სინთპოპი. ჯგუფის წევრები არიან დეივ გეენი, მარტინ გორი და ენდრიუ ფლეტჩერი.  ყველაზე სახელოვანი ჰიტი არის enjoy the silence. ასევე პოპულარულია სიმღერა სახელად personal jesus.

დეფეჩ მოუდმა, ინგლისელი მსმენელის გარდა, ევროპელი კრიტიკოსების გულის მოგებაც მარტივად შეძლო. მის კონცერტს ბერლინში, სადაც ჯგუფი ასრულებს სიმღერას enjoy the silence, იუთუბზე 79 მილიონი ნახვა აქვს. კონცერტის დროს მისამღერზე დეივ გეენი შეჩერდა და სიმღერა გააგრძელეს მაყურებლებმა, აქედან ჩანს, თუ რამდენად პოპულარული იყო ეს ჯგუფი თავის დროზე.

2009 წელს ბარსელონაში ჩატარებულ კონცერტს, სადაც დიფეჩ მოუდი მღერის personal jesus,  6 მილიონი ნახვა აქვს.

 

ყველაფერი კვდება, კლასიკის გარდა

ჩვენ შეგვიძლია გაუთავებლად ვისაუბროთ ბრიტანელ ჯგუფებსა და მომღერლებზე, მათ მიღწევებსა და იმედგაცრუებებზე, რომელი ჟანრი არის უკეთესი დ.ა.შ. მაგრამ მიუტევებელი შეცდომაა, არ მივაქციოთ ყურადღება 70-იანი წლების ბრიტანული მუსიკალური ეპოქის კლასიკას.

პინკ ფლოიდი არის ყველა ზემოთხსენებული ჯგუფებისა და მომღერლების მამოძრავებელი ძალა, მოტივაცია, მუსიკალური სფეროს არჩევის სურვილი დ.ა.შ.

როდესაც 40 წლის წინანდელი სიმღერები დღესაც არის პოპულარული, ეს მიუთითებს ამ ჰიტების უკვდავებაზე. პინკ ფლოიდის თითქმის ყველა სიმღერა ესთეტიკური მუსიკის მოყვარულის გულში ყოველთვის იცოცხლებს. ჯგუფის წევრები იყვნენ როჯერ უოტერსი, ნიკ მეისონი, რიჩარდ რაიტი, დეივიდ გილმორი და სიდ ბარეტი. გამორჩეული სიმღერები-another brick in the wall, wish you were here, comfortably numb.

ჯგუფის ჟანრი წინა ბენდებისგან რადიკალურად განსხვავდება – ეს არის პროგრესული როკი.

 

მხოლოდ ბრიტანეთისთვის ცნობილი ჯგუფები

ბუნებრივია, ყველა მუსიკალური ბენდი  ვერ იქნება ვესთლაიფის, ოაზისის, პინკ ფლოიდის დონის, მაგრამ მაინც არის შესაძლებელი, დატოვო კვალი მუსიკალურ საზოგადოებაში.

90-იან წლებში იყო რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც მხოლოდ კუნძულზე იყვნენ პოპულარულები. ერთ-ერთი ასეთი ბოიბენდის სახელი არის ფაივი (five). ჯგუფი შეიქმნა 1997 წელს. წევრები არიან შონ კონლონი, რიჩ ნევილი და სკოტ რობინსონი. ყველაზე გამორჩეული სიმღერებია everybody get up, keep on movin, we will rock you (ქვინის ვერსია), when lights go out.

შემდეგი ჯგუფი არის ბრიტანულ-ნორვეგიული ნაზავი – A1. ჯგუფი ჩამოყალიბდა 1998 წელს, გამორჩეული ჰიტი არის- take on me.  ეს სიმღერა პირველად შეასრულა ნორვეგიულმა პოპჯგუფმა, რომლის სახელია a-ha.

ეს ჯგუფები დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ინგლისში. 2013-2014 წლებში მათ მონაწილეობა მიიღეს საკმაოდ საინტერესო ბრიტანულ მუსიკალურ პროექტში the big reunion. ამ გადაცემაში იღებდნენ მონაწილეობას ჯგუფები, რომლებიც ხმაურობდნენ 90-იან წლებში. ასევე ეს იყო რეალითი შოუ, რადგან ჯგუფის წევრები საუბრობდნენ თავის პირად ცხოვრებაზეც.

ვფიქრობ, რომ ბრიტანული მუსიკა ყოველთვის იქნება პოპულარული მთელ მსოფლიოში, რადგან ბრიტანელებს აქვთ მუსიკალური ტრადიციები.