თამთა ხუხუნაიშვილი: “შეყვარებულს ჩემი კარგად ესმის – ყველაზე გულწრფელი ვარ, როცა ვმღერი”

თამთა ხუხუნაიშვილი: "შეყვარებულს ჩემი კარგად ესმის - ყველაზე გულწრფელი ვარ, როცა ვმღერი"ირმა ჭკუასელი, სარკე

თამთა ხუხუნაიშვილის მიერ პროექტ “მხოლოდ ქართულში” ახლებურად შესრულებულ “ლამპიონებს” სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი აზიარებს. 21 წლის ბათუმელმა გოგონამ თავის გარშემო ბევრი ქომაგის შემოკრება შეძლო და ახლა მათთან ერთად იბრძვის გამარჯვებისთვის.

თამთასთვის საკონკურსო ციებ-ცხელება ახალი არ არის. ადრე ის მაყურებელმა მუსიკალურ პროექტ “იქს ფაქტორში” იხილა. რამდენიმე ტური წარმატებით გადალახა, მაგრამ საბოლოოდ კონკურსს გამოეთიშა. ახლა კი იმედი აქვს, რომ 2020 წელი მას დიდ წარმატებას მოუტანს.

– თამთა, როგორც ვიცი, ჟურნალისტის პროფესიას ეუფლებით.

– დიახ. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ, მე-3 კურსზე ვარ.

– თქვენი ოჯახიც ბათუმში ცხოვრობს?

– დიახ. ბათუმში ვცხოვრობთ – მე, დედა, მამა, ძმა, რძალი, ჩემი ძმისშვილი და ბებო. საკმაოდ დიდი ოჯახი გვაქვს.

– რატომ გადაწყვიტეთ, რომ “მხოლოდ ქართულში” გეცადათ ბედი?

– პროექტი ცნობილი ხდება იმით, თუ ვინ იმარჯვებს, რამდენად კარგი იყო მისი გამოსვლები და ა.შ. პირველი სეზონი სოფო ბათილაშვილის გამო დამამახსოვრდა. მან მოიგო, ვისაც გამარჯვება ნამდვილად ეკუთვნოდა. ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, რომ მეც გამოვსულიყავი. მუსიკალური განათლების თვალსაზრისით, “მხოლოდ ქართული” სხვა პროექტებისგან განსხვავდება – უკეთესია.

– როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის ეს კონკურსი თქვენს ცხოვრებაში?

– ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცი, წინ რა იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები. იმის თქმა კი შემიძლია, რომ, როგორც მომღერალი, ძალიან გავიზრდები და ჩემში ბევრ რაღაცას შეცვლის. სწორედ ამისთვის არსებობს პროექტები, რომ ადამიანმა თავისი გზა გაიკვალოს. ვფიქრობ, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, ამ ეტაპებს როგორ წავიყვან.

– ხომ შეიძლება, კარგად იმღეროთ, მაგრამ გულშემატკივარი არ აღმოჩნდეს ისეთი ძლიერი, რომ საკონკურსო ცხოვრება გააგრძელოთ. ალბათ ამისთვისაც მზად ხართ.

– რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ ასე მოხდეს, თუმცა, როცა მაყურებლამდე და შენს გულშემატკივრამდე სწორად მიგაქვს ის, რაც უნდა მიიტანო, მერე ათმაგად გიდგანან გვერდით. მით უმეტეს, ბათუმმა საოცარი გულშემატკივრობა იცის. იმედი მაქვს, ბათუმელები უფრო მეტად გააქტიურდებიან და მეც უფრო და უფრო კარგად ვიმღერებ. მათი იმედიც მაქვს და საკუთარი თავისაც, რომ წარმატებას მივაღწევ.

– რას ნიშნავს მუსიკა თქვენთვის?

– მუსიკა ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა. კარგად ხარ თუ ცუდად, გაქვს საშუალება, გარეთ გამოიტანო და ეს არის ყველაზე მაგარი შეგრძნება. ყველაზე გულწრფელი ხარ, როცა მღერი.

– იყო თქვენს ცხოვრებაში ისეთი დღე, რომელმაც თქვენში გარდატეხა მოახდინა, შინაგანად შეგცვალათ?

– დღე – არა, დღეები. ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის ჩნდება სირთულეები და ასეთი რაღაცები ჩემს შემთხვევაშიც ყოფილა, უბრალოდ ცოტა გამძაფრებულად. ამ დროს გადაფასება ხდება და ისეთ პიროვნებად ყალიბდები, როგორიც გინდა, რომ იყო. ცუდი თუ არ მოხდა ცხოვრებაში, რაღაცებს ვერ ისწავლი.

დადებითი გარდატეხა კი 2 წლის მოხდა, როცა ძმისშვილი შემეძინა.

– პატარა ძმისშვილი გყოლიათ. როგორი მამიდა ხართ?

– ისეთი, როგორიც მინდოდა, რომ ვყოფილიყავი. პროექტის გამო მის ნახვას ვერ ვახერხებ, მაგრამ ამას გამოვასწორებ.

– თქვენ ასევე მონაწილეობდით პროექტში “იქს ფაქტორი”, სადაც გოგოების გუნდში ია ტომაშთან ერთად იყავით. როგორ გახსენდებათ ეს კონკურსი?

– ჩემთვის იმ ეტაპზე “იქს ფაქტორი” გამოწვევა იყო. ყველაზე მეტად რაც მენატრებოდა, მისი გახსენების საშუალება მომცა – მუსიკასთან დამაბრუნა.

– მუსიკალური პაუზა პირადის გამო ხომ არ გქონდათ აღებული?

– არა, უბრალოდ აღარ ვმღეროდი.

– “იქს ფაქტორში” გასულ სიუჟეტში თქვით, რომ შეყვარებულს არ მოსწონდა, როცა მღეროდით და ამის გამო დაშორდით. მერე არ შეურიგდით მას?

– პირველი გამოსვლის შემდეგ, როცა ეს სიუჟეტი გავიდა, ჩვენ შევრიგდით, მაგრამ “იქს ფაქტორი” დასრულებული არ იყო, რომ მაინც დავშორდით.

– ამბობენ, რომ ზოგ მამაკაცს არ მოსწონს, როცა ქალი ნიჭიერი და აქტიურია. როგორ ფიქრობთ, რატომ?

– ალბათ სირთულეების ეშინიათ და უაზროდ ეჭვიანობენ.

– თქვენი დაშორების მიზეზიც ეს გახდა?

– ვეღარ ვუგებდით ერთმანეთს და ეს უკვე სიყვარულიც არ იყო. სიყვარული როცა აღარ არის, ურთიერთობაც სრულდება. დღევანდელი გადმოსახედიდან ვხვდები, რომ სიყვარულზე მეტად ბავშვური გატაცება იყო.

– დღეს თუ გყავთ შეყვარებული?

– კი, შეყვარებული მყავს.

– მოსწონს თქვენი სიმღერა, დადის ლაივ კონცერტებზე საქომაგოდ?

– რა თქმა უნდა, ჩემი სიმღერა მოსწონს და შეძლებისდაგვარად კონცერტებზეც დადის.

– სად გაიცანით ერთმანეთი?

– ისიც ბათუმელია და ერთმანეთი ბათუმში გავიცანით. ჩვენი ურთიერთობა ერთი წლის წინ დაიწყო.

– საქართველოში შეყვარებული წყვილები თავიდანვე აწყობენ ხოლმე დაოჯახების გეგმებს. თქვენ თუ ფიქრობთ ამაზე?

– ცხოვრება მიჩვენებს, რა მოხდება. მომავალზე არ ვსაუბრობ.

– რა მოგეწონათ ერთმანეთში?

– ზოგადად ყველა ცდილობს, გვერდით ჰყავდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც მისი ბოლომდე ესმის. ასეა ნებისმიერ ურთიერთობაში – ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, შეყვარებულებთან. სწორედ ეს თვისება დავინახე მასში და ჩემთვის ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, მისმა ადამიანობამ მომხიბლა და, სავარაუდოდ, მეც ამით მოვხიბლე. ისიც იმავეს რომ არ გრძნობდეს, ერთად არ ვიქნებოდით.

– ყველაზე მეტად რა გინდათ, რომ 2020 წელს შეგისრულდეთ?

– ჩემი დიდი სურვილია, ყველა ჯანმრთელად იყოს და ქვეყანაში მშვიდობა იყოს. ბოლო დროს რაც მოხდა, ვგულისხმობ სუიციდის ფაქტებს, ჩემზე ძალიან იმოქმედა. აღარ მინდა, რომ მსგავსი რაღაცები მოხდეს. მართლა ძალიან კარგია ცხოვრება და ის ბევრი რამის გაკეთების საშუალებას გაძლევს. მე ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნე არის ახალგაზრდების. მინდა, რომ “მხოლოდ ქართულში” გამარჯვებას მივაღწიო.