სალომე კორკოტაშვილი: “ამ სიყვარულში ძალიან გამიმართლა, რიჩარდი იმ დროს გავიცანი, როდესაც ყველაზე მარტოდ ვგრძნობდი თავს”

სალომე კორკოტაშვილი:  "ამ სიყვარულში ძალიან გამიმართლა, რიჩარდი იმ დროს გავიცანი, როდესაც ყველაზე მარტოდ ვგრძნობდი თავს"ავთო ჩიტიძე, სარკე

მომღერალი სალომე კორკოტაშვილი, იგივე სალიო, მუსიკალური ტელეპროექტის “დიდი სცენის” ჟიურის წევრია. 31 წლის მუსიკოსი ამბობს, რომ შეეცდება კონკურსანტებს სიმართლე პირდაპირ, მაგრამ ღიმლით უთხრას და გული არ ატკინოს. სხვათა შორის, პედაგოგებს მისთვის არაერთხელ უთქვამთ, რომ მუსიკაში ვერაფერს მიაღწევდა, რადგან ამ სფეროში უნიჭო იყო, მაგრამ მის მიერ 10 წლის ასაკში დაწერილი სიმღერა “ვარსკვლავები” დღემდე ჰიტია.

სალიოს ცხოვრება მუსიკის მიღმა არის 10 წლის შვილი ზუკა, რომელიც რეპს და ლექსებს წერს და შოტლანდიელი ქმარი, რიჩარდი, რომელიც მის ცხოვრებაში 5 წლის წინ გამოჩნდა და სალომეს ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

თუ როგორი შემფასებელი იქნება კონკურსანტებისთვის და როგორია მისი ოჯახური იდილია, ამაზე სალომე “სარკესთან” გულახდილად სუბრობს.

– სალომე, რა ნიშნავს თქვენთვის “დიდი სცენის” ჟიურიში ყოფნა?

– ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი პრესტიჟული მუსიკალური პროექტის ჟიურიში მოვხვდი. არტისტისთვის კონკურსები ძალიან მნიშვნელოვანია.

მეც ბევრ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მაგალითად, დიდი სცენის შიში რომ დაკარგო, მუსიკოსებთან უნდა გქონდეს ურთიერთობა, სწორად უნდა შეარჩიო შენი ჩაცმულობა სცენაზე. ამიტომაც დავთანხმდი შემოთავაზებას. მინდა, სწორი მიმართულებები მივცე იმ ადამიანებს, რომლებიც პროექტში იქნებიან. არავითარი აგრესია და დაძაბულობა არ უნდა შეუქმნა ვინმეს, ეს ჩემი სტილი არ არის.

– რომელმა კონკურსმა დატოვა თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი კვალი?

– პირველი კონკურსი ჩემს ცხოვრებაში “ნუცას სკოლა” იყო. მაშინ 15 წლის ვიყავი და შევასრულე ჩემი სიმღერა “ვარსკვლავები”. მაშინ ჩემი პედაგოგი მარიკა ოსიტაშვილი იყო, რომელიც ქართულად სიმღერას მასწავლიდა. ძალიან ბევრი ვიმუშავე, რომ ქართული სიმღერა ინგლისური აქცენტით არ მემღერა. ამ კონკურსში ძალიან გავიზარდე.

ბევრი კონკურსი მოვიარე ამერიკაშიც, ინგლისშიც. ლონდონში აღმოვაჩინე ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. ბრიტანელმა პროდიუსერმა, ჯონათან ჰოლდერმა, სიმღერაში ფალცეტი დამამუღამებინა. მანამდე მაღალი ნოტების მეშინოდა და ვერ ვმღეროდი. ახლა კი ფალცეტში ვმღერი და ძალიან მსიამოვნებს.

– როგორი იქნება თქვენი ხასიათი, რას ეტყვით იმ კონკურსანტებს, რომლებიც არ მოგეწონებათ?

– ვიქნები ძალიან პირდაპირი, მაგრამ შევეცდები, პირველ რიგში, მეგობრული ვიყო. მეგობრობა ჩემთვის ყველაზე გამართლებული ურთიერთობაა, მათ შორის – შვილთანაც და ქმართანაც. სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ვამბობ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, საქართველოში. პირდაპირი ვარ, მაგრამ ამით გულს არავის ვტკენ, რადგან ამავდროულად ღიმილიანი ვარ.

– 20 წელზე მეტი გავიდა, რაც სიმღერა “ვარსკვლავები” დაწერეთ. რა შეიცვალა ამ 20 წელიწადში, ისევ ისეთი ლამაზია ცა და ვარსკვლავები?

– კარგად მახსოვს, მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი, როცა ეს სიმღერა დავწერე. 10 წლის ვიყავი მაშინ. იცით, ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება რა იყო? როდესაც ჩემთან უცნობი გოგო მოვიდა და მითხრა, ცხოვრებაში ბევრი პრობლემა მქონდა, ქმარს გავშორდი და ბავშვის გაზრდა მარტოს მიწევდა, ერთადერთი, რამაც ეს რთული პერიოდი გადამატანინა, ეს სიმღერა იყოო.

ამ სიმღერით საზოგადოებამ ძალიან შემიყვარა და ამ სიყვარულს დღემდე ვგრძნობ. ამ 20 წლის განმავლობაში მივხვდი, რომ თუ რაღაცის მიღწევა გინდა, შენს გეგმებს სწორად დაალაგებ, სხვა ადამიანების აზრებს ყურადღებას არ მიაქცევ, შენს გეგმებს აუცილებლად განახორციელებ. ადამიანებისგან მიღებულ რჩევებს ყოველთვის უნდა მოუსმინო, მაგრამ აუცილებლად უნდა გადახარშო და ისე გამიქსო, როგორც შენს ცხოვრებას მოუხდება.

– დღეს რა არის თქვენ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი?

– პირველი, რა თქმა უნდა, ჩემი შვილი ზუკაა. ის 10 წლის არის და ძალიან ნიჭიერია. წერს რეპს, ლექსებს და მიხარია, რომ მასში უკვე მუსიკოსსაც ვხედავ. ასევე მნიშვნელოვანია ჩემი ქმარი, რომელმაც ცხოვრებაში ბევრი ნაბიჯი სწორად გადამადგმევინა. თუნდაც ერთ ფაქტს გავიხსენებ: მან შემაყვარა მედიტაცია და ინდონეზიაში სულ მარტო წავედი იმისათვის, რომ ამ ტექნიკას უკეთესად დავუფლებოდი. საოცარია, რომ მხოლოდ სუნთქვით შეგიძლია ცხოვრებაში ბევრი რამ დაალაგო.

– როგორია თქვენი ცხოვრების ახლანდელი სიყვარული?

– სიყვარული, ჩემი აზრით, ჰგავს ყვავილს, რომელსაც მოვლა სჭირდება. თავიდან ყველაფერი ადვილია, აღფრთოვანებული ხარ, მაგრამ თუ ამ ყველაფერს არ გაუფრთხილდი, რაღაც დროის შემდეგ ქრება.

ამ სიყვარულში ძალიან გამიმართლა, რადგან ის ძალიან მეგობრულია და “იეს მენია”, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერზე აქვს პასუხი: “დიახ”. ამიტომ ბევრს ვმოგზაურობთ ნეპალში, ტიბეტში.

თვითონ ყოველთვის მეუბნება, რომ ცხოვრება არ არის ადვილი, ყოველთვის უნდა გქონდეს დიდი ზურგჩანთა, იარო წინ, ნახო ბევრი რამ და არ აქვს მნიშვნელობა, წვიმს, თოვს თუ მზეა. რიჩარდის ძალიან მადლობელი ვარ, რადგან საკუთარ თავში უფრო დიდი რწმენა გამიღვივა.

რიჩარდი 5 წლის წინ, სწორედ იმ დროს გავიცანი, როდესც ყველაზე მარტოდ ვგრძნობდი თავს. ის ყველანაირად ეცადა, საკუთარ თავში საუკეთესო თვისებები დამენახა.

– დეპრესიისკენ ხომ არ ხართ მიდრეკილი?

– კი, ძალიან ემოციური ვარ და მთელი ჩემი ცხოვრება ამ ემოციების აღმართ-დაღმართია. მაგრამ, როცა დეპრესია მაქვს, მაშინ ძალიან პროდუქტიული ვარ, სიმღერების დიდ ნაწილს სწორედ ამ პერიოდში ვწერ, რადგან სათქმელს უკეთესად გამოვხატავ.

– როდის გქონდათ ყველაზე რთული ეტაპები?

– ჩვენს რეალობაში სირთულეები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. საერთოდ თბილისი ძალიან დეპრესიული ქალაქი მგონია, ჩემმა ბევრმა მეგობარმა მოიკლა თავი. ისიც საკუთარი თვალით ვნახე, ჩემი ფანჯრის წინ ჩემი ბავშვობის მეგობარი როგორ მოკლეს. ამ მოვლენების გამო ერთი პერიოდი ძალიან ცუდად ვიყავი.

– შოუბიზნესში თუ შეგხვედრიათ ისეთი უსამართლობა, რომელმაც გული გატკინათ?

– ყველგან არსებობენ კარგი და ცუდი ადამიანები და მათ შორის – შოუბიზნესშიც. ჩემთვის ბევრჯერ კარიც მოუხურავთ, ბევრჯერ უთქვამთ, ეს ამ კონცერტზე გამოსვლის ღირსი არ არისო, მაგრამ მარტივად გადამილახავს, გულთან არ მიმიტანია და დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ. ისეთი მეგობრები მყავს, რომ დეპრესიაში დიდხანს ჩავარდნის საშუალებას არ მაძლევენ.

– კმაყოფილი ხართ თქვენი კარიერით? თითქოს ყოველთვის არსებობს მოლოდინი, რომ საზღვარგარეთ წარმატება უნდა მოიპოვოთ.

– გარკვეული პერიოდი მზად არ ვიყავი, უცხოეთში ჩემს კარიერაზე სერიოზულად მემუშავა. ენაც კი არ ვიცოდი კარგად. მეზარებოდა ენის კურსებზე სიარული. ქმარმა დამაწყებინა ინგლისური ენის საფუძვლიანად შესწავლა. თავიდანვე შემითანხმდა, ჩხუბის დროსაც კი შეგისწორებ სიტყვებს, არასწორად თუ წარმოთქვამო.

გაზაფხულზე ვაპირებთ, რამდენიმე თვით ლოს ანჯელესში გადავიდეთ საცხოვრებლად. მოცეკვავეებთან მაქვს მოლაპარაკებები, ცეკვასაც ვისწავლი, მოვხვდები ისეთ ფართებზე, სადაც შეიძლება ბევრი ოცნება ახდეს.

– და მაინც, რას იტყვით, როგორია თქვენი წარმატების რეცეპტი.

– ყველაზე მთავარია, არასოდეს მოდუნდე, ბევრი ისწავლო, სხვადასხვა ჟანრს მოუსმინო, რომ საკუთარი იპოვო. ის ადამიანები, რომლებიც შენ გარშემო არ გაფასებენ, ჰგონიათ, რომ არ ხარ ნიჭიერი, საერთოდ უნდა დაივიწყო. ადამიანს ყველაფერი გამოგივა, მთავარია, საკუთარი თავის დაიჯერო.

– უთქვამს თქვენთვის ვინმეს, რომ უნიჭო ხართ?

– კი. მუსიკის არაერთ მასწავლებელს უთქვამს ჩემთვის, არაფერი გამოგივა, რატომ წვალობო. სწორედ ამ ადამიანებს ვუგზავნი ხოლმე ჩემი წარმატების ამსახველ ფოტოებს და ვწერ: “გთხოვთ, სხვებს ნუღარ დააკომპლექსებთ”.